"ხაზარაძის გახარიაზე ასე გაჯიუტება გაუგებარია...ელისაშვილთანაც არ ჰქონიათ დამტკბარი ურთ­იერთობა, მაგრამ გადააბიჯეს­ რაღაცას" - კვირის პალიტრა

"ხაზარაძის გახარიაზე ასე გაჯიუტება გაუგებარია...ელისაშვილთანაც არ ჰქონიათ დამტკბარი ურთ­იერთობა, მაგრამ გადააბიჯეს­ რაღაცას"

ხელისუფლების მესიჯი ისევ უცვლელია - ჩვენ თუ არ ვიქნებით, ქვეყანაში ომი დაიწყებაო. ოპოზიცია, ასე თუ ისე, დალაგდა­ და დიდი ალბათობით, ოთხი ჯგუფი იქნება: "ნაცმოძრაობა", "ახალი", "ლელო" და გახარია. რამდენად არის ეს საკმარისი ხელისუფლების დასამარცხებლად და "ოცნებამ" არჩევნებამდე რა სცენარები შეიძლება გაათამაშოს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს­ ვესაუბრეთ.

- ოპოზიციის ფლანგზე ერთადერთი­ შესაძლო ცვლილება, რაც შეიძლება მოხ­დეს­­,­ ალბათ, ის არის, რომ ხაზარაძე-ანა­ დოლიძეს ელისაშვილიც დაემატება. ხაზარ­აძეც და "ლელოც" რატომღაც ძალიან კატე­გორიულად უარყ­ოფენ გახარიასთან­ ალიანსს და თუკი ლაპა­რაკია იმაზე, რომ მათ ადრე დაპირისპირება ჰქონდათ, ელისაშვილთანაც არ ჰქონიათ დამტკბარი ურთ­იერთობა, მაგრამ გადააბიჯეს­ რაღაცას და ჩათვალეს, რომ სინერგიისთვის საჭიროა ამის გაკეთება. იგივე უნდა გააკეთონ გახარიას მიმართაც. ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი არჩევანი­ არ იყოს. ეს არ არის ჩვეუ­ლებრივი­ არჩევნები და ამაზე ყველა თანხმდება, ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევნებია. მე, პირადად, მიმაჩნია, რომ "ოცნების" და ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან პრინციპულად მნიშვნელო­ვანია. თუკი ეს ხელისუფლება­ დარჩება, საერთაშორისო იზოლაციაში მოვექცევით, დავრჩებით დასავლეთთან დაპირისპირებული და პრაქტიკულად რუსეთის გავლენის სფეროში, შიდა პოლიტიკაში კი ავტორიტარიზმში და მივდივართ დიქტატურისკენ. როდესაც ასეთი რაღაც გემუქრება, მეასეხარისხოვანი მგონია იმაზე სერიოზული ლაპარაკი, თუ ადრე ვინ ვისთან როგორ იყო. ყველა დანარჩენი პარტია რომ ავიღოთ, "ნაცმოძრაობაც" კი, რომელიც პირადად ჩემთვის მიუღებელია და მხარს არ ვუჭერ, ექვემდებარება გარკვეულ წესრიგს. თუნდაც დასავლეთთან დამოკიდებულება ავიღოთ, მათთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია. აქ კი გვაქვს ერთი ადამიანის "ბესპრე­დელი", - ეს რუსული სიტყვა უნდა გამო­ვიყენო. ეს არის ადამიანი, რომელიც თვითონ წყვეტს, რა არის სიკეთე, ბოროტება, პატრიოტიზმი და ა.შ.. აღიარებული კრიტერიუმებით კი არ წყდება, რა არის ქვეყნისთვის კარგი და რა არა, რაზეც­ ის იტყვის, რომ ცუდია, ჩვენც უნდა ვთქვათ, რომ ცუდია. ამ ვითარებაში ასეთი­ ხელისუფლება ძალიან საშიშია, რადგან არ ვიცით, რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან არ ექვემდებარება ჩვეულებრივი თამაშის წესებს­ და არ იცავს ურთიერთობების მიღებულ ნორმებს. 2012 წელს თამაშის წესები და ნორმები რომ არ დაეცვა "ნაცმოძრაობას", არ წავიდოდა ხელისუფლებიდან. რა, ძალოვნებს ვერ გამოიყენებდა თუ ზონდერები­ არ ჰყავდა? მაგრამ რომ იცოდა, ამას დასავლეთის ძალიან მკვეთრი რეაქცია მოჰყვებოდა, ხალხის წინააღმდეგ წასვლა ვეღარ გაბედა. ახლანდელი ხელისუფლება კი არ ვიცით, როგორ მოიქცევა. შეუძლებელია ამის პროგნოზირება, რადგან, მგონი, თვითონ ივანიშვილმაც არ იცის, როგორ მოიქცევა. ალბათ, არც ელოდება, რომ დამარცხდება. ამ დროს საზოგადოებაში არის დიდი კონსენსუსი, რომ ეს ხელისუფლება გასაშვებია და როდესაც ქვეყანაში ასეთი დიდი პოლარიზაციაა, ხელისუფლების გაშვება ერთი-ერთზე უფრო მეტად ხდება შესაძლებელი. თუმცა ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ხმას "ნაცმოძრაობასა" და "ნაცმოძრაობასთან" ასოცირებულ პირებს არავითარ შემთხვევაში არ მისცემს, თუნდაც ქვეყანა იქცეოდეს, მათ უნდა ჰქონდეთ ძლიერი ორიენტირი და ეს შეიძლება იყოს "ლელო" ან გახარიას პარტია. ამიტომ ვფიქრობ, ორის ნაცვლად ერთი თუ იქნება, უფრო ძლიერი სინერგია გამოვა. თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ ოპოზიციის გამარჯვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ორივე გადალახავს ბარიერს. თუკი "ლელოს" და გახარიას გაერთიანება ვერ მოხერხდება, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს არანაციონალების გაძლიერებაში. ამიტომ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ზურაბიშვილმა აქცენტები ამაზე გადაიტანოს, რადგან "ნაციონალებსაც" და "ახლებსაც" ისეთი ამომრჩეველი ჰყავს, რომ ხმას სხვას არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ. აქვე ვიტყვი, რომ "ლელოს" და გახარიას გაერთიანებით იქმნება­ უკვე ე.წ. მესამე ძალა, ცალ-ცალკე ამის პრეტენზია ვერ ექნებათ და ეს არის არსებითი. ამიტომ მათი გაერთიანებით მხოლოდ მათი რეიტინგების ჯამს კი არა, დიდი ალბათობით, უფრო მეტსაც მივიღებთ, შეიძლება 15%-საც კი გადააჭარბონ. გახარიას საჯარო სამსახურიდან ბევრი უჭერს მხარს და ეს სერიოზული ძალაა. ამიტომ ხაზარაძის გახარიაზე ასე გაჯიუტება გაუგებარია.

