მყინვარწვერზე ასვლის ნაცვლად - კვირის პალიტრა

მყინვარწვერზე ასვლის ნაცვლად

სულ სხვაგვარად ვაპირებდი ამ თარიღის აღნიშვნას. ჯერ კიდევ შარშან ძველი წერაყინი მოვძებნე და ახალი ვიბრამებიც ვიყიდე და ახალი ზურგჩანთაც. სხვებსაც ვაგულიანებდი. ბიძინა გუჯაბიძესაც ვთხოვე, რა მოხდება, რომ 2023 წლის აგვისტოში მოიცალო-მეთქი. აქეთ ბაბუა ალუდაური შეუჩნდა უბერებელ შოთა მირიანაშვილს. დაიწყო თუ არა 2023, უკვე სპონსორებზე დავიწყე ფიქრი...

giorg-nikolaze-nino-saginashvili-127-1722086805.jpg
გიორგი ნიკოლაძე

100 წლის წინ, 1923 წლის 28 აგვისტოს მყინვარწვერზე ავიდა პირველი ქართული ექსპედიცია, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისგან შედგებოდა და რომელსაც პროფესორი გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. "მრავალი წლის ოცნება ახდა, - წერდა გიორგი ნიკოლაძე, - პირველმა ქართულმა ექსპედიციამ მყინვარწვერზე 20-გრადუსიან ყინვაში თავის მიზანს - მწვერვალს მიაღწია". ეს იყო პირველი საბჭოთა ასვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე, მთელი 12 წლის განმავლობაში, უკვე საბჭოთა კავშირად ქცეულ ვეება ტერიტორიაზე არც ერთი ასვლა არ განხორციელებულა. მყინვარწვერის დამპყრობი თვრამეტი მთამსვლელიდან უმეტესობა ახალგაზრდა იყო, მათ შორის - ხუთი ქალი.

შარშან, გიორგი ნიკოლაძის შესახებ ჩემი ორტომეულის პირველი ტომის წარდგენისას საქართველოს ტელევიზიის პირველma არხმა სიურპრიზად, მათი ჩანაფიქრით, ექსკლუზივი მომიმზადა - სტუდიაში მიმიწვიეს და სანამ წიგნზე დავიწყებდით საუბარს, გიორგი ნიკოლაძის იმ პირველი ასვლის კინოკადრები გაუშვეს. დღემდე მახსოვს გადაცემის პოპულარული წამყვანის - დათო გორგილაძის სახე, როცა ვუთხარი, რომ არათუ ვიცი ეს კადრები, ამ ასვლის მონაწილე ერთ-ერთ ალპინისტთან ერთად მყინვარწვერზეც კი ვარ ნამყოფი-მეთქი.

არადა, მართლა ასე იყო. 1973 წელს, ნიკოლაძის პირველი ასვლის 50 წლისთავის აღსანიშნავად უნივერსიტეტის ალპურმა კლუბმა მორიგ ალპინიადაზე მყინვარწვერზე ასვლა დაგეგმა. მე მაშინ ყურო-გორი უკვე დაპყრობილი მქონდა, მყინვარწვერზე კი პირველად ავედი. და ჩვენთან ერთად იყო გიორგი ნიკოლაძის ექსპედიციის მონაწილე, ერთ-ერთი იმ ხუთი ქალიდან - მარო ტყავაძე. ჩვენ ერთად ავედით მყინვარწვერზე. მე ჯერ 20 წლისა ვიყავი, ის - უკვე 70-ისა.

irakli-vartagava-86-1722086805.jpg
ალექსანდრე დიდებულიძე

ჰოდა, ჩემი 70 რომ მოახლოვდა, რა მოხდება, ნიკოლაძის პირველი ასვლის 100 წლისთავზე მეც ავიდე მყინვარწვერზე-მეთქი, ვიფიქრე. მაშინ იყო, რომ ძველი წერაყინი მოვძებნე და ახალი ვიბრამებიც ვიყიდე და ახალი ზურგჩანთაც. მერე - ხალხის შეგროვებაც დავიწყე და სპონსორის ძებნაც.

მაგრამ თურმე ექიმები სხვაგვარად ფიქრობდნენ. თუმცა მათი რა ბრალია: ის იყო, საგულდაგულო სამზადისს შევუდექი, რომ გულმა აღარ გამიშვა და ასვლამდე ოთხი თვით ადრე ორი სტენტის ჩადგმა მოითხოვა. 11 აპრილს გავიკეთე კორონაროგრაფია. სტენტირებიდან ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს და მერე ვილაპარაკოთო, - ექიმებმა. ზღვის დონიდან 5 ათას მეტრზე კი არა, ზღვის დონეზეც აღარ გამიშვეს და იახტა "ჯინჯერი", რომლითაც ამ ზაფხულს მალტისა და სიცილიის monaxulებას ვგეგმავდი, უჩემოდ გავიდა ფოთიდან.

