"ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით, სადაც განსახილველ საკითხებს შორის საქართველოსთან ურთიერთობაც იქნება, მერი ამბობს, რომ დადებითი მოლოდინი აქვს და საქართველოს ხელისუფლება მზადაა თანამშრომლობისთვის.

"მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის "ქართული ოცნების" დამსახურება, ქართველ ხალხთან ერთად. რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც გითხარით, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, უბრალოდ არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს", - აცხადებს კახა კალაძე.

რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველო დემოკრატიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და იღებს კანონებს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, კახა კალაძე ამბობს, რომ ეს ცრუ ბრალდებებია.

„ის ადამიანები, ვისგანაც ამ განცხადებებს ვისმენთ, 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, რასაც სააკაშვილი უკეთებდა მოსახლეობას, აფასებდნენ, როგორც დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ? ახლა ეს ადამიანები გვეუბნებიან, თითქოს დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი. წარმოგიდგენიათ, რა საოცრებასთან გვაქვს საქმე? წარმოგიდგენიათ, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას, არადემოკრატიული და არაევროპულიაო. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს - თეთრსაც და შავსაც, მოყვარესაც და მტერსაც. ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი იყოს გამოყენებული თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ქვეყანაში მივიღოთ ის უბედურება, რაც დღეს, სამწუხაროდ, არის უკრაინაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"