„ჩემი ქვეყნის ბედი არ მასვენებს, ლანდად ქცეული თან დამდევს“ - კვირის პალიტრა

„ჩემი ქვეყნის ბედი არ მასვენებს, ლანდად ქცეული თან დამდევს“

აკაკი ჩხენკელი - ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში... მისი იდეალი იყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული საქართველო.

აკაკი ჩხენკელს დიდი პოპულარობა დუმაში გამოსვლამ მოუტანა 1912 წელს, როცა ის თავდადებულად იცავდა დაჩაგრული ერების, მათ შორის ქართველთა ინტერესებს: "მე თავად მივეკუთვნები ერთ-ერთ დაჩაგრულ ერს, კერძოდ, ქართველი ვარ და ასე ვთქვათ, საკუთარ ტყავზე ვცდი ნაციონალური ჩაგვრის მთელ არაადამიანურობას. რუსეთთან შეერთების შემდეგ, ასზე მეტი წლის განმავლობაში, ქართველი ერი იყო ობიექტი სიტყვით გამოუთქმელი დევნისა და დამცირებისა. თქვენ ყურადღებას აღარ შევაჩერებ ენის არანორმალური დევნის ამოჩემებულ მეთოდზე. მთავრობის თვალში კავკასია სახელმწიფოს თანასწორი ნაწილი კი არ არის, არამედ კოლონია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის სულსა და ხორცზე უკანონოდ ახორციელებენ დაბალი დონის ექსპერიმენტებს".

მისმა გამორჩეულმა დიპლომატიურმა ნიჭმა და სახელმწიფოებრივმა აზროვნებამ დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეშიც. "თავისუფლება ციდან ჩამოვარდნილი მანანა არ არის, ის თვითონ უნდა გამოგლიჯო მტერს ხელიდან, ამისთვის უნდა ემზადო, განიმსჭვალო ურყევი ნებით... ერი, რომელიც თავისუფლებისათვის არ იბრძვის, არცაა ღირსი ამ სახელის ტარების"...

რაში მდგომარეობდა აკაკი ჩხენკელის პოპულარობა და რა წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე გვესაუბრება:

rusetis-satatbiros-dumis-deputatebi-mate-skobelevi-akak-da-karlo-cxeize-1910-1722175106.jpg

- ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე ჩვენს საზოგადოებაში დღემდე ორი მთავარი აზრი არსებობს. ერთნი­ მიიჩნევენ, რომ სოციალ-დემოკრატია თავიდან ბოლომდე ისტორიის სანაგვეზეა გადასაგდები, ის თითქმის დანაშაულებრივ პარტიად არის მიჩნეული. მეორეთა აზრით, ის ძალზე ანგარიშგასაწევი, გავლენიანი პარტია­ იყო, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის ისტორიის წინაშე. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, ქართველი სოციალ-დემოკრატები რა პოზიციის ხალხი იყო, სამაგალითოდ უნდა ავიღოთ აკაკი ჩხენკელის პიროვნება და მკითხველს მივცეთ საშუალება, თავად გამოიტანოს დასკვნა. წელს მისი დაბადებიდან 150 წელი შესრულდა...

აკაკი დაიბადა აფხაზეთში, ოქუმში 1874 წლის 18 მაისს, და დაამთავრა ხონის სასულიერო სასწავლებელი. მამამისი, ივანე ჩხენკელი, გახლდათ სასულიერო მოღვაწე და დიდი პატრიოტი. ის ცნობილი იყო როგორც აფხაზეთში ქართული ენის გამავრცელებელი და ქართული გავლენისთვის მებრძოლი. მამამ დიდი როლი ითამაშა აკაკის პიროვნების ჩამოყალიბებაში. აკაკი რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლობდა (მაშინ პოპულარული იყო სხვადასხვა უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად დასწრება), სწავლა დაიწყო კიევში, სწავლობდა მოსკოვში, პეტერბურგში, მაგრამ ვერ დაასრულა, რადგან რევოლუციურმა მოძრაობამ გაიტაცა, გარიცხეს და რამდენიმე წელი საქართველოში ცხოვრობდა. შემდეგ სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და ლექციებს ისმენდა ჟენევის, პარიზის უნივერ­სიტეტებში, ბოლოს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი. აკაკი უაღრესად განათლებული კაცი იყო, ევროპაში რამდენიმე წელს იცხოვრა და საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ აქ დააპატიმრეს და 1909 წელს როსტოვში გადაასახლეს. ერთი სიტყვით, მას რევოლუციონერის ცხოვრება ჰქონდა. რევოლუციონერი ხომ უპირველესად ნიშნავს მაშინ არსებული თვითმპყრობელური რუსეთის, მონარქიის წინააღმდეგ მებრძოლს და ეს ბრძოლა გულისხმობდა იმას, რომ თითოეულ მათგანს ემუქრებოდა ჩამოხრჩობა, გადასახლება, ასევე, გზავნიდნენ კატორღაში, სადაც ჯოჯოხეთურ პირობებში უწევდათ მუშაობა. აკაკი ჩხენკელი ერთი მათგანი იყო და მან რევოლუციური გზა გაიარა.

