დიდი პროტესტის შედეგად აფხაზეთის „პარლამენტიდან“ გაიწვიეს ე.წ. აპარტამენტების კანონი - კვირის პალიტრა

დიდი პროტესტის შედეგად აფხაზეთის „პარლამენტიდან“ გაიწვიეს ე.წ. აპარტამენტების კანონი

ოკუპირებულ აფხაზეთში 8-დღიანი­ დიდი პროტესტი ლოზუნგით "არა აპარტამენტებს" საზოგადოებისა და ოპოზი­ციის გამარჯვებით დასრულდა - დე ფაქტო პარლამენტი იძულებული გახდა უკან გაეწვია უკიდურესად მიუღებელი კანონპროექტი, რომელიც გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში რუსებისთვის 10 000 ბინის აშენებას ითვალისწინებდა. ე.წ. პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტი გაწვეულია "დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით" და "საზოგადოების აზრის" გათვალისწინებით. აფხაზები თვლიან, რომ ბრძოლა მოიგეს, მაგრამ არა საბოლოოდ, კანონპროექტი შეიძლება ისევ დააბრუნონ, ამიტომ ფიცი უნდა დადონ, რომ უცხოელებისთვის ბინების აშენების ინიციატივის ნებისმიერი სხვა ფორმით შემოგდებას უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ. ახალგაზრდული მოძრაობა "ჩვენი ბიჭვინთა", ომის ვეტერანები და უხუცესთა საბჭო აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვონ გარანტიები და მორატორიუმის გამოცხადება. მათი მოთხოვნაა, აპარტამენტებზე საუბარი სამუდამოდ შეწყდეს... მეორე წელია მოსკოვის დავალებით დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აპარტამენტების კანონის გატანას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ - ბრძოლის მეორე რაუნდიც დამარცხებით დაასრულა. თავდაპირველად საუბარი იყო 30 000 მცირე ფართობის ბინების მშენებლობაზე მთელ აფხაზეთში, რომლებსაც რუსებს მიჰყიდდნენ. ორი კვირის წინ კი ბჟანიას მომხრე 4-მა "დეპუტატმა" დააინიცირა პროექტი, რომელიც საპილოტე პროგრამის სახით აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში რუსებისთვის­ 10 000 გასაყიდი ბინის აშენებას ითვალისწინებდა. კანონპროექტში ჩაიდო ერთი დათქმაც, რომ ბინის მფლობელობა აფხაზეთის მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მინიჭებას არ გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბჟანიას გუნდმა გადაწყვიტა ბინები ქართველებით დასახლებულ რაიონებში აშენებულიყო, ამ ხერხმა არ გაჭრა, პროტესტი უკიდურესად გამწვავდა. აფხაზები აცხადებენ, რომ უცხოელებისთვის ბინების აშენება სასიკვდილო განაჩენია ეთნოსისთვის - ეს იქნება აფხაზეთის კოლონიზაციის ახალი ეტაპი. წლების შემდეგ აფხაზები დემოგრაფიულ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

პროტესტი ქუჩებში და სოციალურ ქსელებში

აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ დიდი პროტესტი 17 ივლისიდან იწყება. დე ფაქტო პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე 17 ივნისს დაამტკიცეს ე.წ. აპარტამენტე­ბის კანონპროექტი "აფხაზეთის­ რესპუბლი­კის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური­ განვი­თარების ღონისძიების შესახებ". სხდ­ო­მაზე ოპოზიციიდან არავინ შეუშვეს, პარალელურად აქცია იმართებოდა შენობის გარეთ. შემდეგ დღეებში კი პროტესტი მთელ აფხაზეთს მოედო. სოციალურ ქსელებში კანონის მოწინააღმდეგეები­ აზიარებდნენ მოწოდებას "არა აპარტამენტებს". ყოველდღე ყველა ქალაქსა თუ რაიონში იმართებოდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების შეხვედრები, სადაც ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატები საზოგადოებას პირობას აძლევდნენ, რომ კანონის წინააღმდეგ მისცემდნენ ხმას. დაიწყო ჯაჭვური რეაქცია და მოწინააღმდეგე "დეპუტატების" რიცხვი უფრო და უფრო გაიზარდა. ამ "დეპუტატებს" შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც მანამდე კანონს უჭერდა მხარს. ყველაზე აქტიური იყო აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერი ადგურ არძ­ინბა, რომელიც მომავალი წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. ამასობაში­ დაიწყო მოწოდებები, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი უცხოელებზე უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით მიყიდვის განხილვაზე. ითქვა, "ნუ გავყვებით პალესტინის გზას, რომელმაც მიწა ფულზე გაცვალა". თავიდან მორატორიუმის მოთხოვნაზე განცხადება სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა გაავრცელეს, შემდეგ აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, მათ შორის იყო ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფაზლიბეი ავიძბა, შემდეგ უხუცესთა საბჭომ და ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ "ჩვენი ბიჭვინთა" .

