სუს-ის განცხადება, მინისენსაციები ოპოზიციაში და ვაშაძის ანეკდოტი - კვირის პალიტრა

სუს-ის განცხადება, მინისენსაციები ოპოზიციაში და ვაშაძის ანეკდოტი

საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოვლენების ერთ-ერთ ეპიცენტრად სუს-ის შენობა იქცა, სადაც პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა თუ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს დაკითხვაზე იბარებენ. ოფიციალური ენით საქმე ასე გამოიყურება - ციტატა: "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავ­მჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტ­რუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამ­ხობას ისახავს. სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმ­წიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმუ­ლების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს".

რა თქმა უნდა, ოპოზიციამ ზემოხსენებული ინფორმაცია ფეიკად გამოაცხადა­. რა თქმა უნდა, "ოცნებამ" განაცხადა, რომ რატომ არის საკვირველი ეს ამბავი, როდესაც ევროპაში სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს ესვრიან, ამერიკაში კი პრეზიდენტობის კანდი­დატ ტრამპს. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში ასეთი რეალობაა - წინასწარ ხარ მზად, რომ ოპონენტმა რა ინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს, ის სიცრუედ გამოაცხადო. თუმცა, მეორე მხრივ, ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

შეიძლებოდა თუ არა, რომ ვინმეს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად და ხელისუფლების დამხობის მიზნით ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია დაეგეგმა? - რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, თან ამ გაგიჟებულ მსოფლიოში. თუ გინდა­ "ჯარის" დეზორგანიზება, მას "თავი უნდა მოკვ­ეთო". ივანიშვილი რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ალბათ­, ამაზე საუბარიც ზედმეტია. ივანიშვილის "მოშო­რებით" ხელისუფლება გახდება დეზორ­განიზებული და აქედან ერთი ნაბიჯია­ მის ჩამოშლამდე. იმაზე აღარაფერს ვიტყვით, თუ რა პროცესებს გამოიწვევდა ეს ქვეყანაში.

შეიძლება თუ არა, რომ სუს-ის გავრცელებული ინფორმაცია ფეიკი იყოს? - ესეც შესაძლებელია. აპრობირებული მეთო­დია და საქართველოს ყველა ხელისუფლებას გამოუყენებია (მათ შორის მათაც, ვინც ფეიკს უწოდებს ამ ინფორმაციას­) მოსახლეობის დაზაფვრის ილეთი, რათა მან ხმა "სტაბილურობას მისცეს", გინდაც ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სტაბილურობასთან ასოცირდება, მიუღებელი იყოს.

საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. შესაბამისად, დეტალებს, ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ და უფრო მკაფიოდ დავინახავთ, რეალური იყო თუ არა საქმე.

vash8-1722172338.jpeg.jpg

კიდევ ერთი გრიფით "საიდუმლო"

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ გააქტიურდა თემა, რომ გამოსაძიებელია, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აინტერესებს, მართლაც რა მოხდა იმ ავბედით ხუთდღიან ომში, ოღონდ ეს პასუხი უნდა იყოს ობიექტური და წინასწარ დანიშნული დამნაშავეების გარეშე. თუმცა ჩვენ ერთ ფაქტს გავიხსენებთ - ასეთი კვლევა უკვე ჩატარებულია არცთუ შორეულ 2013-2014 წლებში. მაშინ თავდა­ცვის მინისტრი იყო ირაკლი ალასანია,­ რომელიც ამბობდა: "ზოგიერთი­ შეშფოთე­ბუ­ლია, ალბათ, საქართველო რომ ვერ დაი­ცვეს, 8 მილიარდი რომ იყო ჩვენს თავდა­ცვაში დახარჯული და სამ­წუხაროდ, გამა­რთული არ იყო არც კომუნიკაცია, არც ევა­კუაციის გეგმა და არც რეზერვი არ იყო მზად".