ჰოდა, რაღა დამრჩენია.

გარდა იმისა, რომ მალტასა და სიცილიაზე საგაისოდ ვიოცნებო და მყინვარწვერზე საიუბილეო ასვლის რეპორტაჟის ნაცვლად ეს წერილი შევთავაზო რედაქციას.

* * *

რატომ დადიან მთაში? რას ეძებენ? რა დაჰკარგვიათ?

ვინ იცის, რამდენი წელიწადია, ადამიანს აწუხებს ეს კითხვა და პასუხი ვერ უპოვია. თვით მთამსვლელებიც კი, რომელთაგან ყველას თავისი პასუხი ექნება, თავს არიდებენ ამ კითხვას. მეც რომ მკითხოს ვინმემ, ჩემსას არაფერს ვეტყვი და იმის მიხედვით, ვინ მეკითხება, ორი სხვადასხვა პასუხი მექნება მომარჯვებული.

ზოგს გამოჩენილი ინგლისელი ალპინისტივით, ჯორჯ მელორივით რამდენადმე სერიოზულ პასუხს გავცემ:

"იმიტომ, რომ ისინი არსებობს!"

ხოლო მეორეებისთვის - ნაკლებად ცნობილი ფრანგი ალპინისტის, როჟე ბერნარდინის მეტად გონებამახვილურ პასუხს გავიხსენებ:

"იმიტომ, რომ იქ ასეთ ბრიყვულ შეკითხვებს არ იძლევიან!"

1786 წლის 8 აგვისტოს მიშელ-გაბრიელ პაკარი და ჟაკ ბალმა მონბლანზე ავიდნენ და ის დღე ითვლება თანამედროვე ალპინიზმის დაბადების დღედ. შამონიში არის ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ძეგლი. დიდხანს მეგონა, რომ ეს პაკარისა და ბალმას ძეგლი იყო, რომელიც, სხვათა შორის, პაკარის ცოლისძმა გახლდათ, მაგრამ ახლოდან დათვალიერებისას გაირკვა, რომ იქ სიძე-ცოლისძმა ერთმანეთს დააშორეს და ბალმასთან ერთად რატომღაც ჰორაციუს ბენედიქტ დე სოსიურის ქანდაკება დგას. კი, ამასაც აქვს რაღაც წვლილი ამ საქმეში, მაგრამ მონბლანზე არ ასულა. 1760 წელს კი დააპირა, მაგრამ ვერ დაიპყრო და პრემიაც დააწესა, მისთვის, ვინც მასზე ასასვლელ გზებს იპოვიდა. შამონიში არის პაკარის ძეგლი, მაგრამ ის ცალკე დგას, შორიახლოს - არადა, ჯობდა პაკარი ბალმასთან ყოფილიყო, სოსიური კი - ცალკე.

ოთარ გიგინეიშვილი, რომელიც კარგა ხანს ედგა სათავეში საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას, თავის წიგნში "ალპინიზმი საქართველოში" წერს:

"ვინ იყო პირველი მთამსვლელი მსოფლიოში და როდის დაიწყო მთამსვლელობა? ალბათ ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ გასცემს, თუ წინასწარ არ განვსაზღვრავთ, რომ მხედველობაში გვაქვს სპორტული მთამსვლელობა, ე.ი. ისეთი, როდესაც ადამიანი ადის მწვერვალზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ავიდეს. ევროპელები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ალპინიზმს, როგორც სპორტს, საფუძველი ჩაეყარა 1786 წელს, როდესაც ალპების უმაღლეს მწვერვალზე, მონბლანზე (4801 მ) ავიდნენ ფრანგი გლეხი ჟაკ ბალმა და ექიმი პაკარი. ჩვენ არ ვიცით, როდის ავიდა მყინვარწვერზე იოსებ მოხევე, ვიცით მხოლოდ, რომ ეს იყო ერეკლე II-ის დროს. პაკარი და ბალმაც ხომ მაშინ იყვნენ მონბლანის მწვერვალზე, როდესაც საქართველოში ერეკლე II მეფობდა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ უფრო ადრე ავიდა: იოსებ მოხევე - მყინვარწვერზე თუ პაკარი da ჟაკ ბალმა მონბლანზე. ამიტომ არ შეგვიძლია, შევედავოთ ფრანგებს პირველობაში, რომ სპორტულ მთამსვლელობას საფუძველი ჩაეყარა არა მონბლანზე, არამედ მყინვარწვერზე ასვლით".

ოთარ გიგინეიშვილს აქ მხედველობაში აქვს ცნობა იოანე ბატონიშვილის "კალმასობიდან", რომ ვინმე იოსებ მოხევე ასულა "მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა", უნახავს იქ კარავი აბრაამისა და ნაჭერი მისი მოურთმევია მეფე ერეკლესთვის.

