რეპორტაჟი ომიდან - კვირის პალიტრა

რეპორტაჟი ომიდან

ტექსტი ამოღებულია სლოვაკი სამხედრო რეპორტიორის ტომაშ ფოროს ნაშრომიდან "აპარტამენტები სასტუმრო "ომში". რეპორტაჟი დონბასიდან". წიგნი პოლონურადაც ითარგმნა და ჩვენც ამ თარგმანით ვისარგებლეთ.

ავტორის, ტომაშ ფოროსგან: წიგნში აღწერილი ბოლო მოვლენებიდან, პოლონურ ენაზე თარგმნა-დაბეჭდვამდე (2021 წ.), თითქმის ორი წელიწადი გავიდა. ეს რომ სტანდარტული შეიარაღებული კონფლიქტი ყოფილიყო, დრო მართლაც დიდია გასული და შესაბამისად, წიგნში გადმოცემული ამბებიც აქტუალობას დაკარგავდა. მაგრამ უკრაინის აღმოსავლეთში მსგავსი არაფერი ხდება და მეც არ ვაპირებდი მხოლოდ მისი მიმდინარეობის შესახებ უბრალოდ მომეთხრო. ამბავს, რომლის ფრაგმენტებსაც სამი წლის განმავლობაში თავს ვუყრიდი დონბასში ამ ომის მსვლელობისას, ვხვდებოდი მასში მონაწილეთ თუ თვითმხილველთ, ვაანალიზებდი მონათხრობს, მე უფრო ომის ანატომიას ვუწოდებდი.

უკვე პირველი მოგზაურობისას დონბასში, 2016 წელს, ჩემს მიზანს შეადგენდა ოკუპირებული ადგილების, ანუ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მონახულება, რომლის საზღვარიც თხრილებსა და დანაღმულ ველებზე გადიოდა. ბუნებრივია, იქ ნანახის აღწერას თავისი შედეგი ჰქონდა. როდესაც ამის შესახებ უკრაინულ მხარეს ვესაუბრებოდი, მათი მხრიდან ხშირად ვაწყდებოდი უნდობლობას, ზოგჯერ მტრულ დამოკიდებულებასაც კი. ცხადია, როგორც სამხედრო კორესპონდენტი, მეც რამდენჯერმე დამკითხა უკრაინის უშიშროებამ. იძულებული ვიყავი, შევგუებოდი უკრაინელი მოქალაქეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჩემი კოლეგა-ჟურნალისტების საყვედურებსაც კი. აღარაფერს ვამბობ კონფლიქტის მეორე მხარეზე - ახლა მე მეკრძალება იმ ტერიტორიაზე შესვლა, რომელსაც რუსული მხარე აკონტროლებს. მეტიც: სიკვდილით მემუქრებიან არა მხოლოდ რუსები, არამედ მათი მხარდამჭერებიც ცენტრალური ევროპიდან. და უფრო მეტიც: ვერც ერთი მხარე ვერ დავარწმუნე ამ წიგნში მოთხრობილი ამბების სისწორეში. არც კი ცდილობენ მასში სამართლიანად გარკვევას.

donbas-1722187963.jpg
"აპარტა-მენტები სასტუმრო "ომში". რეპორტაჟი დონბასიდან"

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ წიგნში გადმოცემულ ორი წლის წინანდელი მოვლენების აქტუალობის შესახებ კითხვებს მაინც აქვს თავისი გამართლება. მას შემდეგ მართლაც მოხდა არაერთი ნაკლებმნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული ამბავიც.

კერძოდ: პრეზიდენტის შეცვლა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე უკრაინაში; პანდემია, რომლისთვისაც დიდად არ განსხვავდება ომი და მშვიდობა და სხვ. ყოველივე ამის შედეგად ადგილი ჰქონდა როგორც ბრძოლების მორიგ გამწვავებას, ისე დაზავების მცდელობასაც. ასეთ დროს დაძაბული ვაკვირდებოდი სიტუაციას და ვუბრუნდებოდი ბრძოლების ადგილს, რათა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა.

