პარიზი „ცეცხლის ქვეშ“
"პარიზი-2024" ოფიციალურად და ძალიან შთამბეჭდავად გაიხსნა. ვიცოდით, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ ნანახმა მაინც გადააჭარბა მოლოდინს! გადაუღებელ წვიმას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი ძალიან კარგი იყო - დახვეწილი ფრანგული გემოვნებისა და ორიგინალური შტრიხების თანხლებით. ოლიმპიური თამაშების მასპინძლები არასდროს აკლებენ ცდას, წინამორბედებზე უკეთესი გახსნა-დახურვის ცერემონიალები რომ შემოგვთავაზონ ხოლმე, პარიზში ნანახის შემდეგ კი... მომდევნო ოლიმპიადის (ლოს-ანჯელესი 2028) ორგანიზატორებს გვარიანი თავსატეხიც გაუჩნდათ - როგორ გინდა ასეთ შთამბეჭდავ სანახაობას აჯობო?!
11 აგვისტოს ჩათვლით, სპორტის მოყვარულთა ყურადღება პარიზის თამაშებისკენ იქნება მიმართული. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ივლისში უეფას ევროტურნირებიც დაიწყო და ჩვენი წილი ნერვიულობა ჩვენი საფეხბურთო კლუბების გამოც გვიწევს (იმის მიუხედავად, რომ მათი უმეტესობა ყველანაირად ცდილობს ეს ნერვიულობა რაც შეიძლება ცოტა ხანს გაგრძელდეს!). ჰოდა, რამდენიმე სიტყვა გასულ კვირას გამართულ ევროთასებზეც უნდა ვთქვათ:
შთამბეჭდავი გახსნა
თუმცა დავუბრუნდეთ წლის მთავარ მოვლენას - ოლიმპიადას. უფრო სწორად, მისი გახსნის ხანგრძლივ და შთამბეჭდავ ცერემონიალს, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ფუჭად დახარჯული ბევრი ფული ბევრჯერ გვინახავს, თუმცა ის რამდენიმე მილიარდი ევრო, რაც "პარიზი-2024"-ის ორგანიზატორებმა დახარჯეს, ამ კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება: მასშტაბური, შთამბეჭდავი და დახვეწილი - მოკლედ ასე შეიძლება პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის შეფასება.
დეტალებზე ბევრს არ ვილაპარაკებ (რადგან ამ გვერდს კითხულობთ, ოლიმპიადის გახსნაც ნანახი გექნებათ), თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც გავყვეთ ოლიმპიურ ჩირაღდანს:
პირველი და მთავარი განსხვავება ადგილი გახლდათ - თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, გახსნის ცერემონიალი არა სტადიონზე, არამედ მის მიღმა გაიმართა. უფრო სწორად, თითქმის მთელ ქალაქში, მთავარი როლი კი პარიზის ერთ-ერთ სიმბოლოსა და მთავარ მდინარეს - სენას დაეკისრა. სწორედ სენაზე ჩაიარეს ოლიმპიადის მონაწილე ნაკრებებმა, 300-ათასამდე მაყურებლისთვის (წვიმამ და უსაფრთხოების ზომებმა მათი რიცხვი ოდნავ შეამცირა) კი მდინარის გასწვრივ სპეციალური ტრიბუნები იყო მოწყობილი.
ოლიმპიური ფლოტის პირველი ხომალდი, ტრადიციულად, ბერძნებისა იყო. ოლიმპიური თამაშების დამაარსებლებს ლტოლვილთა ნაკრების გემი მიჰყვა, დანარჩენი ქვეყნების ნაკრებებმა კი ანბანური თანამიმდევრობით გაცურეს სენის ნაპირებს შორის. წინა ოლიმპიადის მსგავსად, საქართველოს ნაკრების მედროშეები ამჯერადაც ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იყვნენ. ნინოსთვის ეს ზედიზედ მეათე(!) ოლიმპიური თამაშებია, რაც სპორტსმენ ქალთა შორის უნიკალური მიღწევაა.