დავანებოთ ახლა თავი ქართველებისა და ფრანგების პირველობას სპორტულ ალპინიზმში და ნურც იმას განვიხილავთ, რატომ ჩაანაცვლა მიშელ-გაბრიელ პაკარი ჰორაციუს დე სოსიურმა შამონურ ძეგლში და ვთქვათ ის, რის სარწმუნო წყაროებიც მოგვეპოვება:

გიორგი ნიკოლაძემ და მის მისმა ახალშერთულმა მეუღლე ჟორჟეტა ღამბაშიძემ ის შამონური ძეგლი 1928 წლის 30 აგვისტოს იხილეს, როცა ისინი შვეიცარიას სტუმრობდნენ თავიანთი ველოსიპედებით.

ეს მოხდა ზუსტად ხუთი წლის მერე, რაც გიორგი ნიკოლაძე თავად გახდა პიონერი - საკმაოდ ძლიერი საბჭოთა ალპინისტური სკოლის პირველდამწყები - როცა მან, სხვა 17 ენთუზიასტთან ერთად, მყინვარწვერი დალაშქრა 1923 წლის 28 აგვისტოს. სამწუხაროდ, მისი ძეგლი, თუ დიდ ჯიხაიშში მის ბიუსტს არ ჩავთვლით, არსადაც არ დგას - არც ცალკე და არც ალექსანდრე დიდებულიძესთან ერთად.

როდესაც პროფესორ ნიკოლაძის ექსპედიცია მწვერვალიდან ეშვებოდა, მყინვარწვერისკენ აღმართს შეუყვა მეორე ქართული ექსპედიცია პროფესორ ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით.

ამ ორი ექსპედიციის წევრებმა 1924 წლის 18 იანვარს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება დააარსეს, ხოლო იმავე წლის 29 თებერვალს ჩამოყალიბდა ამ საზოგადოების მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილება, რომლის მდივნად მიქელ პატარიძე აირჩიეს, თავმჯდომარის ამხანაგად - სოსო ასლანიშვილი, პირველ თავმჯდომარედ კი, რაღა თქმა უნდა, - გიორგი ნიკოლაძე.

მყინვარწვერი გიორგი ნიკოლაძის პირველი მწვერვალი არ ყოფილა. იგი თითქმის მთელი მეოთხედი საუკუნის წინათ ეზიარა მთამსვლელობას და ეს სწორედ შვეიცარიაში მომხდარა.

1901 წელს ზაფხულს ოლგა ნიკოლაძე შვილებით შვეიცარიის ფრანგულ ნაწილში, ჟენევის ტბის სამხრეთით, ცნობილი მორჟენის კურორტის ხეობაში ატარებდა. 13 წლის გიორგიმ თვალი ვეღარ მოწყვიტა იმ კურორტის თავზე გადმომდგარ უმაღლეს მწვერვალ ტეტ-დიუ-ჟეანს ანუ "გოლიათის თავს" და მასზე ასვლა გადაწყვიტა. ეს მწვერვალი მხოლოდ 2232 მეტრია სიმაღლით, მაგრამ ტექნიკურად არ არის ადვილი, მით უმეტეს - ბავშვებისთვის. გიორგიმ თავის "ექსპედიციაში" თავისი დები ჩართო, რომელთაგან თამარი ჯერ მხოლოდ 9 წლის იყო. ექსპედიცია 8 თუ 9 საათს გაგრძელდა.

03-ist-gn-1722086805.jpg
გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე პირველამსვლელი ხუთი ქართველი ქალი: უკან დგანან (მარცხნიდან) – ასმათ ნიკოლაიშვილი და მარო ბეჟანიშვილი; წინ (მარცხნიდან) – მარო ტყავაძე, ლიდუსი ჩხეიძე და ელიკო ლორთქიფანიძე (1923).

მოგვიანებით, ნიკო ნიკოლაძე, უყურებდა რა დიდი ჯიხაიშიდან გადაშლილ კავკასიონის პანორამას, წერდა:

"ალბათ სწორედ ამ გრანდიოზულმა და მშვენიერმა სანახაობამ იმდენად მოხიბლა პატარა გიორგი, რომ იმთავითვე განაწყო ამ მწვერვალების დასაპყრობად, სურვილი აღუძრა უფრო ახლოს ეხილა ეს სილამაზე, ხელით შეხებოდა და ეგრძნო მათი ძალა".

