თავი შეიკავეთ მზეზე გასვლისგან შუადღის პერიოდში
მზეს შეუძლია უკიდურესად უარყოფითი გავლენა მოახდინოს კანზე. ავთვისებიანი გადაგვარების სიმპტომად შეიძლება განვიხილოთ კანზე წარმონაქმნები ან წყლულები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდება. ეს გრძელდება რამდენიმე თვის ან თუნდაც წლების განმავლობაში. ასაკობრივი ლაქები ასევე არის ექიმთან კონსულტაციის მიზეზი. ისინი ადვილად შეიძლება აგვერიოს დერმატოზში. ამიტომ ონკოლოგიაში მიღებულია დიაგნოზის მორფოლოგიურად დადასტურება. მათ, ვისაც გენეტიკურად აქვთ კიბოსადმი მიდრეკილება, უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემები არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარში და მოღრუბლულ ამინდშიც.
ყურადღება! მელანომის ნიშნებია: დიდი ყავისფერი ლაქა მუქი ფერის წერტილებით; მცირე ზომის კანის დაზიანება არათანაბარი კიდეებით, რომელიც შესაძლოა იყოს წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ცისფერი ან მუქი ლურჯი; ხალი, რომელიც იცვლის ფერს, ზომას ან სისხლმდენია; კანის დაზიანება, რომელიც მტკივნეულია, გექავებათ ან გაქვთ წვის შეგრძნება; კანის მუქი ფერის დაზიანება ხელის და ფეხის გულზე, თითის წვერებზე ან პირის, ცხვირის არეში.
რისკ-ფაქტორები: ღია ფერის კანი - მას ნაკლები მელანინის შემცველობა გააჩნია. მელანინის ნაკლებობა კი კანის რადიაციისგან დაცვის უნარს აქვეითებს. ის ადამიანები, რომელთაც ღია ფერის კანი აქვთ, ადვილად იღებენ დამწვრობას და კანის კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან (თუმცა, კანის ფერი დაავადების განვითარების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად არ მიიჩნევა); მზის დამწვრობა, რომლის დროსაც ჩნდება ბუშტუკები; მზის დასხივება ხანგრძლივად; სხეულზე არსებული დიდი რაოდენობით ხალები, განსაკუთრებით, უჩვეულო ფორმის და ზომის. ამიტომ აუცილებელია მათი ზომის და ფორმის კონტროლი; კანის დაზიანებები - კერატოზები; სუსტი იმუნიტეტი; გენეტიკური ფაქტორი.
პრევენციისთვის: თავი შეიკავეთ მზეზე გასვლისგან შუადღის პერიოდში; გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები (თუმცა, ისინი სრულად ვერ იცავენ კანს მზის მავნე გამოსხივებისგან); მოერიდეთ სოლარიუმს ან სოლარიუმით სარგებლობის წინ მიმართეთ ექიმს რეკომენდაციისთვის, რადგან სოლარიუმს მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივება აქვს, რაც ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს; აკონტროლეთ ნებისმიერი ცვლილება კანზე. დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა ზრდის წარმატებით მკურნალობის შესაძლებლობას.
ექიმთან კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ვებგვერდზე mkurnali.ge რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს.
თამარ მამაცაშვილი