„შიშის დათესვა სურთ და არა ის, რომ რეალური საფრთხე არსებობს“ - კვირის პალიტრა

„შიშის დათესვა სურთ და არა ის, რომ რეალური საფრთხე არსებობს“

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინაში­ მებრ­ძოლებსა და ომის ვეტერანებს დასა­კითხად­ იბარებენ. სუს-ის მტკიცებით, საქა­რთველოში ტერაქტი იგეგმებოდა. ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში­ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ამ საქ­მეს­ გრიფი "საიდუმლო" ადევს. სუს-ში­ დაბარებუ­ლმა ყველა პირმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა დაკითხვა და თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაჰკითხეს ლაშა რუხაია, ნადიმ ხმალაძე, ლევან ჭიღლაძე, გელა კახაბრიშვილი, ვაჟა ცეცაძე. ყველა მათგანი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია... მართალია, სუს-ში ამბობენ, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქმე აღძრულია ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტის მომზადების ფაქტზე.

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა­ხურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორი­სტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქა­რთველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალა­დობრივი გზით დამხობა. სს საქმეზე მიმდინარეობს აქტიური­ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში­ არეულობა, ხელისუფლების დასუსტება­ და დესტ­რუქციული ძალების მიერ სახელმწიფო­ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა... პრემიერ-მინისტრმა­ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე არსებულ ინფორმაციას "შემაშფოთებელი" უწოდა. თქვა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე (იგულისხმება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმები), საფრთხე რეალურია და "ეს არის საერთო­ ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთსა და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს". პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა თავისი საუბარი ევროკომისართანაც, რომელიც, მისი თქმით, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილსაც დაუკავშირა და თქვა, რომ თავდასხმის შესახებ ევროკომისრის გაფრთხილება შესაძლოა ივანიშვილსაც შეეხებოდა. "როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, აქ არ იყო საუბარი­ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო­ ნებისმიერი. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი­ არის ბიძინა ივანიშვილი".

გამოგონილი ბრალდებები და წინასა­არჩევნო პროპაგანდა - ასე აფასებენ ამ ბრალდებებს ოპოზიციის ლიდერები. მათი აზრით, "ქართული ოცნება" ყველაფ­ერს აკეთებს ქვეყანაში შიშის გასაღვივებლად. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალი­სტი, ანალიტიკოსი გიორგი კობერიძეც­ იზიარებსAM ამ აზრს და მიაჩნია, რომ სუს-ი ვალდებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით გაჯერებული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

- ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ვითარებიდან გამომდინარეობს და იმ პროცესის გაგრძელებაა, რაც დაიწყო "ქართულმა ოცნებამ", რომ თითქოს გლობალური ომის პარტია არსებობს, რომ ხელისუფლებას ვიღაც ემუქრება და ა.შ.

სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც რუსეთის, ჩვენი მტრის წინააღმდეგ იბრძვიან, ისინი ხდებიან სახელისუფლებო გუნდის სამიზნე. ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად ტოქსიკურ, ცილისმწამებლურ, აგრესიულ პოლიტიკურ გარემოში. ამით შიშის დათესვა სურთ და არა ის, რომ რეალური საფრთხე არსებობს ქვეყანაში.

- თუმცა სუს-ი პირდაპირ აცხადებს, რომ ტერაქტს ბიძინა ივანიშვილს უწყობდნენ.

- ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ სურთ წარმოაჩინონ თითქოს არის პოტე­ნციური მსხვერპლი, თითქოს ვიღაცები საქა­რთველოს ჩრდილოვან მმართველსაც ებრძვიან, რათა საზოგადოებაში რაღაც თანაგრძნობა გაჩნდეს. იმის გასაჯაროება, საუბარი, გაპიარება, რომ თითქოს ვიღაცები­ რაღაცებს გეგმავენ, თითქოს გლობალური ომის პარტია არსებობს, ბადებს ლოგიკურად ეჭვს, რომ ყოველივე პოლიტიკურად მოტივირებულია.

- ამ საქმეზე, ძირითადად, უკრაინაში მებრძოლები დაიბარეს დასაკითხად.

- ხელისუფლება­ ყველაფრის უკრაინასთან დაკავშირებას ცდილობს, ბოლო ორი წელიწადია მას წარმოაჩენს მტრად. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური­ საგარეო პოლიტიკა სიმხდალეა - ჩვენ ვართ სუსტები, უუნარო­ები და ნუ შეგვეხებითო.

ამავე განწყობას თესავენ მოსახლეობაში, რომ საქა­რთველო უუნარო, მარტო ქვეყანაა და ცდილობენ უფრო მეტად დატოვონ მარტო, მოკავშირეების გარეშე ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

imedinews-15-1722171846.jpg

- თქვენი აზრით, შეიძლება ვინმე დააკავონ ამ ბრალდებით?

- ყველაფერი მოსალოდნელია ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში.

- საზოგადოების­ ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი ყოფი­ლიყო სამიზნე და რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ გეოპოლიტიკურ პროცესებთან, რაც მსოფლიოში მიდის.

- საქართველოს მტრებს საქართ­ველოში­ რომ ქაოსი მოუნდებათ, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ უკვე საქართ­ველოში პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასვლა, ჩიხში შეყვანა და ვისი დამსახურებაა ეს? თავად "ქართული ოცნების". თავად შემოიტანეს რუსული კანონი­ და ამით ქვეყანაში ქაოსი.

ბოლო ხანებში, თუკი ვინმეს საქართველოში ქაოსი შემოჰქონდა, იყო ხელისუფლება, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ქვეყანაში აეშენებინა ნორმალური დემოკრატია, ევროპული სახელმწიფო, ყოფილიყო სტაბილური გარემო, მაგრამ ასე არ მოხდა. კი, ყველაფრის დაშვება შეიძლება, მათ შორის იმისაც, რომ რუსეთს და მასთან დაკავშირებულ ძალებს ქაოსის დასათესად რაღაცების­ დატრიალება სურდეთ საქართველოში... დიახ, ნებისმიერი საქმე უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ როცა ასეთი ბრალდება ისმის უწყებიდან, საჭიროა კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტებით დადასტურებული.

- უკრაინაში მებრძოლები რატომ არიან აღქმული საფრთხედ "ქართული ოცნებისთვის", დაპირისპირებას ელოდებიან წინასაარჩევნოდ?

- ეს ემსახურება ოპონენტების, საზოგადოების დაშინებას, ვითომ ვიღაც გარედან რაღაცას აპირებს. ხელისუფლება რაღაცას იგონებს და მერე ამაზე აგებს პოლიტიკურ კამპანიას. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები მკვდარია ქვეყანაში. ასეთი­ თემების შემოგდებით ყველაფრის გადაფარვა ხდება ხოლმე.

ეკონომიკურ საკითხებზე ბოლოს როდის ვისაუბრეთ? საოკუპაციო ხაზიდან ადამიანებს რომ იტაცებენ, ამაზე ვინმე ლაპარაკობს? ევროკავშირთან მოლაპარაკებები რომ შეჩერებულია? ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ხელისუფლება საუბრობს.

რუსული კანონიც კი გადაფარულია ხშირ შემთხვევაში ამ "სენსაციური" საკითხებით. მიზანმიმართული პროპაგანდა, მტრის ხატის შექმნა - ამ პროპაგანდით "ქართული ოცნება" იგებს ხუთით ნოლს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში.