"ღმერთს ვთხოვ, კიდევ ორი წელი ვიცოცხლო... ამასობაში 88 წლამდე მოვედი“ - კვირის პალიტრა

"ღმერთს ვთხოვ, კიდევ ორი წელი ვიცოცხლო... ამასობაში 88 წლამდე მოვედი“

ნანი ბრეგვაძის ხელოვნებას მუდამ ეთაყვანებოდნენ, მთავრობის მეთაურები მის წინაშე ქედს იხრიდნენ, ესტრადის მსახიობებს შორის პირველმა მიიღო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, მაგრამ მთავარ ჯილდოდ ხალხის სიყვარულს მიიჩნევს... 21 ივლისს ქართული სცენის ლეგენდას, ნანი ბრეგვაძეს­ 88 წელი შეუსრულდა. მომღერალმა იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად ზღვისპირეთში აღნიშნა. ქალბატონ ნანის სასაუბროდ დავუკავშირდით.

- 88 წლის იუბილე ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნე, ორიოდე მეგობარი დავპატიჟეთ ჩემიც და ეკასიც. დიდი დაბადების დღე არ გადამიხდია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო.

- არ გიყვართ დაბადების დღის გრანდიოზულად აღნიშვნა?

- 80 წლის რომ გავხდი, მაშინ ძალიან საინტერესო საღამო გამიმართეს. ბევრი გამოჩენილი პირი, ჩემი მეგობრები ესწრებოდნენ და მართლაც დასამახსოვრებელი იყო. ყოველთვის აღვნიშნავდი, მაგრამ დიდი პომპეზურობით ნაკლებად. სხვათა შორის, წელს მინდოდა განსაკუთრებულად აღმენი­შნა, მაგრამ ძალიან ცხელოდა და ვერ მოხერხდა. ზღვაზე უახლოეს ადამიანებ­თან ერთად ვიყავი, წყნარად, მშვიდად აღვნიშნეთ, კმაყოფილი დავრჩით... უმთავრესი შენი ოჯახია, ოჯახი შენი სიძლიერეა!

რომ მეუბნებიან, ასე და ისე გამოიყურებიო, ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ მიკვირს­. გეფიცებით, ისეთს არაფერს ვაკეთებ. თუ მართლაც კარგად გამოვიყურები­, ალბათ, იმიტომ, რომ არ მიყვარს ბევრი ჭამა. მთელი ცხოვრება ასე ვარ. ორი წლის წინ ძალიან გამხდარი ვიყავი, რის გამოც ჩემი მეგობრები წუხდნენ, ეშინოდათ, რამე ხომ არ მჭირდა. უცებ დავიკელი, რაც წლოვანების ბრალი იყო. შემდეგ უფრო გემრიელად ჭამა დავიწყე, მოვსუქდი, ორი კილოგრამის მომატება მეყო, რომ შევცვლილიყავი.

- დიდი აღიარება, ხალხის დიდი სიყვარული გხვდათ წილად, მაგრამ თქვენი ცხოვრება ისე ადვილი იყო, როგორც ჩანდა?

- არა, გენაცვალე, რა ცხოვრებაა, თუ რამეს არ განიცდი?! როგორ შეიძლება სულ კარგად იყო, ასეთი რამ არ არსებობს! ძალიან ბევრი რამ მაქვს გადატანილი, მაგრამ ძველს არ ვუბრუნდები. ცხოვრება მიდის და უნდა აჰყვე, სხვანაირად დაიღუპები. რა თქმა უნდა, ურთულესი იყო ჩემი ოჯახის ყველა ტკივილი, ჩემი სისხლის და ხორცის, ჩემი მეგობრების ამ ქვეყნიდან წასვლა, რამდენი ვინმე დავკარგეთ...

ურთულესი ცხოვრება იყო. როდესაც საბჭოთა კავშირის არტისტის წოდება მივიღე, მას შემდეგ რაღაცები შეიცვლა, პირობები გაუმჯობესდა. სირთულეების გარეშე არაფერი მოდის და ამან მომიყვანა აქამდე. თუ შენ შენს შემოქმედებას პატივს არ სცემ, სცენაზე როგორ დგახარ, როგორ მღერი! ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რადგან­ ჩემში ბევრი რამ არ მომწონდა. როდესაც იტყვი, გადასარევად ვმღერი და გამორჩეული ვარო, შენი საქმე წასულია! სცენაზე რომ გადიხარ, ხალხს პირველ რიგში შენს დამოკიდებულებას აჩვენებ შენს თავთან.­ ვალდებული ხარ, მსმენელი სასიამოვნო შეგრძნებით წავიდეს. კონსერვატორიაში რომ სოლო კონცერტები მქონდა, სულ ვკანკალებდი, ჩემს დროს ნამდვილი კრიტიკა იყო. ქუჩაში რომ მივდივარ და გამვლელი ძალიან დიდი სიყვარულით შემომხედავს, ეს უდიდესი ბედნიერებაა.

