ტრამპი VS ჰარისი
"ღამის სიბნელეში ჩვენს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ვხედავთ", - ეს ლირიკული შეფასება ეკუთვნის აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს ჰარისონს, რომელმაც საპრეზიდენტო მარათონში უპრეცედენტო რყევის შესახებ განაცხადა, მაგრამ ჯერ კიდევ ძნელია იმის თქმა, ვინ იქნება ეს "კაშკაშა ვარსკვლავი", მით უმეტეს, კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამდე არაერთი ფორმალობაა დარჩენილი. არაორდინარული ტრამპი კი, რომელსაც პრეზიდენტობის გამოცდილებაც აქვს, ჰარისის უკვე ლამის ლანძღვაზე გადავიდა.
19 აგვისტომდე
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად 19 აგვისტოს ჩიკაგოში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე დასახელდება. ჰარისი ერთადერთი მთავარი დემოკრატია, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ის ნომინაციის მიღებისთვის იბრძოლებს, მაგრამ მანამდე, კონვენციის წესების კომიტეტის გადაწყვეტილებით, 1-ლი აგვისტოდან დაიწყება კენჭისყრის პირველი ვირტუალური რაუნდი, სადაც საკუთარი კანდიდატურის წარდგენა ყველა მსურველს შეუძლია. თუმცა მათ, ჰარისის ჩათვლით, 30 ივლისის საღამომდე უნდა წარადგინონ ყრილობის დელეგატების 300 ელექტრონული ხელმოწერა. თუ ჰარისი ერთადერთი კანდიდატი იქნება, კენჭისყრა დაიწყება 1-ელ აგვისტოს. დელეგატები ხმას აძლევენ "ვალდებულების გარეშე", რაც ნიშნავს, რომ შეუძლიათ აზრის შეცვლა. რამდენიმე კანდიდატის შემთხვევაში კი შესაძლოა კენჭისყრის რაუნდების გამართვა გახდეს საჭირო, რაც მსურველთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. დემოკრატებში ჰარისის ლიდერობა უეჭველია, არც არის მოლოდინი, რომ დემოკრატების კანდიდატად სხვა ვინმე დასახელდება. მას მხარს უჭერენ პარტიის ლიდერები და ცნობილი პირები, მათ შორის ობამები, მოქმედ პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერა კი მის კანდიდატის მოსახსნელ წერილშივე იყო დაფიქსირებული. რამდენიმე დღის წინ მან ჰარისის კამპანიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ "სახელი შეიცვალა ბილეთის ზედა ნაწილში, მაგრამ მისია არ შეცვლილა. სხვათა შორის, არსად არ მივდივარ. ვაპირებ, კამპანიის განმავლობაში მის გვერდით, კამალასთან ერთად ვიყო".
"მატყუარა ჰარისი"
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ის წინასაარჩევნო მარათონი, ფაქტობრივად, ამოყირავდა, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატების პოლიტიკა არ იცვლება. თუმცა აშკარაა, რომ ტრამპს ბაიდენზე აწყობილი კამპანიის შეცვლა უწევს, მაგრამ არ ცვლის მოწინააღმდეგეზე თავდასხმის სტილს. თუ მანამდე მაინც ბაიდენის ასაკობრივ-სამედიცინო შეზღუდვებზე აგებდა ნარატივს, ახლა იძულებული გახდა ჰარისს უკვე პიროვნულად დაესხას თავს.
"მატყუარა კამალა ჰარისი ანადგურებს ყველაფერს, რასაც ეხება! - წერს პლატფორმა Truth Social-ზე ტრამპი - დემოკრატებმა საზოგადოება მოატყუეს და შეაცდინეს თაღლითი ჯო ბაიდენის შესახებ და ახლა ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მას აქვს სრული და აბსოლუტური კოგნიტიური და ფიზიკური დაქვეითება". მისი თქმით, დემოკრატებს შეცდომაში შეჰყავთ რესპუბლიკური პარტიაც, რის გამოც ის დიდ დროსა და ფულს კარგავს პოლიტიკურ რეკლამებზე, რომლის სამიზნე ჯო ბაიდენია და რომელიც ტრამპის ოპონენტი აღარ არის.
კამალა ჰარისმა კი ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ, როგორც ყოფილი პროკურორი, ტრამპის მსგავს ადამიანებს კარგად იცნობს.
