"ჩემი შვილი რუსებმა უკვე მეხუთედ გაიტაცეს" - რას ჰყვება რამაზ ბეღელურის დედა, რომლის შვილი ცხინვალის იზოლატორის ტყვეობაში უკვე მეხუთედ მოხვდა - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი რუსებმა უკვე მეხუთედ გაიტაცეს" - რას ჰყვება რამაზ ბეღელურის დედა, რომლის შვილი ცხინვალის იზოლატორის ტყვეობაში უკვე მეხუთედ მოხვდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდა სოფელ გუგუტიანთკარში ძმის საფლავიდან გატაცებულ 40 წლის რამაზ ბეღელურს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს. ბეღელურისთვის ეს უკვე მე-5 უკანონო პატიმრობაა ცხინვალში. პირველი და მეორე დაკავებისას ის რუსებმა ავტომატის კონდახებით სასტიკად სცემეს, 2-2 კვირა ჰყავდათ პატიმრობაში და 2000-2000 რუბლის გადახდის შემდეგ გამოუშვეს. მესამედ კოვიდის გამო გადაურჩა ძალადობასაც და ციხესაც. მეოთხე გატაცებისას 2 თვე იყო ცხინვალის ციხეში. მაშინაც სასტიკად სცემეს, გასაღებებით თავი გაუტეხეს, გონება დაკარგა. ეს იყო 2021 წლის თებერვალში. ამდენი ცემის გამო ეპილეფსია დაუდგინდა, ხშირად კრუნჩხვა ემართება და გონებას კარგავს. დედამისი, ლორა ბეღელური, წუხს, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას მუდმივად წამლები სჭირდება, რომ შეტევა არ დაემართოს. ერთი შვილი წლების წინ გარდაეცვალა და ახლა იმის შიში აქვს, მეორე ვაჟიც არ დაკარგოს.

გორის სოფელი გუგუტიანთკარი რუსების მიერ ერთ მხარეს მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული, საოკუპაციო ხაზი სახლებიდან სულ რაღაც 200 მეტრის დაშორებითაა გავლებული. გუგუტიანთკარიდან ჩანს გადამწვარი და მიწასთან გასწორებული ქართული სოფლები, დაკარგული საძოვრები და განათებული, ახალაშენებული დიდი რუსული სამხედრო ბაზა სოფელ დისევში, სადაც რუსი ჯარისკაცები ოჯახებით ცხოვრობენ. საოკუპაციო ხაზშია მოყოლილი სოფლის სასაფლაოც. მწვანე მავთულხლართები შესასვლელ ჭიშკართანაა გავლებული და რუსები აკონტროლებენ. ამიტომ სოფლის მოსახლეობას წლებია სასაფლაოს უკანა მხარეს გარღვეული ღობიდან უწევს ოჯახის წევრების საფლავებზე ფარულად მისვლა. ყველამ იცის, რომ ეს დიდი რისკია, მაგრამ რისკავენ, სააღდგომოდ მაინც. როგორც სოფელში ამბობენ, მთავარია, ჭიშკარს არ მიუახლოვდე, სადაც მავთულხლართებია. თუმცა ზოგჯერ რუსები სასაფლაოზეც შემოდიან და იტაცებენ ადგილობრივებს. რამაზ ბეღელურიც ხუთივეჯერ სასაფლაოზე დააკავეს, ბოლოს წელს, 27 აპრილს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია 29 აპრილს გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ ბეღელური ოკუპირებულ სოფელ დისევთან ახლოს დაიჭირეს, თუმცა დაკავებულის დედა ამბობს, რომ შვილი სოფლის სასაფლაოზე, ძმის საფლავის გასასუფთავებლად იყო წასული და ამის შემდეგ დაიკარგა მისი კვალი.

რამაზის ნათესავებმა მხოლოდ მეორე დღეს მეზობელი სოფლიდან გაიგეს, რომ ის ოკუპირებული ცხინვალის ციხეშია. სუს-ის ცნობით, ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში.

ბეღელურის და სხვა დაკავებული ქართველების საკითხი განიხილეს სამშაბათს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაზე. როგორც შეხვედრის შემდგომ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, როდის გაათავისუფლებენ ბეღელურს, უცნობია.

`რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რამაზ ბეღელურის საქმეზე. ხაზი გაესვა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაზეც ცხინვალის მხარემ განგვიცხადა, რომ ის იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და იღებს იმ პრეპარატს, რომელიც მისთვის არის გამოწერილი. სამწუხაროდ, არ იქნა დაფიქსირებული ზუსტი თარიღები, როდის გამოუშვებენ უკანონოდ დაკავებულებს", - თქვა ირაკლი ანთაძემ.

