„ტრამპი შესაძლოა გაურიგდეს პუტინს და საქართველოც ათასგვარ უბედურებაში გახვიოს...ის სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებს" - კვირის პალიტრა

„ტრამპი შესაძლოა გაურიგდეს პუტინს და საქართველოც ათასგვარ უბედურებაში გახვიოს...ის სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებს"

მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენ არის მიმართული. მალევე კამალა ჰარისმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ცნობა, რომ მოიპოვა საკმარისი რაოდენობის დელეგატთა მხარდაჭერა, რათა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. 22 ივლისს, ღამით, მან განაცხადა, რომ ამაყობს ამ მხარდაჭერით და მოუთმენლად ელის უახლოეს ხანში ნომინაციის ოფიციალურად მიღებას. მისი თქმით, მომდევნო თვეებში მთელ ქვეყანას მოივლის და აპირებს პარტიისა და ერის გაერთიანებას, ხოლო ნოემბერში დონალდ ტრამპის დამარცხებას. Associated Press-ის დათვლით, 22 ივლისის საღამოს მდგომარეობით ჰარისს მხარს უჭერდა 2 579 დელეგატი, მაშინ, როცა პირველი ეტაპის კენჭისყრისას, სულ მცირე, 1 976 დელეგატის ხმაა საჭირო. დემოკრატი დელეგატების საჯარო განცხადებების და მათთან ინტერვიუების საფუძველზე ასეთივე მონაცემები ჰქონდა CNN-საც. მოკლედ, ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად ფორმალობების გავლისა, კამალა ჰარისს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობა განაღდებული აქვს და ახლა მთელი მისი ძალისხმევა დონალდ ტრამპის წინააღმდეგაა მობილიზებული. კვლევების თანახმად, მისი რეიტინგი უკვე მნიშვნელოვნად უსწრებს ჯო ბაიდენის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის რეიტინგს, ხოლო ღეუტერს/Iპსოს-ის გამოკითხვით, კამალა ჰარისი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპსაც კი უსწრებს 2%-ით. გამოკითხვა 22-23 ივლისს ჩატარდა, მთავარი ბრძოლა კი ქალბატონ ჰარისს წინ აქვს. სწორედ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ განვითარებული პროცესების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- ვფიქრობ, ჯო ბაიდენი ამ საარჩევნო პროცესში საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარის თქმაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებდა. მას ტრამპთან არჩევნები, ფაქტობრივად, უკვე წაგებული ჰქონდა. ტრამპთან დებატებში და მას შემდეგაც აშკარად გამოჩნდა, რომ აქვს მენტალური პრობლემები, ეტყობოდა დემენციის ნიშნები. ბაიდენის უარმა და კამალა ჰარისის გამოჩენამ შეიძლება ითქვას, დემოკრატებს გამარჯვების ახალი შანსი გაუჩინა.

ის საინტერესო და ჭკვიანი ქალია, სერიოზული პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს. წლების განმავლობაში გახლდათ კალიფორნიის გენერალური პროკურორი, შესაბამისად, მაღალი კლასის იურისტია. მას უკვე ხელთ აქვს არაერთი კოზირი. მაგალითად, ის, რომ ნომინაციის შემდეგ ის გახდება პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. მოგეხსენებათ, აშშ-ის ისტორიაში არ ყოფილა პრეზიდენტი ქალი. ჩემი შეფასებით მას ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ შექმნას პრეცედენტი და გახდეს პრეზიდენტი.

ტრამპს აშკარად ეტყობა დაბნეულობა, მეტიც, ისტერიკული განწყობა. ის არის კანდიდატი, რომელიც მიზანმიმართულად მიდის საზოგადოების გახლეჩაზე. სხვას ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, მის წინააღმდეგ უკვე იმდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ნებისმიერი სხვა მის ადგილას ალბათ უკვე კარგა ხნის დაპატიმრებული იქნებოდა. გარდა ამისა, რასისტული ნიშნებიც შეიმჩნევა მის ქმედებებსა თუ დაპირებებში, გავიხსენოთ თუნდაც მექსიკასთან კედლის გავლება, მექსიკელებისადმი მისი დამოკიდებულება, მასობრივი დეპორტაციის დაანონსება და ა.შ. ყოველივე ეს ტრამპს ნამდვილად არ წარმოაჩენს პოზიტიურ ლიდერად, შესაბამისად, ძალიან ბევრი ამერიკელი ახლა აუცილებლად დაფიქრდება, ვის მისცეს ხმა.

