როდის და რა სიხშირით უნდა გადავაყენოთ ვინდოუსი?
"ვინდოუსის გადაყენება ვიცი" - თუ ეს საბედისწერო ფრაზა სამეგობრო-სამეზობლოში წამოგცდა ჩათვალე, რომ შენი მშვიდი ცხოვრება დასრულებულია, ყველა მეზობელი, ნათესავი და ნაცნობი მოგგვარდება კომპიუტერული პრობლემებით.
მეც ასე დავიღუპე, ერთხელ, როცა ჩემს დაბადების დღეზე, ცოტა შეზარხოშებულს წამომცდა, რომ ვინდოუსის გადაყენება შემიძლია. მეორე დღიდან კი ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა.
"ბიჭო, ჩემი კომპიუტერი რაღაც ნელა მუშაობს, ვინდოუსი ხომ არ უნდა გადავაყენო?" - მეკითხებოდა ბიძაჩემი.
"ჰეი, ვინდოუსის გადაყენება თუ იცი, ჩემს ლეპტოპს ხომ არ შეხედავ? მგონი რაღაც ვირუსი შემოუძვრა..." - მწერდა მეგობარი.
"გამარჯობა, თქვენ ხომ არ ხართ ის ბიჭი, ვინც ვინდოუსებს აყენებს? ჩემმა მეზობელმა ნაირამ მითხრა..." - მირეკავდა უცნობი ნომერი.
და ასე, მოულოდნელად აღმოვჩნდი უფასო IT მხარდაჭერის სპეციალისტის როლში მთელი უბნისთვის. ყველას ეგონა, რომ ვინდოუსის გადაყენება ნიშნავდა ყველა კომპიუტერული პრობლემის მოგვარებას - დაწყებული გაჭედილი პრინტერიდან, დამთავრებული დაკარგული ფეისბუქის პაროლით.არა, ფეისბუქის პაროლის აღდგენაზე ნამდვილად არ ვაჭარბებ, ერთ მშვენიერ დღეს კართან მომადგა ქალბატონი თამარი, ჩვენი უბნის კოლორიტი და ყველაზე აქტიური ფეისბუქ მომხმარებელი: ,,ჩემი კომპიუტერი გაფუჭდა, ვერ ვახერხებ ჩემი ვარდების სურათების ატვირთვას, წამომყევი და შემიხედე რა სჭირს" - მითხრა მან აღელვებულმა.რა თქმა უნდა, უარი ვერ ვუთხარი და სახლში გავყევი. "აი, ნახე, არ ირთვება!" - მითხრა მან და ღილაკს დააჭირა. ამ დროს კი კომპიუტერმა ისეთი ხმაურით დაიწყო ჩართვა, თითქოს კოსმოსურ ხომალდს უშვებდნენ."იცი, შვილო, მე ამ კომპიუტერზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს. აქ არის ჩემი ყველა რეცეპტი, ჩემი შვილიშვილების დაბადების დღეები და რაც მთავარია, ჩემი ფეისბუქის პაროლი!" - მითხრა მან შეშფოთებულმა."ნუ ღელავთ, ქალბატონო თამარ, ყველაფერს გადავარჩენთ" - დავამშვიდე მე, თუმცა გულში ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი კარიერის ყველაზე რთული გამოწვევა.
სამი საათის, რამდენიმე ფინჯანი ჩაის, ერთი თეფში ნამცხვრის და უამრავი "შვილო, ხომ არაფერი წაგიშლია?" კითხვის შემდეგ, კომპიუტერი ჩაირთო ახალი ვინდოუსით და ეს უძველესი მანქანა ბოლოს და ბოლოს უხმაუროდ იწყებს მუშაობას.ჩართვის შემდეგ, ვცდილობ ყველაფრის გასწორებას, ვაყენებ ანტივირუსს და ვუხსნი თამარა ბებოს, რომ არ უნდა გადმოწეროს და დააყენოს უცნობი პროგრამები, რადგან შეიძლება კომპიუტერს ისევ პრობლემა შეექმნას და დავირუსდეს.
ის კი შუა საუბრისას მაწყვეტინებს - "მადლობა, შვილო! ახლა კი მითხარი, როგორ შემიძლია ფეისბუქზე პაროლის აღდგენა?’’და =ვხვდები, რომ ჩემი სამუშაო მხოლოდ ახლა იწყება.მაგრამ რა უნდა ვქნა? ხომ ვთქვი, ვინდოუსის გადაყენება ვიცი-მეთქი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცი კომპიუტერებზე, ინტერნეტზე და ზოგადად, ტექნოლოგიებზე.