„პატიმრობაშია და არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, იქ კიდევ არ სცემონ და რამე არ დაუშავდეს"

ნორა ბეღელური, რამაზ ბეღელურის დედა: - ჩემი შვილი 27 აპრილს გაიტაცეს. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ 8-თვიანი პატიმრობაც შეუფარდეს. მე 16 წლის შვილი მყავს დაღუპული 1996 წელს და საფლავზე ყოველთვის მივდივართ. მისი საფლავი ზუსტად ე.წ. საზღვარზეა. სასაფლაოს შესასვლელი ოსების მხარესაა, მავთულხლართები აქვთ გაბმული და რუსები აკონტროლებენ. ჩვენს მხარეს არის პატარა შესასვლელი გაკეთებული, და იქიდან შევდივართ. საფლავებს მანდ უპატრონოდ ხომ ვერ მივატოვებთ?! სააღდგომოდ საფლავი უნდა დავასუფთაოო, წაიღო თოხი და წავიდა. იმ საღამოს დაბრუნდა. მეორე დღეს მე მეზობელ სოფელში წავედი, დღიურ სამუშაოზე დავდივარ ხოლმე, თავი რომ გავიტანოთ. რამაზი ისევ წასულა დასასუფთავებლად და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. როცა დაღამდა, ავნერვიულდი. ავად არის, დაკავებისას რუსებმა ძალიან სცემეს ავტომატის კონდახებით და ამის მერე ეპილეფსია აქვს, კრუნჩხვა ემართება, გონებას კარგავს. მთელი ღამე ასე თეთრად გავათენე. დილიდან ვეძებდი, საღამოს ჩემმა ქალიშვილმა, გორში ცხოვრობს,­ დამირეკა და მითხრა, რამაზი ისევ გაუტაციათო. აქვე, ჩვენს მეზობელ სოფელში, ზარდიანთკარში, ერთი ოსი ცხოვრობს, ძალიან კარგი კაცია და მას გაუგია, რომ ცხინვალშია დაკავებული.

- როცა რუსები ადამიანებს იტაცებენ, ოჯახი როგორ იგებს?

- ცხინვალიდან სუს-ს გადმოსცემენ­ ცნობას და მერე პოლიცია გვეუბნება. ახლა რომ დაიჭირეს, პოლიციამ ვერ გაიგო, იმ ოსმა კაცმა შემოგვითვალა. ჩემი შვილი უკვე მეხუთედ დააკავეს. ყველა დაკავებისას სცემენ. მეოთხე დაკავებისას თავი გაუტეხეს, სისხლი წამოსვლია და გონება დაუკარგავს. მას შემდეგ ეპილეფსია დაუდგინდა, შეტევა ხშირად ემართება, გონებას კარგავს. ვიცოდით, რომ მეხუთედ დაკავებისას შესაძლოა 2 წელიც ჩაესვათ ციხეში და ფრთხილად იყო, მაგრამ მაინც დაიჭირეს. ვფიქრობ, რამაზს შეტევა დაემართა სასაფლაოზე. კრუნჩხვის შემდეგ გონება ეთიშება, ვერავის ცნობს. მგონია, გზა აერია, რუსებმა დაიჭირეს და აღარ გამოუშვეს. რადგან ავად არის, ამიტომ მიუსაჯეს მხოლოდ 8 თვე.

- როგორც ე.წ. საზღვრისპირა მცხოვრებ მოსახლეობას, ხელისუფლების დახმარება მიგიღიათ, თუნდაც მკურნალობის დაფინანსება?

- წამლებსაც ჩვენ ვყიდულობთ, ექიმებთანაც ჩვენით დავდივართ. ეპილეფსიის გამო მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიას იღებს, მხოლოდ ეს დახმარება გვაქვს. ყოველ წელს თბილისში ჩავდივართ, რომ პენსია გაუგრძელდეს. ახლა აგვისტოში უწევს კომისიაზე გამოცხადება. სუს-იდან ანთაძე დამიკავშირდა, ავუხსენი, რომ კომისიაზე ვერ გავა და პენსია არ შეუწყვიტონ. დამპირდა, რომ დახმარებას არ შეუწყვეტენ. ჩემი შვილი 3 თვეა დაკავებულია და არავის მოვუკითხივარ, არც გორის მერიიდან და არც სოფლის გამგეობიდან, რომ პროდუქტებით მაინც დამეხმარონ, ციხეში რომ შევუგზავნო. ძალიან მიჭირს, დღიურ სამუშაოზე თუ დავდივარ ხოლმე.

