საქართველო ქრისტეფორე კოლუმბის ჩანაწერებში
რთული წარმოსადგენია, მაგრამ საქართველოს ისტორია და გეოგრაფია ქრისტეფორე კოლუმბის ანოტაციებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კიდევ უფრო მოულოდნელია, რომ ის მოიცავს არა საქართველოს ისტორიის ცალკეულ ფრაგმენტს, არამედ ყველა ძირითად მოვლენას ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე, რაც შესაბამის ეპოქებში დასავლური წყაროებისთვის იყო ცნობილი.
საქართველოზე საუბრისას კოლუმბი ძირითადად ეყრდნობა ანტიკურ წყაროებს: პტოლემაიოსს, პლინიუსს, სტრაბონს, რუფინუსს; შუა საუკუნეების ავტორებიდან - ჰაიტონსა და პეტრე აილელს, ანტიკური წყაროების დიდ ნაწილს იგი ეცნობოდა პიუს II-ის "ისტორიაში", რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მის ინტერესებზე. ანოტაციების დიდი ნაწილი კოლუმბმა სწორედ ამ თხზულების არშიებზე წააწერა, ძირითადი ტექსტის გასწვრივ, რომლებშიც ყურადღებას ამახვილებდა საქართველოს ისტორიიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებზე: იბერიის ოთხკლასოვანი სოციალური სისტემა, პომპეუსის მიერ იბერიის დაპყრობა, წმინდა ნინოს მიერ იბერიის გაქრისტიანება, მირიან მეფის სასწაული, სვეტიცხოვლის მშენებლობა, დასავლეთ ს
აქართველოს დამოუკიდებლობა მონღოლთა იმპერიისგან და სხვა. იგი შენიშნავს, რომ სტრაბონი დიდად აქებს იბერიას, როცა ეს უკანასკნელი საუბრობს იბერიის მრავალრიცხოვან ქალაქებსა და ბრწყინვალე არქიტექტურით ნაგებ საზოგადოებრივ ნაგებობებზე. კოლუმბის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიისადმი იქიდანაც ჩანს, რომ მას თავისი ჩანაწერები იბერიასა და კოლხეთზე ამოხაზული და მორთული აქვს (ანოტაციები 231, 242). საგანგებოდ ამოუხაზავს მირიან მეფის სასწაულებრივი მოქცევაც (241), საქართველოს მდინარეები - მტკვარი, რიონი და ცხენისწყალი მონავარდე ფრინველის გამოსახულებით ჩაუნიშნავს (244).
ქვემოთ გთავაზობთ მის მინაწერებს, რომელთაც განმარტებით კომენტარებს დავურთავ:
239: “Auctor multum laudat Hiberia – Hiberia ad clima spectat sicut Albania”
"ავტორი დიდად აქებს იბერიას - იბერია კლიმატით ალბანეთს ჰგავს"
ეს ანოტაცია კოლუმბს სტრაბონის გეოგრაფიაში მოცემული იბერიის აღწერილობის პარალელურად ჩაუწერია.
240: “Reges primum diligebant qui propinquitattem & eetatem antecedebat Secundum Sacerdotos Tertium Milites agricultures Quartum vulgi quod regibus serviebat”
"პირველნი, მეფენი აირჩევიან ახლობლობისა [ნათესაობის] და ასაკის მიხედვით გვარში, მეორენი ღვთისმსახურნი, მესამენი მხედარ/მიწათმოქმედნი, მეოთხენი ხალხნი, რომელნიც მეფეს ემსახურებიან"
აქ კოლუმბი გადმოგვცემს იბერიის სოციალური სისტემის კარგად ცნობილ აღწერას სტრაბონის თხზულებიდან.
