გერმანელები სოხუმში როგორ იქმნებოდა ატომური იარაღი...
"...ბერიამ საბჭოთა სპეციალისტებთან ერთად ოთახი დატოვა და ცოტა ხანში არდენეს შეუთვალა, რომ მის წინადადებას დათანხმდა. გერმანელ მეცნიერებს სამუშაო ადგილის ასარჩევად შესთავაზეს მოსკოვი, ყირიმი და საქართველო. არდენემ საქართველო აირჩია და ითხოვა, ისეთი ადგილი გამოეყოთ, სადაც კავკასიის ქედი მაქსიმალურად უახლოვდებოდა შავ ზღვას. ასეთ ადგილად სოხუმი შეირჩა, სანატორიუმი "სინოპი". დაიწყო მისი გადაკეთება ლაბორატორიად, არდენეს ხელმძღვანელობით..." - უნიკალურ ცნობებს მკვლევარი თენგიზ თხილავა გვაწვდის.
- 1943 წლის 11 თებერვალს სსრკ თავ?დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საბჭოთა ატომური იარაღის შესაქმნელად პრაქტიკული სამუშაოების პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ხელმძღვანელობა სტალინმა თავის მოადგილეს, ვიაჩესლავ მოლოტოვს დააკისრა. მან, თავის მხრივ, პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელად იგორ კურჩატოვი დანიშნა. 1944 წლის 3 დეკემბრიდან კი, სტალინის ბრძანებულებით, "ურანის სამუშაოების განვითარებაზე ყურადღების მიქცევა" ბერიას დაევალა. ამის შემდეგ საბჭოთა ატომური პროექტის განხორციელებას უკვე ლავრენტი ბერია მეთაურობდა... 1945 წლის გაზაფხულზე, ჯერ კიდევ ომის დამთავრებამდე, შეიქმნა შინსახკომის საგანგებო კომისია ავრამი ზავენიაგინის მეთაურობით. ამ კომისიას დაევალა ატომურ იარაღზე მომუშავე გერმანელი მეცნიერებისა და მათი აპარატურის მოძებნა და საბჭოთა კავშირში გადაყვანა.
გერმანელ მეცნიერებს ატომურ ფიზიკაში მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდათ. 1938 წლის დეკემბერში გერმანელმა მეცნიერებმა ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა მსოფლიოში პირველებმა შეძლეს ურანის ატომის ბირთვის ხელოვნური გახლეჩა. გერმანიის ხელმძღვანელობამ 1939 წლის სექტემბრის ბოლოს ატომური იარაღის შექმნის ვადად 9-12 თვე დაასახელა. ეს არარეალური ვადა იყო. მით უმეტეს, რომ ჰანი და კიდევ რამდენიმე მეცნიერი ნაცისტებს მხარს არ უჭერდნენ და მაინცდამაინც არ ჩქარობდნენ მათთვის ახალი იარაღის დამზადებას. 1942-1943 წლებიდან გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ახალ იარაღზე და საბრძოლო ტექნიკაზე მუშაობა შეეჩერებინა, თუ ის გარანტირებულად 6 თვეში შედეგს ვერ იძლეოდა. ამგვარად, საუკეთესო მეცნიერების ყოლის მიუხედავად, გერმანელებმა ატომური იარაღი ვერ შექმნეს. ომის შემდეგ საბჭოთა მხარეს ცნობილი მეცნიერები და კვლევითი დაწესებულებები დარჩა. მათ შორის იყო მანფრედ ფონ არდენეს კერძო ლაბორატორია ბერლინის მახლობლად, ლიხტერფელდეში. ომის დროს ლაბორატორიას ესესის საგანგებო შტანდარტი იცავდა.
უკვე 1945 წლის 14 მაისს ბერია, სტალინსა და პარტიის ცეკას მდივან გეორგი მალენკოვს, გერმანიის ტერიტორიაზე შინსახკომის კომისიის მუშაობის შესახებ მოახსენებდა: "მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერ ბარონ ფონ არდენეს კერძო ინსტიტუტი მთლიანად შენახულია. ფონ არდენემ გადმომცა განცხადება საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს სახელზე, რომ მხოლოდ რუს ფიზიკოსებთან სურს მუშაობა და ინსტიტუტსა და საკუთარ თავს საბჭოთა მთავრობის განკარგულებაში გადასცემს. საბჭოთა კავშირისთვის ზემოთ ჩამოთვლილი აღჭურვილობისა და მასალების განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, გთხოვთ თქვენს თანხმობას აღჭურვილობის დემონტაჟსა და საბჭოთა კავშირში გადატანაზე".