პარიზის მნიშვნელოვანი ადგილების (ნოტრ-დამი, ლუვრი, აუსტერლიცის ხიდი, ოლიმპიური არენები და სხვ.) მოვლის შემდეგ, ოლიმპიური ფლოტილიის მოგზაურობა ეიფელის კოშკსა და ტროკადეროს შორის - იენის ხიდთან დასრულდა. სწორედ ეს ადგილი შეირჩა ოლიმპიური ფიცის დასადებად და დროშის აღსამართად. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ადგილას იყო სპეციალური სცენა, სადაც სხვადასხვა სახის მუსიკალური ნომერი ან საფრანგეთის ისტორიასთან, ფრანგულ კულტურასთან დაკავშირებული სანახაობა შემოგვთავაზეს. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო ლაზერის სხივებქვეშ მოქცეული ეიფელის კოშკი, ბოლოს კი გახსნის კულმინაციის - ოლიმპიური ცეცხლის ანთების დროც დადგა. მეჩირაღდნეთა შორის იყვნენ სახელგანთქმული სპორტსმენები: ზინედინ ზიდანი, ტონი პარკერი, რაფაელ ნადალი, სერენა უილიამსი, კარლ ლუისი, ამელი მორესმო და სხვ., მთავარი როლი კი ფრანგ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს - ძიუდოისტ ტედი რინერს და მძლეოსან მარი ჟოზე პერეკს დაეკისრათ - ოლიმპიური ცეცხლი საჰაერო ბურთზე დამაგრებულ რგოლზე აანთეს და ცაში გაუშვეს!
დიახ, ოლიმპიური ცეცხლი პარიზის თავზე 11 აგვისტოს ჩათვლით - "პარიზი-2024"-ის დასრულებამდე იგიზგიზებს.
ცეცხლი აინთო, თამაშ(ებ)ი დაიწყო!
Together We Create the Future (ერთად ჩვენ შევქმნით მომავალს) - ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის დევიზია, ოღონდ ეს ოთხი წლის შემდეგ იქნება, განსხვავებული და დახვეწილი გახსნით კი პარიზმა უკვე შექმნა მომავალი და მომდევნო ოლიმპიადის ორგანიზატორებს გვარიანი თავსატეხიც გაუჩინა!
თუმცა გახსნა მორჩა. ახლა თამაშ(ებ)ის და რაც მთავარია, გამარჯვებების, მედლების, რეკორდების დროა.
წლევანდელი ოლიმპიადის პირველი რეკორდი პირველივე დღეს, ოფიციალურ გახსნამდე ორი დღით ადრე დამყარდა (და ის კორეელ მშვილდოსანს ეკუთვნის). თუმცა ჩვენ მხოლოდ ჩვენი მედლები და რეკორდები გვაინტერესებს და როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ, დიდი ალბათობით, უკვე იცით ქართველი სპორტსმენების წარმატების შესახებ.
ცეცხლი აინთო (ოლიმპიური) თამაშები დაიწყო და იმედია, ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებულიც იქნება!
ისტორიკოსები
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: საკუთარი, ახალი ისტორიის "დაწერის" ნაცვლად, ქართული კლუბები სხვების განვითარებაზე უფრო ზრუნავენ... ფარერული "კლაკსვიკი", ესტონური "პაიდე", მალტის "ჰამრუნი", სულ რამდენიმე დღის წინ - მონტეგენროს "მორნარი" - ეს ის კლუბებია, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს" რომ აჯობეს! საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წელს(აც) პირველივე რაუნდში გამოეთიშა ევროთასების გათამაშებას, თუმცა "ესტაფეტა" ბათუმელ სეხნიას გადააბარა და... აჭარლებმაც კიდევ ერთ ჩერნოგორიულ "გრანდთან", თანაც საკუთარ მოედანზე მოახერხეს წაგება!
"დეჩიჩი" დაბა (რთულია, "ქალაქი" უწოდო დასახლებას, სადაც მხოლოდ 5 ათასი მცხოვრებია!) ტუზის მოკრძალებული კლუბი გახლავთ, 2000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონიც აქვს, თუმცა ევროთასების მატჩებს პოდგორიცაში მართავს. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დეჩიჩი" უელსურ TNS-თან განადგურდა და ბათუმის სტადიონსაც აუტსაიდერის სტატუსით ესტუმრა, თუმცა... მასპინძლები ბევრს უტევდნენ, უპირატესობაც ჰქონდათ, თუმცა მეორე ნახევრის ოთხწუთიან მონაკვეთში (62-ე და 66-ე წუთებზე) ორი ბურთი გაუშვეს და გონს მოსვლა თამაშის ბოლომდე ვეღარ შეძლეს.