დიახ, მაშინ კვლევა ჩატარდა, რომლის გამოქვეყნებას საზოგადოებას კი შეჰპირდნენ­, მაგრამ საბოლოოდ გრიფი "საიდუმლო" დაედო. თუ გაასაჯაროებენ ამ დასკვნას, შესაძლოა კითხვების დიდ ნაწილზე პას­უხი მივიღოთ. თუმცა დიდი ეჭვია, რომ გრიფი "საიდუმლო" ამ კვლევას სწორედ იმიტომ დაედო, რომ გამოიკვეთა ფაქტორებისა და შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური ფიგურების კომბინაცია, რომელთა­ გამოქვეყნება ქვეყნის ინტერესებს დააზარალებდა. თუ ეს რისკი კვლავ შენარჩუნებულია (ანუ ქვეყნის ინტერესები რისკის ქვეშ დგება), იქნებ არ ღირს ამ ეტაპზე მკვეთრი მოძრაობები?

ზოგადად, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენს თავს გადამხდარი ყველა ტრაგედიის მიზეზებზე, ალბათ,­ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ პასუხი. პირველ რიგში, აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. თუ "იუთუბზე" ნახავთ ამ ომის მონაწილეების ინტერვიუებს, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, თმა ყალყზე დაგიდგება.

როგორ "დალაგდა" ოპოზიცია

26 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიცია (ვგულისხმობთ მათ, რომელთაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვთ) "ოცნებას" დაახლოებით ასეთი კონფიგურაციით დაუპირისპირდება. "ერთიანობა" ("ნაცმოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", ინდივიდუალური პოლიტიკოსები: ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, არმაზ ახვლედიანი და ა.შ), "კოალიცია ცვლილებებისთვის" (ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურა "გირჩი" ჯაფარიძე, ელენე­ ხოშტარია), "ძლიერი საქართველოსთვის" (სავარაუდოდ, ასე ერქმევა "ლელოს" გაერთიანებული პოლიტიკოსებისა თუ პარტიების კოალიციას) და გახარიას პარტია. თუმცა ჯერ ამ ფლანგზე გარკვეული მოძრაობები გრძელდება...

გასულ კვირას მინიპოლიტიკური სენსაცია ვიხილეთ. ალეკო ელისაშვილმა ხელი ჩამოართვა მამუკა ხაზარაძეს და, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ მისი პარტია (ან თვითონ ინდივიდუალურად) "ლელოსთან" ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს ბევრს გაუკვირდა იმიტომ, რომ ხაზარაძესა და ელისაშვილს ძალიან სპეციფიკური ურთიერთობა ჰქონდათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მაშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია პარლამენტში­ არ შედიოდა. ალეკო ელისაშვილი ერთ-ერთი პირველი "მერცხალი­" იყო, რის გამოც კოლეგა ოპოზიციონერებისგან ლამის მოღალატის ტიტულიც დაიმსახურა. თავად ხაზარაძემ ელისაშვილი ერთ-ერთი ოპოზიციური შეკრებიდან ამბების გატანაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა სკანდალი "რუსთავი 2"-ის ეთერში - ხაზარაძემ ელისაშვილს "მატყუარა" უწოდა და უთხრა, რომ ხელს არასოდეს ჩამოართმევდა, ელისაშვილმა კი "ლელოს" ლიდერს "ხალხის მყვლეფავი" უძახა და ლამის "ოცნებასთან" ფარულ გარიგებაში დაადანაშაულა, შემდეგ კი ზემოხსენებულმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთზე გაიწიეს.შესაბამისად, მათ ალიანსს საზოგადოების ნაწილის დაახლოებით ასეთი შეფასებები მოჰყვა, რა უპრინციპოები არიანო.­ თუმცა, მოდი, ამ ყველაფერს მეორე მხრიდან შევხედოთ. ჩვენ გვინდა ადამიანები სამუდამოდ გადაეკიდონ ერთმანეთს და კომპრომისებზე არც იფიქრონ?! ეს ნორმალური იქნება?! მაშინ რომელ კოალიციურ­ მთავრობაზე ვსაუბრობთ?! მაშინ რატომ ვლაპარაკობთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე?!­გასაგებია, ყველას თავისი ინტერესები­ აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელისაშვილი პოპულარულია საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში და "ლელოს" ეს ხმები­ წაადგება.­ თავად ელისაშვილი კი მომდევნო 4 წლის განმავლობაში დეპუტატობის მანდატს გაინაღდებს. რას იზამ, პოლიტიკაა,­ გენაცვალე!