ნადავლი მნიშვნელოვანი იყო - ინსტიტუტის ცენტრიფუგა მთელი დოკუმენტაციითა და რეაქტივებით, ფოტორეგისტრატორების ფირებისა და თვითჩამწერების ქაღალდის დიდი მარაგი, ოპტიკა, ელექტროტრანსფორმატორები და სხვ. აქვე იყო ბერლინის კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტის აღჭურვილობა და 15 ტონა ლითონური ურანი, რომელიც გერმანელებმა 1940 წელს ბელგიაში ჩაიგდეს ხელთ. ამ უკანასკნელს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა - საბჭოთა კავშირი მაშინ საკუთარ ურანს არ აწარმოებდა, ხოლო სადაზვერვო-გეოლოგიური სამუშაოები ახალი დაწყებული იყო. გერმანიიდან წაღებულმა ურანმა საბჭოთა ბირთვულ პროექტს სულ მცირე, ერთი წელიწადი მოაგებინა.
თავის მემუარებში ფონ არდენე წერს, რომ ივნისის ბოლოს მოსკოვში გაიმართა თათბირი, რომელიც ბერიამ გახსნა და პირდაპირ გამოუცხადა მას, რომ ინსტიტუტს, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაზე უნდა დაეწყო მუშაობა. პასუხი დაუყოვნებლივ იყო საჭირო. რა თქმა უნდა, არდენემ კარგად იცოდა, რისთვის გადაიტანეს მისი ინსტიტუტი მოსკოვში და წაიყვანეს ის და მისი თანამშრომლები. იგი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ადრე თუ გვიან ბერიასგან მიიღებდა შეთავაზებას, რომელზეც უარს ვერ იტყოდა. უარი მისთვის, მისი ოჯახისთვის, თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის საბედისწერო იქნებოდა. ამიტომ ფონ არდენემ უპასუხა, რომ ეს წინადადება და აღმოჩენილი ნდობა მისთვის ერთობ საპატიო იყო. მოთათბირეები მაშინვე საქმეზე გადავიდნენ. არდენეს თქმით, ამოცანა ორი ნაწილისგან შედგებოდა - ერთი მხრივ, ურან-235 იზოტოპის მიღების ტექნოლოგიის შემუშავება და ამ იზოტოპის მიღება, მეორე მხრივ - თვით ბომბის დამზადება. პირველი ნაწილი მეორეზე მეტად მაღალტექნოლოგიური და შრომატევადი გახლდათ და მის შესრულებას გერმანელები კისრულობდნენ, ხოლო ბომბი საბჭოთა მეცნიერებს უნდა დაემზადებინათ.
ბერიამ საბჭოთა სპეციალისტებთან ერთად ოთახი დატოვა და ცოტა ხანში არდენეს შეუთვალა, რომ მის წინადადებას დათანხმდა. გერმანელ მეცნიერებს სამუშაო ადგილის ასარჩევად შესთავაზეს მოსკოვი, ყირიმი და საქართველო. არდენემ საქართველო აირჩია და ითხოვა, ისეთი ადგილი გამოეყოთ, სადაც კავკასიის ქედი მაქსიმალურად უახლოვდებოდა შავ ზღვას. ასეთ ადგილად სოხუმი შეირჩა, სანატორიუმი "სინოპი". დაიწყო მისი გადაკეთება ლაბორატორიად, არდენეს ხელმძღვანელობით.
ამავე დროს არდენესთვის ცნობილი გახდა, რომ საბჭოთა კავშირში ჩაიყვანეს ნობელის პრემიის ლაურეატი - გუსტავ ლუდვიგ ჰერცი თავისი თანამშრომლებით. ჰერცი ჰალესა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი იყო. ნაცისტების დროს, როგორც მონათლული ებრაელის შთამომავალს, გამოცდების მიღების უფლება ჩამოართვეს და პროფესურაზე უარი თქვა, თუმცა, საპატიო პროფესორად დარჩა. ამის შემდეგ ჰერცი "სიმენს და ჰალსკეს" კომპანიაში მუშაობდა, სადაც სპეციალური ლაბორატორია შეუქმნეს. აქ ჰერცი მსუბუქი იზოტოპების დიფუზიური განმაცალკევებელი დანადგარების შექმნით იყო დაკავებული. იზოტოპების დიფუზიური განცალკევება მოგვიანებით ურანის გამდიდრების ძირითად ხერხად იქცა. არდენემ საბჭოთა მთავრობას შესთავაზა, ჰერცის ჯგუფიც სოხუმში, მისი ლაბორატორიის მახლობლად განეთავსებინათ, რადგან ამ ჯგუფების მეცნიერების ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელი იყო. მართლაც, ჰერცი და მისი ხალხი "სინოპიდან" 8 კილომეტრზე, აგუძერაში დააბინავეს...