ბათუმის "დინამომ" ჩერნოგორიულ კლუბზე გაცილებით ძლიერ "ლუდოგორეცთან" უკეთ ითამაშა, უეფას კონფერენსლიგის პირველივე მატჩი კი საკუთარ მოედანზე წააგო 0:2 და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდება. სანამ ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ გუნდს ჯერ კიდევ აქვს მდგომარეობის გამოსწორების შანსი, მის კრიტიკას არ მოვყვები. ისე კი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე უკრაინელი მწვრთნელის ნათქვამმა ყური მეც მომჭრა - ქართული კლუბები ევროთასებზე იმიტომ აგებენ თავისზე სუსტ მოწინააღმდეგეებთან, რომ მეტოქეებს არ აფასებენ, "ზემოდან" უყურებენო...
არ ვიცი, დემჩენკო მართლაც ასე ფიქრობს, თუ სხვა ვერაფერი მოიფიქრა თავის გასამართლებლად, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ვერც თავის პასუხისმგებლობას გაექცევა: კარგი, "დეჩიჩი" საშუალოევროპული მასშტაბითაც კი მაჩანჩალა კლუბია (ევროთასების ისტორიაში პირველი გამარჯვება სწორედ ბათუმის სტადიონზე იზეიმეს!), მაგრამ ჩვენ ვინღა ვართ, რომელიმე კლუბს ზემოდან რომ ვუყუროთ?! ევროთასებზე პირველი და ერთადერთი წარმატება 43 წლის წინ გვქონდა, დღემდე სალაპარაკოდ მხოლოდ 13 მაისი გვაქვს, ისტორიული გამარჯვებებით ყოველ წელს ვახარებთ მალტის, ფარერების, ესტონეთის კლუბებს და ამ ყველაფრის მიზეზი... ქედმაღლობა ყოფილა?! მერე კიდევ, მთავარი მწვრთნელის საქმე მხოლოდ წინასამატჩო ტაქტიკის შემუშავება და მოთამაშეების შეცვლა ხომ არ არის? თუ მოთამაშე(ებ)ს კონცენტრაციის ნაკლებობას ატყობ, რეაქცია მყისიერად უნდა გქონდეს და არა ნამატჩევს...
თუმცა ვიმეორებ: შეფასება განმეორებითი მატჩის გათვალისწინებით იყოს, მით უმეტეს, დანარჩენი ქართული კლუბების შემთხვევაში ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გვაქვს, მათ შორის ქუთაისის "ტორპედოს" შემთხვევაშიც. იმის მიუხედავად, რომ სტივ კინის გუნდს ქართველთაგან ყველაზე რთული მეტოქე შეხვდა და "ომონიას" წინააღმდეგ ნიქოზიაში გამართული პირველი მატჩიც 3:1 დასრულდა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა "ტორპედომ" თამაშის და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 75-ე წუთზე მატჩის გადარჩენის იმედი გაჩნდა... სამწუხაროდ, გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ - ქართველების გოლს ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნის სროლა მოჰყვა, ნამატჩევს სტივ კინი იმასაც ამტკიცებდა, ასეთ ვითარებაში, მსაჯს თამაში არ უნდა გაეგრძელებინაო, მაგრამ... მატჩი გაგრძელდა და მალევე, "ომონია" ისევ დაწინაურდა, თამაშის ბოლომდე კი მესამეც გაიტანა.
ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, "ტორპედოს" ჯერ კიდევ აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი. გუნდიდან გიორგი არაბიძის წასვლის შემდეგ ქუთაისელთა შეტევები ძველებურად მრავალფეროვანი აღარ არის, თუმცა სტივ კინის გუნდში არაერთი მაღალი დონის ლეგიონერია (მათ შორის უკვე ასაკშეპარული, მაგრამ ძალიან გამოცდილი მამადუ სახო) და იმედია, "ტორპედო" მშობლიურ სტადიონზე უკეთ ითამაშებს.
შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი კი, ცხადია, "იბერია 1999"-ს აქვს. თბილისურმა კლუბმა, რომელიც კონფერენსლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, დამაჯერებლად (2:0) დაამარცხა ალბანური "პარტიზანი" და განმეორებით შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება. ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი ორგანიზებულ, შემტევ თამაშს აჩვენებს, გიორგი კოხრეიძის სახით კი ნამდვილი ლიდერი ჰყავს და იმედი გვაქვს, უსიამოვნო სიურპრიზს ალბანეთში გასამართ განმეორებით მატჩში მაინც ავცდებით...
ორშაბათი. 29 ივლისი
ძიუდო. - 57 კგ. ქალები
ეთერ ლიპარტელიანი
12:00-დან: წინასწარი
19:18-დან: ფინალური ბლოკი
ძიუდო. - 73 კგ. ვაჟები
ლაშა შავდათუაშვილი
12:00-დან: წინასწარი
19:49-დან: ფინალური ბლოკი
კრივი. - 63.5 კგ. ვაჟები
ლაშა გურული
13:48-დან: 1/8 ფინალი
18:02-დან: 1/8 ფინალი
22:48-დან: 1/8 ფინალი
ცურვა. 100მ. გულაღმა. ვაჟები
ნოე ფანცხავა
23:22-დან: ფინალი
სამშაბათი. 30 ივლისი
ძიუდო. - 63 კგ. ქალები
ეთერ ასკილაშვილი
12:00-დან: წინასწარი
19:49-დან: ფინალური ბლოკი
ძიუდო. - 81 კგ. ვაჟები
ტატო გრიგალაშვილი
12:00-დან: წინასწარი
19:28-დან: ფინალური ბლოკი
კრივი. - 92 კგ. ვაჟები
გიორგი ყუშიტაშვილი
14:36-დან: 1/8 ფინალი
ოთხშაბათი. 31 ივლისი
ძიუდო. - 90 კგ. ვაჟები
ლაშა ბექაური
12:00-დან: წინასწარი
19:49-დან: ფინალური ბლოკი
ხუთშაბათი. 1 აგვისტო
ძიუდო. - 100 კგ. ვაჟები
ილია სულამანიძე
12:00-დან: წინასწარი
19:18-დან: ფინალური ბლოკი
კრივი. - 92 კგ. ვაჟები
გიორგი ყუშიტაშვილი
15:08-დან: 1/4 ფინალი
19:54-დან: 1/4 ფინალი
23:52-დან: 1/4 ფინალი
კრივი. - 63.5 კგ. ვაჟები
ლაშა გურული
14:52-დან: 1/4 ფინალი
19:38-დან: 1/4 ფინალი
23:20-დან: 1/4 ფინალი
პარასკევი. 2 აგვისტო
სროლა. 25 მ. ქალები
ნინო სალუქვაძე
11:00-დან: კვალიფიკაცია
ძიუდო. - +78 კგ. ქალები
სოფიო სომხიშვილი
12:00-დან: წინასწარი
19:18-დან: ფინალური ბლოკი
ძიუდო. +- 100 კგ. ვაჟები
გურამ თუშიშვილი
12:00-დან: წინასწარი
19:49-დან: ფინალური ბლოკი
მძლეოსნობა. 100 მ. ქალები
ლიკა ხარჩილავა
12:35-დან: წინასწარი ეტაპი
13:50-დან: პირველი რაუნდი
ბატუტზე ხტომა. ქალები
ლუბა გოლოვინა
14:00-დან: კვალიფიკაცია
15:50-დან: ფინალი
შაბათი. 3 აგვისტო
ძიუდო. მიქსი. გუნდური
10:00-დან: წინასწარი
18:00-დან: ფინალური ბლოკი
სროლა. 25 მ. ქალები
ნინო სალუქვაძე
11:30-დან: ფინალი
მძლეოსნობა. 100 მ. ქალები
ლიკა ხარჩილავა
21:50-დან: ნახევარფინალი
23:20-დან: ფინალი
კვირა. 4 აგვისტო
კრივი. - 63.5 კგ. ვაჟები
ლაშა გურული
14:36-დან: ნახევარფინალი
კრივი. - 92 კგ. ვაჟები
გიორგი ყუშიტაშვილი
15:08-დან: ნახევარფინალი