„ჰესბოლას“ რაკეტამ ისრაელში პატარა ფეხბურთელები იმსხვერპლა, გადაიზრდება თუ არა „ცახალის“ პასუხი „ლიბანის მესამე ომში“? - კვირის პალიტრა

„ჰესბოლას“ რაკეტამ ისრაელში პატარა ფეხბურთელები იმსხვერპლა, გადაიზრდება თუ არა „ცახალის“ პასუხი „ლიბანის მესამე ომში“?

ჩნდება იმის დიდი საფრთხე, რომ ღაზას სექტორში ისედაც საომარ მდგომარეობაში მყოფ ისრაელს მეორე ფრონტზე ბრძოლაც მოუწიოს, ამჯერად ჩრდილოეთ მიმართულებაზე...

27 ივლისის საღამოს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის სიმაღლეებზე, დრუზების დასახლებულ პუნქტ მაჯდალ-შამსში ფეხბურთის მოედანზე რაკეტა მაშინ დაეცა და აფეთქდა, როდესაც იქ ფეხბურთს თამაშობდნენ, შედეგად დაიღუპა 9 და დაიჭრა 34 ახალგაზრდა, რომელთა ასაკი 10-20 წელს არ აღემატებოდა...

ადგილობრივების თქმით, საჰაერო განგაშის სიგნალი კი ამოქმედდა, მაგრამ ფეხბურთის მოთამაშეებმა ვერ მოასწრეს თავშესაფრამდე მისვლა ან არ მოინდომეს ფეხბურთის დაძაბული მატჩის შეწყვეტა...

მაშინ, როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო პარიზის ოლიმპიადაზე ერთმანეთს სპორტულ სახეობებში და მათ შორის ფეხბურთშიც ეჯიბრება, ჩვენი პლანეტის სხვა ნაწილში ისეთივე ფეხბურთის მოედანზე მოთამაშეები აფეთქებული რაკეტის მსხვერპლნი ხდებიან...

თუმცა რაღა შორს წავიდეთ, 2008 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ჩინეთში პეკინის ოლიმპიადა იხსნებოდა, რუსული ტანკები საქართველოში იჭრებოდნენ, თვითმფრინავები კი ქართულ სოფლებს ბომბავდნენ...

მაჯდალ-შამსის ფეხბურთის სტადიონი 7 კმ-ითაც არ არის დაშორებული სამხრეთ ლიბანის საზღვრიდან და ამ სიშორეზე მიღწევა „ჰესბოლას“ ნამდვილად არ გაუჭიდებოდა - „ჰესბოლას“ მიერ განხორციელებული ეს სარაკეტო დარტყმა სავარაუდოდ პასუხი იყო მათი საბრძოლო დანაყოფის „რადუანის“ („ჰესბოლას სპეციალური დანიშნულების რაზმის) წევრის ლიკვიდაციისა, რაც ისრაელის „ცახალმა“ განახორციელა.

ის, რომ ისრაელი პასუხის პასუხს არ დაუგვიანებს, დიდი კითხვა არ სჭირდება, თუნდაც 1 800 კმ-ზე დაშორებული იემენელი ჰუსიტებისთვის „გაგზავნილი“ სარაკეტო პასუხის შემყურე...

ამას ხვდებიან „ჰესბოლაშიც“ და სასწრაფოდ დაიწყეს ბეირუთიდან თავისი შტაბ-ბინების ევაკუაცია, რადგან ყოველ საათს ელოდებიან მძლავრ საპასუხო სარაკეტო დარტყმებს ისრაელიდან...

2-hes-1722108180.jpg
ისრაელის სპეციალისტებმა მალევე დაადგინეს, რომ ფეხბურთის მოედანზე სწორედ სამხრეთ ლიბანიდან სტარტაღებული რაკეტა ჩავარდა... სამხრეთ ლიბანიდან რაკეტებს ისრაელის მიმართულებით კი, როგორც წესი „ჰესბოლა“ უშვებს...

„ლიბანის მესამე ომი“ იწყება - ასეთი დაძაბული განწყობა სუფევს ეხლა ბეირუთსა და ლიბანის სხვა დასახლებულ პუნქტებში, რადგან ლიბანის მაცხოვრებლებს ძალიან მწარედ ახსოვთ 1982 წლის „ლიბანის პირველი ომი“ და 2006 წლის „ლიბანის მეორე ომი“ ისრაელის „ცახალსა“ და ლიბანის სამხრეთ ნაწილის მაკონტროლებელ პროირანულ დაჯგუფება „ჰესბოლას“ შორის - მაშინაც, ორივე ომის დაწყების მაპროვოცირებელი გახდა სამხრეთ ლიბანიდან „ჰესბოლას“ მიერ განხოციელებული საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვები, რასაც ისრაელის მოქალაქეების დაჭრა და დაღუპვა მოჰყვა...

1982 წელს ისრაელის პასუხად იქცა სახმელეთო ოპერაციის დაწყება სამხრეთ ლიბანის მიმართულებით და დასავლეთ ბეირუთის ალყაში მოქცევა. ამ ომის დროს ისრაელის „ცახალს“ სირიის რეგულარულ არმიასთან ბრძოლაც მოუწია, რომელიც „ჰესბოლას“ ეხმარებოდა.

2006 წლის „ლიბანის მეორე ომის“ დროს, რომელიც 12 ივლისიდან -14 აგვისტომდე გაგრძელდა, ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ასევე სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა - ისრაელი ცდილობდა გაენადგურებინა „ჰესბოლას“ ბაზები და საარტილერი-სარაკეტო დანადგარები, რათა აღეკვეთა ამ ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთი რაიონების დაბომბვა...

როგორც ხედავთ თითქმის იგივე მეორდება - „ჰესბოლა“ კვლავ აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე, რაც პრინციპში მოსალოდნელიც გახლდათ, თანაც ბევრად უფრო დიდ მასშტაბებში მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ 2023 წლის 7 ოქტომბრის დაუნდობელი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ „ცახალმა“ ღაზას სექტორში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის განხორციელება დაიწყო... არანაკლები სისასტიკით...

დღევანდელი სარაკეტო თავდასხმისთვის რომ ისრაელი პასუხს გასცემს „ჰესბოლას“, ეს უეჭველია, მაგრამ რა მასშტაბების იქნება ეს შურისძიება და მართლაც ხომ არ გადაიზრდება „ლიბანის მესამე ომში“?