ჩემი აზრით, მთელი "ფერადი" ამერიკა კამალას ამომრჩეველი იქნება. მას ქალებიც დაუჭერენ მხარს. ასე რომ, მიმაჩნია, გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს. ტრამპი აშკარად დაბნეული რომ არის, იმითაც ჩანს, რომ მან ჯერ უარი თქვა ჰარისთან დებატებზე, მაგრამ მეორე დღესვე მისი რეიტინგი რომ დავარდა, სასწრაფოდ დათანხმდა. ამაზე კამალა ჰარისმა ძალიან მოკლედ, მაგრამ სარკასტულად თქვა, ეტყობა, შტაბში აზრი შეიცვალესო. როგორც უკვე აღვნიშნე, ჰარისი ძალიან მაღალი დონის იურისტია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურორად. უკვე წარმომიდგენია, როგორ გაუჭირდება მასთან დებატები ტრამპს, რომელზე აღძრულ საქმეებსაც ქალბატონი ჰარისი სულ დეტალურად განიხილავს. მე მისი წარმოებული პოლიტიკოსთა გამოკითხვა მინახავს, როდესაც სენატორი იყო, და მის ხელში ჩავარდნას არავის ვურჩევ.

დარწმუნებული ვარ, მოახერხებს ტრამპის წყობიდან გამოყვანას და არაერთ სისულელეს ათქმევინებს. ჩემი შეფასებით, არჩევნები იქნება ძალიან მძიმე, თუმცა მას კამალა ჰარისი მოიგებს.

ტრამპი სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებს, გასულ კვირას მაინც სასწაულები ილაპარაკა, განაცხადა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და მას ვუთხარი, ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, რუსეთი ომის მანქანაა. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და ნაპოლეონიო. რა გამოდის, ამ განცხადებით მან გვაჩვენა, რომ რუსეთის ეშინია... ტრამპი თუ მოვიდა, შეიძლება ისე გაურიგდეს პუტინს, ჩვენც ათასგვარ უბედურებაში გავეხვიოთ.

- ჩვენი ხელისუფლება კი სწორედ ტრამპს გულშემატკივრობს. დარწმუნებული არიან, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ერთბაშად დაულაგდებათ აშშ-სთან ურთიერთობა. მეტიც, ცდილობენ საზოგადოებას დააჯერონ, რომ მათაც და ტრამპსაც "გლობალური ომის პარტია" უპირისპირდება...

- ყოველივე ეგ სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს... რა არის "გლობალური ომის პარტია"? აზრზე არა ვარ, არადა, იმდენი რამ ვიცი... რაღაც დააბრეხვეს და ამაზე იმდენი ილაპარაკეს, ეს სისულელე თვითონვე დაიჯერეს.

რაც შეეხება ტრამპისადმი მათ სიმპათიას, როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ტრამპი თუ გაპრეზიდენტდა, ერთბაშად დაუახლოვდება აშშ რუსეთს და საქართველოსაც მოუხსნიან სანქციებს. არადა, მსოფლიო პოლიტიკაში ასე, ხელის ერთი აქნევით არაფერი ხდება, მით უფრო, ტრამპი ძალზე არაპროგნოზირებადი ადამიანია. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ტრამპის გამარჯვება შეიძლება უარესი იყოს მათთვის ბევრი ასპექტით...

- მოგეხსენებათ, სუს-ი ირწმუნება, რომ საქართველოში ტერაქტი იგეგმებოდა და რამდენიმე დღეა, უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს გამოკითხვაზე იბარებენ. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს", - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. სუს-ის ცნობით, "ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობა". "გამოგონილი ბრალდებები და წინასაარჩევნო პროპაგანდა", - ასე აფასებენ ოპოზიციაში სუს-ში მიმდინარე მასობრივ გამოკითხვებს. პოლიტიკოსების თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს საზოგადოებაში შუღლის გასაღვივებლად და შიშის დასანერგად. ისინი აქამდე აღძრულ ამგვარ საქმეებს იხსენებენ, თუნდაც ე.წ. საბურავების რევოლუციას, რომელიც დღემდე თაროზე დევს და არც არავის გამოუძიებია. თავის მხრივ, ხელისუფლება ამ ვითომ აღკვეთილ ტერაქტს ტრამპზე თავდასხმას ადარებს...

- სიმართლე გითხრათ, ტრამპზე თავდასხმის ხსენება ამ საქმესთან სრულიად უადგილო მგონია. ვინ და როგორ დაესხა თავს ტრამპს, ბურუსით არის მოცული, იმაზეც კი იყო ლაპარაკი, დადგმული ხომ არ იყო.

ახლა აქაურ გამოძიებაზეც გეტყვით ორიოდ სიტყვას - ჩემი აზრით, სუს-ის ეს გამოძიება ახალი დაწყებული არ არის, უბრალოდ, ახლა გამოიტანეს საჯაროდ.

ჩემთვის უცნობია, რა წერია ამ საქმეში, საერთოდაც გრიფი "საიდუმლო" დაადეს, ამიტომ გამიჭირდება დანამდვილებით რაიმე ვთქვა. არ ვიცი, მართლაც მზადდებოდა თუ არა ამ ტიპის დანაშაულები, მაგრამ ეს რომ სნაიპერული სიზუსტით დააკვდა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიას, ეს ცხადზე ცხადია.

