ღალატის ქრონიკა - ვაჟა-ფშაველას ვაჟის ტრაგიკული აღსასრული
თბილისი. 1919-1920-იანი წლები. ქალაქში მიწისძვრები და ეპიდემია მძვინვარებს. ადამიანები ტოვებენ თბილისს და თავს სოფლებს აფარებენ. ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი ლევან რაზიკაშვილი ოჯახთან ერთად ჩარგალში მამა-პაპისეულ სახლ-კარს უბრუნდება. მენშევიკების მთავრობის დროს იგი ფშავ-ხევსურეთის კომისრად აირჩიეს და იმ დღიდან იარაღით ხელში, ადგილობრივებთან ერთად, იცავდა სოფლებს მოთარეშე მთიელებისგან. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ბოლშევიკებმა, როგორც ვაჟა-ფშაველას შვილს, აშკარად ანგარიში გაუწიეს და თავისი მოვალეობა შეუნარჩუნეს. ეს არის პერიოდი, როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმი გააფთრებით იბრძვის საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 1922 წელს, ზაფხულის ბოლოს, ქაქუცა დუშეთის მისადგომებთან შეტაკებაში დამარცხდა, არაგვის ხეობისკენ დაიხია და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზი, ბრძოლის მთავარი ლოკაცია, ფშავ-ხევსურეთში გადავიდა. სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით ხევსურეთში სამხედრო შენაერთები გაიგზავნა, რომელთაც დაევალათ უმოკლეს დროში ჩაეხშოთ აჯანყება. ლევანმა ალყაშემორტყმული ამბოხებულები უსაფრთხო გზებით ჩარგლიდან პანკისის ხეობაში გადააცილა, საიდანაც ჩოლოყაშვილი მიიმალა... ლევან რაზიკაშვილს საბჭოთა ბრძანების შეუსრულებლობასა და ღალატში დასდეს ბრალი და 1922 წლის 30 სექტემბერს დააპატიმრეს. მწერლებმა - შალვა დადიანმა, პავლე ინგოროყვამ და ალექსანდრე აბაშელმა პირადად სთხოვეს სერგო ორჯონიკიძეს ვაჟა-ფშაველას შვილის შეწყალება. სერგო ორჯონიკიძემ კი ასე უპასუხა: "ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი!"
ლევან გოდერძიშვილი, ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილი, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი:
- გადმოცემით ვიცი, რომ ვაჟას ძალიან უყვარდა პაპაჩემი... ლევანი გორში პირველად ბიძამისმა თედომ ჩაიყვანა, რომელიც იმ დროს მეფუტკრეობას მისდევდა. მეფუტკრე იყო ლევან მთვარელიძეც, ლევანის სიმამრი. სწორედ იქ გაიცნო ლევანმა მომავალი მეუღლე, თამარ მთვარელიძე. მაშინვე მოეწონათ ერთმანეთი და იქორწინეს. იმხანად ლევანი გორში მსახურობდა, ვაჟა კი საავადმყოფოში იწვა და მასთან ჩასულ შვილს სთხოვა, კარ-მიდამოს ნუ მიატოვებ, იქაა შენი ფუძეო. მამის გარდაცვალების შემდეგ ლევანი ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად ჩარგალში გადავიდა.
ლევანი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი მეგობრობდნენ. ერთ დღესაც ქაქუცა სახლში ეწვია, დამშვიდობებისას კი სთხოვა, წამოდი ჩვენთან, შენ აქ არ მოგასვენებენ, პროვოკაციას მოგიწყობენ და დაგღუპავენო, მაგრამ პაპამ უარი უთხრა, ცოლ-შვილს ვერ დავტოვებო. ამ ამბიდან დაახლოებით ერთ კვირაში მეუღლეს, ბებიაჩემს, თამარ მთვარელიძეს უთხრა, თუ ვინმე მოვიდეს და მიკითხოს, უთხარი, რომ მთაში ავიდა, სათიბებში, და ზუსტად არ ვიცი, სად არის-თქო, მერე კი რამენაირად შემატყობინეთ, რომ თავს ვუშველოო. მთაში ბევრი სათიბია და თუ კარგად არ იცი იქაურობა, ვერაფრით მიაგნებ. სამწუხაროდ, ეს ამბავი გასკდა დედა-შვილი დიდებაშვილებისაგან (ლევანის დედინაცვლისა და მისი შვილის, ვახტანგისგან). 10 დღის შემდეგ, როდესაც მოვიდნენ ჩეკისტები და იკითხეს, სადაა ლევანიო, სწორედ ვახტანგმა მიასწავლა მისი ადგილსამყოფელი.