და აი, ვზივარ, ვასწავლი როგორ აღადგინოს თავისი პაროლი ფეისბუქზე და თან ვფიქრობ - ნეტავ რა იქნებოდა, ვინდოუსის გადაყენება არ ვიცი, რომ მეთქვა?
და ამ ფიქრებიდან ძალიან საინტერსო თემამდე მივედი, თუ რატომ ფიქრობს ხალხი, რომ ვინდოუსის გადაყენება ყველაფერს მოაგვარებს? ეს ცოტა იმას ჰგავს, ყველა ავადმყოფობას ერთი წამლით მკურნალობდე. კომპიუტერული პრობლემების დროს, როცა არ ვიცით სხვა რა გავაკეთოთ ხშირად მივართავთ ვინდოუსის გადაყენებას, რადგან ვთვლით, რომ ეს მარტივი მარტივი გამოსავალია რთული პრობლემებისთვის.
მაგრამ რეალობა ასეთი მარტივი არ არის. ვინდოუსის გადაყენება ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ ის არ არის უნივერსალური გამოსავალი. ზუსტად ისე, როგორც ექიმი არ გამოგიწერს ერთსა და იმავე წამალს ყველა დაავადებისთვის, ასევე არც კომპიუტერის ყველა პრობლემა გვარდება ვინდოუსის გადაყენებით.
მოდი, უფრო ღრმად ჩავუფიქრდეთ - რა არის სინამდვილეში ვინდოუსის გადაყენება და როდის არის ის მართლა საჭირო?
რას ნიშნავს ვინდოუსის გადაყენება?ვინდოუსის გადაყენება არის პროცესი, რომლის დროსაც კომპიუტერის ოპერაციულ სისტემას (Windows) ხელახლა ვაყენებთ.ეს შეიძლება საჭირო გახდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად, სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად, კომპიუტერის გასუფთავებისთვის ან ახალ ვერსიაზე გადასასვლელად.ვინდოუსის გადაყენება გულისხმობს არსებული Windows-ის წაშლას და მის ადგილზე ახალი, სუფთა ვერსიის დაინსტალირებას. გადაყენების პროცესი შეიძლება იყოს მარტივი ან რთული, დამოკიდებულია მომხმარებლის გამოცდილებასა და კონკრეტულ სიტუაციაზე.მარტივი მაგალითი, რომ მოვიყვანო ეს პროცესი ჰგავს სამზარეულოს კარადების გადალაგებას და დასუფთავებას. წარმოიდგინე, რომ შენი კომპიუტერი არის სამზარეულოს კარადა, რომელიც დროთა განმავლობაში ივსება სხვადასხვა ნივთებით - ზოგი საჭიროა, ზოგი არა.ხანდახან ნივთები არეულია და ძნელია საჭირო რამის პოვნა. ეს ყოველივე კი ძალიან ჰგავს კომპიუტერს, რომელიც გაივსო პროგრამებით, ფაილებით და ნელა მუშაობს.
ვინდოუსის გადაყენება ნიშნავს, რომ:
1. იღებ ყველაფერს კარადიდან (ანუ ინახავ მნიშვნელოვან ფაილებს).
2. კარგად ასუფთავებ კარადას (ანუ შლი ძველ ვინდოუსს).
3. აწყობ ახალ თაროებს (აყენებ ახალ ვინდოუსს).
4. აბრუნებ მხოლოდ საჭირო ნივთებს და ალაგებ მათ მოწესრიგებულად (აბრუნებ ფაილებს და აყენებ საჭირო პროგრამებს).
ამის შემდეგ, შენი "კარადა" (კომპიუტერი) არის სუფთა, ორგანიზებული და ადვილად გამოსაყენებელი. ყველაფერი კი უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობს.
როდის არის საჭირო ვინდოუსის გადაყენება?კომპიუტერი, როგორც რთული მექანიზმი, დროთა განმავლობაში შეიძლება წააწყდეს სხვადასხვა სახის პრობლემებს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება მარტივად გამოსწორდეს, მაგრამ არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ვინდოუსის გადაყენება ხდება ყველაზე ეფექტური და ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალიც კი.
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, როდის არის ეს პროცედურა მართლაც საჭირო, მოდი დეტალურად განვიხილოთ კონკრეტული სცენარები და სიტუაციები, რაც დაგვეხმარება მივხვდეთ, თუ რა შემთხვევებში შეიძლება იყოს ვინდოუსის გადაყენება აუცილებელი ან სასარგებლო.
