რა გვასწავლა შოვის ტრაგედიამ?!
კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის, ღვარცოფი მოვარდა... ენით აღუწერელმა ტრაგედიამ 33 კაცი შეიწირა, მათ შორის იყვნენ ბავშვები... სტიქიასთან პირისპირ დარჩენილებიდან ნაწილი გადარჩა - მათ რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ შეძლეს ტალახიანი მდინარიდან თავის დაღწევა. ზოგმა ეს თავისით მოახერხა, ზოგიც მაშველების მისვლამდე ადგილობრივებმა გაიყვანეს სამშვიდობოს. ზათქით წამოსულმა ღვარცოფმა წალეკა მდინარე ჭანჭახის კალაპოტში ჩამდგარი კოტეჯები, მოგლიჯა ხიდები, ხეები და რამდენიმე წუთში სიკვდილის ზონად გამოცხადდა ულამაზესი კურორტი, რომელიც 3 აგვისტოს 3 საათამდე სიცოცხლით იყო სავსე.
"საშინელი ხმები იყო, წყალს მთელი ხეტყე მოჰქონდა. წამოსული მასა ხიდს დაეჯახა, მოგლიჯა და თან გაიყოლა. ხიდიდან კი გადმოვედით, მაგრამ მეწყერში აღმოვჩნდით, ლაფის მასა ჩვენზე მოდიოდა, პირველი ტალღა მე და ჩემს დისშვილს, მაშოს დაგვეჯახა. მერე ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, შუა მეწყერში ბავშვით ხელში აღმოვჩნდი... მაშოს ვუთხარი, ერთად უნდა ვიყოთ, უნდა გადავრჩეთ-მეთქი. მივდივართ, მივდივართ და ზემოდან ისევ ისმის საშინელი ხმა, მეწყრის უშველებელი ტალღა მოდის. მთიდან წამოსული მასა რომ დამეჯახა, ბავშვს ცოცხალი თავით ხელი არ გავუშვი, მივიხუტე გულზე და შევტრიალდი ზურგით ამ ღვარცოფზე. ტალღა დაგვეჯახა და ძალიან შორს გადაგვაგდო. წელამდე ტალახში ვართ, ვერ ვინძრევით, ვერ დავდივართ. მაშოს მარტო სახე და ყურები უჩანს. ერთი ის დავინახე, რომ მიყურებს და გონზეა. ხელი არ უნდა გავუშვა, თორემ ვეღარასდროს ვნახავ", - ამბობდა მეწყერს გადარჩენილი დათო ჯელაძე, რომელმაც იმ დღეს ოჯახთან ერთად გაიარა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.
ამ ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, არსად წასულა შოვში სტიქიის გამეორების საფრთხე. გეოლოგების თქმით, კლდეზვავის მასალა ისევ მყინვარზეა დარჩენილი და როდის დაძრავს მას წყალი შოვისკენ, არავინ იცის. ამას კვლევა სჭირდება. გარდა ამისა, შოვის თავზე სხვა მყინვარული ხეობებიც არის, რომლებიც იმავე პროცესებს გადის, რაც მყინვარ "თბილისაზე" განვითარდა და რამაც 3 აგვისტო მოიტანა... გლაციოლოგმა, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის წამყვანმა მეცნიერ-მკვლევრმა ლევან ტიელიძემ სატელიტური ფოტოების მეშვეობით აღწერა, რა ტიპის მოვლენასთან გვქონდა საქმე, როგორ განვითარდა პროცესები, ვიდრე ღვარცოფი სტიქიის ზონამდე - კურორტ შოვამდე მოაღწევდა. სპეციალისტი განმარტავს, რომ ზვავი უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე წარმოიშვა.