იდიოტი და კრეტინი ამ ქვეყანაში ბევრია და გადატრიალებაზე რაღაც ტიპის ლაპარაკი შეიძლება ყოფილიყო სამზარეულოებში, დიდი ალბათობით, ამის უკან არც არაფერი იდგა, მაგრამ ამის გამოყენებას ხელისუფლება შეეცდება. გადატრიალებას დიდძალი ფულადი, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება. მე პირადად არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ერთი კაციც კი, ვისაც შეეძლებოდა ამგვარი შეთქმულების მოწყობა.

- ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებსაც გადავხედოთ. რას ფიქრობთ გადაჯგუფებებზე, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის კონტურები. თქვენი აზრით, ამ გადასახედიდან რა შანსი აქვს სახელისუფლებო პარტიას და რა - ოპოზიციას?

- ჯერ პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ გადაჯგუფება არ დასრულებულა. რასაც ამ ეტაპზე ვხედავ, სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ მაიმედებს. თითქოს არის ცენტრისტული ძალის ჩამოყალიბების ცდები, ვგულისხმობ იმ ერთიანობას, სალომე ზურაბიშვილის გარშემო რომ არის. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ რესურსების მოზიდვას, მათ შორის ჰუმანურ და ინტელექტუალურ რესურსებსაც ვგულისხმობ. სწორი პიარკამპანიაა საჭირო.

რაც შეეხება ორ ნაწილად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას", ისინი შესაბამისად გაიყოფენ "ნაციონალ" ელექტორატს და, ალბათ, ორივე მოხვდება პარლამენტში. "ლელო" ცდილობს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, ჩამოყალიბდა გაერთიანებაც, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ამ პარტიებმა რაიმე შესძინეს "ლელოს" ელექტორატის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კვლავაც მაფიქრებს ის, რომ ბანკირები საქართველოში ძალიან არ უყვართ, და ეს აუცილებლად აისახება მათ საარჩევნო შედეგზე.

საუბედუროდ, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ ფრთაზე, პირადი ამბიციები უფრო მეტს ნიშნავს პოლიტიკოსებისთვის, ვიდრე ზრუნვა სახელმწიფოზე. ყველას პირველკაცობა უნდა. ეს არის ყველაზე მეტად დამანგრეველი.

ნახეთ, რა კარგად არის აშშ-ში მოწყობილი - არის ორი პარტია და პოლიტიკოსები პარტიაში იბრძვიან ლიდერობისთვის, ჩვენში კი ეს პოლიტიკური სიხარბე ვერ დაიძლია.

როგორ მოიგო ივანიშვილმა არჩევნები 2012 წელს? მან მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება. დღეს სწორედ იმის იმედი აქვს "ქართულ ოცნებას", რომ ვერ გაერთიანდებიან, შესაბამისად, არჩევნებზე ცალ-ცალკე გასული ძალებიდან ბევრი ვერ გადალახავს ბარიერს და მათ პროცენტებსაც "ქართული ოცნება" მიითვისებს.

დიდი იმედი მაქვს, რომც გავიდეს "ქართული ოცნება" პირველ ადგილზე, ისე გავა, რომ მთავრობას ვერ დააკომპლექტებს და კოალიციის შექმნაზე მოუწევს ზრუნვა. ერთადერთი ხსნა საქართველოსთვის ახლა კოალიციური მთავრობაა. შეიძლება ამას მოჰყვეს გაუთავებელი საპარლამენტო კრიზისი და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაც კი, მაგრამ დაე, იყოს ასე, მთავარია ვერც ერთმა ძალამ ვერ შეძლოს ძალაუფლების ერთპიროვნულად ხელში ჩაგდება.

ჩვენი პოლიტიკური სპექტრის კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა იდეების სრული დეფიციტია. წლების განმავლობაში ვხედავთ ერთსა და იმავე ხალხს, რომლებსაც ახლის არც თქმა და არც გაკეთება არ შეუძლიათ.

ამ მთელი პოლიტიკური პროცესის შუაგულში დგას პრეზიდენტი. თუ ის ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, მაშინ შეიძლება კიდევ რაღაცის იმედი გვქონდეს. იმედია, ის აღარ გაიმეორებს ისეთ შეცდომებს, როგორიც დაუშვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნისას,

როდესაც არ გამოიყენა დისკრეციული უფლება და კონკურსი გამოაცხადა. სამაგიეროდ, ეს კარგად გამოიყენა მმართველმა ძალამ და სასამართლოს მეშვეობით ახალ წევრს შეუჩერეს უფლებამოსილება. სად იყვნენ პრეზიდენტის მრჩევლები, რატომ დაუშვეს ასეთი ლაფსუსი?!

მოკლედ, ვფიქრობ, ბევრი რამ უფრო ნათლად გამოჩნდება სექტემბრის ნახევარში. ამიტომ ჯობს უფრო დეტალური შეფასება და პროგნოზები იმ დროისთვის გადავდოთ.