🔹 სისტემის მნიშვნელოვანი დაზიანების დროს: თუ შენი კომპიუტერი მუდმივად ნელა მუშაობს, ხშირად იყინება ან ჩნდება ე.წ. "ლურჯი ეკრანის" (blue screen error)[1] შეცდომები, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ოპერაციული სისტემა სერიოზულად არის დაზიანებული. ასეთ შემთხვევებში, ჩვეულებრივი გამოსწორების მეთოდები (მაგალითად, სისტემის აღდგენა ან დრაივერების განახლება) როგორც წესი, არ არის ხოლმე საკმარისი. ვინდოუსის გადაყენება კი ხშირად აგვარებს ამ ტიპის პრობლემას.
🔹 სისტემის დავირუსებისას : ზოგიერთი ვირუსი ან მავნე პროგრამა იმდენად ღრმად აღწევს სისტემაში, რომ მათი სრულად მოშორება ჩვეულებრივი ანტივირუსული პროგრამებით თითქმის შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში, ვინდოუსის გადაყენება არის ერთადერთი საიმედო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემა სრულიად გაიწმინდება მავნე პროგრამებისგან. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ, როცა საქმე გვაქვს მძიმე ვირუსებთან, როგორიცაა გამომძალველი პროგრამები (ransomware) ან რუტკიტები (rootkits).
🔹 სისტემის მნიშვნელოვანი განახლების დროს: როდესაც გადადიხარ ვინდოუსის ერთი მთავარი ვერსიიდან მეორეზე (მაგალითად, Windows 7-დან Windows 10-ზე ან Windows 10-დან Windows 11-ზე), ხშირად უკეთესია გაუმჯობესებული ვერსიის თავიდან დაყენება, ვიდრე უბრალოდ განახლება.ეს უზრუნველყოფს, რომ ახალი სისტემა იმუშავებს მაქსიმალური ეფექტურობით და თავიდან აგაცილებს შესაძლო შეუთავსებლობის პრობლემებს.
🔹 კომპიუტერის გაყიდვის ან გაჩუქებისას: თუ აპირებ შენი კომპიუტერის გაყიდვას ან ვინმესთვის გადაცემას, ვინდოუსის გადაყენება არის საუკეთესო გზა კომპიუტერში არსებული პირადი ინფორმაციის სრულად წასაშლელად. უბრალოდ წაშლა არ არის საკმარისი, რადგან სპეციალური პროგრამებით შესაძლებელია წაშლილი ინფორმაციის აღდგენა. ვინდოუსის გადაყენება კი უზრუნველყოფს, რომ ყველა შენი მონაცემი სრულად და უსაფრთხოდ განადგურდეს.
🔹 კომპიუტერის მნიშვნელოვანი შენელების დროს: დროთა განმავლობაში, კომპიუტერი შეიძლება მნიშვნელოვნად შენელდეს სხვადასხვა მიზეზის გამო: დაგროვილი ზედმეტი ფაილები, რეგისტრის პრობლემები, ფრაგმენტირებული მყარი დისკი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა მეთოდები ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ზოგჯერ ვინდოუსის გადაყენება არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა კომპიუტერის მუშაობის გასაუმჯობესებლად.
🔹 აპარატურის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ: თუ შეცვალეთ კომპიუტერის მთავარი კომპონენტები (მაგალითად, დედაპლატა ან პროცესორი), ზოგჯერ უმჯობესია ვინდოუსის ხელახლა დაყენება, რათა უზრუნველყოთ ყველა დრაივერის და სისტემური პარამეტრის სწორად კონფიგურაცია ახალი აპარატურისთვის.
ვინდოუსის გადაყენების გარდა, რა ხერხები არსებობს კომპიუტერის მუშაობის გასაუმჯობესებლად?
მართალია, ვინდოუსის გადაყენებას შეუძლია მოაგვაროს ბევრი პროგრამული პრობლემა და გააუმჯობესოს კომპიუტერის მუშაობა, მაგრამ ამ პროცესს აქვს თავისი ნაკლოვანებები და რისკები, რომლებიც გასათვალისწინებელია.