2020 წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულების საკმაოდ ამბიციური გეგმა წარმოადგინა. მაგრამ მალევე მისმა ადმინისტრაციამ წამოაყენა მხარეთა გამყოფი კედლის აშენების კონცეფცია. ამ უკანასკნელს მებრძოლი მოწინააღმდეგენი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაეშორებინა ერთმანეთისთვის.

ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის გაზაფხულზე, რუსულმა არმიამ დონბასის საზღვრებთან სამხედრო მანევრები დაიწყო. მას მალე ომიც მოჰყვა და ყველა ჩემი მეგობარი - უკრაინელი ვეტერანები - უკრაინის არმიის სამობილიზაციო გრძელ რიგში ჩადგა. ჩემს პირად მიკროსამყაროშიც გათამაშდა დრამა, რომელიც დონბასს უკავშირდება. ამ წიგნისა და რამდენიმე რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ, ჩეხეთის პოლიციაში შემოვიდა წერილი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე რუსეთ-უკრაინის ფრონტზე არა მხოლოდ უკრაინელთა დასახოცად ჩადის, არამედ ამ მიზნით თავის ქვეყანაში მებრძოლი რაზმის შეკრებასაც ცდილობს.

წიგნის რამდენიმე ეპიზოდური გმირიც დააპატიმრეს ტერორიზმის ბრალდებით და მათ მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ. მსგავსი ბედი ელოდება რამდენიმე სლოვაკსაც. ამის გამო ერთი პერიოდი პრაღასა და ზოგიერთ სლოვაკურ ქალაქში ყოფნისას, ორივე ქვეყნის პოლიცია მიცავდა. თუმცა ამას როგორღაც შევეგუე.

9307-5-1722187963.jpg
სოხუმის სადგურში

მართალია, იმის გამო, რომ წიგნს აქტუალობა არ დაუკარგავს, შემეძლო საკმაოდ ამაყი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ასე. სწორედ ამ ფაქტის გამო მეუფლება პესიმიზმი. ალბათ უფრო მეტი სიამოვნებით მოვყვებოდი ამ კოშმარული ამბების ნაცვლად რაიმე სასიამოვნოს დონბასის მინდვრებიდან. კერძოდ კი იმის შესახებ, თუ როგორ უბრუნდება ცხოვრება დონბასში ნორმალურ კალაპოტს. მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ამის საპირისპიროდ ხდება. იქ უკვე დიდი ხანია "ნორმალურია" ის, რის შესახებაც ორი წლის წინათ დავწერე: უაზრო ომი მიწაყრილებში (სხვაგვარად "გაყინულ კონფლიქტადაც" მოიხსენიებენ), რომლის დროსაც იხოცებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მებრძოლები. იქ ყოველდღიურობაა შეუწყვეტელი დაბომბვა და აკრძალული იარაღის გამოყენება; სნაიპერები, ფრონტისპირა ქალაქების ნგრევა, ადამიანთა შორის ზიზღი! ეს არის სასოწარკვეთა და უიმედობა. და ორივე მხარის პოლიტიკოსები, რომელთაც შექმნილი ვითარება ეხმარება მოქალაქეთა მობილიზაციაში მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, ამართლებენ საკუთარ შეცდომებს: "განა ვერ ხედავთ, ომია, ჩვენგან რა გინდათ!".

ოდესღაც მშვენიერი მაღარო დონბასში წყლით გაავსეს, გაძარცულ-განადგურებულია ფაბრიკა-ქარხნები. ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ ხაზთან შეუწყვეტლივ გადაადგილდებიან გამხდარ-გაძვალტყავებული, დამშეული მოხუცები, ბავშვები, აგენტები და კონტრაბანდისტები. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზღვართან საერთაშორისო საზოგადოებამ ააშენა ახალი ხიდი. ახლა ხალხს აღარ უხდება ძველი ხიდის ნანგრევებზე ხოხვა. მგონი, ესაა ერთადერთი ცვლილება უკეთესობისკენ.