- შოვის სტიქია იყო ტიპური გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. ღვარცოფი წარმოიქმნა კლდეზვავის წარმოქმნის შედეგად - კლდოვანი შვერილი, რომელიც მყინვარ "თბილისას" მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს (3700-3800 მ-იანი ინტერვალი), ჩამოიქცა და კლდოვან მასასთან ერთად, სავარაუდოდ, ყინულოვანი მასაც წამოიღო. სტიქიის კერა, კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. შემდეგ ჩაითრია კიდევ უფრო მეტი ნაშალი მასალა მყინვარის ზედაპირიდან, ფრონტალური ნაწილიდან და პერიგრაციალური ზონიდან. ვინაიდან დაქანება ძალიან დიდი იყო - შოვიდან სტიქიის კერამდე 2000 მ-ზე მეტია ჰიფსომეტრიული (სიმაღლებრივი) სხვაობა, ღვარცოფს დიდი სისწრაფე ექნებოდა. მოქმედების გზაზე ამ პროცესმა, იმ ყველაფრის გარდა, რაც ვახსენე, კიდევ ჩაითრია ხეობის კალაპოტში არსებული ნაშალი მასალა და ხეტყე, რომელიც შეიძლება კალაპოტში ყოფილიყო დაგროვილი. შემდეგ ღვარცოფული ნაკადის სახით გამოვიდა და გაიშალა შოვის ტერიტორიაზე. კლდეზვავური მასა ჩამოვიდა არა მყინვარ "ბუბას" დასავლეთ ფერდობზე (როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშში და ზოგიერთი მეცნიერის ინტერვიუშია ნახსენები), არამედ მყინვარ "თბილისას" დასავლეთ ფერდობზე.
მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში 2014 წლის 17 მაისს მყინვარ დევდარაკზეც დაფიქსირდა. ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია მუდმივ მზრალობასთან. მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები, რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო, კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე ექვემდებარება სეზონურობას. ე.ი. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს. ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს: 1. თავისით; 2. წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად; 3. მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც.
მყინვარების დნობის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორია, რომელთა შორის ძირითადი კლიმატის გლობალური ცვლილებაა. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ ატმოსფეროზე, არამედ დედამიწის რელიეფზე, ლანდშაფტზეც. ზოგადად, მყინვარები დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ყველაზე კარგი ინდიკატორია - როდესაც მყინვარები მასიურად წინ მოდის, ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობს აცივება, როდესაც უკან იხევს - დათბობა. გეოლოგიურ წარსულში არაერთხელ ყოფილა ისეთი პერიოდები, როდესაც მყინვარები ბევრად დიდი ან ბევრად უფრო პატარა ფართობს იკავებდა, რაც დაკავშირებულია კლიმატურ რყევებთან და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია.
ამჟამინდელი კლიმატის ცვლილება დაიწყო დაახლოებით 200 წლის წინ და გეოგრაფიულ ლიტერატურაში ცნობილია როგორც მცირე გამყინვარების შემდგომი პერიოდი. მყინვარების დნობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ ტემპერატურის მატების პარალელურად, თოვლის ხაზმა ჰიფსომეტრიულად უფრო მაღლა აიწია, შესაბამისად, მას მიჰყვა წვიმის ხაზიც. ანუ სადაც ადრე ნალექი მუდმივად თოვლის სახით მოდიოდა, დღეს შეიძლება იქ წვიმა მოვიდეს. მყინვარებზე თოვლის საფრის შემცირება ყოველთვის უარყოფითად აისახება, რადგან თოვლი კვებავს მყინვარს, თოვლი თეთრი შეფერილობის გამო მეტად ირეკლავს მზის სხივებს და¬იცავს მყინვარულ ყინულს ინტენსიური დნობისგან, ასევე, თოვლი ქმნის უფრო ცივ მიკროკლიმატს მყინვარის მიმდებარედ, ვიდრე თავად მყინვარული ყინული.
2022 წელს გამოქვეყნებულმა ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კავკასიონის ბევრმა მყინვარმა თოვლის ხაზი საერთოდ დაკარგა და ინტენსიური დნობა უშუალოდ ყინულის ხარჯზე მიმდინარეობს, რაც უფრო აჩქარებს მყინვარების შემცირებას. სტიქიას გამეორება ახასიათებს და ის შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს. ჩვენ ხომ არ ვიცით, მომავალ წლებში როგორი ზაფხული და რა ტემპერატურა იქნება, ან რა რაოდენობის ნალექი მოვა? ეს ძირითადად კლიმატურ ფაქტორებსა და ამინდზეა დამოკიდებული. მაგალითად, ვერეს ხეობაში ღვარცოფი 60 წლის მერე, 2015 წელს გამეორდა. შეიძლება ასეთი სტიქია აღარასდროს გამეორდეს, ან პირიქით - 2 კვირაში ისეთი დიდი ნალექი მოვიდეს, რომ იგივე პროცესი განვითარდეს. კლიმატის ცვლილების გამო ამინდი შტორმული ხასიათის ხდება, რაც ნიშნავს, რომ ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. უბრალოდ, მზად უნდა ვიყოთ, ინფორმირებული და უსაფრთხოების ნორმებიც უნდა გვქონდეს დაცული.