პირველ რიგში, ვინდოუსის გადაყენების ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი მხარეა მონაცემების დაკარგვის რისკი. სრული გადაყენების დროს იშლება ყველა ინფორმაცია მყარ დისკზე, რაც ნიშნავს, რომ თუ წინასწარ არ შეინახავ შენთვის მნიშვნელოვან ფაილებს, ისინი სამუდამოდ დაიკარგება. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტები, ფოტოები, ვიდეოები და სხვა პერსონალური მონაცემები, რომელთა აღდგენა შეუძლებელი იქნება.ამიტომ, თუ არ იცი, როგორ უნდა შესრულდეს პროცედურა სწორად, გირჩევ მიმართო სპეციალისტს, ვინც დაგეხმარება პროცესის სწორად წარმართვაში და თავიდან აგაცილებს მონაცემების დაკარგვის რისკებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია დროის ხარჯი. ვინდოუსის გადაყენება არ არის სწრაფი პროცესი. ის შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი, ზოგჯერ კი მთელი დღეც კი. ეს მოიცავს არა მხოლოდ თავად ოპერაციული სისტემის ინსტალაციას, არამედ შემდგომ განახლებებს, დრაივერების დაყენებასა და სისტემის კონფიგურაციას. ამ დროის განმავლობაში კომპიუტერი გამოუსადეგარია, რაც შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც კომპიუტერი სჭირდება სამუშაოდ ან სხვა მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.
გარდა ამისა, ვინდოუსის გადაყენების შემდეგ საჭიროა ყველა პროგრამის ხელახლა დაინსტალირება.რაც ნიშნავს, რომ უნდა მოძებნო და ჩამოტვირთო ყველა ის აპლიკაცია, რომელსაც იყენებდი, შემდეგ კი დააყენო და გამართო ისინი.ეს პროცესი შეიძლება იყოს ძალიან შრომატევადი, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი პროგრამა გქონდა დაინსტალირებული.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინო, რომ ვინდოუსის გადაყენება არ წყვეტს აპარატურულ პრობლემებს. თუ კომპიუტერს აქვს ფიზიკური დაზიანება, მაგალითად, მყარი დისკის პრობლემები, ოპერატიული მეხსიერების გაუმართაობა ან პროცესორის გადახურება, ოპერაციული სისტემის გადაყენება ვერ მოაგვარებს ამ საკითხებს.
ასეთ შემთხვევებში საჭიროა ტექნიკური დიაგნოსტიკა და შესაბამისი ნაწილების შეკეთება ან შეცვლა.ხშირად, კომპიუტერული პრობლემები შეიძლება გადაიჭრას უფრო მარტივი და ნაკლებად რადიკალური გზებით. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია სისტემის განახლება. Windows რეგულარულად გამოსცემს განახლებებს, რომლებიც ასწორებს სხვადასხვა ხარვეზებს და აუმჯობესებს სისტემის მუშაობას. ამ განახლებების დაყენებით შეიძლება მოგვარდეს ბევრი პრობლემა ვინდოუსის გადაყენების გარეშე.კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია ანტივირუსული პროგრამის გაშვება, ბევრი კომპიუტერული პრობლემა გამოწვეულია ვირუსებით ან მავნე პროგრამებით. კარგი ანტივირუსული პროგრამის გამოყენებით შეძლებთ ამ საფრთხეების აღმოჩენასა და მოშოროებას. ასევე შეიძლება დაგეხმაროს არასაჭირო პროგრამების წაშლა.დროთა განმავლობაში კომპიუტერზე გროვდება ბევრი პროგრამა, რომლებსაც აღარ ვიყენებთ.ამ პროგრამების წაშლით შეგიძლია გაათავისუფლო ადგილი მყარ დისკზე და გააუმჯობესო სისტემის მუშაობა.დრაივერების განახლებაც მნიშვნელოვანია. დრაივერები არის პროგრამები, რომლებიც აკავშირებს კომპიუტერის აპარატურულ ნაწილებს ოპერაციულ სისტემასთან. მოძველებულმა დრაივერებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა, ამიტომ მათი განახლება ხშირად აუმჯობესებს კომპიუტერის მუშაობას.
დასკვნის სახით, შეიძლება ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვინდოუსის გადაყენება ეფექტური გზაა ზოგიერთი კომპიუტერული პრობლემის მოსაგვარებლად, ის არ არის უნივერსალური გამოსავალი. არსებობს ბევრი ალტერნატიული მეთოდი, რომლებიც შეიძლება იყოს უფრო სწრაფი, ნაკლებად რისკიანი და ასეთივე ეფექტური. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასო პრობლემის სიმძიმე და აირჩიო ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება შენი ტექნიკისთვის. თუ არ ხარ დარწმუნებული პრობლემის არსში და მისი მოგვარების მეთოდებზე, ყოველთვის სჯობს კონსულტაცია გაიარო სპეციალისტთან, რომელსაც შეუძლია კონკრეტული პრობლემის ზუსტად დიაგნოსტირება და საუკეთესო გადაწყვეტილების შეთავაზება კონკრეტული სიტუაციისთვის.
NS