სახალხო მღელვარებამ თავისი საქმე გააკეთა - 24 ივლისს ღამით ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ხელისუფლებამ" უკან დაიხია და კანონპროექტი გაიწვია. მეორე დღეს ეს ცნობა­ დე ფაქტო პარლამენტმაც გაავრცელა, თუმცა აფხაზები გაჩერებას არ აპირებენ.

"გალი რუსებს არ აინტერესებთ, აინტერესებს ივანიშვილს"

ამ პროტესტის დროს, როგორც ყველა პოლიტიკური დაპირისპირებისას სჩვევიათ, მტრის ხატად გაისმა ქართული ფაქტორიც. კანონპროექტის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტზე განხილვის დროს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ვითარება იცვლება, საქართველო რუსეთს უახლოვდება და ასეთ დროს რუსეთის მოთხოვნის იგნორირება აფხაზეთისთვის წამგებიანია. "საქართველოს ხელისუფლება ცდილობს პოზიციონირებას როგორც ნეიტრალური, უბლოკო ქვეყანა, კარგი ურთიერთობით რუსეთთან. ამ პირობებში ვერ მოვახდენთ ჩვენი პოლიტიკური და დიპლომატიური შესაძლებლობების იგნორირებას", - თქვა ბჟანიამ.

ბჟანიას პასუხად აფხაზმა ე.წ. ოპოზიცი­ონერმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა, რომ "არავინ ახდენს ზეწოლას მოსკოვიდან", რადგან გალში ბინების მშენებლობა რუსებს არ აინტერესებთ, გალი აინტერესებს­ ბიძინა ივანიშვილს. "გალი რუსებს არ აინტე­რესებთ, გარდა ივანიშვი­ლისა, რომელმაც გააცნობიერა, რომ აფხაზებთან ბრძოლა არ არის საჭირო, რომ აფხაზები თავად გაყიდიან ყველაფერს და არცთუ ისე ძვირად", - დასძინა პოლიტიკოსმა.

"თუ ბჟანია დარჩა "პრეზიდენტად", ე.ი. კანონი ისევ შემობრუნდება"

პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში: - ხალხის პროტესტმა მოახდინა ზეგავლენა "დეპუტატებზეც" და დე ფაქტო ხელისუფლება მიხვდა, რომ კანონი კენჭისყრის დროს ჩავარდებოდა. ახლა საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ეს შეიძლება დროებითია. გაწვევა ნიშნავს,­ რომ კანონპროექტი "პარლამენტში" რჩება და შეიძლება მოულოდნელად დააბრუნონ, ამიტომ აფხაზები კანონპროექტის ანულირებას მოითხოვენ. რაც მოხდა, ეს ხალხის წარმატებაა, ხალხმა თავისი ძალა დაიჯერა, რაც მნიშვნელოვანია.

- ასლან ბჟანიამ თქვა, რომ საქართველო და რუსეთი დაუახლოვდნენ ერთმანეთს და რუსეთის მოთხოვნაზე უარის თქმა აფხაზეთისთვის წამგებიანია. ოპოზიციაშიც ითქვა,­ რომ გალი რუსებს კი არა, ივანიშვილს აინტერესებს. რამდენად შესაძლებელია იქ ქართველებმა იყიდონ ბინები?

- როცა სჭირდება, დე ფაქტო ხელისუფლება ყოველთვის ეძებს საქართველოს სახით კონკრეტულ მტერს. ამიტომ ქართული ფაქტორი არსებობს, მაგრამ ახლა ბჟანიას განცხადება არ მუშაობს, რადგან ბევრს ჰგონია, რომ აპარტამენტების უკან ის ეთნიკური ქართველები არიან, რომლებიც რუსეთში წავიდნენ და რუსეთის­ მოქალაქეობა მიიღეს. ამიტომ ბჟანიას ნათქვამი, რუსეთს ვერ გავაბრაზებთო, მაინცდამაინც არ "იყიდება". პირიქით, "იყიდება" მითი, რომ ამ აპარტამენტების კანონით დაბრუნდებიან ქართველები. დარწმუნებული ვარ, ამ მითს საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ რაღაც დონეზე იყიდება.

- ახალი კანონპროექტით საუბარი იყო 10 000 ბინაზე, თანაც, ბინის მყიდველს არ ექნებოდა არც მოქალაქეობა და არც ბინადრობის უფლება. რატომ არის დემოგრაფიაზე დარტყმა 10 000 ბინის მფლობელი, რომელსაც მოქალაქეობა არ ექნება?