- ახსენეთ, რომ "ოცნებას" არ აწყობს­ გახარიას და "ლელოს" გაერთიანება, რადგან სამ ძლიერ ოპოზიციურ ძალას მიიღებს, რომე­ლიც უკვე პრობლემებს შეუქმნის.­ თუკი მათი გაერთიანება ვერ მოხერხდება, ცხადია, ხელისუფლება უკვე რომელიმეს ჩაძირვაზე მაინც იფიქრებს... რა მიმართულებით შეიძ­ლება იმუშაოს "ოცნებამ", როდესაც "ლელო" გახარიასთან არგაერთიანებით, ფაქტობრივად, უმარტივებს გზას?

- გააჩნია, როგორ იმუშავებენ. ეს უფრო სექტემბერში გამოჩნდება. ჯერ წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყიათ. მე საერთოდ მგონია, თუ სამოქალაქო საზოგადოება იქნება განსაკუთრებით აქტიური, იმის შანსი, რომ ამ ორივე პარტიამ გადალახოს ბარიერი, არცთუ ისე არარეალურია, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, 2012 წელი უნდა განმეორდეს, როდესაც მთელი საქართველო წავიდა არჩევნებზე და, თუკი ახლაც ეს მოხდება, მერე ხელისუფლებას აღარაფერი ეშველება.

- "ოცნებამ" უკვე ახსენა, რომ სააკაშვილი­ ჯანმრთელია. რა შანსია, რომ საარჩევნოდ ეს თემა გამოიყენონ - თუკი სააკაშვილს ციხეში­ გადაიყ­ვანენ, ლოგიკურად "ნაციონალების"­ ორივე ფრთა აქცენტს ამაზე გადაიტანს და, ალბათ, "ლელოც" შეუერთდება,­ რაც "ოცნებას"­ საშუა­ლებას მისცემს ისინი ისევ "ნაცებად" გამოა­ცხადონ და ე.წ. მესამე ძალის ნარატივიც­ ჩაკლან.

- თუკი სააკაშვილს ციხეში გადაიყვანენ, "ნაცმოძრაობაც" და "ახალიც" ამას გააპროტესტებენ, "ლელომ" და სხვებმა, ჩემი აზრით, ეს არ უნდა გააპროტესტონ...

- "ნაცმოძრაობა"­ ზურაბიშვილს ხომ არ მოსთხოვს სააკა­შვილის შეწყალებას, თუნდაც პრეზიდენტის არჩევნებში­ მხარდაჭერის სანაცვლოდ? მით უმეტეს, ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობა უკვე გაჟ­ღერდა...

- შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზ­იური უფლებამოსილებაა. მე სწორი არ მგონია ამ საკითხის ახლა დაყენება. არჩევნების შემდეგ შესაძლებელი იქნება, ალბათ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ამ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართაც შეიძლება რაღაც ისეთი ტიპის გადაწყვეტილებაზე ვიფიქროთ, რომ მოიხსნას ანგარიშსწორების საკითხიც და სააკაშვილსაც მიეცეს პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოდ მიმაჩნია, მაგრამ ახლა იმის მოთხოვნა, რომ სააკაშვილი შეიწყალოს, ყველა არანაცური პარტიისთვის ძალიან წამგებიანი იქნება და, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებას აწყობს. იმედია, ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და თუკი ასე მოხდება, "ოცნებას" ამ თამაშში არ აჰყვებიან. საქმე ის არის, არ ვიცით, "ოცნება" რას იზამს. პირველად არის, რომ "ოცნება" საარჩევნო კამპანიას დაპირებების გარეშე ატარებს, მხოლოდ იმას გაიძახის, ჩვენ თუ არ ვიქნებით, ომი იქნებაო. ასეთი რამ არ მახსოვს და ვნახოთ, რამდენად ჭამს ამას საზოგადოება.