"ისევ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრებას გავაგრძელებთ"
ლაშა სუხიშვილი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი: - ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან და ამასობაში კლიმატი ნამდვილად იცვლება, რაც კატასტროფულია ჩვენთვის. ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ, რა ტრაგედიის დატრიალება შეუძლია ამ პროცესს. ნიუსის სახით გავიგეთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო აპირებს რაღაცა ტიპის მყინვარების მონიტორინგს უცხოელებთან ერთად. ცხადია, ეს საკმარისი არ იქნება, რადგან უფრო კომპლექსური და სტაბილური მიდგომაა საჭირო, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში ასობით მყინვარია და მათგან ათობით შეიძლება იყოს ძალზე სახიფათო. პრობლემაა ისიც, რომ ამ მიმართულებით თუ რამე გაკეთდა ქვეყანაში, იქნება ეს საფრთხეების შეფასება თუ სხვა, არ იქნება მდგრადი იქიდან გამომდინარე, რომ დანარჩენი სექტორები, მაგალითად საგანმანათლებლო, არა ვართ ამ პროცესთან სინქრონში. სახელმწიფო თითქოს რაღაცას აკეთებს, მაგრამ სხვა სექტორები, რომლებმაც მას კადრები უნდა მიაწოდოს, განზე ვართ დატოვებული და უმეტეს შემთხვევაში, ახალი ამბებიდან ვიგებთ სიახლეებს.
საქართველოში მარტო მყინვართან დაკავშირებული კი არა, უამრავი საფრთხეა - მეწყერი, წყალდიდობა და ა.შ. მიუხედავად ამისა, ისევ გრძელდება მშენებლობები საშიშ ზონებში. ერთადერთი ამოცანა, რაც ჩვენ წინაშე დგას, ის არის, რომ მშენებლობები იურიდიულად ასე თუ ისე გამართული მაინც იყოს, ხოლო რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოებას და ბუნებრივ სტიქიებს, ამას ყურადღება ისევ არ ექცევა.
ამ მხრივ ამ ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ისევე, როგორც 2015 წლის თბილისის სტიქიის შემდეგ არ შეცვლილა არაფერი (კარდინალურად, თორემ მიკროცვლილებები შეიძლება არის).
ასეთ დროს და ასეთ საშიშ ადგილებში მშენებლობები არ შეიძლება, მაგრამ თუ უკვე აშენებულია და შემდეგ მოხდა იდენტიფიცირება როგორც საფრთხის შემცველის, მაშინ უნდა შედგეს გეგმა, კომპენსაცია, ადგილმონაცვლეობა - რაღაც მექანიზმი უნდა გამოინახოს, რათა ადამიანები არ იყვნენ სახიფათო ტერიტორიებზე.
საქართველოში, სამწუხაროდ, ასეთი მიდგომაა, რომ ცუდი აღარაფერი მოხდება, ცუდმა ჩაიარა... ვერეს ხეობაზეც არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია აღარ მოხდება და ამიტომ იქ მშენებლობა შეიძლება. იმას კი არ ამბობენ, სტიქია აღარ მოხდებაო, მსგავსი მასშტაბის არ მოხდებაო. თუმცა ამასაც რის საფუძველზე ამბობენ, როცა შეფასება არ მომხდარა, ცოტა გაუგებარია... შეიძლება მსგავსი სტიქია მართლა არ მოხდეს, მაგრამ ჯერ ხომ უნდა დაითვალოს და შეფასდეს საფრთხეები?
შოვის სტიქიამ დაგვანახა, რომ ისეთი ადგილები, რომლებიც მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ ითვლებოდა, აღარ არსებობს. ხელახლაა შესაფასებელი საფრთხეები და დასადგენია, რაც ადრე მიგვაჩნდა უსაფრთხოდ, კვლავ უსაფრთხოა თუ კლიმატის ცვლილებამ სახიფათო გახადა. რომ გითხრათ, არ მიდის ამაზე მუშაობა-მეთქი, ტყუილია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია უცხოელი სპეციალისტების საქმეში ჩართვა, თუმცა იმისთვის, რომ ეს მიდგომები უფრო მდგრადი იყოს, მნიშვნელოვანია უცხოელმა სპეციალისტებმა ცოდნა გადასცენ ადგილობრივ სპეციალისტებს, უნივერსიტეტებს, რომლებმაც უნდა მოამზადონ კადრები, მუდმივად უცხოელებზე ვერ ვიქნებით დამოკიდებულები.
