"დედაჩემი ბანკია", ანუ როგორ უყალიბდებათ შვილებს ემიგრანტი მშობლის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება - კვირის პალიტრა

"დედაჩემი ბანკია", ანუ როგორ უყალიბდებათ შვილებს ემიგრანტი მშობლის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება

რამდენიმე დღის წინ ახლობლის ოჯახში ასეთ სურათს შევესწარი, ეროვნული გამოცდების დასრულების აღსანიშნავად ემიგრანტმა დედამ შვილს ისეთი ლამაზი კაბა აჩუქა, როგორსაც არაერთი მისი თანატოლი ინატრებდა. გოგონამ კაბა იმდენად მოხდენილად მოირგო, რომ აღვფრთოვანდი და თავადაც ასეთივე ჩანდა. თუმცა ეს ემოცია მოულოდნელად შეეცვალა და წამოიძახა, ეს კაბა გრძელია და უნდა გადავჭრაო. წამსვე მაკრატელს დაავლო ხელი და ჩაცმული კაბის შემოჭრა დაიწყო. შეჩერება ვცადე, მაგრამ ვერ მოვასწარი, კაბის ბოლო უკვე შემოჭრილი ჰქონდა. შემდეგ უკვე სახელოებიც...

შესაძლოა მკითხოთ, ეს რატომ მოხდა, ერთ წუთში მოზარდის აღფრთოვანება აგრესიამ რატომ ჩაანაცვლა. როგორც მოგვიანებით გავიგე, გოგონას 7 წლის მონატრებული დედის გამოგზავნილ საჩუქრებზე ხშირად ასეთი რეაქცია აქვს. არადა, დედა გოგონას ყურადღებას არ აკლებს, ტელეფონით დღეში რამდენჯერმეც კი ესაუბრება და საჩუქრებითაც ავსებს.

სურათი, ალბათ, გეცნოთ, ხომ? რა თქმა უნდა. ირგვლივ უამრავი ბავშვია, რომელიც დედის ემიგრაციაში ყოფნას და მონატრებას ირიბი აგრესიით გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტი დედების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ შვილებისა და მათი სურვილების ასრულების გამო შრომობს. თუმცა, როდესაც შვილისთვის დგება საკითხი, რა უფრო მნიშვნელოვანია, სურვილების ასრულება თუ დედის გვერდით ყოფნა, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - დედა შეუცვლელია და ვერანაირი სურვილის შესრულება ვეღარ ახდენს იმ რთული ემოციების კომპენსაციას, რასაც ბავშვს დედის წლობით მონატრების განცდა ახვევს თავზე. იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება ტერმინ "ონლაინდედის" მიღმა, ფსიქოლოგ ნონა ყაველაშვილს ვკითხეთ:

- ემიგრაციაში წასული მოსახლეობა შვილებს მოწყვეტილია. მათ სამშობლოში მამები, ბებიები და ნათესავები ზრდიან, ასეთ ბავშვებს კი არაერთი პრობლემა ექმნებათ.

- იმ ბავშვების უმეტესობას, რომლებიც მშობლებისაგან შორს იზრდებიან, მათ შორის განქორწინების შემთხვევაშიც, სტატისტიკურად მართლაც მეტი პრობლემა­ ხვდებათ, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც მშობლების გარემოცვაში იზრდებიან.­ რაც არასრულწლოვანთა დანაშაულებსა ან თუნდაც ავტოკატასტროფებზე დაკვირვებითაც ჩანს. ამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორედ ემიგრანტი მშობლების შვილია. ასე იმიტომ არ ხდება, რომ ემიგრანტები უყურადღებო მშობლები არიან, არამედ იმიტომ, რომ არა აქვთ საშუალება შვილების ცხოვრებას თვალი მიადევნონ, მათ გვერდით იყონ, როდესაც­ ისინი ცდებიან, მანამდე კი შეეცადონ საბედისწერო შეცდომამდე არ მიიყვანონ.

