რა სთხოვა დაღესტნელმა მწერალმა თავის ქართველ მეგობარს - კვირის პალიტრა

რა სთხოვა დაღესტნელმა მწერალმა თავის ქართველ მეგობარს

რასულ ჰამზათოვისა და გიორგი ჯავახიშვილის ურთიერთობის ისტორიიდან

წლეულს 100 წელი შეუსრულდებოდა სახელგანთქმულ დაღესტნელ (ხუნძ) მწერალს, პუბლიცისტს, მთარგმნელს, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს - რასულ ჰამზათის ძე ჰამზათოვს (1923-2003).

ჰამზათოვს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ქართველ კოლეგებთან. იგი ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, სადაც დიდ პატივს სცემდნენ და თბილად ხვდებოდნენ. ამის შესახებ საკმაოდ ბევრია ცნობილი, თუმცა, რასაკვირველია, მოსაძიებელი და გამოსაკვლევი ჯერ კიდევ მრავლად არის. ალბათ, მომავალში შეიქმნება ნაშრომი, სადაც ამ დიდი შემოქმედის კავშირს საქართველოსთან და ქართველებთან ამომწურავად შეისწავლიან.

რასულ ჰამზათოვის საქართველოსთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ფრიად საყურადღებო მოგონებაა შემონახული ლიტერატურათმცოდნისა და მწერლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის (1941-2015) პირად არქივში, რომელსაც იქვე დაცულ დოკუმენტურ მასალასთან ერთად გთავაზობთ.

რასულ ჰამზათოვის მდიდარ და მრავალფეროვან შემოქმედებით მემკვიდრეობაში საქართველოს თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მან ქართველი ერისადმი განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა თავის ლექსებში: "ლეკი", "ალაზანზე", "ნანა ღვინეფაძე" და სხვ.

mg-2639-1722188816.jpg
ქართველი და უკრაინელი მწერლების შეხვედრა. მარცხნიდან: მიკოლა ბაჟანი, გიორგი ჯავახიშვილი, ვიტალი კოროტიჩი და ივან დრაჩი (1964 წ.)

ეს დამოკიდებულება ჩანს რასულ ჰამზათოვის პროზაულ ნაწარმოებშიც - "ჩემი დაღესტანი", რომელიც ფაქტობრივად დაღესტნელთა ყოფა-ცხოვრების ლირიკულ-ფილოსოფიურ ენციკლოპედიას წარმოადგენს. ამ ღრმად პატრიოტულმა, გულწრფელმა და მოხდენილი იუმორით გაზავებულმა თხზულებამ მის ავტორს სახელი საერთაშორისო დონეზე გაუთქვა. ნაწარმოები, რომელიც ქართულ ენაზე შესანიშნავად აამეტყველა მთარგმნელმა თამარ ჩიჯავაძემ, 1982 წელს თბილისში, დიდი ტირაჟით (25 ათასი ეგზემპლარი) გამოიცა.

თხზულებაში "ჩემი დაღესტანი" არის ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი:

"აბუთალიბი ხუმრობდა ხოლმე:

- ჩვენ ძალიან დავეხმარეთ ქართული კულტურის განვითარებას.

- რას ამბობ, ქართველებს ათასწლოვანი კულტურა აქვთ. ჯერ მარტო შოთა რუსთაველი ცხოვრობდა რვაასი წლის წინათ. ჩვენ კი მხოლოდ გუშინ ვისწავლეთ წერა-კითხვა. რა ჩვენი დახმარება უნდა ქართველებს?

- აი რა, ჩვენში ყველა აულს თავისი ენა აქვს. ჩვენმა მეზობელმა ქართველებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ ეს ენები და ერთმანეთისთვის შეედარებინათ. ვინც შეისწავლა, წერილები და სამეცნიერო წიგნები გამოაქვეყნა, მეცნიერებათა კანდიდატები და დოქტორები გახდნენ. აბა, მარტო ერთი ენა ყოფილიყო დაღესტანში!"

2aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa-1722188816.jpg
მარცხნიდან: გრიგოლ რობაქიძე, რაჟდენ რუსიშვილი და ჰალილ-ბეგ მუსაიასული (მიუნხენი, 1935 წ.)

როგორც ცნობილია, დაღესტნის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რასულ ჰამზათოვი საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა. მას არაერთხელ შეხვედრია პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი, როგორც თბილისში, ასევე თელავსა და წინანდალშიც, სადაც დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტისა და სამხედრო მოღვაწის, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786-1846) სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაული - "ალექსანდრეობა" იმართებოდა. 1974 წლიდან მოყოლებული, ეს საზეიმო ღონისძიება ტრადიციად იქცა და იგი ყოველწლიურად ეწყობოდა ღვინობისთვის მიწურულს, როგორც პოეზიის, მეგობრობისა და შრომის დღესასწაული. მოგვიანებით, ამავე მუზეუმში დაფუძნდა სახალხო უნივერსიტეტი, რომელიც მრავალი საინტერესო წამოწყების მოთავე გახდა. ამ უნივერსიტეტის (რომელსაც გიორგი ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა) მესვეურობით, 1982 წლიდან აღდგა დიდი ხნის წინათ შეწყვეტილი ტრადიცია და საქმიანობა განაახლა წინანდლის ლიტერატურულმა სალონმა, რომლის მუშაობაშიც აქტიურად ჩაერთნენ ქართველი და სხვა ეროვნების პოეტები.

ერთ-ერთი შეხვედრისას გიორგი ჯავახიშვილმა რასულ ჰამზათოვს უთხრა, რომ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დიდ ქართველ მხატვრებთან - ელენე ახვლედიანთან (1898-1979) და ლადო გუდიაშვილთან (1899-1980), რომლებიც მეგობრობდნენ ასევე დიდ დაღესტნელ მხატვართან - ჰალილ-ბეგ მუსაიასულთან (1897-1948), იმავე მუსაევთან.

რასულ ჰამზათოვი, რომელიც მანამდე ხალისიანად გამოიყურებოდა, მოულოდნელად დასევდიანებულა. გარკვეული ხნის დუმილის შემდეგ კი უთქვამს:

- ჰალილ მუსაიასული ჩემი თანამემამულე გახლდათ. ის იყო ხუნძეთიდან, ჭოხის თემში მცხოვრები მანიჟალის თუხუმიდან (საგვარეულო გაერთიანება). მას ქართველებთან მჭიდრო შემოქმედებითი კავშირი ჰქონდა. ამ საუკუნის პირველ ოცწლეულში სხვადასხვა დროს ცხოვრობდა თბილისში, სადაც სწავლობდა, მეგობრობდა საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებთან და გამოფენებშიც მონაწილეობდა. როგორც მსმენია, მან შექმნა არაერთი ქართველი მოღვაწის პორტრეტი, რომელთაგან ზოგიერთი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშიც და კერძო კოლექციებშიც. იგი ემიგრაციაში 1921 წლის თებერვალში, სწორედ საქართველოს გავლით გაემგზავრა. ქართველებთან მეგობრული ურთიერთობა მან ემიგრაციაშიც შეინარჩუნა. სხვათა შორის, საქართველოს და ქართველებს იგი ძალიან თბილად იხსენებს თავის წიგნში "უკანასკნელ რაინდთა ქვეყანა", რომელიც უცხოეთში გამოიცა. კარგი იქნება, თუ ვინმე მოიძიებს ჰალილის ამ ადრეულ ნამუშევრებს. იქნებ დაინტერესდეთ ამით?

elene-darianis-portreti-1921-w-1722188816.jpg
ელენე დარიანის პორტრეტი (1921 წ.)