ხოლო გიორგიმ პირველი მწვერვალით გამოწვეული სიხარული თავის დღიურში ასე ჩაწერა:

"გუშინ მე და რუსო და თამრო აველით ისეთ მაღალ მთაზე, რომ მისი ნახევარზე მეტი ნაწილი ალპურ სიმაღლეზე იმყოფებოდა. იგი ისე შვეული მთაა, რომ როდესაც ჩვენ ვწვებოდით, შეუძლებელი იყო გამორკვევა, ვიწექი თუ ვიდექი, მივხოხავდით მუხლებზე და ვეჭიდებოდით გრძელ ბალახს. ჩამოსვლა კი ვერ შევძელით. ჩვენ დაღუპვა მოგველოდა. ჩვენ დავჯექით და ის გრძელი ბალახი რომ არ ყოფილიყო, რომელსაც ხელით ვეჭიდებოდით, უეჭველად ჩავცვივდებოდით მთის ძირას და დავინტვრეოდით. როდესაც კი ხელს არ წავავლებდით, ქვემოთკენ საშინელი სიჩქარით მივქროდით".

მიუხედავად ამისა, და-ძმამ გადალახა ამ ასვლის და უკან დაშვების ყველა სიძნელე. თუმცა გიორგის ტეტ-დიუ-ჟეანის შემდეგ მთისთვის აღარ მოუცლია, მაგრამ როცა მოიცალა, იმგვარად, რომ მისი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა ალპინიზმის ისტორიაში.

გიორგი ნიკოლაძის იმ სანიშანსვეტო ასვლის ანგარიში "პირველი ქართული ასვლა მყინვარ-წვერზე" დაიბეჭდა "საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მოამბეში" 1924 წლის პირველ ნომერში:

"მაღალ მთებზე ასვლების სხვადასხვა აწერილობათა წაკითხვის შემდეგ ერთი საკითხი გვებადებოდა: რატომ არის, რომ ინგლისელები, გერმანელები, რუსები ახერხებენ მაღალ მწვერვალებზე ასვლას, და ჩვენ ქართველები კი, რომლებსაც სპორტის სხვადასხვა დარგში დიდი უნარი გამოგვიჩენია, მთასვლაში კი აქამდის სრულიად არაფერი გაგვიკეთებია. "თუ სხვებს შეუძლიანთ, ჩვენ მით უფრო შევძლებთ, რადგან ჯომარდობაში დახელოვნებული ვართ", ვფიქრობდით და ამიტომ თვით მყინვარ-წვერზე ასვლა განვიზრახეთ.

მყინვარ-წვერი 5047 მეტრის სიმაღლეს აღწევს და ძალიან ძნელად მისაღწევ მწვერვალად ითვლება, რადგან მის ფერდობებს ყოველ მხრივ საშინელი დაქანება აქვს. თვით იალბუზზედაც (5629 მეტრი) ასვლა, რომელიც მყინვარ-წვერზე 600 მეტრით მაღალია, გაცილებით ადვილი ყოფილა. პირველი ადამიანი, რომელმაც გაბედა და მყინვარის თხემზე ფეხი შესდგა, განთქმული ინგლისელი მთასვლელი Fრესჰფიელდ-ი იყო".

დუგლას ფრეშფილდს, რომელიც მყინვარწვერზე 1869 წლის 19 ივნისს ავიდა, გიორგი ნიკოლაძე მთელი 57 წლის შემდეგ შეხვდება ლონდონში, როცა 82 წლის მოხუცი, 1926 წლის 13 დეკემბერს სპეციალურად ჩავა ლონდონში თავის სოფელ ვიჩ-კროს-ფლეისიდან, რათა გიორგი ნიკოლაძის ფოტოები დაეთვალიერებინა და მისი მოხსენება მოესმინა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე.

არადა, გიორგის სულაც არ ეგონა, თუ ფრეშფილდი ცოცხალი იყო და ძალიან გაუკვირდა, როცა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მდივანმა არტურ ჰინკსმა უთხრა, კარგი იქნება, თუ თქვენს ფოტოებს თქვენი სტატიისთვის ჩვენს ჟურნალში, თვითონ ფრეშფილდს აჩვენებთო.

ყველაფერი დაიწყო 1926 წლის 30 ნოემბერს, როცა გიორგი ნიკოლაძე სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებას ეწვია და თავისი იმდღევანდელი შთაბეჭდილებები საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი წერილით იმავე წლის 1 დეკემბერს.