ადრე ხალხი აქცევდა ყურადღებას, სად სახლდებოდა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში კი ქვემოთ ჩამოიწიეს და მიუახლოვდნენ ჭალებსა და მეწყრულ ზონებს.
რაც შეეხება წინასწარი გაფრთხილების შეტყობინების სისტემას, საქართველოში მხოლოდ დევდარაკზეა მრავალკომპონენტიანი სისტემა, ხოლო საკმაოდ ღარიბია ვერეზე - არასაკმარისია სენსორები. მაღალი რისკია იმ მხრივ, რომ დედაქალაქია და სისტემაში ბევრად ცოტა კომპონენტია ჩართული.
არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტეს, ისიც არ ვიცი, მუშაობს თუ არა ჩამკეტი სისტემა, მეწყრულ ზონაში შესასვლელი შლაგბაუმები (რომლებიც, წესით, უნდა იკეტებოდეს, თუ ალარმი გამოიცემა). ამას წინათ განგაში იყო, თუმცა წყლის რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს არ გადააჭარბა. ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თანაც ამის შესახებ ინფორმაცია თბილისს ჰქონდა, რაც ძალიან კარგია. რაც განგაში დაფიქსირდა, ის დრო საკმარისი გახდა საგზაო მოძრაობის ჩასაკეტად და ევაკუაციისთვის. თუ სწორად მახსოვს, დევდარაკი გათვლილია 5 წუთზე, სასიგნალო სისტემა მეტ დროს არ იძლევა. დევდარაკის სისტემა სამეცნიერო დონეზეა გათვლილი, ვერეზე კი მსგავსი რამ არ არსებობს. ეს შვეიცარიელების გამოქვეყნებულ ერთ პუბლიკაციაშიც არის ნათქვამი. ვერეს სისტემა რაღაც შეუცნობელი ფენომენია, გაუმართავი, შეიძლება ნაწილ-ნაწილ, ყურმოკვრით გავიგოთ, რომ სადღაც რაღაც ჩართულია, გათიშულია თუ სხვა. სანამ საფრთხეების შეფასება გვექნება და მსგავსი დოკუმენტები ღია იქნება, მანამდე მაინც გავარიდოთ მოსახლეობა იმ ტერიტორიას, რომელიც ვიცით, რომ საშიშია. რეგიონებში ხალხს რომ ჰკითხოთ, იქ ყველა გეტყვით, რომელი ტერიტორია იტბორება, სად ჩამოდის ღვარცოფი, რომელია მეწყრული ზონა და ა.შ. ისინი ადრე ერიდებოდნენ ასეთ ზონებში დასახლებას, მაგრამ დღეს ზოგან სახლი შენდება, ზოგან რესტორანი, სასტუმრო... სანამ სახელმწიფო დაგვეწევა, ჩვენი თავის იმედზე უნდა ვიყოთ. დღეს ყველაზე მაღალი რისკი და საფრთხე (პლუს მოსახლეობასთან დაკავშირებული), არც მეტი, არც ნაკლები, თბილისშია - მოსახლეობა მრავალრიცხოვანია, ქალაქი მჭიდროდ დასახლებულია და საფრთხეც ბევრი სახისაა - იგულისხმება არა მარტო ვერე, არის სხვა მდინარეებიც, წყალმოვარდნები რომ იცის, არის მეწყრული უბნებიც და ამას დავუმატოთ მიწისძვრის საფრთხეც.
"უფრო რადიკალურად უნდა ვიმოქმედოთ"
ზურაბ ჯავახიშვილი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოფიზიკოსი: - შოვის სტიქიის განმეორების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, ვინაიდან მყინვარი ინტენსიურად დნება, არის ნაშალი მასალაც... ნაკლებსავარაუდოა, რომ ასეთი მასშტაბური სტიქია მოხდეს, მაგრამ არც გამორიცხულია. მთავარი ისაა, სხვა მყინვარებიც ასეთივე მდგომარეობაშია, არის სახიფათო ადგილები და ამას ყურადღების მიქცევა უნდა. კლიმატის ცვლილებამ და მყინვარების ინტენსიურმა დნობამ განაპირობა მყინვარული ტბების ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული წყალდიდობა. ეს მსოფლიო პრობლემაა და, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იქნება. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები - წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავები... მთაგორიან ადგილებში ძალიან დიდია მეწყრის, წყალმოვარდნის საფრთხეები (არა მარტო მყინვარების, არამედ თოვლის დნობით, წყალდიდობით, შემოდგომაზე ნალექების გაზრდილი რაოდენობით გამოწვეული), რის შედეგადაც მატულობს კატასტროფები. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი ყველგან დიდ ფართობს იყენებს ინფრასტრუქტურისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, საცხოვრებლადაც და შესაბამისად, ადამიანებიც ვზრდით ამის საფრთხეებს. რამდენადაც ვიცი, იტალიელები თუ შვეიცარიელები მუშაობენ მყინვარებზე, ყველაზე სახიფათო 5 ზონა გამოიყო და მიმდინარეობს კვლევა, რაც სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა ჩატარდეს. გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს ასეთი გეგმა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ამის შესახებ ფართოდ ინფორმირება არ ხდება - რას აკეთებენ, რა გამოიკვლიეს და ა.შ. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ასეთი კვლევები ჩატარდებოდა, რათა ზაფხულისთვის მომზადებულები ყოფილიყვნენ, მაგრამ რამდენად მზად არიან, ვერ გეტყვით. წინასწარი შეტყობინების სისტემების დანერგვა დიდ დროს მოითხოვს, მით უმეტეს, დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი, სად და რა ტიპის სისტემა დამონტაჟდება. ბუნებრივია, ამ ზაფხულს ეს ვერ მოესწრება.