241: “Pompeus hiberiam Romano imperio subiccit”
182: “exercium maiorem quam hiberes equitum 22 millia. Peditum 60 milia Maximum Miraculum per quem hiberos facti sunt christiani”
"პომპეუსმა იბერია რომის იმპერიას დაუმორჩილა
იბერთა დიდი ლაშქრობა 22 ათასი ცხენოსნით და 60 ათასი ფეხოსნით
დიდი სასწაული, რომლითაც იბერები ქრისტიანობაზე მოიქცნენ"
“deum colere qui christus esse respondit”
"ღვთის რისხვა, რომელსაც ქრისტემ უპასუხა"
241² “Construitur ecclesia magni operis”
"ეკლესიის დიდი სამშენებლო სამუშაოები"
პიუს II-ის "ისტორიის" არშიებზე ამ მინაწერებში კოლუმბს ჩაუნიშნავს მირიანის სასწაულებრივი მოქცევა, ქართლის გაქრისტიანება და სვეტიცხოვლის მშენებლობა.
231: “Auctor hic multum tratat de hiberia”
"ავტორი აქ ბევრს საუბრობს იბერიაზე" (ეს ფრაზა ამოუხაზავს და შეუმკია)
“aragum fluvium & alazones fluvius & alia tria nauigabilia sunt in mare caspium”
"მდინარე არაგვი და მდინარე ალაზანი, სამი სხვა სანაოსნო კასპიის ზღვაშია".
ამ რამდენადმე ბუნდოვან ფრაზაში, ჩანს, კოლუმბი გულისხმობს, რომ არაგვი და ალაზანი სანაოსნოდ გამოიყენებოდა.
242: “Hiberas hodie Georgianos appellant legatus eorum venit ad Auctorem in mantua colunt christum”
"იბერიას ახლა საქართველო ეწოდება,
ქრისტეს აღმსარებელი მათი ლეგატი მოვიდა ავტორთან მანტუაში"
კოლუმბი "ავტორში" პაპ პიუს II-ს გულისხმობს, რომელსაც მართლაც ეახლნენ ქართველი ლეგატები ანტიოსმალური კოალიციის მოწყობასთან დაკავშირებით.
230: “fl aragum m caucafus”
"მდ. არაგვი, მ. კავკასია"
244: “fluvius hipus, fluvius coraxus, fluvius hipus, flumen Phasin, fluvius glaucus, fluvius hipus, fluvius cirrus”
"მდინარე ცხენისწყალი, მდინარე კორაქსი, მდინარე ცხენისწყალი, მდინარე ფაზისი, მდინარე გლავკოსი, მდინარე ცხენისწყალი, მდინარე მტკვარი"
საქართველოს მდინარეების მოცემულ ჩამონათვალს იგი წააწერს პიუს II-ის ზემოხსენებული თხზულების არშიებზე, ძირითადი ტექსტის პარალელურად. ცხენისწყლის (Hipus) გასწვრივ კოლუმბს მონავარდე ფრინველის ჩანახატი მოუთავსებია.
167: “regnum Georgiaregnum abeas senper liberum a domino tartarorum idest magnus kan”
"ქართველთა სამეფო
აფხაზთა სამეფო ყოველთვის თავისუფალი იყო თათართა ბატონის ანუ დიდი ხანისგან".
კოლუმბი თავის ანოტაციებში კიდევ ბევრგან ახსენებს საქართველოს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ მან შეისწავლა ყველაფერი, რისი შესწავლაც ამ პერიოდის ევროპაში შეიძლებოდა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ის თავის ანოტაციებს საქართველოზე ხაზავდა და ამკობდა. კვლავ და კვლავ უბრუნდება მათ.