კვლევამ, რომელიც ე.წ. 437 განრიდე­ბულ­ მოზარდზე ჩატარდა, ეს სურათი კარგად ასახა. ტერმინი "განრიდებული"­ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტე­რ­ნა­ტივას ნიშნავს - ანუ როდესაც პატიმრობის­ ნაცვლად არასრულწლოვანს ალტერნატიულ ღონისძიებებს აკისრებენ­. 437 ბავ­შვიდან ორივე მშობელი მხოლოდ 15%-ს ჰყავდა, 23%-ის მშობელი ემიგრაციაში იყო, დანარჩენი კი მხოლოდ ერთ მშობელთან ან სულაც ნათესავთან ცხოვრობდა. ხედავთ, ამ სტატისტიკით რამხელა როლი ჰქონია მშობლების შვილის გვერდით ყოფნას? ემიგრაციაში წასული მშობელი შესაძლოა მეტადაც კი იყოს დამანგრეველი ბავშვისთვის, ვიდრე მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრება. ბავშვისთვის ემიგრაცია უკავშირდება რაღაც შორეულს, სადაც დედა ჩაიკარგა და აღარ მოდის. ამ დეფიციტის ამოვსებას ვერანაირი სურვილის ასრულება ვერ შეძლებს. ბავშვს რა სურს? მხოლოდ დედის უპირობო სიყვარული, მამისგან კი დაცულობის შეგრძნება.­ აი, ეს არის ბავშვის საყრდენი, საბაზისო სურვილები. როდესაც დედა წლობით მიდის, ეს საბაზისო სურვილები ინგრევა და ყალიბდება დეფიციტი, რომელსაც ვერ ავსებს დედების ონლაინსაუბრები და ვერც ჰიპერმგრძნობელობა ტელეფონის საშუალებით, რომელიც უარესს იწვევს. ტელეფონით საუბრისას ხშირად ბავშვი­ ვერც ახერხებს მშობელს ყველა განცდა გაუზიაროს, თუნდაც ყოველდღიური, სხვისთვის ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ნიუანსები, რომელზეც ბავშვი­ ზოგჯერ დღეების განმავლობაში ფიქრობს და სურს დედას გაანდოს, თუმცა თავს იკავებს. რატომ? იმიტომ, რომ მან იცის, დედა სადღაც შორს ძალიან ბევრს შრომობს, დარდობს, დაღლილია და ამიტომ! იმიტომ, რომ უყვარს, ებრალება დედა, რომე­ლიც მისთვის წელს იწყვეტს და ცდილობს დამატებით არ მოახვიოს თავს თავისი ემოციები. თუმცა, მეორე მხრივ, თავად დედას, რომელიც გრძნობს შვილის ემოციებს, გაუცნობიერებლად უჩნდება მისი დატოვების გამო მტანჯველი განცდა და ცდილობს ამის კომპენსაციას: გაანებივროს სიურპრიზებით, გამოუგზავნოს საჩუქრები ან ფული სურვილების შესასრულებლად. სამწუხაროდ, ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც­ ბავშვები მსგავს მომენტებს "მოსყიდვას" უწოდებენ.

- საინტერესო ტერმინია შვილის პირით­ ნათქვამი.

- ეს ჯიბრით ნათქვამია, რომელიც დაუსრულებელი მონატრებით გამოწვეულ იმედგაცრუებას ასახავს.

- ამ დროს ემიგრანტთა უმრავლესობა სწორედ შვილების გამო გადის ემიგრაციის მტანჯველ გზას.