გვასწავლა კი რამე შოვის ტრაგედიამ? - არა მგონია, რამე შეცვლილიყო. უფრო რადიკალურად უნდა ვიმოქმედოთ.
დღეს არის რისკის ზონები, განსაკუთრებით დასავლეთ კავკასიონზე (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სადაც მყინვარების ქვეშ დასახლებული პუნქტები სახიფათო ზონაში არიან), სადაც მოსალოდნელია არა მარტო მყინვარული ღვარცოფები, არამედ ღვარცოფული მოვლენები, მეწყრებიც.
ჩვენთან ძლიერი მიწისძვრა იშვიათია, მაგრამ ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავს ხოლმე. ღვარცოფი თუ მარტო ერთ ხეობაშია, მეწყრის ფართობიც დიდი არ არის, ძლიერმა მიწისძვრამ შეიძლება დააზიანოს შენობები ძალიან დიდ ფართობზე, ამასთან, გამოიწვიოს მეწყრები და სხვა მოვლენები.
უნდა გამოიყოს სახიფათო ზონები, გაითვალოს მოსალოდნელი რისკები და ხიფათები, აუცილებელია ინფრასტრუქტურა და მშენებლობა ამის გათვალისწინებით კეთდებოდეს. განსაკუთრებით მეწყერზე თუა საუბარი (რომელიც ლოკალური მოვლენაა), მოსახლეობა და ხელისუფლება უნდა იყვნენ ინფორმირებული და მზად ამისთვის. მოსახლეობამაც და კურორტებზე დამსვენებლებმაც უნდა იცოდნენ, რა შესაძლო ხიფათია მოსალოდნელი. ძალიან კარგი იქნება გაკეთდეს ადრეული შეტყობინების სისტემები (ცოტა ძვირია და დრო სჭირდება, მაგრამ მაინც), თუმცა გადამწყვეტი მაინც არის დაგეგმარება და ის, რომ მშენებლობა მიმდინარეობდეს სწორად - როგორც საცხოვრებლების, ისე ინფრასტრუქტურის.
შეიძლებოდა თუ არა შოვში მსხვერპლის თავიდან აცილება? გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ მდინარის კალაპოტში კოტეჯების ჩადგმა დაუშვებელია, ამ შემთხვევაში მსხვერპლის დიდი ნაწილი გადარჩებოდა. მთავარი მსხვერპლი სწორედ იმ კოტეჯებთან იყო დაკავშირებული. შოვში კოტეჯები 60-იან წლებში აშენდა. ეს კიდევ იმის პრობლემაა, რომ საბჭოთა პერიოდში ამას დიდი ყურადღება არ ექცეოდა და ბევრს ჰგონია, მაშინ უფრო მოწესრიგებული იყო მშენებლობის საკითხი.
ადრე ხეობებსა და ჭალებში, მდინარის კალაპოტში არასდროს შენდებოდა სახლები, ბოლო ხანებში ჩადგეს, დაიწყეს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავებაც, რასაც მუდმივად მოჰყვება ხოლმე ზარალი და, სამწუხაროდ, მსხვერპლიც. კლიმატის ცვლილებამ ბევრი რამ შეცვალა და ბოლო საუკუნეებს თუ გადავხედავთ, ბევრი ისეთი სტიქია შეიძლება ვიხილოთ, რაც ადრე არ ყოფილა.