- ორი ინსტიტუტი შეიქმნა?
- სსრკ-ის თავდაცვის კომიტეტის დადგენილებითა და სტალინის პირადი ხელმოწერით, შეიქმნა ორი ინსტიტუტი. ერთი იყო არდენეს ინსტიტუტი, რომელსაც მის პატივსაცემად ობიექტი "ა" ეწოდა. მეორე - ჰერცის ინსტიტუტი, რომელსაც დაერქვა ობიექტი "გ" (რუსულად - Герц). ამ ინსტიტუტებში მუშაობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ ნიკოლაუს რილი, მაქს შტეენბეკი, კარლ ციმერი, რობერტ დოპელი, პეტერ ტისენი, ჰაინც პოზე, მაქს ფოლმერი, ჰაინც ბარვიხი და სხვები. აქვე მუშაობდა ბიოლოგთა ჯგუფი ვილჰემ მენკეს ხელმძღვანელობით, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებზე რადიაციის ზემოქმედებას სწავლობდა.
თავდაპირველად ამ ინსტიტუტებში მხოლოდ გერმანელები მუშაობდნენ. მერე თანდათან დაემატნენ საბჭოთა მეცნიერებიც... "ა" და "გ" ობიექტების ინფრასტრუქტურა ისე იყო დაგეგმილი, რომ მათ სრული იზოლაციის პირობებშიც კი შესძლებოდათ მუშაობა. ცხადია, ობიექტები გასაიდუმლოებული იყო. ორ ორგანიზაციას ერთად დაერქვა "საფოსტო ყუთი 0908". 1945 წლის ნოემბრიდან საერთო ხელმძღვანელი იყო სსრკ-ის შინსახკომის საგანგებო რწმუნებული, გენერალ-მაიორი ალექსანდრე კოჭლავაშვილი. 1950 წელს ამ ორი ობიექტის გაერთიანების შედეგად შექმნილ სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის პირველი დირექტორიც სწორედ ალექსანდრე კოჭლავაშვილი გახლდათ.
ურანის რადიოაქტიური ნუკლიდი ან იზოტოპი არის ურან-235. ამ იზოტოპში შესაძლებელია ჯაჭვური ბირთვული რეაქცია. ურანის ბუნებრივ მადანში იზოტოპ 235-ის შემცველობა 0,72%-ია. ამიტომ ტარდება ურანის გამდიდრების პროცესი, რაც ურანის მადნის გადამუშავებისას 235 იზოტოპის განცალკევებას და მომავალ ბირთვულ საწვავში მისი შემცველობის ზრდას გულისხმობს... იზოტოპ 235-ის 20%ზე დაბალი შემცველობის ურანს დაბალგამდიდრებული ეწოდება. ის ენერგეტიკულ რეაქტორებსა და კვლევით ლაბორატორიებში გამოიყენება. ამ იზოტოპის 20%-ზე მაღალი შემცველობის ურანი უკვე მაღალგამდიდრებული, ანუ საიარაღე ურანია. გადამუშავების შემდეგ რჩება ურანი, რომელშიც 235 იზოტოპის შემცველობა 0,1-0,3 პროცენტიღაა, დანარჩენია ურან-238, რომლის წილიც თავიდანვე 99,2745%-ია და ურან-234 - 0,0055%. ამ ურანს გაღარიბებული ეწოდება. მაღალი სიმკვრივის გამო ის ძალიან კარგი მასალაა, მაგალითად, ჯავშანგამტარი ჭურვების გულების დასამზადებლად.