ვშიშობ, რომ ეს წიგნი აქტუალური იქნება არა მხოლოდ მომდევნო ორ წელიწადს, არამედ იქნებ მომდევნო ათი და ოცი წლის შემდეგაც. ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ საქართველოში თუ მოლდოვაში სეპარატისტული რეგიონების 30 წლის განმავლობაში არსებობის ფაქტი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

abxazeti-omi-7-1722187963.jpg

ნაწილი I

მამუკა

1993 წლის ივნისი, სოხუმი, საქართველო

ბიჭი 14 წლისაა, ფეხზე სველი ფეხსაცმელი აცვია, მხარზე კალაშნიკოვი ჰკიდია. ის თითქმის დანგრეულ შენობაში აფარებს თავს, ხოლო ირგვლივ ავტომატებისა და ქვემეხების გამაყრუებელი ხმა ისმის. მამუკა უკვე 8 თვეა ფრონტზეა. მცირე ხანია მას შემდეგ გასული, რაც ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა და სამხედრო პოლიგონზე, სადაც მამამისი მსახურობდა, სხვა ოფიცრების ბიჭებთან ერთად მალულად პაპიროსს ექაჩებოდა.

ერთ დღესაც შინ ნამტირალევ დედას მოჰკრა თვალი - მამა ომში წასასვლელად ემზადებოდა. საქართველოს მეორე კუთხე აჯანყებულიყო ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, ხოლო როდესაც ქართულმა ჯარმა იქ წესრიგის აღდგენა მოისურვა, მოულოდნელად ადგილობრივთა წინააღმდეგობას წააწყდა. ისინი რუსული იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ამ კუთხის ქალაქების ქუჩებში ვიღაც წვერიანი, ავტომატიანი კაცები გამოჩნდნენ. არც ქართულ ღვინოს სვამდნენ და არც ქრისტიანული ღმერთის სწამდათ. ისინი ჩეჩნები იყვნენ, მთების იქითა მხრიდან.

სამხედრო ნაწილი მამუკას მამის მეთაურობით მალევე დაიძრა აბუნტებული კუთხის - აფხაზეთისკენ. მაგრამ როგორ მოხვდა იქ მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ეს დღემდე უცნობია. ფაქტი ისაა, რომ როდესაც საშობაო არდადეგების შემდეგ, 1993 წლის იანვარში, მამუკას მეგობრები სკოლაში დაბრუნდნენ, ის მამის სამხედრო ერთეულთან ერთად მიწაყრილში, თოვლში იწვა, პირდაპირ თვალებში უყურებდა სიკვდილს და ფრონტის მეორე მხარეს მტერს ესროდა.

b405aees-960-1722187963.jpg
სოხუმჰესი რეკონსტრუქციამდე

ზაფხულის ბოლოს ომი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ არც მამუკას სამშობლოსა და არც მამამისისთვის ეს ფინალი ვარდისფრად არ გამოიყურებოდა. ქართული ჯარი უკან იხევდა უცხო მებრძოლების შემოტევისა და განსაკუთრებით იმ ანონიმური ადგილიდან აფრენილი თვითმფრინავების დაბომბვის გამო, რომელ ადგილასაც რუსის ჯარი იყო დაბანაკებული.

1993 წლის ივნისში მამუკას მამის ასეული თითქმის ალყაში მოექცა და უკან, სოხუმის ახლოს ელსადგურისკენ დაიხია. მებრძოლებს სადგურის მოსამსახურე პერსონალი გაქცეული დახვდათ; ადგილზე მხოლოდ ქართველი დირექტორი იყო დარჩენილი თავისი ოჯახით. ბოლო ბრძოლები ამ სადგურთან გაიმართა და მთელი დღე გაგრძელდა. მათ ებრძოდა კბილებამდე შეიარაღებული 300-კაციანი დაჯგუფება. მამუკას მამის ხელქვეით კი მხოლოდ 50 კაცამდე დარჩენილიყო, დანარჩენები ბრძოლაში დაეცნენ. გადარჩენილებიც არაადამიანური დატვირთვის გამო სიქაგამოცლილები იყვნენ და არც ტყვია-წამალი გააჩნდათ საკმარისი რაოდენობის.