"გუშინ გახლდით თჰე ღოყალ Gეოგრაპჰიცალ შოციეტყ-ში, სადაც მიმიღო ამ საზოგადოების მდივანმა. მივუტანე მას იალბუზისა და სვანეთის ჩვენი ექსპედიციის სურათების ალბომი და 1½ საათის განმავლობაში ველაპარაკე მას. ძალიან კარგად მიმიღო და დაინტერესდა კიდეც ჩვენი ექსპედიციით. მითხრა, რომ ამ ექსპედიციის აღწერილობის ცალკე წიგნად გამოცემას, ალბათ, ჩვენი საზოგადოება ვერ იკისრებს, რადგან ფრეშფილდს უკვე აღწერილი აქვს დაახლოვებით იგივე მიდამოებიო, მაგრამ ჩვენ ჟურნალში თჰე Gეოგრაპჰიცალ ჟოურნალ ძალიან კარგი იქნებაო, რომ მოვათავსოთ 10 გვერდის ზომის მოკლე აღწერილობაო და ზოგიერთი საუკეთესო სურათებთაგანიო. იალბუზიდან გადაღებული ჩემი "პანორამა" რომ ნახა კავკასიონის ქედისა, აგვიყვანა მათი მშვენიერი შენობის მეორე სართულზე, სადაც კედელზე გაკრული იყო ჩარჩოში ჩასმული მთელი დედამიწის ქედების უზარმაზარი ფოტოგრაფიული პანორამები. ერთ-ერთ ასეთ პანორამასთან მიგვიყვანა (მე ვიყავი და ჩემთან ერთად ერთი რუსი ექიმი იყო ინგლისურის მცოდნე, რადგან მე ინგლისურად არ ვლაპარაკობ). და ეს იყო ვიქტორ სელას მიერ გადაღებული პანორამა იალბუზიდან, რომელიც თუ გახსოვთ, ფრეშფილდის დიდ (ორ-ტომიან) წიგნშია მოთავსებული. ჩემსას რომ შეადარა, ჩემიც ძალიან მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ სელასი უზარმაზარი იყო, ჩემი კი სულ პატარა ზომისა (გაუდიდებელი). მერე მითხრა, თქვენ ისე ეცადეთ თქვენი აღწერილობის დაწერაო, რომ ფრეშფილდის წიგნში რაც არ არისო, იმას მეტი ყურადღება მიაქციეთო. ყველას კი აჯობებს, თუ თვითონ ფრეშფილდს აჩვენებთ თქვენს სურათებს და იმის რჩევას იკითხავთ, თუ რომელი დავბეჭდოთო. მე დიდათ გამიკვირდა, რომ განთქმული ფრეშფილდი ჯერად ცოცხალია და ბედნიერად ჩავთვლი ჩემთვის მის გაცნობას. მაგრამ თურმე ძალიან მოხუცებულია (81 წლის არის) და ამ დღეებში მაროკოში აპირებს წასვლას საზამთროთ. ამიტომ არ ვიცი, თუ მიმიღებს მე ახლა (ლონდონის გარეშე ცხოვრობს სოფელში). ყოველ შემთხვევაში სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მდივანი დამპირდა, რომ იმავე დღეს მისწერს ფრეშფილდს წერილს და შეეკითხება მას ჩემი მიღების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავ მისი პასუხის მოლოდინში".

08-ist-gn-1722086805.jpg
გიორგი ნიკოლაძე შვეიცარიის ულამაზესი პიკის მატერჰორნის ფონზე. ნიკო ნიკოლაძის მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე გიორგისთან ერთად აღბეჭდილი არიან რუსუდან და თამარ ნიკოლაძეები და ოლგა და ქეთევან გურამიშვილები (1905)

გიორგი ნიკოლაძეს დიდხანს ღელვამ არ მოუწია. წარმოიდგინეთ მისი გაკვირვება, როცა მეორე დილას რიჯენტს-პარკ-როუდის პირველ ნომერში მან კენსინგტონიდან სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მდივნის, არტურ ჰინკსის წერილი მიიღო:

"ძვირფასო პროფესორო ნიკოლაძე,

მე გავიგე დღეს დილით, რომ ბატონი ფრეშფილდი იქნება ლონდონში ორშაბათს, 13 ივნისს და დიდად მოხარული იქნება, თუ თქვენ შესაძლებლად ჩათვლით აქ მასთან შეხვედრას 3 საათისთვის, როცა მას შეეძლება ნახოს თქვენი ფოტოსურათები და ისაუბროთ კავკასიაზე. იგი ფიქრობს, ეს თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე მასთან გამგზავრება სოფელში".

მანამდე, ერთი კვირით ადრე, სანამ დუგლას ფრეშფილდს შეხვდებოდა, გიორგი ნიკოლაძესთან შეხვედრა ინება გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა, დოქტორმა დეივიდ ჯორჯ ჰოგართმა და ამის შესახებ გიორგი ნიკოლაძის არქივში დაცულია ის წერილიც, რომელშიც ამ ამბავს მას იგივე ჰინკსი ატყობინებს.

სხვათა შორის, გიორგი ნიკოლაძისა და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების და კერძოდ დუგლას ფრეშფილდის წერილები თავიანთ გამომცემლებს ელის. ბევრი რამ არის ამ წერილებში საინტერესო. აი, მაგალითად, გიორგი ნიკოლაძე თავის წერილებში იხსენებს მყინვარწვერისა და ევერესტის მეზობლობას სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში:

"გარდა ამისა იმ მდივანმა წაგვიყვანა სურათების გალერეაში და გვაჩვენა იქ სურათი მთა ევერესტისა (ფერადებით), რომელიც დახატა ზომერვილმა ყინვარ რონგბოუკიდან 1924 წლის ექსპედიციის დროს. ევერესტის სურათის ახლოს ჰკიდია უშველებელი და მშვენიერი სურათი (აგრეთვე ზეთის ფერადებით დახატული) მყინვარწვერისა და ამ სურათის ქვემოთ მოთავსებული დუგლას ფრეშფილდის პორტრეტი".