- როგორ გახსენდებათ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ გასვლა?

- საბჭოთა კავშირი რამდენჯერმე მაქვს მოვლილი, მაგადანშიც კი ვიყავი სამჯერ. საშინელება იყო, მაგრამ ახალგაზრდა ყველაფერს იტან. ამის მერე რომ უცებ საზღვარგარეთ წახვალ, დიდი რამეა. პარიზი ჩემთვის ზღაპარი იყო. ამ ჯადოსნურ ქალაქში დამეუფლა პირველად შეგრძნება, იქ ყოფნა რაც შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო. სახლში ჩამოსვლას არ ვესწრაფოდი, როცა მანამდე სულ შინ ჩამოსვლას ვჩქარობდი. ორი თვე იყო გასტროლი და შემდეგ კიდევ დავრჩი. პარიზში ჩემი ნათესავები ცხოვრობდნენ, მარიამ ღოღობერიძე ქართველებისთვის დედა ტერეზასავით იყო, ძალიან ლამაზი და განათლებული ქალი. პარიზის საზოგადოებაში­ ძალიან ცნობილი, იქ ჩასულ ქართველებს ეხმარებოდა. მისი გაზრდილი კალატოზიშვილები თბილისში გადმოსახლდნენ. შემდეგ იმდენად დავახლოვდით, ნათესავებივით ვიყავით. იმდენად შემიყვარდა საფრანგეთი, პარიზი, რომ ჩამოვედი, სამი წლის ეკა ფრანგულზე შევიყვანე. მსოფლიო მოვლილი მაქვს, მაგრამ პარიზი ჩემთვის სულ სხვაა.

ინგლისიც ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ საფრანგეთსა და ინგლისს შორის დიდი განსხვავებაა. პარიზი სიყვარულის ქალაქია, ინგლისი კი უფრო არისტოკრატულია, თავშეკავებული... არც ერთმა ქვეყანამ თავისი საუკეთესო თვისებები არ უნდა დაკარგოს. საქართველომაც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. ჩვენ ყველასგან განსხვავებული საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მართალია, ახლა ყველაფერი ცოტა არეულია, მაგრამ იმედია, დაწყნარდება. კარგის იმედით უნდა ვიყოთ! ხომ ხედავთ, როგორი ახალგაზრდები გვყავს, მაგალითად მარტო ფეხბურთის წარმატება გვეყოფა. ახლაც რომ გესაუბრებით, სულ მაჟრიალებს. ამ ახალგაზრდებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს. მერე რა, რომ ის ერთი თამაში წავაგეთ, ნუ დაგვავიწყდება, რომელ ქვეყანასთან! ეს წაგებაც არ იყო, რადგან იმ ქვეყანასთან ითამაშეს, რომელიც მსოფლიოში გამარჯვებული გახდა.

მინდა კარგს მოვესწრო, უკვე ძალიან დიდი ხნის ვარ. დიდი ბედნიერებაა, ახალგაზრდა რომ ხარ. მომავალს სულ იმედის თვალით გაჰყურებ და აბა, მოხუცს რა ფიქრები უნდა გქონდეს? საზღვარგარეთ ანდერძს ადრევე წერენ, მე არაფერიც არ დამიწერია. ზოგჯერ ჩემებს რაღაცებს ვეუბნები. როცა წავალ, ბევრი ტირილი საჭირო არ არის, ძალიან მოწესრიგებული და დავარცხნილები უნდა ისხდნენ.

- ჯერ წინ არის აღსანიშნავი თქვენი 90 წლის საიუბილეო საღამო...

- კი ბატონო, მეც ძალიან მინდა ვიცოცხლო. ღმერთს სულ ვთხოვ, კიდევ ორი წელი ვიცოცხლო-მეთქი... ამასობაში 88 წლამდე მოვედი. თუ 90 წლის გავხდები, აი, მაშინ კი აღვნიშნავ განსაკუთრებულად... ჯერჯერობით ხერხემალზე მაქვს პრობლემა, თორემ დანარჩენი არაფერი მტკივა, ჯანმრთელად ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი გასაგიჟებელი ქვეყანა, თქვენ, ვინც ამხელა სიყვარულს და ბედნიერებას მჩუქნით.