ფოტოგრაფი, რომელმაც ვერუშკასთან ერთად მოდის ინდუსტრიაში ეპოქა შექმნა - კვირის პალიტრა

ფოტოგრაფი, რომელმაც ვერუშკასთან ერთად მოდის ინდუსტრიაში ეპოქა შექმნა

"ერთ დღეს რომის სასტუმროში შევნიშნე ქალი, მაღალი,­ გრძელი ქურთუკით, მაღალი ჩექმებით, ვინაობა ვიკითხე და გერმანელი მოდელი ვერუშკა ფონ ლენდორფი აღმოჩნდა. მაშინ ჯერ არ იყო პოპულარული. გავიცანი, დიდხანს ვისაუბრეთ,­ თავისი სიმაღლის რცხვენოდა, სკამის ქვეშ მალავდა ფეხებს. ჩვენი პირველი შეხვედრისას დრო ისე სწრაფად გავიდა, რომ ვერ შევნიშნეთ, როდის დაიკეტა რესტორანი. ამ შეხვედრის შემდეგ განუყრელები გავხდით, მომდევნო ცხრა წელი ერთმანეთის გარეშე არ გვიცხოვრია", - იხსენებს იტალიელი ფოტოგრაფი ფრანკო რუბარტელი, რომელმაც გერმანელ ფოტომოდელ ვერუშკასთან ერთად მოდის ინდუსტრიაში ეპოქა შექმნა. 1960-იან წლებში ფრანკოს გადაღებული ფოტოები კვლავ პოპულარულია და ახალი თაობისთვის შთაგონებაა. ბევრისთვის კი უცნობია, რომ ლეოპარდის პრინტი, რომელიც ახლა თითქმის ყოველი მეორე გოგონას სამოსის ნაწილია, წლების წინ სწორედ ფრანკომ და ვერუშკამ დაამკვიდრეს მოდაში. ასე რომ, ფრაზას, "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო", არაფერი ისე არ ამართლებს, როგორც წინა საუკუნის მოდური ფოტოსესიების შინაარსი. ფრანკო რუბარტელი "კვირის პალიტრის" კითხვებს კუნძულ მარგარიტადან პასუხობს და იხსენებს იმ წლებს, როდესაც პარიზის "ვოგის" ყდაზე მხოლოდ მისი და ვერუშკას მიერ შექმნილი ფოტოები იბეჭდებოდა.

ფოტოსესია უდაბნოში

- 1968 წლის ზაფხულია, ივლისი, "ვოგის" გადაღებებისთვის ვმუშაობთ. ყოველ დილას ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით, ვერუშკა თითქმის შიშველი დიდხანს პოზირებდა კამერის წინ და იტალიელი დიზაინერი ჯორჯო სამოსს არგებდა. საოცარი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. წარმოიდგინეთ, ქვიშაში ჩვენ გარშემო­ რამდენიმე მეტრი ქსოვილი იყო დაAფენილი,­ ჯორჯო ჭრიდა და ვერუშკას არგებდა. დიდი გრძელი სარკე გვქონდა, რომ მოდე­ლს საკუთარი სხეულისთვის შეეხედა. გადაღება დილაადრიან იწყებოდა, სანამ აუტანელი სიცხე ჩამოწვებოდა. მე სულ ვბუზღუნებდი, რადგან ძალიან მკვეთრი განათება ხელს მიშლიდა. დილის ათი საათის შემდეგ შეუძლებელი­ იყო მუშაობა, 4-ის შემდეგ, როდესაც უდაბნოს მკვეთრ­ შუქს ოქროსფერი შეერეოდა, ისევ ვაგრძელებდით. ჯორჯოს უყვარდა ფერები და მათი შეხამება. ერთ-ერთი ფოტოგადაღების დროს რამდენიმე ქსოვილი ერთად მოახვია­ ვერუშკას და გამოვიდა ძალიან განსხვავებული სამოსი. ჯორჯო არ ჰგავდა სხვა დიზაინერებს, თავისი ორიგინალური სტილი და ხედვა ჰქონდა. ფლორენციაში დაიბადა, მაგრამ ქვეყნის გარეთ გაატარა თინეიჯერობის პერიოდი, ამიტომ იტალიური ცოტა დავიწყებული ჰქონდა და ძალიან სასაცილოდ გამოთქვამდა ფრაზებს.­ საოცარი წარმოსახვის უნარი ჰქონდა. გარდა ამისა, სასიამოვნო კომპანიონიც იყო, ერთადერთი მისი ნაკლი უზომოდ ბევრი სიგარეტის მოწევა­ იყო. ჩვენ სამნი დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით კრეატიული ჯგუფი, რომელიც "ვოგისთვის" მუშაობდა. ბევრი საათი გაგვიტარებია ხატვაში, იდეების ჩამოყალიბებაში...