- დიახ, ასეა. რა თქმა უნდა, არიან მშობლები, რომელთაც, ასე ვთქვათ, ისე არ უჭირთ, რომ მაინცდამაინც ემიგრაციაში წავიდნენ, თუმცა მაინც მიდიან, მაგრამ უმეტესად ეს გაჭირვების გამო ხდება. საქართველოდან ყოველწლიურად 100 000 კაცი მაინც მიდის ემიგრაციაში და ამას არაფერი ეშველა. სამწუხაროდ, არიან ისეთი­ მშობლებიც, რომლებსაც ემიგრაციაში ცხოვრების მიმართ არაჯანსაღი მიჯაჭვულობა უჩნდებათ. რას ვგულისხმობ: ჩემს პრაქტიკაში იყო ერთი გონიერი გოგონა მძიმე­ დეპრესიით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შინ ჩაიკეტა და სკოლაში სიარულიც შეწყვიტა. ბავშვი 14 წლის იყო, ბებია ზრდიდა, რომელმაც შემომჩივლა: ეს დედამისის ჩამო­სვლამ გამოიწვია. ბავშვი 10 წელიწადია არ უნახავს, მაგრამ შვილთან ერთი თვეც ვერ გაძლო და ისევ წავიდაო. გესმით­, რა ხდება? დედამ, რომელმაც 4 წლის ბავშვი დატოვა და 10 წლის განმავლობაში არ უნახავს, უკვე შვილი ვეღარ შეიგრძნო. თავისთავად ცხადია, შვილიც აგრესიით შეხვდა. სწორედ ასეთ შემთხვევაში ვხედავთ ყველაზე საცნაურად, რამდენად უარყოფით როლს თამაშობს მშობლებისა და შვილების ხანგრძლივი განშორება. ემიგრაციიდან დაბრუნებული მშობლებიც ხშირად ჩივიან, რომ სამშობლოში­ დაბრუნებულებს შვილები შეცვლილი დახვდათ და ისინი დედასთან არ და ვერ ურთიერთობენ. შვილებმა უკვე ისწავლეს დედების გარეშე ცხოვრება. ისინი გაიზარდნენ და სულ სხვა მოთხოვნები აქვთ, იმიტომ, რომ ემიგრანტი დედის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ, რომელმაც მისი დაბრუნების შემდეგ აქტუალურობა დაკარგა.

- ყველას ესმის, რა არის მომხმარებლური დამოკიდებულება. თუმცა საინტერესოა, თქვენ როგორ განმარტავთ?

- მომხმარებლური დამოკიდებულებაა, როდესაც ადამიანს მეორე ადამიანი მხოლოდ იმიტომ უნდა, რომ სჭირდება რაღაცისთვის, მაგალითად, ცხოვრების მოწყობისათვის. როგორ უთმობს ადგილს დედის სიყვარული მომხმარებლურ დამოკიდებულებას, ამას თავად მშობლებიც უწყობენ ხელს და არა მარტო ემიგრანტები. რაც შეეხება ემიგრანტებს, როდესაც მათი ნაწილი შვილთან განშორების ტანჯვის შემსუბუქებას სწორედ შვილის ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილებით ცდილობს, თანაც მაშინ როდესაც შესაძლოა შვილი უსაქმური იყოს. ასეთ დროს, როდესაც ადამიანი აღარ სჭირდებათ, ანუ სურვილებს ვეღარ ასრულებს, მზად არიან, რომ მოიშორონ. სიყვარული რომ იდგეს წინ, ცხადია ამას ასე ვერ იფიქრებდნენ.

- გამახსენდა ქალი, რომელმაც შემომჩივლა,­ ემიგრაციიდან შვილებს ყველაფერი გავუკეთე, ბინე­ბიც ვუყიდე, ჩამოვედი და არც ერთს არ ვუნდივარ, თუ შეგიძლია, გამიგე რატო­მო.­­ მეც მის ორივე შვილს დავუკავშირდი და ორივემ მითხრა, ეგ კითხვა დედაჩვენს დაუსვიო... სინამდვილეში, დედის შეძენილი ქონება აღმოჩნდა პრობლემა. ორივე ფიქრობდა, რომ დედამ მეორე შვილს მეტი მისცა.

- სწორედ ეს არის მომხმარებლური დამოკიდებულება, რომელიც ხანგრძლივი განშორების გამო დედისგან მხოლოდ მატერიალური დახმარების მიღების საჭიროებად ყალიბდება. რა თქმა უნდა, ეს ყველა შვილს არ ეხება. სწორედ ამას წინათ­ ვესაუბრე გოგონას, რომელიც ძალიან განიცდიდა, რომ მისი უფროსი და დედას ემიგრაციიდან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, გამუდმებით ფულს სთხოვს, დედას მუშაობა აღარ შეუძლიაო. როდესაც შვილებისაგან ისმის "დედაჩემი ტელეფონია" ან "დედაჩემი ბანკია", ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლური დამოკიდებულება იწყება, და არა მარტო მოზარდებში, უფრო მოზრდილებშიც, რომელთაც დედები ასევე სჭირდებათ. სურთ შინ დაბრუნებულებმა დედას მიაშურონ ფიქრების გასაზიარებლად, დედა კი სადღაც შორს, უცნობ მოხუცთან არის და მას უვლის, შესაძლოა შვილებზე ფიქრსაც უზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ადეკვატურ რეაქციას ვერ იღებს.