- იცით, რა პირობებშია­ თქვენი შვილი ცხინვალის ციხეში?­

- ნათქვამი აქვს, რომ დღე-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთ პურს აძლევდნენ. ზარდიანთკარელი ოსი კაცი რომ ვახსენე, მას გავატანე შაქარი, ყავა, თაფლი, ხაჭაპური გამოვაცხვე. ძროხაც არ მყავს და ყველი ძლივს ვიყიდე. იმ ოსი კაცის ბიძაშვილი ცხინვალის ციხეში მუშაობს და ის შეუტანდა. ადრე დავით ქაცარავაც დამეხმარა. მითხრა, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რომ ჰყავდათ ოსებს დაკავებული, მისი დახმარებით ეპილეფსიის წამალი გავუგზავნეთო... რადგან პატიმრობაშია, არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, იქ კიდევ არ სცემონ და რამე არ დაუშავდეს.

- სასაფლაოზე ხშირად აკავებენ აქაურებს?

- სასაფლაოს ნახევარი ჩვენს მხარესაა, ნახევარი - ოსების. სასაფლაოს გვერდით მიტოვებული სახლებია და რუსები იქ არიან ჩასაფრებული. წლების წინ ერთი კაცი გარდაიცვალა და სასაფლაოსთვის მესერს აკეთებდნენ. იქიდან რუსები ჩაუსაფრდნენ და ყველანი დააკავეს. ასე აკავებენ სხვებსაც. პირველ ჯერზე ყველას 1 ან 2 კვირით აპატიმრებენ და ჯარიმად 2.000 რუბლს ახდევინებენ, შემდეგ კი სასჯელი მკაცრდება და უკვე დიდხანს სვამენ ციხეში. სოფლის განაპირას ყველგან შეიძლება ადამიანი გაიტაცონ. სახლებთან სადღაც 200 მეტრში არის გავლებული მავთულხლართები. არის ადგილები, სადაც მონიშნული არაფერია და არ იცი, რომელზე იტყვიან, ჩვენი ტერიტორიააო. სათვალთვალო მოწყობილობები აქვთ, ნაგაზებიც დაგეშილი ჰყავთ. მავთულხლართებს იქით გადამწვარი ქართული სოფლებია. ცოტა მოშორებით, სოფელ დისევში, მათი ბაზაა. როცა ადამიანებს იტაცებენ, თვალებს აუხვევენ და იქ მიჰყავთ, სარდაფში ამწყვდევენ და იქიდან მიჰყავთ ცხინვალში. ბაზა სოფლიდან ჩანს, ღამით­ განათებულია. იქ რუსები ოჯახებით ცხოვრობენ. რუსები ავტომატებითა და ძაღლებით დადიან და ტერიტორიას აკონტროლებენ. ქართული საგუშაგოც არის. გუგუტიანთკარში ჩვენები ორ ადგილას დგანან. სადაც ჩემი შვილის კვალი დაიკარგა, მანდ 20 მეტრში დგანან ჩვენი პოლიციელები და ვერ დაინახეს, ბიჭი როგორ გაიტაცეს.

- რა დაკარგა თქვენმა სოფელმა ოკუპაციის გამო?

- სასაფლაო მათ მხარესაა, დისევის მხარეს საძოვრები გვქონდა და დავკარგეთ. ჩვენ რომ არ ვიყოთ, მავთულხლართებს კიდევ გადმოსწევდნენ. ამ მავთულხლართების მეციხოვნეები ვართ. შიშით გვიწევს ცხოვრება, ხელისუფლებას კი არც ვახსოვართ. მხოლოდ პოლიცია მეუბნება, თქვენი შვილი კარგად არის, არ ინერვიულოო. კარგად ყოფნა რას ჰქვია, როცა ვიცი, რომ მშიერია, ავადაა. სახალხო დამცველი იყო ჩამოსული, ისიც სოფელ მერეთში, და მიმიყვანეს. ველაპარაკე ჩვენს გაჭირვებაზე. სხვა არავინ მოსულა. ერთხელ მაინც არ უნდა გავახსენდეთ პრემიერ-მინისტრს ან ხელისუფლების წევრს, რომ ამოვიდნენ მავთულხლართებთან და გვკითხონ, როგორ ვცხოვრობთ გატაცების მუდმივ შიშში, ან რა გვჭირდება?!

ეკატერინე ბასილაია