ვერუშკას ოჯახს ტრაგიკული ისტორია აქვს. მამამისი ჰიტლერის მკვლელობის მცდელობისთვის გადაასახლეს, დედა დააპატიმრეს და შემდეგ გამოსასწორებელ ბანაკში გაუშვეს ახალდაბადებულ ბავშვთან ერთად, ვერას დანარჩენი დები კი მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაგზავნეს. ომის დასრულების შემდეგ ოჯახი გამთლიანდა, მაგრამ ხშირად იცვლიდნენ სახლს, დიდ სიდუხჭირეში უწევდათ ცხოვრება. ერთხელ მე და ვერუშკა ჩავედით მისი ოჯახის სანახავად გერმანიაში, მიუნხენთან ახლოს. მათი სახლი ტყის პირას იდგა, ულამაზეს გარემოში.

img-7544-1722178180.jpg

ღამის სტუმარი

ძალიან ბევრი გადაღება გვქონიდა­ აფრიკაში. ერთხელაც ღამის გათენება გვიწევს ღია ცის ქვეშ, კარავში, სადაც ყველას ჩვენი დასაწოლი და კოღოებისგან დამცავი ბადე გვაქვს. ფაქტი, რომ ღია ცის ქვეშ გვიწევს დაძინება აფრიკაში, სადაც უამრავი ცხოველია, ცოტა შემაშფოთებელი იყო, მაგრამ ერთგვარი თავგადასავალიც. მდინარე უბანგის ნაპირზე ვიყავით. საღამოობით ბეჰემოთების მთელი ფარა მოდიოდა ხოლმე და უნიკალური სანახაობა იყო ველურ ბუნებასთან ასე ახლოს ყოფნა. სამი კაცი იცავდა ჩვენს გადამღებ ჯგუფს: ერთი შეიარაღებული, რომელიც ჯიპითაც გვემსახურებოდა, ერთი მზარეული და ერთიც საათობრივად ღამისთვის გამოყოფილი კაცი, მაგრამ ღამით ეძინებოდა და იმის ნაცვლად, ჩვენთვის ეყარაულა, გვამშვიდებდა, როდესაც ცალი თვალი დახუჭული მაქვს, მეორე თვალით ვაკონტროლებ სიტუაციასო. საღამოობით ლამპებს ანთებდნენ და ხშირად გვიანობამდე ვისხედით­, ვსაუბრობდით. ერთხელაც ისე შევყევით საუბარს, ვერ მივხვდით, როდის ჩააქრეს შუქი, მაგრამ­ ყველას გვქონდა­ ფარნები. ავანთეთ და გადავ­წყვიტეთ, ვერუშკა მიგვეცილებინა თავის კარვამდე. როდესაც ჩემს კარავში დავბრუნდი და გავემზადე დასაწოლად, რას ვხედავ, ქვეწარმავალი მოსულა სტუმრად, დაახლოებით 2 მეტრზე გრძელი იქნებოდა. ავტეხე განგაში, ღამის ცვლის დაცვას ვეძებდი, მას კი თურმე ტკბილად სძინავს. გავაღვიძეთ, ავანთეთ ყველა ლამპა, დაიწყეს ჩემი "სტუმრის" ძებნა, მაგრამ ვერ იპოვეს, უკვე წასული იყო. ეტყობა, მასაც იმდენად შეეშინდა, რომ გაქცევა გადაწყვიტა. ასეთი ექსტრიმითა და თავგადასავლებით სავსე იყო ჩვენი გადაღებები. იმ დღიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა ის ფოტოსესია ცხადადD მახსოვს.

მე არასდროს გადამიღია სიყვარულის­ გარეშე, როდესაც ჩემსა და ვერუშკას შორის სიყვარული გაქრა, ფოტოების გადაღების მუხტიც დაიკარგა, ხელი გავუშვი ფოტოკამერას და დავივიწყე. იმხანად იმდენად მიჭირდა, რომ ზოგჯერ პურის ფულიც არ მქონდა. ერთ დღესაც ფრანგული "ვოგიდან" დამიკავშირდნენ და მთხოვეს, ვენესუელიდან გამეკეთებინა ფოტორეპორტაჟი. ასე მოვხვდი ვენესუელაში. იმდენად მომეწონა ქვეყანა, ბუნება, ხალხი, რომ მას შემდეგ ვენესუელაში, კუნძულ მარგარიტაზე ვცხოვრობ.