- რამდენ ხანს შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს მოქალაქეობის გარეშე? მერე დაიწყებოდა მოთხოვნები, საჩივრები. შემდეგ ბავშვები დაიბადებიან და აფხაზეთის­ ე.წ. კანონმდებლობით აფხაზეთის მოქალაქეებად ჩაითვლებიან. 10 წლის შემდეგ ამ ხალხს მეტი უფლება ექნება. ჯერ საუბარია 10 000 ბინაზე სამ რაიონში, მაგრამ როგორც კი კანონს მიიღებდნენ, 1-2 წელიწადში დაამატებდნენ სხვა რაიონებსაც­. შარშანდელი კანონპროექტით საუბარი იყო 30 000 ბინაზე, ეს 100-120 ათასი კაცია. მაშინ დიდი პროტესტის გამო ეს კანონპროექტი გაიწვიეს. ახლა დააბრუნეს ქართველებით დასახლებულ რაიონებზე, და თითქოს აფხაზებს არ უნდა შეშინებო­დათ. ამ რაიონებში ქართველები არიან და თავში ქვა უხლიათო, ამის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ეს მეორე რაუნდიც არ გამოუვიდათ. აფხაზებმა იციან, დღეს იქნება­ გალი, ხვალ გუდაუთა. ეს ადამიანები აფხაზეთში იცხოვრებენ, ექნებათ რუსული სკოლები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები. კულტურული ექსპანსია მოხდება. რაც მთავარია, ისინი დაიწყებენ მოქალაქეობის მოთხოვნას, დაიწყება სასამართლო პროცესები. აფხაზებმა კარგად იციან, თუ ბჟანია დღეს ამბობს, რომ მოქალაქეობას არ მიანიჭებს, ეს არ ნიშნავს, რომ 5-10 წლის შემდეგ ეს ხალხი მოქალაქეობას არ მოითხოვს.

- აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზებიცაა, სადაც რუსები ოჯახებით ცხოვრობენ. ახლა ოჩამჩირეშიც შენდება ახალი ბაზა. რამდენად დიდია აფხაზეთში რუსი მოსახლეობა­ და ეს რატომ არ აღელვებთ?

- საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ბაზები რომ ავიღოთ, ჯამში 7000 კაცია საშტატო განრიგით. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნაწილი გაიყვანეს. დღეს აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები 22 000 რუსი ცხოვრობს. ბაზებში მომუშავეთა რიცხვი არ არის კრიტიკულად ბევრი. ამას დაემატებოდა აპარტამენტების რაოდენობა, მინიმუმ 100 000 კაცი, და ეს უკვე დიდი რიცხვია. ბაზებს სხვა კრიტიკული დატვირთვა აქვს, შეიარაღებული ძალებია. თანაც, ბაზების შესანახად მოსკოვი ფულს ხარჯავს, ამიტომ ბევრს ვერც აჩერებენ, მით უფრო, რომ ომი აქვთ უკრაინაში. არ არის გამორიცხული, ბაზებში მცხოვრებმა ადამიანებმა იყიდონ ბინებიც, როცა აპარტამენტები აშენდება. ციმბირში დაბრუნებას ურჩევნიათ შავ ზღვაზე იყიდონ ბინა და დარჩნენ.

- რა იქნება ამის შემდეგ, რა ბედი ელის ბჟანიას მომავალი წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე?

- აფხაზეთის პოლიტიკაში არავინ ჩანს, ვინც რუსეთს ეტყვის, გაუშვი ბჟანია და ჩემი გამარჯვების შემდეგ მე გავიტან აპარტამენტების კანონსო. გამორიცხული­ არ არის, ბჟანია შეჰპირებოდა მოსკოვს, რომ ჯერ დე ფაქტო არჩევნებს მოიგებს და შემდეგ ხელახლა დააბრუნებს ამ კანონპროექტს. რუსეთს სხვა არჩევანი არა აქვს. ბჟანიას გარდა სხვა არავინ არის. საუბარია ადგურ არძინბას კანდიდატურაზეც, თუმცა არძინბა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის და რუსეთი მასზე ფსონს არ დადებს. თუ ბჟანია დარჩა, ე.ი. მოსკოვმა დადო ფსონი ბჟანიაზე და კანონი ისევ შემობრუნდება. არც არძინბას, არც ბაღაფშს, არც ანქვაბსა და არც ხაჯიმბას არ გამოუვიდათ რუსული პოლიტიკის ისე გატარება, როგორც რუსეთს უნდოდა. აფხაზეთში პოლიტიკა პრორუსულია, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი - მიწის საკუთრება და უძრავი ქონების საკუთრება, რომელიც ხელშეუხებელია. ისე არ არის, რომ აფხაზები რუსებს ყველაფერს უსრულებენ და თუკი კანონპროექტს ხელახლა დააბრუნებენ, ისევ დიდი პროტესტი იქნება.

ეკატერინე ბასილაია