1923 წელს პაპა ბოლშევიკებმა დახვრიტეს! ოჯახი ისევ ჩარგალში რჩებოდა, მაგრამ ვაჟას ცოლთან, თამარ დიდებაშვილთან ურთიერთობა დაეძაბათ და იძულებული იყვნენ სახლიდან წასულიყვნენ. იოსებმა, ლევანის ცოლისძმამ ისინი გორში წაიყვანა და უცხო ოჯახს შეაფარა.
ლევანის ცოლ-შვილი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ გამოჩნდა კაცი, რომელმაც ლევანის ცოლ-შვილს პატარა სახლი აუშენა. გორში არავინ იცოდა, რომ მათ გვერდით ვაჟას რძალი და შვილიშვილები ცხოვრობდნენ. ბებიაჩემი ბავშვებს აფრთხილებდა, ზედმეტი სიტყვა არსად დაგცდეთ, არანაირ შეკრებაზე არ გამოჩნდეთო. ბებიას ბარგი სულ შეკრული ჰქონდა, ამბობდა, ერთხელაც დამიძახებენ და გადაგვასახლებენო. მთავრობისა და განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველას გერის შიშით შვილებს აფრთხილებდა, არსად თქვათ, ვისი შვილები ხართო.
- როგორც ვიცი, ერთხანს ლევანი ოჯახს ცოცხალიც კი ჰგონებია.
- დედაჩემის, ეკატერინე რაზიკაშვილის მოგონებას გავიხსენებ: "მამა მეტეხის ციხეში რომ ჰყოლიათ, დედა ჩამოსულა ჩარგლიდან მის სანახავად. მაშინ უთქვამს მამას, მე შეიძლება გავიქცე და აბა, შენ იცი, ბავშვებს როგორ მიხედავო. დედა შეშფოთებულა, რა გჭირს გასაქცევი ვაჟას შვილს, ეგ არ გააკეთო, არ შეცდე, გაქცევის დროს მოგკლავენ და იცოდე, შვილებსაც დავხოცავ და თავსაც მოვიკლავო. მეტეხის ციხიდან ვინმე ზანდუკელს უნდოდა თურმე გაეპარებინა ლევანი, მაგრამ მამამ არ ისურვა, თუ ვეღარ მოახერხეს. დედაც, დეიდაცა და ბიძაჩემიც სულ იმის დარდში იყვნენ, რომ მამის საფლავი არ იცოდნენ..."
პ.ს. "ვეღარ გიხილეთ, პაპაო, / ვერც ცოცხალ, ვერცა მკვდარია, /ღალატით შენმა სიკვდილმა დაგვაბეჩავა ძალიან, /არ შეისმინეს მფარველთა, ხვეწნა-მუდარის ხმანია, ეგრე გაგწირეს უბრალოდ, /კვირით გიმტვრიეს ძვალია..."
ამ სიტყვებით დამემშვიდობა ვაჟა-ფშაველას შთამომავალი.
ამონარიდი დაკითხვის ოქმიდან:
"ბრალდებული ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი, 35 წლის, ქართველი, გლეხი. კლასობრივი მდგომარეობა - ღარიბი; ქონება - 2 ჰექტარი მიწა და 2 ძროხა; ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული; შვილების რაოდენობა - 3; მშობლები და მათი საქმიანობა - დედა - არაშრომისუნარიანია, მამა გარდაცვლილია; განათლება - საშუალო;
ძირითადი საქმიანობა: ა) თებერვლის რევოლუციამდე მიწათმოქმედება; მსახურობდა ცენტრალური კანცელარიის გორის ლაზარეთების მდივნად; ბ) ოქტომბრის რევოლუციამდე იყო იგივე თანამდებობაზე; გ) ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1921 წლიდან იყო ჩარგლის მილიციის კომისარი, ხოლო 1921 წლიდან ფშავის რაიონული მილიციის უფროსი; სამხედრო სამსახური: არ უმსახურია ჯარში; საცხოვრებელი ადგილი - თიანეთის მაზრის ფშავის რეგიონი, სოფელი ჩარგალი.
- რამ გამოიწვია თქვენი დაპატიმრება?
- ამხ. იოვიძის განკარგულებამ, რომელიც ჩემი დაპატიმრების მიზეზად გულგრილობას და უმოქმედობას ასახელებდა.
- დაგკითხეს და წარგიდგინეს ბრალდება?
- არ დავუკითხივარ და არც ბრალდება წარუდგენიათ, მაგრამ თიანეთის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ამხ. სურგულაძემ პირად საუბარში მომთხოვა ახსნა-განმარტება იმ წერილის თაობაზე, რომელიც მან გამომიგზავნა.