- ბოლო პერიოდში "ოცნება" აქტიურად საუბრობს ივანიშვილისთვის ტერაქტის მოწყობაზე, ისეთი რაღაც ვიცით, ღმერთმა არ ქნას, ამის გამჟღავნება დაგვჭირდესო. ამ მესიჯების ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არ სჯერა, მაშ, ვისზეა გათვლილი?

- ძალიან კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი და ამაზე უკვე მათივე ამომრჩევლები ხუმრობენ. მაგალითად, ამას წინათ ბაზარში ვიყავი და როგორც ხდება ხოლმე, სულ ერთგან ვყიდულობ და ვიცნობ მოვაჭრეს, "ოცნების" ამომრჩეველია. დღეს არ დამხვდა და რომ მოვიკითხე, მითხრეს, აი, ბიძინას რომ კლავენ, იმას გლოვობსო­. უკვე ხალხსაც ეცინება და შაყირობენ. სხვათა შორის, ეს ახალი არ არის, ყველა ავტორიტარს კრიზისი როცა უდგება და ნდობას კარგავს, მერე ეწყება ასეთი მოლანდებები, ვითომ მოკვლას უპირებენ. გახსოვთ, ასლან აბაშიძე რომ ამბობდა, ჟვანიამ კაცი მომიგზავნა, რომელმაც ფოტოაპარატით დამასხივაო. სააკაშვილზეც იყო ასეთი რაღაცები, რომ პუტინი უპირებდა მოკვლას. ახლაც რაღაც გლობალურო ომის პარტიაზე­ ლაპარაკობენ, რომელიც ხან ვის უწყობს ტერაქტს და ხან ვის, მაგრამ ვერავის ვერ კლავს. ამიტომ არა მგონია, ამას ვინმე სერიოზულად იღებდეს. მდინარაძის განცხადება მთლად გენიალური იყო, ყველაფერს ნუ მათქმევინებთო. თუ რაღაც ისეთი იციან, რომ ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოფნა-არყოფნაზეა ლაპარაკი, რას ჰქვია, მალავ?! თქმა მარტივია, რომ ისეთი საშინელებაა, ვერ ვიტყვიო. იმას ჰგავს, ქართულ ზღაპარში რომ ამბობს, "მე რაღაცა მაქვსო, მეფეს არა აქვსო". მართლა საბავშვო ბაღის დონეა და ეს საგიჟეთი თუ არ მოვიცილეთ 26 ოქტომბერს, კიდევ უფრო უარესს ველოდები.

- თუ დარჩება, რა შეიძლება მოხდეს?

- კარგი არაფერი. მე არ გამოვრიცხავ­, ხელისუფლებამ გაიმარჯვოს მცირე უპირატესობით, როდესაც 4-5 მანდატით მეტი ექნება, მაგრამ ეს მაინც მისი მარცხი იქნება, რადგან ივანიშვილს უკვე ნათქვამი აქვს, რომ მინიმუმ 60% უნდა. 4-5 მანდატით მეტი ნიშნავს, რომ ყველაფერი წკიპზეა. რა თქმა უნდა, თუ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალა, ასეთ შემთხვევას ვგულისხმობ. ამიტომ, თუ ლეგიტიმურ არჩევნებში ხელისუფლების მცირე უპირატესობა იქნება, ჩემი აზრით, ოპოზიციამ მაინცდამაინც თავი არ უნდა გაიგიჟოს და ბოიკოტი და მსგავსი სისულელეები არ უნდა აკეთოს. ამის მერე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის რადიკალური გამარჯვება უკვე შესაძლებელი იქნება, რაც ძირეულად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას. არჩევნები ლეგიტიმურად რომ ჩატარდეს და "ოცნებას" 4-5-მანდატიანი უპირატესობა ჰქონდეს, ბიძინას ეს მაინც დაანგრევს. ამიტომ როდესაც ივანიშვილი 60%-იან მოგებაზე ლაპარაკობს, ეს არ არის თავის დამშვიდება, მას მართლა ასეთი უპირატესობით სჭირდება მოგება, ეს არის მისი ამოცანა. თუმცა ეს ამოცანა იმთავითვე შეუძლებელია შესასრულ­ებლად, მაგრამ იმ შედეგის გამორიცხვა, რომ "ოცნებას" ჯამში 4-5 დეპუტატით მეტი შეიძლება ჰყავდეს, არ იქნება სწორი. თუმცა არც ის არის გამორიცხული, საერთოდ წაილეკოს ხელისუფლება.

რუსა მაჩაიძე