"სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა..." - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია - კვირის პალიტრა

"სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა..." - რა განცხადებას ავრცელებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან მოულოდნელად 14:15 დამარცხდა.

სპორტსმენმა მაშინვე გააპროტესტა მარცხი. მსაჯთა გადაწყვეტილებას დიდი უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა საზოგადოების დიდ ნაწილშიც. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა და მომხდარს გამოეხმაურა:

"საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი" - ვკითხულობთ ფედერაციის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: სანდრო ბაზაძე წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა - რა მოხდა მერვედფინალში? (VIDEO)