- რა ეწერა წერილში?
- რომ ბანდა ჩოლოყაევის (ქაქუცა ჩოლოყაშვილი, - ავტ. ) მეთაურობით გაემართა არაგვის ხეობის გავლით და ამიტომ ითხოვდა ზომების მიღებას, მილიციელების მობილიზებას და შეერთებას მის რაზმთან დათქმულ ადგილზე. ბრძანება შევასრულე და თან წავიყვანე ის მილიციელები, რომლებიც მან გამოგზავნა. დაღამების, დაღლილობისა და ცუდი გზის გამო მოგვიწია ღამის გათენება და გამთენიისას, ჩოლოყაევის ბანდამ ალყა შემოგვარტყა. საქმე იყო შემდეგში: ჩვენ (ოთხ) მილიციელთან ერთად განლაგებულნი ვიყავით ყოფილი დუქნის ნანგრევებში. რადგან არ ვიცოდი, რომ ალყაში ვიყავით, ბრძანება გავეცი, რომ მილიციელს ცხენები მოეყვანა. უცებ, არაგვის იქითა მხარეს უცნობი შევამჩნიეთ, მაგრამ მილიციელმა ჭოგრიტით დათვალიერების შემდეგ ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა. არ ვიყავით დარწმუნებულნი, რომ უცნობი ბანდიტი იყო, თორემ გამგზავრებას დავაჩქარებდით. უცებ გაისმა ბათქი და წინ მიმავალი მილიციელი მკვდარი დაეცა. მე სროლაში მოვხვდი და საფარის უკან გადავხტი. სროლამ მილიციელებში პანიკა ჩააგდო, ამიტომ ხელით ვანიშნე საფართან მისულიყვნენ, საიდანაც ტყეში ადვილად გავაღწევდით. ამ დროს ტყიდან ჩვენსკენ წამოვიდა თავად ჩოლოყაევი 25 შეიარაღებულ ბანდიტთან ერთად. როდესაც ახლოს მოვიდა, მოგვესალმა და მკითხა, ვერ მიცანიო? საქმე იმაში გახლავთ, რომ მე მასთან ერთად გიმნაზიაში ვსწავლობდი, ასევე 1915 წელს მამაჩემის, ვაჟა-ფშაველას დაკრძალვაზე შევხვდი. მოგვიანებით ჩოლოყაევმა წაგვიყვანა ორწყალში, ხევსურეთისა და ფშავის საზღვარზე, სადაც ისინი იყვნენ დაბანაკებულნი. ჩოლოყაევი ცდილობდა დავეყოლიებინე, რომ ჯერ ხევსურეთში, იქიდან კი დარიალის ხეობაში, შემდგომ კახეთში ან ჩეჩნეთში გავყოლოდი. მე არ დავთანხმდი და ორი დღის შემდეგ იმ პირობით გამიშვა, რომ მეორე დღეს მივსულიყავი მასთან ხევსურეთში. მისგან წამოსული იქ არ დავბრუნებულვარ.
ამ შემთხვევისა და მილიციელთა ბედის თაობაზე მაშინვე ვაცნობე თიანეთში როგორც მაზრის მილიციის უფროსს, ისე აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს... შემდეგ მომეცა საშუალება, გავმგზავრებულიყავი თიანეთში სამსახურის საქმეზე, მაგრამ დამაპატიმრეს და საქართველოს ჩკ-ში გადამიყვანეს.
- ჩოლოყაშვილმა რომ გაგიშვათ ერთი დღით, რა დავალებები მოგცათ?
- არავითარი დავალებები არ მოუცია, ითხოვდა, რომ მეორე დღეს დავბრუნებულიყავი ხევსურეთში.
- რითი მოიპოვეთ მისი ნდობა, რომ მან გაგიშვათ ერთი დღით?
- ის ენდობოდა ხევსურებსა და ფშავლებს.
- თვლით თავს დამნაშავედ?
- წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვთვლი. პროტოკოლი წავიკითხე და ჩემი ხელით ხელს ვაწერ (ლ. რაზიკაშვილი).
დამკითხველი: ხოჯევანოვი 1922 წლის 31 ოქტომბერი"
1923 წლის თებერვლის ერთ შუაღამეს, ვაკის პარკში დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცი, ფშავის მოსახლეობის არჩეული და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების ხელდასხმული კომისარი, ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი, ლევან რაზიკაშვილი დახვრიტეს. სიკვდილის წინ კი მკვლელებს მიმართა: - მომავალი ჩვენია, ხალხი მოგკითხავთ, არ შეგრჩებათ!
რუსუდან შაიშმელაშვილი