ის პოპულარული კაცი იყო, წერდა სტატიებს ქართულ გაზეთებში, განსაკუთრებით დაინტერესებული იყო აფხაზეთის თემით და სახელი გაითქვა აჭარლების დაცვით. საქმე ის იყო, რომ თვითმპყრობელობამ აჭარლებს ბრალი დასდო აჯანყების მოწყობაში და მათ მოღალატეებად აცხადებდნენ. დააპატიმრეს რამდენიმე ასეული აჭარელი, მათ მეთაურებს სასიკვდილო განაჩენი ემუქრებოდა, დანარჩენებს - გადასახლება. ქართველი მაჰმადიანები მე-19 საუკუნეში რამდენჯერმე გადაასახლეს ოსმალეთში (დღევანდელ თურქეთში). აკაკი იურისტი გახლდათ და მათ უფლებებს იცავდა. ალბათ, ამან განაპირობა ის, რომ 1912 წელს ის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან აირჩიეს რუსეთის პარლამენტის წევრად, სადაც სოხუმის, ბათუმის და ყარსის ოლქებს წარმოადგენდა. მას პირველი მნიშვნელოვანი გამოსვლა ამავე წლის 10 დეკემბერს ჰქონდა დუმაში, სადაც თავისი პარტიისთვის მოულოდნელად დაიცვა ქართველი ერის ეროვნული ინტერესები. მაშინ ეს პოპულარული ნაბიჯი არ იყო, ქართველი სოციალ-დემოკრატები შედიოდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენლობაში და იცავდნენ რუსეთის ერთიანობის პოზიციას. ეროვნულ საკითხზე იშვიათად ლაპარაკობდნენ, თითქოს აკრძალული ჰქონდათ ამაზე საუბარი. აკაკის გამოსვლა იყო საპირისპირო, მან დაიცვა ქართველი ერის ინტერესები.

saqartvelos-delegacia-berlinshi-1722175106.jpg

- რაში მდგომარეობდა ინტერესების დაცვა?

- მან მოხსენების დიდი ნაწილი საქა­რთველოს ისტორიულ წარსულს დაუთმო, თქვა, რომ საქართველო დაიპყრო რუსეთმა, მათ შორის არსებობდა საერთაშორისო ხელშეკრულება - გეორგიევსკის ტრაქტატი, სადაც რუსეთი საქართველოს მფარველობასა და მოკავშირეობას ჰპირდებოდა, "მაგრამ მოხდა დაუჯერებელი ამბავი,­ ტრაქტატიდან 17 წლის შემდეგ რუსეთის მონარქიამ გააუქმა ეს ტრაქტატი და რუსეთმა დაიპყრო საქართველო". ჩხენკელი­ ამას უწოდებს დაუჯერებელ ქმედებას. მისი აზრით, ამ ტრაქტატით საქართველოს­ ეკუთვნოდა ავტონომია და სახელმწიფოებრიობა, რომელიც სწორედ რუსეთმა წაართვა. მან ჩამოთვალა 4 კომპონენტი: ენა, უმაღლესი სასწავლებლის დაარსების უფლება, სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიები. ბოლოს აკაკიმ მოითხოვა: როდესაც მონარქია დაეცემა და რუსეთში დამყარდება დემოკრატიული რესპუბლიკა (მომავალში - სოციალისტური), რუსეთმა უნდა აღუდგინოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა და სრულუფლებიანი ავტონომია. ეს ძალზე მოულოდნელი იყო როგორც ქართველი, ისე რუსი სოციალ-დემოკრატებისთვის. ამ ცნობილი გამოსვლიდან 2-3 კვირის მერე კრაკოვში შეიკრიბა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცკ (მაშინ ბოლშევიკები და მენშევიკები ერთად იყვნენ) და ლენინის მეთაურობით გამოიტანეს რეზოლუცია, რომლის მე-5 მუხლი პირადად აკაკი ჩხენკელს შეეხებოდა - ლენინმა სასტიკად გააკრიტიკა "ამხანაგი ჩხენკელის" პოზიცია, თქვა, რომ მან უღალატა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნულ პროგრამას და ავტონომია მოითხოვა. ჩხენკელი მოგვევლინა როგორც ეროვნული საკითხების დამცველი­ და ამით დაიმსახურა რუსი სოციალ-დემოკრატებისა და მათი ბელადის, ლენინის რისხვა­ (რაც პატივია ჩხენკელისთვის).