ცნობისთვის: მაისის ბოლოს ტრამპი დამნაშავედ ცნეს 34 დანაშაულში, რომლებიც დაკავშირებულია 2016 წელს სიჩუმის სანაცვლო თანხასთან, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების წინ გადაუხადა მსახიობს, რათა მას ტრამპთან ერთი ღამის სექსუალურ ურთიერთობაზე ლაპარაკი შეეწყვიტა. ამას ტრამპი დღემდე უარყოფს. გარდა ამისა, ტრამპის წინააღმდეგ წლების განმავლობაში არაერთი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
უპირატესობები და გამოწვევები
კამილა ჰარისი დაიბადა 1964 წლის 20 ოქტომბერს ოკლენდში, კალიფორნიაში. დედამისი, შიამალა გოპალანი, ინდოელი იმიგრანტი იყო, მამა, დონალდ ჰარისი, იამაიკელი. ორივე მეცნიერები იყვნენ.
ჰარისმა კარიერა დაიწყო სან-ფრანცისკოში პროკურორად. მიაჩნიათ, რომ იმ პერიოდიდანვე სამართლიანობისა და უფლებების დაცვისადმი ბრძოლამ ის მოტივირებულ და მტკიცე პოზიციის პოლიტიკოსად ჩამოაყალიბა. ჰარისი გენერალური პროკურორის როლში ცნობილი გახდა რეფორმისტული მიდგომებითაც, რომლებიც მიმართულია სამართლიანობის სისტემის გაუმჯობესებისკენ. მისი მიზანია, სისტემა უფრო ინკლუზიური და სამართლიანი გახდეს, რაც მოიცავს პოლიციის რეფორმას და სამართლიანობას ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის.
ჰარისის დასახელებას ამერიკელი საზოგადოების თვალში აქვს თავისი დადებითი მხარეები, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ეს დემოკრატებისთვის პრობლემადაც იქცეს. კონკრეტულად ის, რომ ჰარისი იქნება პირველი ფერადკანიანი ქალი პრეზიდენტობის კანდიდატი აშშ-ის ისტორიაში, რაც დემოკრატიული პარტიისთვის სიახლეა. მისი კანდიდატურა ასახავს პარტიის მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას, რაც ახალგაზრდა და ეთნიკურად მრავალფეროვანი ამომრჩევლებისთვის მიმზიდველია. ჰარისი აცხადებს: "ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ამერიკელს ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობები და დაცული იყოს მათი უფლებები... ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ახალი იდეების და ლიდერების აღზრდას, რომლებიც შეძლებენ მართვის პროცესში პროგრესის მიღწევას".
ჰარისის ძლიერი მხარეებია მისი გამოცდილება, იურიდიული ცოდნა და უნარები, რომლებიც მას მტკიცე ლიდერად აქცევენ. მისი პოლიტიკის მთავარი მიმართულებები მოიცავს სოციალურ სამართლიანობას, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას. მისი პოლიტიკური ხედვა მოიცავს ჯანდაცვის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ყველა ამერიკელისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას. ჰარისი ასევე აქტიურად უჭერს მხარს გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას.
ტრამპი კი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი 2017-2021 წლებში იყო, ცნობილია თავისი ძლიერი და კონსერვატიული პოზიციებით. ტრამპის ძლიერი მხარეა მისი ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის მართვის გამოცდილება. "მე დავბრუნდები, რათა გავაგრძელო ის, რაც დავიწყე - გავაძლიერო ჩვენი ეკონომიკა და დავიცვა ჩვენი ქვეყანა" - და მართლაც, გასათვალისწინებელია, რომ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-ში გატარდა ბევრი ეკონომიკური რეფორმა, რომლებიც მიზნად ისახავდა ბიზნესის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. თუმცა მისი სუსტი მხარეები მოიცავს წინააღმდეგობრივ განცხადებებსა და პოლიტიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტრამპის მმართველობის პერიოდი გამოირჩეოდა სკანდალებითა და კონფლიქტებით, რომლებიც მის პოპულარობასა და მმართველობის ეფექტურობას აფერხებდა. სწორედ ამიტომ ჰარისის კანდიდატად გამოცხადებამ ტრამპის კამპანიას ახალი გამოწვევები მოუტანა - ახლა ტრამპი იძულებულია მიმართოს უფრო კონსერვატიულ ამომრჩევლებს და გააძლიეროს თავისი პოზიციები ულტრამემარჯვენე პოლიტიკით. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ამერიკელი საზოგადოების კიდევ მეტი რადიკალიზაცია და პოლარიზაცია.