ქართველები შეეცადნენ ელსადგურის დირექტორის კაბინეტამდე მისვლას, ვიდრე თავდამსხმელები მოუახლოვდებოდნენ, მაგრამ დაუგვიანდათ. გულში დაჭრილმა დირექტორმა მამუკას თვალწინ დალია სული. მან მოასწრო და მამუკას უთხრა, ჩემი ცოლ-შვილი ტყვედ აიყვანესო.

თავდამსხმელთა მიერ წამოყენებული პირობა უბრალო და მოკლე იყო: ქართველი მებრძოლები უნდა დანებებულიყვნენ ან მათაც და დირექტორის ცოლ-შვილსაც დახოცავდნენ. თუ ქართველები შეისმენდნენ და იარაღს დაყრიდნენ, თავდამსხმელთა რაზმის რუსი მეთაური მათ პირობას მისცემდა, რომ ადამიანურად მოექცეოდნენ.

თანამებრძოლებთან ორი საათის კამათის შემდეგ მამუკას მამამ თეთრი ალამი აღმართა და ნანგრევებად ქცეული შენობიდან გარეთ გავიდა. მას მხოლოდ თავისი ვაჟი გაჰყვა. ირგვლივ კვლავაც არ დაწყნარებულიყო ვითარება. ვიდრე თავდამსხმელებს დანებდებოდნენ, მათ გვერდით სხვა თავდამსხმელებიც გამოჩნდნენ და სროლას განაგრძობდნენ; ისინი სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, რის გამოც ვერ მიხვდნენ, რომ ქართველთა რაზმი დანებდა და იარაღი დაყარა.

მამუკას მამას კი ჰქონდა იარაღი დაყრილი, მაგრამ მის 14 წლის ვაჟს, წყლით გალუმპული ფეხსაცმელებით, კვლავაც ეკიდა მხარზე ავტომატი, შემორჩენილი ვაზნებით. ის ისე ისროდა, როგორც საწვრთნელ პოლიგონზე მამამისმა ასწავლა - მოკლე, დამიზნებული სერიით. ორი თავდამსხმელი მკვდარი დაეცა, ერთიც მძიმედ დაიჭრა. სროლები დასრულდა. მანდარინისა და ევკალიპტის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ადამიანის სისხლის სუნში არეულიყო.

mirnie-21-1722187963.jpg
ენგურის ხიდთან (1993 წ.)

მამუკა ბრძოლის ველიდან მოკლული მეგობრების ცხედრებს იღებს. მტრებi დიდი ხარჯის გამო თავიდან არ თანხmდებიან მკვდარი ქართველების დაკრძალვაs, ხოლო უიარაღო ტყვეებს ლინჩის წესით გასამართლებითაც კი აშინებენ.

მამუკას მამა დაჰყურებს გარდაცვლილ მეგობრებს, რომელთა შორისაც მისი ორი ბიძაშვილიცაა და ბრაზი იპყრობს. ცოტაც და იგი, ლამის ჭკუადაკარგული უიარაღო მივარდება მომხდურთ. მაგრამ მათ რუს მეთაურს სინდისი ქენჯნის და - შეპირების თანახმად - ქართველ ტყვეებს ხელს აფარებს.

მამუკა დუმს და იცდის, თუ რა მოხდება. სწორედ ასეთი დაამახსოვრდათ igi მაშინდელი ბრძოლის ვეტერანებს: თვალში საცემად დიდ, დასისხლიანებულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ 14 წლის ბიჭს დახოცილ ქართველ მებრძოლთა გვამები ელსადგურის ადმინისტრაციის წინ მოუგროვებია და დარაჯობს. ბიჭი ახლა ფეხშიშველია, რადგან მისთვის სველი ფეხსაცმელი თავდამსხმელებს წაურთმევიათ. წვიმით გაჟღენთილ ღრუბლებს შორის ჩამავალი მზის ბოლო სხივები გამოკრთის.

ყმაწვილ ჯარისკაცებს, ასაკოვანი მებრძოლებისგან განსხვავებით, შიშის გრძნობა ნაკლებად აქვთ. შემდგომში მამუკას ბევრჯერ ჰკითხეს, ბავშვობაში ნანახმა და განცდილმა ძალადობამ შენს სულში მძიმე ტრავმა არ გააჩინაო? ის კი ამტკიცებს, რომ არა! - არც ტრავმა, არც შიში და სევდაც კი არა!