რით უნდა ყოფილიყო გამოწვეული კოლუმბის დაინტერესება საქართველოს ისტორიითა და გეოგრაფიით? ამ პერიოდის დასავლეთ ევროპაში, სამყაროს მკვლევრები და მოგზაურები შთაგონებული იყვნენ პრესვიტერ იოანეთი და მისი ქრისტიანული იმპერიით აღმოსავლეთში. ქრისტიანულ საქართველოსთან დაკავშირებით, კოლუმბი სხვადასხვა წყაროში კითხულობდა, რომ აქ ჰყავდათ ძლიერი ქრისტიანი მეფე, ჰქონდათ "მრავალრიცხოვანი ქალაქები", "არქიტექტურულად ნაგები შენობები", ნაყოფიერი მიწა, დიდი ლაშქარი, ძირძველი ქრისტიანული კულტურა, ღვთაებრივი სასწაულები და ა.შ. ამგვარად, საქართველო ბევრი რამით ჰგავდა იმ ზღაპრულ სამეფოს, რომელსაც კოლუმბი ეძებდა. ყველაფერ ამის გამო, მისი განსაკუთრებული ინტერესი საქართველოსადმი კარგად გასაგებია.
ქრისტეფორე კოლუმბი და პრესვიტერი იოანე
ქრისტეფორე კოლუმბი, ისევე როგორც ამ ეპოქის სამყაროს მკვლევართა უმეტესობა, პრესვიტერ იოანეთი იყო შთაგონებული. განსაცვიფრებელია, რომ პრესვიტერის "ლეგენდარულმა პერსონამ" დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და ახალი სამყაროს შექმნაში უზარმაზარი ისტორიული როლი შეასრულა. ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგაც კი კოლუმბი ფიქრობდა, რომ მან მიაგნო პრესვიტერ იოანეს ნანატრ სამეფოს - ინდოეთს. პრესვიტერი, თავის ინდოეთთან ერთად, ბევრჯერ გადაადგილდა და შესაბამისად, დაიკარგა ცოდნა მისი სამეფოს თავდაპირველი მდებარეობის შესახებაც. პრესვიტერ იოანეს სამეფო ამიერიდან დაკარგულ სამეფოდ იქცა, მაგრამ ძველი ევროპული გეოგრაფიული წარმოდგენების შესწავლით, არც ისე რთულია გაირკვეს კოლუმბის ინსპირაციის - პრესვიტერ იოანეს ვინაობა და მისი სამეფოს რეალური მდებარეობა.
ჰონორიუს ავგუსტოდუნენსიზის შრომაში, რომელიც კარგად ასახავს XII საუკუნის ევროპაში არსებულ მასობრივ გეოგრაფიულ წარმოდგენებს (ცალკეული ინდივიდის და თუნდაც ჯგუფის უფრო ზუსტი გეოგრაფიული ცოდნა ზოგად გეოგრაფიულ ხედვებს არსებითად ვერ ცვლიდა) ვკითხულობთ: "შემდეგ მოდის ინდოეთი, სახელდებული მდინარე ინდუსისგან, რომელსაც სათავე აქვს ჩრდილოეთში, კავკასიის მთებში". თავდაპირველად, შესაძლოა გვეფიქრა, რომ აქ ავტორი ინდოეთის კავკასიონს, ჰინდიყუშს გულისხმობს, მაგრამ შემდეგი წინადადება ამგვარ ეჭვს აქარწყლებს, რადგანაც აქ საუბარია როგორც კასპიის ზღვაზე, ოკეანედ წარმოდგენილზე, რომელიც "ინდოეთშია", ასევე კარგად ცნობილ ჩრდილოკავკასიურ ტომებზე: "კასპიის მთები, რომლითაც კასპიის ზღვაა სახელდებული, არის ინდოეთში, აქ არის საზარელი ერები გოგისა და მაგოგისა". მეორე მხრივ, ჰონორიუსმა, სახელის მეტი თითქმის არაფერი იცის იბერიაზე, ისევე როგორც კასპიის ზღვაზე, რაც კანონზომიერია, რადგან სწორედ ამ არცოდნისა და ბუნდოვანების საფუძველზე ჰქონდათ დასავლელ ავტორებს ინდოეთი წარმოდგენილი საქართველოდ ან საქართველოს მახლობელ ქვეყნად. ამავე საუკუნის სხვა ავტორის, ჯერომის