- მან ასევე დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში, რაზეც მისი თანამებრძოლები, ცოტა არ იყოს, ყოყმანობდნენ...

- დიახ, ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხში. ეს უკვე ხდება 1917-1918 წლებში, როცა აკაკი ჩხენკელმა­ და ნოე ჟორდანიამ, ასე ვთქვათ, თავისუფლებისათვის ბრძოლის ორი ფრონტი გაინაწილეს - სოციალური თავისუფლებისათვის ბრძოლის საკითხს ჟორდანია მეთაურობდა, ხოლო ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას ჩხენკელი ჩაუდგა სათავეში. მაშინ საქართველოში 3-4 წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია (სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ-დემოკრატები და სოციალისტ-რევოლუციონერები, იგივე ესერები) იყო, ყველაზე პოპულარული სოციალ-დემოკრატები იყვნენ, მათ უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ საქართველოს მუშებზე, განურჩევლად ეროვნებისა, რასაც იტყოდა­ ეს პარტია, იმას იტყოდა ყველა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,­ მათ შორის გლეხობა, რომელიც მოსახლეობის 90%-ზე მეტს შეადგენდა. 1917 წლის აპრილში გაიმართა ეროვნული კრება, ყველა­ პოლიტიკური­ პარტია ეროვნულ საკითხზე შეიკრიბა, ხოლო ცოტა მოგვიანებით, ზაფხულში, შეიქმნა ე.წ. ეროვნული ინტერპარტიული საბჭო, რომელიც ყველა პარტიას აერთიანებდა. საბჭოს თავმჯდომარედ­ ერთხმად აირჩიეს აკაკი ჩხენკელი. ცოტა უფრო გვიან ის უკვე ოფიციალურად მეთაურობდა ეროვნულ საბჭოს (ინტერპარტიულს სახელი გადაერქვა), რომელიც, ფაქტობრივად, დე ფაქტო პარლამენტი იყო. ამ პერიოდიდან უკვე ეროვნული საბჭოს მეთაურობა ფორმალურად გადაიბარა ნოე ჟორდანიამ, თუმცა იქ ყველაფერს აკაკი ჩხენკელი აკეთებდა. ნოე მაინც ხელშეუხებელი ავტორიტეტი იყო და ყველა მას ემორჩილებოდა. ალბათ, ეს იმით იყო განპირობებული, რომ ჟორდანია კომპრომისული კაცი და ყველასთვის მისაღები იყო. ის არ იყო მოსისხლედ დაპირისპირებული არავისთან, იყო ლოიალური და ყველასთან შეეძლო ლაპარაკი. აკაკიც ლოიალური იყო, ყველასთან საერთო ენას გამონახავდა. სოციალ-დემოკრატები კამათობდნენ, მაგრამ ეს იყო ინტელექტუალური, იდეური კამათი და ბრძოლა. საქართველოში ეროვნული მოძრაობის მეთაური იყო გაერთიანებული პარტიების საბჭო.