იმ დღეს მამუკას თავში ერთი ისეთი აზრი გაჩნდა, რომელსაც მთელი შემდგომი 25 წლის განმავლობაში აღარ მიუტოვებია და ყოველი ბრძოლის დროს თავში უტრიალებს: რომ შეიძლება რუსის მოკვლა, რომ შეიძლება მისი დამარცხება-დამორჩილება! მისი გონება რუსებთან ბრძოლის აუცილებლობაზე ფიქრმა დაიპყრო. ამ ფიქრმა დაასრულა მამუკას ბავშვობა! ეს ფიქრი სიზმარშიც არ ეშვებოდა და ზუსტად მან განსაზღვრა ბიჭის მომავალი! იმ მომენტიდან არ შეეშვება რუსების ხოცვას ავტომატით, აკუწვას დანით პირისპირ შეტაკებისას და მათი პოზიციების იავარქმნას ტყვიამფრქვევით. აფხაზეთში იმ ომმა წაიყვანა მამუკა უკრაინის უკიდეგანო სტეპებზე რუსებთან საბრძოლველად.

მაგრამ ამჯერად ის ჯერ კიდევ დგას დანგრეულ ელსადგურთან, 14 წლისაა, წინ ტყვეობა და სწრაფი დავაჟკაცება ელოდება. მიწაზე გაშოტილან მისი პირველი მსხვერპლნი, მათ სისხლს მიწა იჟღინთავს, ის მიწა, რომელიც მის სამშობლოს, საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ მას ახლა - წაგებული ომის შემდეგ - მისი მტრები დაეპატრონნენ. ეს უკანასკნელნი ამ კუთხის დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ და მას აფხაზეთის რესპუბლიკას უწოდებენ.

ელსადგური, რომელიც მათ მტრებისთვის უნდა დაეთმოთ, მარიონეტული სახელმწიფოს მომავალი დედაქალაქის, სოხუმის განაპირას მდებარეობს. მამუკამ არ იცის, რომ ის ახალი, ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმუშავებელი სამხედრო კონცეფციის მოწმე გახდა. ბიჭი საკუთარ ტყავზე იგრძნობს მორიგი კონფლიქტების შედეგებს, მის მაგალითზე ისწავლის და დააკვირდება, თუ ასე თანდათან როგორ შეიძლება სახელმწიფოს განადგურება.

ეს კონცეფცია დროთა განმავლობაში დაიხვეწება და უჩვეულოდ ეფექტიან სისტემად იქცევა, ხოლო დასავლეთის ექსპერტები მას ჰიბრიდულ ომად მონათლავენ. მაგრამ ასეთი ომის პირველი პარადოქსი უკვე დასაწყისშივე იჩენს თავს; მამამისის სამხედრო დანაყოფს გამოუცდელ აფხაზ ჯარისკაცებთან უნდა ეომა, მაგრამ მის წინ იდგა კბილებამდე შეიარაღებული და უმაღლეს დონეზე გაწვრთნილ-ორგანიზებული არმია. დანაყოფში, რომელმაც ქართველები დაამარცხა და რამდენიმე ასეულ ჯარისკაცს ითვლიდა, აფხაზი მხოლოდ ხუთი იყო.

დგას თბილი, სურნელოვანი ივნისი. სროლები რახანია შეწყდა. წვიმს. მამუკა ომში მიდის. ვინც იცის რუსული ტიპის ერთი ჰიბრიდული ომი, მან იცის ყველა. იცვლება მხოლოდ თარიღი და ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც ეს ომი მიმდინარეობს.

2014 წლის აპრილში უკრაინაში, დონეცკის ოლქში მამუკა პირველად ჩადის. მაშინ ის 35 წლისაა და უკვე ოთხი სამხედრო კონფლიქტი აქვს გადატანილი.

(დასასრული მომდევნო ნომერში)

პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა

"ისტორიანი" .#130