მიხედვით, ინდოეთის მეორე სახელოვანი მდინარის - განგის სათავეც კავკასიის მთებშია. ინდოეთს კავკასიასთან ათავსებს გერვაზიუს ტილბერიელიც (1150-1220). ოტო IV-ისთვის შედგენილ თავის ცნობილ ისტორიულ-გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში იგი აცხადებს, რომ "ინდოეთში არის კასპიის (კავკასიის) მთები". კავკასიასთანაა მოთავსებული ინდოეთი ვინსენტ ბურგუნდიელის (1184-1264) შრომაში, აგრეთვე “LAMBETH 10 (FOLშ 1ღ2ღ)”-ში კავკასიით ისაზღვრება ინდოეთი ებსტორფის განთქმულ მსოფლიო რუკაზეც და ვოლფრამ ფონ ეშენბახთანაც. კაროლუს კლუსიუსთან საქართველოს საზღვრების შესახებ ვკითხულობთ: “Eorumque Limites extenduntur in Indiam usque orientalem” - "მისი საზღვრები აღმოსავლეთით ვრცელდება ინდოეთამდე". ზოგჯერ ფეოდალური ხანის საქართველოს უშუალოდ ინდოეთადაც წარმოიდგენენ და არა მხოლოდ მის მომიჯნავედ. მაგალითად, “Chronicon Budense”-ის შემდეგი მინაწერი: “Aethiopia, quae Minor India dicitur. i.e. Armenia maior” - "ეთიოპია, რომელიც მცირე ინდოეთადაც იწოდება, ე.ი. დიდ სომხეთად". "დიდი სომხეთი" "მცირე სომხეთის" ანუ კილიკიის სომხეთისგან განსასხვავებლად შექმნილი ტერმინი იყო და აღნიშნავდა თანამედროვე სომხეთის ტერიტორიას, რომელიც ფეოდალური ხანის საქართველოს საზღვრებში შედიოდა, რის გამოც ქართველთა მეფეები სომეხთა მეფის ტიტულსაც ატარებდნენ. მაგალითად, დავით აღმაშენებელი ბალდუინის პანეგირიკში აფხაზთა და სომეხთა მეფედაა სახელდებული. ყველა ამ წყაროს გათვალისწინების შემდეგ, ადვილი გასაგებია უადრესი ცნობა პრესვიტერ იოანეს შესახებ, “Continuatio Admontensis”, რომელიც პრესვიტერ იოანეს სომხეთისა და ინდოეთის მეფეს უწოდებს. რა თქმა უნდა, აქ დავით აღმაშენებელი იგულისხმება და წარმოდგენილი მასალა ამის საჩვენებლად სავსებით საკმარისია, მაგრამ დამატებით წარმოვადგენ ოტო ფრაიზინგელის ცნობასაც პრესვიტერის შესახებ, რომელსაც მკვლევართა უმეტესობა, სამწუხაროდ, სწორად ვერ კითხულობს. ოტო წერს, რომ პრესვიტერმა სულთან სანჯარდის დამარცხების შემდეგ აიღო ქალაქი ეკბატანა. ცხადია, გულუბრყვილობაა ამ ქალაქის ანტიკური ლოკალიზაციის გადმოტანა შუა საუკუნეებში, როცა ბევრი ანტიკური ტოპონიმი გადაადგილდა. ფრაიზინგელის ეკბატანის ადგილმდებარეობის დადგენა ევროპულ ისტორიოგრაფიაში ვერ მოხდა პარადოქსული მიზეზის გამო - ვერ მოიძებნა პრესვიტერის კომპლექსის მკვლევარი, რომელიც მთლიანად წაკითხავდა, ერთი მხრივ, ოტოს თხზულებას, მეორე მხრივ კი ეპოქის სომხურ წყაროებს აღნიშნული საკითხის შესახებ. ოტო ეკბატანას თავისი თხზულების სხვა ნაწილშიც განიხილავს და იძლევა არაორაზროვან მონაცემს მისი იდენტიფიცირებისთვის: "როგორც ჩვენ გვაქვს აახენი სამეფო ქალაქად, ისე სპარსთა მეფეებს დაუდგენიათ თავიანთ სატახტოდ ეკბატანი, მათ ენაზე წოდებული, როგორც ჰანი, ქალაქი, რომელიც არფაქშადმა დააფუძნა, როგორც წერია ივდითის წიგნში".