ტრამპი თავის გამოსვლებში ხშირად ახსენებს, რომ "ჰარისი წარმოადგენს უკიდურეს მემარცხენე პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას", რომ ჰარისის პოლიტიკა მიმართულია სოციალიზმისკენ და საფრთხეს უქმნის ამერიკის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას.
ეს განცხადებები ხშირად ეფუძნება ჰარისის პროგრესულ რეფორმებს და დემოკრატიული პარტიის ზოგადი იდეების მხარდაჭერას. ჰარისი ხშირად გამოდის სიტყვით ქალთა უფლებების დასაცავად და იმიგრანტების მხარდაჭერისთვის. სოციალურ საკითხებზე მისმა ხედვამ ბევრი მხარდამჭერი შესძინა, თუმცა თავისთავად ეს რეფორმისტული მიდგომები რომ რადიკალურად მემარცხენეობასა და სოციალიზმს არ ნიშნავს, გასაგებია.
ფაქტია, ორივე კანდიდატის ძლიერი და სუსტი მხარეები განსაზღვრავს არჩევნების შედეგებსა და ქვეყნის მომავალს.
ტრამპი აცხადებს: "ვაპირებ დავიცვა ქვეყანა და ხალხი. ჩემი მმართველობის პერიოდი აჩვენებს, რომ შეგვიძლია ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება, რაც ახლა მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე".
ჰარისი კი პასუხობს: "ჩვენი მიზანია შევქმნათ ქვეყანა, სადაც ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობები და დაცული იქნება მათი უფლებები. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისა და ინკლუზიურობისთვის".
ტრამპი აღნიშნავს: "უნდა შევქმნათ პირობები, სადაც ბიზნესი შეძლებს განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას".
ჰარისის მოსაზრებები კი ეკონომიკურ პოლიტიკაზე მოიცავს ჯანდაცვის რეფორმებს, სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფასა და გარემოს დაცვას. ჰარისი ასევე აქტიურად უჭერს მხარს მინიმალური ხელფასის გაზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას. ჰარისის აზრით, საჭიროა ძლიერი და ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების დაცვას და მდგრად განვითარებას. "ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და გარემოს დაცვას".
ტრამპის გარემოს დაცვის პოლიტიკა უფრო კონსერვატიულია და ხშირად გარემოსდაცვითი ორგანიზაციების კრიტიკას აწყდება. მისი ხედვა მოიცავს ენერგეტიკული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობასა და რეგულაციების შემცირებას, რაც მიზნად ისახავს ეკონომიკურ ზრდას: "უნდა უზრუნველვყოთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და განვითარება ისე, რომ არ შევზღუდოთ ჩვენი ეკონომიკური ზრდა".
კამილა ჰარისის პროგრესული იდეები და მრავალფეროვანი მიდგომები მიმზიდველია ახალგაზრდებისა და ეთნიკური ჯგუფებისთვის, ხოლო დონალდ ტრამპის მტკიცე ეკონომიკური პოლიტიკა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა - კონსერვატიული ამომრჩევლისთვის.
ჯერჯერობით იმის თქმა, თუ რომელს აქვს უპირატესობა, ძნელია, რადგან ბოლო დღეებში ჩატარებული გამოკითხვებით, მათ შორის 2%-იანი განსხვავებაა ტრამპის სასარგებლოდ, რაც კამალა ჰარისისთვის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს ბაიდენის კანდიდატობისას იყო. ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება იმაზე, არჩევნებამდე როგორ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, ბაიდენის შეცვლა დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ტრამპისთვის.
ამერიკის პრეზიდენტების ისტორიაში არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე კანდიდატის შეცვლის შემთხვევა არც ისე ბევრია. გამორჩეული მაგალითია 1972 წელს ჯორჯ მაკგავერნის კამპანია და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ტომას იგლტონის ჩანაცვლება.
1972 წელს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯ მაკგავერნმა თავდაპირველად ტომას იგლტონი აირჩია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად. თუმცა მისი ფსიქიატრიული ისტორიის შესახებ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, იგლტონმა გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ კანდიდატობას დათმობდა. ეს გადაწყვეტილება პარტიის შიდა პრაიმერისიდან 18 დღის შემდეგ, აგვისტოში, მიიღეს როდესაც არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი. მაკგავერნმა იგლტონი სარგენტ შრივერით ჩაანაცვლა, საბოლოოდ კი წააგეს არჩევნები და რიჩარდ ნიქსონმა (რესპუბლიკელი კანდიდატი) დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
რუსა მაჩაიძე