იქვე გიორგი ნიკოლაძე თავის მოსაზრებას უზიარებს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრებს:

"ჩემის მხრივ, მინდა გამოვთქვა ერთი აზრი და იმედი მაქვს, რომ თქვენც მას მხარს დაუჭერთ. ჩემი აზრით, რაკი დუგლას ფრეშფილდი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კავკასიონის უმაღლესი მწვერვალების შესწავლას და კავკასიის მთასვლას, რაკი ის ცოცხალია, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ის საპატიო წევრად. რაც ადრე იზავს ამას ჩვენი საზოგადოება, მით უკეთესია. და თუ მართლა აირჩიეს წევრად, მაშინ აუცილებლივ, აცნობეთ მას წერილით თჰე ღოყალ Gეოგრაპჰიცალ შოციეტყ-ს საშუალებით (რომლის წევრია ფრეშფილდი). წერილი უნდა დაწეროთ ან ინგლისურად ან ფრანგულად (გერმანულად წერილის დაწერა სასურველი არ არის). ყოველ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო, ჩვენი საზოგადოება არ მოისურვებს ფრეშფილდის არჩევას (რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარი იქნებოდა), მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილებამ მაინც აირჩიოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ასეთი პიროვნებისათვის, როგორიც ფრეშფილდია, საკადრისი არ უნდა იყოს".

13-ist-gn-1-1722087174.jpg
სწორედ ეს დარბაზი უნდა იყოს, სადაც საზოგადოების მდივანმა არტურ ჰინკსმა გიორგი ნიკოლაძეს მყინვარწვერის სამეფო გეოგრაფიულ საზოგა-დოებაში გამოფენილი ფოტო აჩვენა

მერე კი მაშინდელ ამბებს ლონდონიდან საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სახელზე გამოგზავნილ წერილებში წაიკითხავთ:

"ახლა აგიწერთ აქაურ გეოგრაფიულ საზოგადოებაში კიდევ ორჯერ მისვლას - 6/12 ორშაბათის სადილზე და მოხსენებაზე და გუშინ, 8/12 - ჩემი სურათების საჩვენებლად საზოგადოების თავმჯდომარისთვის. ორშაბათს გამოვეწყვე "სმოკინგში", რომელიც სპეციალურად ამ დღისათვის გადამიკეთეს მამას სმოკინგიდან. "ფრაკის" ჩაცმა მაინცდამაინც ვერ გავბედე. მერე კი ცოტა ვინანე, რადგან სადილზე, ჩემს გარდა 2-3 კაცი იყო კიდევ სმოკინგში, დანარჩენები კი ყველა ფრაკებში იყო გამოწყობილი. მოხსენება (რომლის სახელი უკვე იცით), რომელიც სადილის უკან იყო დანიშნული, საჯარო იყო, ე.ი. გეოგრაფიული საზოგადოების წევრებისთვის, სადილი კი მხოლოდ გეოგრაფიული კლუბის წევრებისთვის, სადაც გეოგრაფიული საზოგადოების მხოლოდ მთავარი მოღვაწეები შედიან. ასე რომ, ასეთ სადილზე დაპატიჟება - უკვე ძლიერ "საპატიო" ნიშანია. სადილს დაესწრო 40-მდე კაცი (ქალი არც ერთი არ იყო), უმრავლესობა მოხუცებული და ძლიერ დამსახურებული პირები. ახალგაზრდა იყო თვით მომხსენებელი: Earl (გრაფი) ჩოწდორ-ი და შედარებით ახალგაზრდა - მე. მაგიდის ცენტრში დაჯდა საზოგადოების თავმჯდომარე, ძლიერ ცნობილი პირი Hogarth-ი; მის მარჯვნივ გვერდში დაუსვეს ახალგაზრდა მომხსენებელი (ისიც ჩემსავით სტუმარი იყო ამ სადილზე); მარცხნივ თავმჯდომარის გვერდით მე დამსვეს. ჩემს მარცხნივ დასვეს Mayor General Lord Edward Gleichen-ი საზოგადოების ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. შემდეგ კი "დანარჩენები" დასხდნენ. ორივე ჩემი მეზობელი დაახლოებით ჩემსავით ლაპარაკობდა ფრანგულს, ისე რომ მთელი სადილის განმავლობაში ძალიან გაცხოველებული ბაასი მქონდა ჩემს მეზობლებთან. ძლივს ვასწრებდი ჭამას - სულ ვლაპარაკობდი. საზოგადოების თავმჯდომარე ჰოგართი ამავე დროს ოქსფორდის მუზეუმის დირექტორია. მას ძალიან აინტერესებდა საქართველოს მუზეუმების და სიძველეების ამბავი. ლორდი გლეიხენი კი ოდესღაც ტფილისში ყოფილა; როდესაც (20 წლის წინეთ) სპარსეთიდან ინგლისისაკენ მიდიოდა, ტფილისზე და ბათუმზე გამოუვლია, იმასაც ძალიან აინტერესებდა ჩვენი მოგზაურობის და იალბუზზე ასვლის ამბავი. სხვათა შორის, მე შევნიშნე, რომ საქართველოში სადილის შემდეგ მეცნიერულ მოხსენების მოსმენა შეუძლებელია, რადგან საზოგადოება სადილიდან სულ სხვა გუნებაზე დგება ხოლმე... საზოგადოების მდივანი არტურ ჰინკსი ძალიან მეგობრული იყო ჩემთან. ვინც არ შემოვიდა (სადილის წინ) ახალი - ყველას გამაცნობდა და ყველას ერთ და იმავე ფრაზას ეუბნებოდა ჩემზე, - "ლაპარაკობს მხოლოდ ქართულად და რუსულად, ვგონებ, რომ თქვენ ამ ენებზე გაგიძნელდებათ მასთან ბაასი (ამ დროს უსათუოდ გაიცინებდა), მაგრამ ლაპარაკობს აგრეთვე ფრანგულად და გერმანულად". თვით სადილზე რა "მოგვართვეს" - აღარ აგიწერთ - არაფერი შესანიშნავი არ ყოფილა, თუმცა სადილი ძალიან კარგი იყო. "ტკბილის" შემდეგ თავმჯდომარემ დაარაკუნა ხის ჩაქუჩით მაგიდაზე, წამოდგა და მეფის სადღეგრძელო დალია. ყველა წამოდგა და დალია სადღეგრძელო. მერე კიდევ ვიღაცასი სადღეგრძელო დალიეს (ვერ გავიგე, ვისი). ამისთვის აღარ წამომდგარან. სადილი ამით დამთავრდა (სადილი იყო "ტროკადერო" რესტორანში). გამოვედით ქუჩაზე. ლორდმა გლეიხენმა მიმიწვია ტაქსიში და მიმიყვანა რაღაც Holl-ში, სადაც მოხსენება უნდა შემდგარიყო. იქვე მოვიდნენ ყველა დანარჩენები და ბევრი სხვა ხალხი, დაახლოებით 300-მდე. მე და ლორდი გლეიხენი მეორე რიგში დავსხედით. მალე გამოჩნდა დოქტორი სტოლკინდი, რომელმაც პირველად მიმიყვანა გეოგრაფიულ საზოგადოებაში. ეს სტოლკინდი დაუპატიჟნიათ მხოლოდ მოხსენებაზე და სადილზე კი არა. სტოლკინდს დავუძახე, ისიც ჩემს გვერდში დაჯდა, ისე რომ მიხსნიდა ყველაფერს მოხსენების დროს. მოხსენება ძლიერ საინტერესო იყო - ჩრდილო ჰიმალაებში მცხოვრებ ხალხის შესახებ (სადაც აქამდე ევროპიელი ჯერ არ ყოფილა). წაკითხული იყო სრულიად იმავეგვარად, როგორც ეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება ხოლმე, დასურათებული იყო მრავალი და კარგი დიაპოზიტივით. იქ აღწერილი ხალხი თავისი "პირველყოფილობის" მხრივ ძლიერ გავს სვანებს, მაგრამ სად არის სვანური ბუნების სილამაზე, სვანური კოშკები და ეკლესიები! იქ რაღაც გადახრუკული ბუნებაა და ნახევრად ველური ხალხი. მოხსენება გათავდა 10 საათზე და ყველანი დავიშალენით.

