თუ თერმომეტრი გაგვიტყდა
"მინამატას დაავადება" - ასე უწოდეს სნეულებას, რომელმაც 1950-იან წლებში ასეულობით იაპონელის სიცოცხლე იმსხვერპლა. კარგა ხნის კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალაქ მინამატის მკვიდრები ვერცხლისწყლის ორგანულმა ნაერთებმა მოწამლა. დამტკიცდა ისიც, რომ ადამიანს, რომლის ორგანიზმში ვერცხლისწყალი მოხვდება, შემაშფოთებელი სიმპტომები უვითარდება: თავის ტკივილი, აპათია, კიდურების დაბუჟება, მოძრაობის, მეტყველების და სმენის დარღვევები, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება... არსებობს ვერცხლისწყლით მოწამვლის ქრონიკული ფორმა, რომლის დროსაც სიმპტომები ასეთი თვალსაჩინო არ არის, მაგრამ თავბრუსხვევის, ადვილად დაღლის და ძილიანობის მიზეზი ხდება. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები გვირჩევენ, განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ, როდესაც სახლში თერმომეტრი გატყდება, რადგან ის ვერცხლისწყალს შეიცავს. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება ექიმი დავით ვაშაძე:
- რამდენად სახიფათოა, როდესაც სახლში თერმომეტრი ტყდება?
- ყველამ კარგად ვიცით, რომ ვერცხლისწყალი მომწამვლელი ნივთიერებაა და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. ზოგიერთ თერმომეტრში სწორედ ამ ნივთიერებას იყენებენ და როდესაც თერმომეტრი ტყდება, ვერცხლისწყლის ბურთულები აქეთ-იქით იფანტება. შედეგად, იქმნება საშიშროება, რომ ვერცხლისწყალი ოთახის მიუწვდომელ კუთხეებში აღმოჩნდეს. ამიტომ თერმომეტრის გატეხა სულაც არ არის უბრალო მოვლენა: თუ ამ ბურთულებს დროულად ვერ მოაგროვებთ, ოთახში მიმოიფანტება და აორთქლდება. საბედნიეროდ, თერმომეტრში ვერცხლისწყალი მცირე ოდენობითაა - 1 გრამიც არ არის და თუ დროულად შევაგროვებთ, ვერაფერს დაგვიშავებს.
- რამდენად სახიფათოა ვერცხლისწყლის ბურთულების ხელით აკრეფა?
- თუ ხელი გაკაწრული არა გაქვთ, ვერცხლისწყალთან შეხება სახიფათო არ არის, მაგრამ ეს არც უნდა სცადოთ - ხელით ვერცხლისწყალს ვერ შეაგროვებთ: მისი ბურთულები თავისუფლად მოძრაობენ და მათი ერთად შეგროვება ძნელია. ვერცხლისწყალი შეხებისას უფრო წვრილ ბურთულებად გადაიქცევა და როგორც გითხარით, შეიძლება ოთახის მიუდგომელ ადგილებში გაიფანტოს. დროთა განმავლობაში აორთქლდება, ადვილი შესაძლებელია, ფილტვებში მოხვდეს და დაგვიზიანოს. სწორედ ამიტომ ფრთხილი მოქმედებაა საჭირო: როდესაც თერმომეტრი დაგვივარდება და ვერცხლისწყალი იატაკზე გაიბნევა, ფანჯრები უნდა გამოვაღოთ და იქაურობა დავტოვოთ, რომ განიავდეს. რატომ? - ვერცხლისწყალი რადიაციული ნივთიერებაა, ეს არის მძიმე მეტალი, რომელიც თავისუფალ გარემოში მარტივად ორთქლდება და მისი ორგანიზმიდან გამოდევნა ძნელია - ზოგჯერ ამას წლები სჭირდება. თუ მას დიდი რაოდენობით შევისუნთქავთ, შეიძლება ჩვენს ორგანიზმში უკვე არსებული დაავადებები გააღვიძოს და გაამწვავოს, ან ონკოლოგიური დაავადება გამოიწვიოს. ვერცხლისწყალი სწრაფად ორთქლდება, ამიტომ მისი შენახვის სტანდარტი ყოველთვის დაცული უნდა იყოს: ის მჭიდროდ თავდახურული ინახება მინის ჭურჭელში, რათა არ გაჟონოს.
- როდისაა ეს უწყინარი ნივთი - თერმომეტრი ყველაზე საშიში?
- თერმომეტრი განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც ბავშვს უჭირავს: შეიძლება ძირს დაუვარდეს ან კბილებით გატეხოს, თეფშზე დაესხას, ან საკვებთან ერთად მიიღოს - ეს ძალზე საშიშია, რადგან ცენტრალურ ნერვულ სისტემას, თირკმელებს და შინაგან ორგანოებს დაუზიანებს. ვერცხლისწყალი დიდი რაოდენობით მხოლოდ ლაბორატორიებშია, იქ კიდევ უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ვინმე არ დააზიანოს.
- მაინც როგორ უნდა შევაგროვოთ მისი წვეთები?
- ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ უმჯობესია, ვერცხლისწყლის ბურთულები მუყაოს ქაღალდით შევაგროვოთ და კონტეინერში მოვათავსოთ. თერმომეტრი რამდენჯერმე მეც გამიტყდა და მხოლოდ ქაღალდის დახმარებით მოვახერხე ვერცხლისწყლის ბურთულების შეგროვება. ასეთ დროს მტვერსასრუტის გამოყენებაც არ არის რეკომენდებული, რადგან ეს ჰაერში ვერცხლისწყლის კონცენტრაციას ზრდის. თუ ვერცხლისწყალი ზეწარზე, ხალიჩაზე ან მაგიდის გადასაფარებელზე დაიღვარა, ჯობია მოვკეცოთ, სახლიდან გავიტანოთ და დაუსახლებელ ადგილას გადავფერთხოთ. იმის გამო, რომ თერმომეტრში ვერცხლისწყალი ცოტაა, მისი აორთქლება გაშლილ სივრცეში იმდენად საშიში აღარ იქნება. ყველაზე კარგი გამოსავალი კი, იცით, რა არის? - უკვე არსებობს თერმომეტრები, რომლებიც ელექტროენერგიაზე ან ბატარეებზე მუშაობს. ცხადია, ოჯახისთვის ამგვარი თერმომეტრის შეძენა უმჯობესია.
- რომელია ყველაზე მარტივი გზა ორგანიზმიდან ვერცხლისწყლის ან სხვა მძიმე მეტალების გამოსადევნად?
- დალიეთ სითხეები და ბლომად წყალი, ჭამეთ ხილი, ბოსტნეული და ჯანსაღი საკვები - ეს საუკეთესო გზაა ტოქსინებისა და მძიმე მეტალების გასანეიტრალებლად და თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამაზე უკეთეს სამსახურს საკუთარ თავს ვერ გაუწევთ...
P.S. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვერცხლისწყალი ოთახში გაიფანტა - სპეციალისტები გვირჩევენ: ყველა, განსაკუთრებით ბავშვები, ოთახიდან გაიყვანეთ და მაშინვე გააღეთ ყველა კარი და ფანჯარა.
ჩაიცვით ხელთათმანები, ფრთხილად აკრიფეთ თერმომეტრის ნამსხვრევები და ქაღალდის ხელსახოცზე მოათავსეთ;
ერთად მოაგროვეთ ვერცხლისწყლის ბურთულები. შეგიძლიათ ამისათვის სპილენძის ფირფიტა გამოიყენოთ, თუმცა წებოვანი ლენტის ან მუყაოს გამოყენება ყველაზე მარტივი და პრაქტიკულია.
ვერცხლისწყლის წვეთები წინასწარ მომზადებულ, წყლიან შუშის ქილაში მოათავსეთ და ჰერმეტული სახურავი დაახურეთ.
ოთახი ჩააბნელეთ და ფარნით მოძებნეთ, სადმე პატარა ბურთულა ხომ არ დარჩა, რომ არ აორთქლდეს.
იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემას შენიშნავთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მინამატას სინდრომი - დაავადება, რომელსაც ვერცხლისწყალი იწვევს
1956 წლის აპრილში იაპონიის ქალაქ მინამატის საავადმყოფოში უცნაური პაციენტები მომრავლდნენ: მათი უმრავლესობა ბავშვი იყო. პატარებს მოძრაობა და მეტყველება უჭირდათ. ეს უცნობ ნერვულ დაავადებაზე მიანიშნებდა. ორი დღის შემდეგ ქალაქში კიდევ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. სააავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ახალი ნერვული დაავადების შესახებ განაცხადა, ხელისუფლებამ კი ეპიდემიის შესწავლა დაიწყო. "უცნაური დაავადება" თავდაპირველად ინფექციად მიიჩნიეს. ამ გაურკვევლობას ისიც აღრმავებდა, რომ ციდან მკვდარი ფრინველები ცვიოდა, იხოცებოდა თევზი, ხოლო პაციენტების რიცხვი მატულობდა. ეს დაავადება მოულოდნელად იწყებოდა, ავადმყოფები უჩიოდნენ კიდურებში მგრძნობელობის შემცირებას, მხედველობისა და სმენის დაქვეითებას, აღენიშნებოდათ კოორდინაციის დარღვევა, რის გამოც ვერ იკრავდნენ ღილებს, უჭირდათ სიარული, ეცვლებოდათ ხმა... ბოლოს კი შეტევა ეწყებოდათ და გონებას კარგავდნენ.
მეცნიერები ამ მოვლენებს კარგა ხანს აკვირდებოდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ, ძირითადად, მინამატის ყურის სანაპიროზე მცხოვრებნი ავადდებოდნენ, რომელთა მთავარი საკვები ამავე ყურეში დაჭერილი ზღვის პროდუქტები იყო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზღვის პროდუქტები მძიმე ლითონებით იყო გაჯერებული. ბოლოს ისიც გაირკვა, თუ რომელი მეტალი იყო მოწამვლის მიზეზი: ადამიანები ვერცხლისწყლის ორგანული ნაერთებით იწამლებოდნენ. გავიდა ხანი და შეიქმნა "მინამატის კონვენცია", რომელსაც 2013 წლის 10 ოქტომბერს ხელი საქართველომაც მოაწერა. კონვენცია ითვალისწინებს ვერცხლისწყლის გამოყენების ეტაპობრივად შეზღუდვას და აკრძალვას წარმოებასა თუ ყოველდღიურ ყოფაში. ადრე მხოლოდ თერმომეტრებს კი არა, წნევის აპარატებსაც ვერცხლისწყლით ამზადებდნენ, თანამედროვე მსოფლიოში კი ცდილობენ ვერცხლისწყალი აღარ გამოიყენონ.
ხათუნა ჩიგოგიძე