მკითხველს არ დავღლით რთული ტექნოლოგიური პროცესების აღწერით. მარტივად რომ ვთქვათ, გერმანელი მეცნიერების ამოცანა იყო ურან-235-ის განცალკევების საშუალებების შემუშავება, ურანის მადნის გამდიდრება და ბირთვული საწვავის მომზადება. ეს ამოცანა მათ შეასრულეს. თუ სიმართლეა, რომ ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ჯულიუს და ეთელ როზენბერგებმა საბჭოთა დაზვერვას ამერიკული ბირთვული პროგრამის საიდუმლო დოკუმენტები გადასცეს (როზენბერგები ამ ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს 1953 წელს), უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს დოკუმენტები პირველ რიგში სოხუმში იგზავნებოდა, ობიექტ "ა"-სა და ობიექტ "გ"-ს ბინადართა საყურადღებოდ.
1945-1950 წლებში ნიკოლაუს რილი ხელმძღვანელობდა მოსკოვის ოლქის ქალაქ ელეკტროსტალის #12 ქარხანაში ლითონური ურანის დამზადებას. მისი წვლილი საბჭოთა ბირთვული იარაღის შექმნაში ძალიან დიდია.
1949 წლის 29 აგვისტოს საბჭოთა კავშირში პირველი ატომური ბომბი გამოცადეს. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ლავრენტი ბერიამ სოციალისტური შრომის გმირის წოდებაზე 33 კაცი წარადგინა, 52 - სხვადასხვა ხარისხის სტალინურ პრემიაზე. 16 ნოემბერს დაჯილდოებულებმა სტალინს მხურვალე მადლობის წერილი მისწერეს და ხელი მოაწერეს. სტალინმა ამ წერილის ზედა კუთხეში წითელი ფანქრით მიაწერა: "სად არის რილი (გერმანელი)?" რილი სასწრაფოდ ჩართეს დაჯილდოებულთა სიაში, სოციალისტური შრომის გმირობაც მიანიჭეს და პირველი ხარისხის სტალინური პრემიაც... იმავე 1949 წელს მეორე ხარიხის სტალინური პრემია მიენიჭა გუსტავ ჰერცს. ცოტა ხანში ვერნერ შუტცეს ასევე მიენიჭა სტალინური პრემია, ხოლო მისი ჯგუფის წევრი ქეთევან ორჯონიკიძე შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა.
მანფრედ ფონ არდენეს სტალინური პრემია ორჯერ მიენიჭა - 1947 და 1953 წლებში. 1953 წელს მესამე ხარისხის სტალინური პრემია მიენიჭა არდენეს სამეცნიერო ჯგუფის წევრ დავით ჭკუასელს. 1951 წელს სტალინური პრემია მიენიჭა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფს. ამ ჯგუფში პეტერ ტისენსა და ლუდვიგ ცილთან ერთად იყო შალვა ბურდიაშვილი.
ატომური ბომბის გამოცდის შემდეგ ამ პროექტზე მომუშავე მეცნიერებს ცხოვრების პირობები შედარებით შეუმსუბუქდათ. მანამდე როგორც უცხოელი, ასევე საბჭოთა მეცნიერები და სხვა თანამშრომლები, ფაქტობრივად, საპატიო პატიმრების მდგომარეობაში იყვნენ. ზოგიერთს სამუშაო ადგილიდან დროებით გასვლის უფლებაც მიეცა. ზეპირი გადმოცემით ვიცით, რომ საბჭოთა ფიზიკოსი, ატომური პროექტის წევრი მიხაილ იოფე შოვში ისვენებდა. ძნელი სათქმელია, ჰქონდათ თუ არა ასეთივე უფლებები გერმანელებს, მაგრამ მათ მკაცრი ჩაკეტილობა თანდათან შეურბილდათ.
1955 წელს გერმანელ მეცნიერებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ისინი საბჭოთა კავშირიდან ეტაპობრივად წავიდნენ. უმეტესობა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დასახლდა. ნიკოლაუს რილი ცოტა ხანში დასავლეთ გერმანიაში გადავიდა - 1962 წლამდე ასეთი გადასვლა მარტივი იყო.
სოხუმში კი დარჩა გერმანელთა მიერ შექმნილი და აღჭურვილი ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, გერმანელებისვე აღზრდილი კადრებით. ინსტიტუტი საბჭოთა კავშირის დაშლამდე ასრულებდა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ დავალებებს. დღეს, როგორც ვიცით, უმოქმედოა.
ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე
"ისტორიანი" .#130