გუშინ დანიშნული მქონდა 4 საათზე მისვლა გეოგრაფიულ საზოგადოებაში, სადაც ჰოგართისთვის (თავმჯდომარისათვის) და კიდევ ერთი არქეოლოგისათვის უნდა მეჩვენებინა ჩემი ალბომები, განსაკუთრებით კი სვანური არქიტექტურა და სიძველეები. ამისთვის დავბრუნდი თუ არა "სადილიდან", შევუდექი მუშაობას: ყველა ჩემი სურათები ახალ ალბომში გადავიტანე, ცუდები გამოვაკელი და საზოგადოდ ძლიერ გავალამაზე ისედაც კარგი სურათები. ეს მუშაობა სწორედ უოცო ოთხს საათზე გავათავე გუშინ ("ოცო ოთხი საათი“ გიორგი ნიკოლაძისთვის 4-ს რომ 20 წუთი უკლია, იმას ნიშნავს. ? პ. ნ.) და 4 საათზე საზოგადოებაში მივიტანე. იქ დამხვდა მდივანი ჰინკსი და კიდევ ვიღაც არქეოლოგი. მალე მოვიდა თვით თავმჯდომარე. ძლიერ დიდხანს შინჯავდენ სურათებზე (6 საათამდე); ძლიერ მოეწონათ ორივეს. ბოლოს თავმჯდომარემ მითხრა: "მოგილოცავთ, რომ ასეთი საინტერესო სურათები ასე მშვენივრად შეგისრულებიათო". ამით გამომესალმა. შემდეგ კიდევ ველაპარაკე მდივანს. ბოლოს გადავწყვიტეთ ასე, - ორშაბათს, 13 დეკემბერს 3 საათზე, როდესაც მე ხელახლა უნდა მივიტანო ჩემი ალბომები საზოგადოებაში, რადგან სპეციალურად ჩემთვის ჩამოვა იმ დღეს დუგლას ფრეშფილდი და სურათებს ნახავს. ფრეშფილდთან ერთად ამოვარჩევთ ისევ სურათებს, რომელიც მათი თვალსაზრისით ღირშესანიშნავია, რომ დაიბეჭდოს"...

09-ist-gn-1-1722087174.jpg
სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების შენობა ლონდონში, კენსინგტონზე

და კიდევ ერთი წერილი, 14 დეკემბერს გამოგზავნილი:

"გუშინდელ ჩემ დღეს აგიწერ, რაც სავსებით დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს თქვენთვის, რადგან, სხვათა შორის, იმასაც წაიკითხავთ, თუ როგორ ვეღირსე თვით დუგლას ფრეშფილდის გაცნობას.

დილის ლანჩზე (საუზმეზე) დაპატიჟებული ვიყავით მე და მამაჩემი (დიახ, მამამისი ? ნიკო ნიკოლაძე, რომელიც მაშინ ლონდონში იყო სხვა საქმეებზე ჩასული. ? პ. ნ.) ერთ ახალგაზრდა ინგლისელთან, რომელსაც მიზნად დაუსახავს საქართველოს ისტორიის შესწავლა და საზოგადოთ საქართველოს გაცნობა. ამ მიზნით ის უკვე ყოფილა, თურმე, წრეულს ზაფხულში თბილისში, სადაც 5 კვირა გაუტარებია. ძალიან ნდომებია სვანეთის დათვალიერება, მაგრამ ვერ მოუხერხებია და მხოლოდ ახალციხე დაუთვალიერებია (კაი შვილიც არის). რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოებისთვის რომ მიემართა, უკეთ გაეცნობოდა საქართველოს, მაგრამ კიდევ აპირებს ის ბევრჯერ ჩამოსვლას ჩვენსას და ალბათ მასთან მგზავრობა არა ერთხელ მოგვიხდება. იმ ლანჩზე დაესწრო მისი ამხანაგი, ძალიან კარგი ალპინისტი. შვეიცარიის მწვერვალები მას დავლილი ჰქონია. ასულა მონბლანზე, მატერჰორნზე და მრავალ სხვაზე. რამდენჯერმე ყოფილა ჰიმალაიაში. ასულა იმ განთქმულ მთაზე K-2, რომელიც 27000 ფუტია სიმაღლით, ე.ი. ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია დედამიწაზე. როგორც ამბობს, მიუღწევია (1919 წელს) 25000 ფუტის სიმაღლეზე ამ მთისა, მეტი კი ვერა. ჟანგბადი არ უხმარიათ და არც არის საჭიროვო, ამბობს. 1921 წელს მიუღია მონაწილეობა ბრიუსის ექსპედიციაში რონგბოუკის ყინვარზე, რომელიც მთა ევერესტიდან ჩამოდის. ეს ექსპედიცია იყო მოსამზადებელი ექსპედიცია ევერესტზე ცდის წინ: გზის გამოსაძებნელი. თვით ევერესტზე ასვლით ცდებში, რომელნიც, როგორც იცი, 1922 და 1924-ს იყო, მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ კარგად იცნობს ექსპედიციის ყველა წევრებს. ასე რომ ასეთი ალპინისტის გაცნობა (მისი გვარი - ეჩისონია) ძლიერ სასიამოვნო იყო ჩემთვის. მით უფრო, რომ ისიც უსათუოდ აპირებს ან მომავალ ან შემდეგ ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლას და კავკასიის მწვერვალებზე ასვლას. ჩვენი მოგზაურობის სურათები რომ ნახა, ძლიერ მოეწონა. სხვათა შორის თქვა, რომ მეც ყოველთვის მოკლე შარვლით დავდივარო“...

(დასასრული მომდევნო ნომერში)

პაატა ნაცვლიშვილი

"ისტორიანი" .#129