ფიცი პერესოპნიცის სახარებაზე
პერესოპნიცის სახარება ძველი უკრაინული ენისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი ხელნაწერი ძეგლია, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. ის 1556-1561 წლებში დაიწერა მაშინდელ ლიეტუვის დიდ სამთავროში: ქალაქ იზიასლავის (დღეს უკრაინაშია) სამების მონასტერსა და ქალაქ პერესოპნიცის (დღეს უკრაინაშია) ღვთისმშობლის მონასტერში. მწიგნობრები იყვნენ მიხაილო ვასილევიჩი, მღვდელმთავრის ვაჟი ქალაქ სანოკიდან და პერესოპნიცის მონასტრის არქიმანდრიტი გრიგორი.
ხელნაწერი, რომელიც ახალი აღთქმის ოთხი სახარებისგან შედგება, ჩაწერილია პირველი სლავური ანბანით, გლაგოლიცათი, უფრო ზუსტად კი მისი "უსტავის" ნაირსახეობით. პერესოპნიცის სახარება გახლავთ წმინდა წერილის კანონიკური ტექსტის პირველი ცნობილი თარგმანი ხალხურ შუა უკრაინულ ენაზე. საინტერესოა, რომ ამ ენას რუსები დასავლეთ რუსულს უწოდებენ, უკრაინელები - ძველ უკრაინულ მოვას, ბელორუსები - ძველ ბელორუსულ მოვას, ხოლო ლათინურად მას რუთენიული ენა ჰქვია (ლინგუა რუტჰენიცა).
ხელნაწერი მდიდრულად არის ილუსტრირებული. აქ არის ფერადოვანი და ოქრონარევი მაღალმხატვრული მინიატiურები, ინიციალები და გრაფემების დაბოლოებები უკრაინული მოტივებით. მხატვრულ სტილზე იტალიური რენესანსის დიდი გავლენა შერწყმულია ხალხური უკრაინული სტილის ორნამენტებთან. მთლიანობაში, პერესოპნიცის სახარების მინიატიურები უკრაინული ხატწერის სკოლის მაღალმხატვრულ დონეზე მეტყველებს. ეს სკოლა მჭიდროდ იყო დაკავშირებული როგორც ბიზანტიურ, ისე აღმოსავლეთსლავურ ტრადიციებთან.
პერესოპნიცის სახარების დაწერა შეუკვეთა ვოლინის პრინცესა ნასტასია იურიევნა ჟესლავსკა-ჰოლშანსკამ (ზასლავსკაია-ოლშანსკაია), მისმა ქალიშვილმა და სიძემ (ევდოკია და ივან ფედოროვიჩ ჩარტორიისკები). გარეკანი შეკრულია მწვანე ხავერდის ჩარჩოში ჩასმული მუხის დაფებით.
წიგნი დასრულების შემდეგ პერესოპნიცის მონასტერში ინახებოდა. 1600-დან 1701 წლამდე მისი ბედი უცნობია. 1701 წლის 17 აპრილს უკრაინის ჰეტმანმა ივან მაზეპამ იგი პერეიასლავის საეპისკოპოსო საყდარს აჩუქა. 1799 წლიდან ინახებოდა პერეიასლავის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკის არქივში, სადაც ის 1837 წელს მეცნიერმა იოსიპ ბოდიანსკიმ იპოვა და ამ თემაზე ნაშრომიც გამოაქვეყნა. XX საუკუნის დასაწყისში სახარება პოლტავის სიძველეთა საცავში გადაიტანეს. შემდეგ იგი დაცული იყო პოლტავის ისტორიისა და რეგიონული კვლევების მუზეუმში, კიევ-პეჩორის ლავრაში. 1947 წლის 24 დეკემბერს კი უკრაინული კულტურის საგანძური განათავსეს ვერნადსკის უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის ხელნაწერ განყოფილებაში, რომელიც ამჟამად ვ. ი. ვერნადსკის სახელობის უკრაინის ეროვნული ბიბლიოთეკაა.
პერესოპნიცის სახარების ფურცლებზე გაკეთებულია რამდენიმე მინაწერი. მაგალითად, პირველ გვერდებზე ჰეტმან ივან მაზეპას მიერ პერეიასლავის ეკლესიისთვის ჩუქების წარწერაა.
ძეგლი შეიცავს უნიკალურ მასალას უკრაინული ენის ისტორიის ყველა დონეზე შესასწავლად. აქ მდიდარი მასალაა XVI საუკუნეში უკრაინული ცოცხალი ხალხური მეტყველებისა და მწიგნობრული ელემენტების ურთიერთქმედების შესახებ ლიტერატურულ-სამწერლობო ენასთან. მეცნიერთა შეფასებით, ძეგლის ტექსტის სინტაქსური სტრუქტურა მკაფიოდ უკრაინულია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ექვსივე პრეზიდენტმა 1991 წლის შემდეგ, ლეონიდ კრავჩუკიდან ვოლოდიმირ ზელენსკიმდე, უკრაინის კონსტიტუციასთან ერთად, ფიცი სწორედ პერესოპნიცის სახარებაზე დადო. ის დღეს დიდ სულიერ ფასეულობასა და უკრაინის ეროვნულ სიმბოლოს წარმოადგენს.
რამაზ გურგენიძე
"ისტორიანი" .#130