ოტო ფრაიზინგელის მოცემულ ცნობაში, განმსაზღვრელი მნიშვნელობისაა ეკბატანის თვითსახელწოდება. ისტორიკოსის თანახმად, ის ჟღერს, როგორც "ჰანი", რაც ზედმიწევნით იმეორებს შუა საუკუნეების ამ მეგაპოლისის ძველ სომხურ სახელწოდებას - “հանի” (შდრ. ასევე ამ ქალაქის, ანისის ეპისკოპოსის - დავით ჰანელის მოხსენიება ლათინურ წყაროებში “David Hanoruმ”).
სპარსეთი, ამ შემთხვევაში, ოტოსთან აღმოსავლური სამყაროს ეკვივალენტია, როგორც ეს ხშირად ხდებოდა განსახილველი ხანის ქრისტიანულ ტექსტებში. ავტორს მიაჩნია, რომ ამ ქალაქის ფუძემდებელი ბიბლიური მეფე არფაქშადია. როგორც ამას ბიბლიაში ვხედავთ, ეკბატანა უზარმაზარი გოდოლებითა და ბჭეებით იყო სახელგანთქმული. ამ მხრივ, ანისის მასთან გაიგივება გასაგებია, დღევანდლამდე მოღწეული ანისის ნანგრევებიც კი მნახველს სწორედ თავისი ტიტანური მასშტაბებით, გრანდიოზული გოდოლებითა და ბჭეებით აღაფრთოვანებს.
ანისის ამღები ერთადერთი ქრისტიანი მეფე, XII საუკუნეში, რა თქმა უნდა, ოდენ დავით აღმაშენებელია. სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი წერს: "სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს ქართველთა მეფე დავითმა განახორციელა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა, თითქმის ოცი ათასი კაცი მოსპო და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, რომელიც სამოც წელს იმყოფებოდა ტყვეობაში".
უაღრესად მრავლისმეტყველია პრესვიტერისგან დამარცხებული მუსლიმი მმართველის სანჯარდის (Sanjard) სახელი. აქ, რა თქმა უნდა, სელჩუკიანთა საგვარეულოს მეთაური, ხორასნის სულთანი სანჯარი იგულისხმება. რა საერთო აქვს ხორასნის სულთანს დიდგორის მუსლიმურ კოალიციასთან, რომელიც დავით აღმაშენებელმა დაამარცხა? მუსლიმური კოალიციის მეთაურად დიდგორში, ტრადიციულად, სულთანი მაჰმუდ მოჰამედის ძე მიიჩნევა, მაგრამ ქართველმა აღმოსავლეთმცოდნე გოჩა ჯაფარიძემ დამაჯერებლად აჩვენა, რომ სინამდვილეში, დიდგორის ბრძოლის მუსლიმური კოალიციის ხელმძღვანელად სწორედ ხორასნის სულთანი მიიჩნეოდა და არა მაჰმუდი. ხსენებულმა მკვლევარმა მიუთითა მიქაელ სირიელის ცნობაზე, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ 1121 წელს იბერიაში დიდი ლაშქარი სწორედ ხორასნის სულთანმა, ანუ სანჯარმა გაგზავნა. ამ ძვირფას ცნობას შეიძლება დავუმატოთ მეორე, ასეთივე მითითება ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს კანცლერ გოტიესი, რომელიც გადმოგვცემს, რომ დიდგორის ბრძოლაში ისლამურ კოალიციას სწორედ ხორასნელი სულთანი თანახელმძღვანელობდა. ამდენად, წყაროთა საფუძველზე, მტკიცედ შეიძლება განვაცხადოთ, რომ ხორასნის სულთანი სანჯარი - სანჯარდი - სანიარდი, მიჩნეული იყო დიდგორის მუსლიმური კოალიციის ხელმძღვანელად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი თანხვდენაა, რადგანაც ფრაიზინგელთან ნახსენები მუსლიმი მმართველის სანჯარდის უზარმაზარი არმია, რეალურად მეფე დავით აღმაშენებელმა - პრესვიტერ იოანეს ისტორიულმა პროტოტიპმა, მართლაც სასტიკად დაამარცხა.