აკაკი ჩხენკელის ცხოვრება-მოღვაწეობიდან კიდევ ერთი ეპიზოდი შეიძლება გავი­ხსენოთ - ე.წ. ბათუმის კონფერენცია. მოგეხსენებათ, ის ერთ-ერთი ლიდერი სოციალ-დემოკრატი და ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წამყვანი წევრი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობამდე გამოცხადდა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა (1917 წლის აპრილ-მაისი) და მისი თავმჯდომარე ჩხენკელი გახლდათ. ასე რომ, ის ცნობილი პიროვნებაა როგორც ქართველებისთვის, ასევე სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის, რომლებთან ერთადაც შევდიოდით ამიერკავკასიის ფედერაციულ-დემოკრატიულ რესპუბლიკაში­. ბათუმში ამიერკავკასიის დელეგაციას მთავრობის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი მეთაურობდა, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა ოსმალეთის იმპერიასთან. ის პერიოდია, როცა ოსმალეთი გვართმევს ბათუმს, ახალქალაქსა და ახალციხესაც (იმხანად ყველა დაპყრობილი აქვს) და ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ წამგებიან ზავს. ქართველებმა ცოტა უფრო ადრე ურთიერთობა დაამყარეს გერმანიასთან, რომელიც ოსმალეთის მოკავშირე იყო (არ დაგვავიწყდეს, 1914-18 წლებია, მსოფლიო ომი მიმდინარეობს) და აკაკი სთავაზობს ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილსა და სხვა თანაპარტიელებს, თუ გვინდა გადავურჩეთ ოსმალეთს, სასწრაფოდ უნდა დავამყაროთ კავშირი გერმანიასთან, ვთხოვოთ მას მფარველობა, შემოვიდეს და სამხედრო ძალით დაიკავოს საქართველო, რათა ხელი შეუშალოს ოსმალეთის შემოსვლას. აი, ასეთი­ კომბინაცია შესთავაზა თავის თანაპარტიელებს ჩხენკელმა, რომელიც ბათუმიდან თბილისში ყოველდღიურად სწერდა ტელეგრამებს რამიშვილსა და ჟორდანიას. ერთ-ერთ პირველ ტელეგრამაში, რომელიც 15 მაისს გამოგზავნა თბილისში, ის თავის ლიდერს სწერს, შენი ტაქტიკა დამღუპველია, შენ კვლავ კომპრომისის პოზიციაზე დგახარ. ერთი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან დამღუპველია, სხვა გზა არა გვაქვს, ჩვენ გერმანიას მფარველობა უნდა ვთხოვოთ, რათა შევაკავოთ ოსმალეთი (პერიფრაზირებას ვეწევი), მორჩა, მე გამოვდივარ საქართველოს სახელით, აუცილებელია საქართველოს დამოუკიდებლობის სასწრაფოდ გამოცხადება... ჩხენკელმა საიდუმლო შეთანხმება მოახერხა გერმანიის მხარესთან, მის გარშემო მხოლოდ 1-2 კაცია, რომელთაც ანდობს ტაქტიკასა და პოზიციას. ესენია დიდი 60-იანელი თერგდალეული ნიკო ნიკოლაძე (რომელიც ასევე დელეგაციაშია) და ზურაბ ავალიშვილი - ცნობილი ქართველი პატრიოტი და დიპლომატი. ჩხენკელი ამ ყველაფერს მათთან მოლაპარაკებითა და საიდუმლო შეთანხმებით აკეთებს. შემდეგ ტელეგრამაში ის წერს: "მე გატყობთ, რომ თქვენ ფრთხილობთ და ყოყმანობთ, რა დროს ყოყმანია, ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ. მაშ საჭიროა გამბედაობა, გამბედაობა და კიდევ გამბედაობა... თავისუფლება ციდან ჩამოვარდნილი მანანა არ არის, ის თვითონ უნდა გამოგლიჯო მტერს ხელიდან, ამისთვის უნდა ემზადო, განიმსჭვალო ურყევი ნებით... ერი, რომელიც თავისუფლებისათვის არ იბრძვის, არცაა ღირსი ამ სახელის ტარების"...

აი, ამ ტელეგრამებით, ინსტრუქციებით და შეიძლება ითქვას, ნახევრად მითითებებით, ნოე ჟორდანიამ და ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ესეც ჩხენკელის დიდი დამსახურებაა. ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ჟორდანია ამის წინააღმდეგი იყო, ის ამბობდა, კი, გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობა, ოღონდ მხოლოდ ხელსაყრელ ვითარებაში, მაშინ, როცა ქართველ ხალხს ფიზიკური საფრთხე არ დაემუქრებაო.

- ამ ტაქტიკას რა ედო საფუძვლად?