"ლელო" მეტ-ნაკლებად დაემსგავსა პოლიტიკურ ცენტრს. ალბათ, უფრო მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებასაც ვიხილავდით, "მცირე უთანხმოების" გამო მელია-გვარამიას პარტიის შემოერთება რომ არ ჩაშლილიყო. არანაკლებ საინტერესო "ლელოსა"­ და გახარიას ურთიერთობაა. ყოფილი პრემიერის რევერანსები "ლელოს" მიმართ ჯერ უპასუხოდ რჩებოდა, შემდეგ კი ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ გახარია ოთხ კითხვაზე­ პასუხს გასცემდა (1. ანაკლიის პორტის საკითხი; 2. 20 ივნისის მოვლენები; 3. მუქარის წერილი; 4. შეუქმნის თუ არა გახარია კოალიციას "ქართულ ოცნებას"), ის აპატიებდა. საინტერესოა, ხაზარაძე გახარიასგან მართლა პასუხებს ითხოვს თუ მონანიებას? ყოველ შემთხვევაში, ყოფილი პრემიერი გადადგომის შემდეგ მიცემულ ინტერვიუებში ირწმუნება, რომ არაფერ შუაშია არც ოთხ და არც ოც საკითხთან დაკავშირებით.

თუმცა რა მიმტევებლებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი პოლიტიკოსები, დიდი ალიანსების შემთხვევაში ყოველთვის იბადება კითხვა: "ვინ იქნება პირველი?" (ანუ პრემიერობის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი და ა.შ). ამ კითხვაზე­ ორმა ალტერნატიულმა პასუხმა­ ჩაშალა გვარამია-მელიასა და ხაზარაძის ალიანსი და დიდი ალბათობით, მთავარი "მურმანის ეკალი" იქნება "ლელოსა" და გახარიას პარტიის გაერთიანების გზაზე - ანუ "ბოლივარი ორივეს ვერ გვზიდავს".

ასევე, სავარაუდოდ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მთავარი პარტნიორი სწორედ "ლელო" იქნება. არ არის გამორი­ცხული, "ლელომ" აიღოს ინიციატივა, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციის საერთო საპ­რეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს.

რაც შეეხება "ერთიანობას", მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა - ბიძინა დამაპირისპირებელი და მიშა გამაერთიანებელი: ქართულ პოლიტიკაში ასეთი პარადიგმაც უნდა არსებობდესო. უცნაური იმიტომ, რომ ვაშაძე გონიერი პოლიტიკოსია და ძალიან კარგად იცის, რომ 2012 წლიდან­ მოყოლებული თუ სადმე და ოდესმე ოპოზიციის გაერთიანება ჩაშლილა, სწორედ სააკაშვილის ფაქტორის გამო. მან ისიც ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი­ დღემდე წითელი ხაზია ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის და სწორედ ამის გამო კოლეგა-ოპოზიციონერები არ მივიდნენ იმ გაერთიანებაში, სადაც მათ "ნაცმოძრაობა"­ ეპატიჟებოდა. რომელ გამაერთიანებელზეა საუბარი, როდესაც სააკაშვილმა თავის გარშემო ყოფილი თანამოაზრეებიც - ნიკა მელია და ნიკა გვარამია - კი ვერ გააერთიანა?! გარდა ამისა, ალბათ, ვაშაძემ ძალიან კარგად იცის, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება პირადად მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ძალიან წამგებიანია.

სავარაუდოდ, სააკაშვილი აბობოქრდა. კერძოდ, "ერთიანობის" ლიდერების განცხადებებში მისი გვარ-სახელი ისეთი დოზით აღარ ფიგურირებს, როგორც სურს. არადა­, მისი ამბიციაა, რომ ის არის ყველა­ფერი - ოპოზიციაც, ერთობაც, მომავალიც და წარსულიც. მე ხომ არ დაგავიწყდითო?! - არ არის გამორიცხული, სწორედ ამ კუთ­ხით "მიაწვა" მიშა "ნაცმოძრაობასაც" და მის გარშემო შეკრებილებსაც და ვიხილეთ თვის პოლიტიკური "ანეკდოტი".

გიორგი კვიტაშვილი