პრესვიტერის შესახებ გადმოცემის თითქმის ყველა სხვა ელემენტიც რეალურია, რაზეც საგანგებოდ ვსაუბრობთ წიგნში, რომელიც სწორედ ამ პრობლემას ასახავს. შესაბამისობები ისტორიულ სინამდვილესთან იმდენად ზედმიწევნითაა, რომ ამ გადმოცემის თავდაპირველი ვერსია არა ლეგენდა, არამედ საკმაოდ მაღალი სიზუსტის ისტორიული თხრობაა. მითოლოგიური ამ ნაწილში თითქმის არაფერია, სამაგიეროდ, მითოლოგია და ფანტაზია იწყება ამ ცნობის შესახებ დაწერილ თანამედროვე კვლევებში, რომელთა ავტორებიც მწირი წყაროთმცოდნეობითი ბაზის გამო ოტოს ცნობის სწორად გაგებას ვერ ახერხებენ და "ცხელ გულზე" მას ლეგენდად აცხადებენ...
მოგვიანო ხანის ტრადიციები პრესვიტერის სახელმწიფოს უკვე ეთიოპიაში ათავსებს. ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის დასუსტების, სახელმწიფოს დაშლისა და მტრისგან დაპყრობის შემდეგ, ის, ცხადია, უწინდებურად ვერ იქნებოდა წარმოდგენილი პრესვიტერის ძლევამოსილი სახელმწიფოს სახით. აქედან მოყოლებული, პრესვიტერი იწყებს გადაადგილებას აღმოსავლეთის სხვადასხვა, წარმოუდგენლად ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც ამ ეპოქის ევროპულ გეოგრაფიულ პერსპექტივაში ასევე წარმოუდგენლად შეკუმშული იყო. ეს გარემოება აადვილებდა პრესვიტერის "მოგზაურობას" ერთმანეთისგან ისეთ დაშორებულ სივრცეებში, როგორიც საქართველო, ეთიოპია და შორეული აღმოსავლეთია. მით უმეტეს, რომ ეკლესიის მამები საქართველოს სხვაგვარად ეთიოპიასაც უწოდებდნენ. თუმცა ყველაფერი ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრესვიტერთან დაკავშირებული პირველი, ავთენტიკური კავკასიური ტრადიცია უკვალოდ ქრებოდა. იგი, ნაკლები პოპულარობით, კვლავაც არსებობდა. რაც უნდა იყოს, პრესვიტერ იოანეს რეალური ისტორიული პროტოტიპი დავით აღმაშენებელია, რომლის კოლოსალური ფიგურაც XV-XVI საუკუნეების სამყაროს მკვლევართათვის და მათ შორის ქრისტეფორე კოლუმბისთვის შთაგონებად იქცა დიდი აღმოჩენების გზაზე, რომელთაც თანამედროვე სამყაროს საფუძვლები შეამზადეს.
ბექა ჭიჭინაძე
"ისტორიანი" .#130