- მსოფლიო ომი გრძელდება, გახსნილია რუსეთ-ოსმალეთის ფრონტი, სადაც­ 300 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იბრძვის და ამ არმიიდან 1-2 ბატალიონი რომ გამოგზავნონ, საქა­რთველოსგან ნაცარტუტა არ დარჩება. ამას ითვალისწინებს ჟორდანია, ის არ ჩქარობს, აჩქარებული არც ჩხენკელია, ისიც ზომიერია და ეძებს გზებს, საიდუმლოდ ლაპარაკობს გერმანიასთან. ასეა თუ ისე, ეს ეპიზოდი იმიტომ გავიხსენე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში ჩხენკელის დიდი როლისთვის გამესვა ხაზი.

აკაკი იყო დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ის ამ უწყებას 8 თვის განმავლობაში მეთაურობდა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა გერმანიასთან... შემდგომში ის გადააყენეს, იმიტომ, რომ გერმანია დამარცხდა და ანტანტისთვის (ევროპის გამარჯვებული ქვეყნების უმაღლესი საბჭოსთვის) მიუღებელი­ პიროვნება იყო. ჩხენკელის დღიურებში ვკითხულობთ: "გუშინ შემატყობინეს, რომ თანამდებობა უნდა დავტოვო. მე აქამდეც უნდა გადავმდგარიყავი, ეს აუცილებელი იყო, მე მიუღებელი ვარ ანტანტისთვის და დღეს ანტანტა გამარჯვებულია. რა თქმა უნდა, უნდა გადავმდგარიყავი".

ის ცრემლს კი არ ღვრის და კი არ ნერვიულობს, მინისტრის პორტფელი რომ დაკარგა. აქედან ჩანს, რომ ის ჯერ ქვეყნის ინტერესს, სამშობლოს აყენებს პირველ ადგილზე, მერე - საკუთარ თავს. 1919-დან 20 წლამდე აკაკი შვეიცარიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და მას იქაც არ შეუწყვეტია აქტიურობა, ინსტრუქციებს უგზავნიდა თანაპარტიელებს, მეთაურებს, მეგობრებს. მის დღიურში არის ასეთი ფრაზა: "ჩემი ქვეყნის ბედი არ მასვენებს, ლანდად ქცეული თან დამდევს". მეორეგან წერს: "დასავლეთ ევროპასთან პირდაპირი ეკონომიკური და კულტურული მიმოსვლა არის ბაზა ჩვენი ქვეყნის აყვავებისა. თუ ჩვენი ერი გაევროპიელდა ყოველმხრივ, ის ევროპაზე უარესად არ მოიხმარს გარდაქმნას, იქნება პროგრესისა და სოციალური სამართლის მატარებელი".

საერთოდ, აკაკი ჩხენკელის იდეალი იყო დამოუკიდებელი დემოკრატიული და ევროპული საქართველო. ეს ფორმულა ეკუთვნის საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურებს და მათ ეს იდეალი დაგვიტოვეს.

makrine-turqia-1950-1722175106.jpg

- მერე იყო ემიგრაცია, პარიზი, საფრანგეთის ელჩობა... ამბობენ, აკაკი ჩხენკელს დიდი როლი აქვს იმაშიც, რომ საფრანგეთი კარგა ხანს არ აღიარებდა სსრკ-ს და საქართველოს მის შემადგენლობაში...

- საქართველოს ოკუპაციის შემდგომ პერიოდში აკაკი ჩხენკელი ემიგრანტული მთავრობის ყველაზე აქტიური სტატუსის მატარებელი გახდა - ქაღალდზე არსებული დამოუკიდებელი საქართველოს ელჩად დაინიშნა საფრანგეთში და, ფაქტობრივად, დასავლეთ ევროპაში 1921-33 წლამდე.­ 1933 წელს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ ცნო სსრკ და ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლით, სსრკ-ის ცნობა თავისთა­ვად ითვალისწინებდა, რომ დანარჩენი სახელმწიფოები, რომლებიც 1918-1921 წლებში დამოუკიდებლები იყვნენ, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკვე აღარ არსებობდნენ. ის ემიგრაციაშიც იბრძოდა, დადიოდა საერთაშორისო კონფერენციებზე, კონგრესებზე, იცავდა დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებს, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.

აკაკი ჩხენკელი 1959 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილის­ ქართველთა სავანეში. ის იყო დიდი ქართველი მამულიშვილი, პატრიოტი, პოლიტიკური მოღვაწე, რომლის დანატოვარიც, საქმიანობაც ნებისმიერმა მომავალმა ქართულმა ხელისუფლებამ მისაბაძ მაგალითად უნდა გამოიყენოს.