ამის პასუხად გიორგი ჯავახიშვილმა განაცხადა:

- ჰალილ მუსაიასულის ორი გრაფიკული ნამუშევარი, რომელიც შესრულებულია 1921 წლის დასაწყისში, ჩემს ოჯახშია დაცული. ერთზე გამოსახულია ქართველი პოეტი ელენე ბაქრაძე (1897-1979), რომელიც ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით - "ელენე დარიანი", ხოლო მეორეზე აღბეჭდილია მისი მეუღლე, ადვოკატი შალვა ქართველიშვილი, რომლის მამაც იყო გამოჩენილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი ივანე მაჩაბელი.

როგორც გიორგი ჯავახიშვილი იგონებდა, მის სიტყვებს ერთბაშად შეუძრავს რასულ ჰამზათოვი, რომელსაც თვალზე ცრემლმომდგარს, ათრთოლებული ხმით უკითხავს:

- რას ბრძანებთ? მაშ ეს უნიკალური ნახატები თქვენი საკუთრებაა? დიდ არს ალაჰი!... ძალიან გთხოვთ, თვალისჩინივით გაუფრთხილდით. მართალია, ახლა ჰალილ მუსაიასულის სახელის ხსენება ჯერ კიდევ არ შეიძლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება დრო და ჰალილ მუსაიასულის ნამუშევრები თავს დაღესტანში, მის დიდ მუზეუმში მოიყრის. აი, მაშინ კი თქვენთან დაცულ ამ ნახატებს უდიდესი ფასი დაედება!

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე, რასულ ჰამზათოვმა ხელი გაუწოდა გიორგი ჯავახიშვილს და უთხრა:

- დამპირდით, რომ ამ ნახატებს საჭირო დრომდე შეინახავთ!

დიდი დაღესტნელის ხელს ქართველმა პროფესორმაც ხელი შეაგება და უთხრა:

- გპირდებით!

ამის შემდეგ ჰამზათოვი გადაეხვია ჯავახიშვილს და მადლობა გადაუხადა.

რასულ ჰამზათოვთან გიორგი ჯავახიშვილის ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. 1982 წლის დასაწყისში იგი ესაუბრა სოფელ წინანდლის იმდროინდელ თავკაცებს და შესთავაზა, ამ დიდი დაღესტნელი მწერლისთვის ღირსეული წოდება - "საპატიო წინანდლელი" მიენიჭებინათ, რასაც წინანდლელებიც სიხარულით დათანხმებულან. ამასთან დაკავშირებით გიორგი ჯავახიშვილმა ჰამზათოვს წერილობით აცნობა. პასუხად მან მაჰაჩყალიდან გამოგზავნა ტელეგრამა, რომელიც ადრესატმა იმავე წლის 30 მარტს მიიღო. ამ ტელეგრამაში ვკითხულობთ (აქ და ქვემოთ რუსულად დაწერილი ტექსტების თარგმანი ჩვენია):

"საქართველოს სსრ, თელავი, კარლ მარქსის ქუჩა #32, გიორგი ჯავახიშვილს. ძვირფასო გიორგი, წასული ვიყავი, წერილი დაგვიანებით მივიღე. მოხარული ვარ თქვენი ყურადღებით. დიდად გმადლობთ. მე თანახმა ვარ. დეტალებს წერილში მოგახსენებთ. თქვენი რასულ ჰამზათოვი".

ამ ტელეგრამას მალევე მოჰყვა იმავე წლის 29 მარტს, მაჰაჩყალიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილიც, რომელშიც რასულ ჰამზათოვი წერდა:

"საქართველოს სსრ, ქ. თელავი, კარლ მარქსის ქუჩა #32

გ. ნ. ჯავახიშვილს

ძვირფასო გიორგი ნიკოლოზის ძევ!

დიდად გამახარა თქვენმა წერილმა, სადაც მწერთ, რომ სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლეულს, საპატიო წინანდლელებად არჩეულნი ვიქნებით მე და ირაკლი ანდრონიკოვი.

ამასთან დაკავშირებით, გამოვხატავ გულწრფელ მადლობას და კმაყოფილებით გთანხმდებით.

ძვირფასო მეგობარო! ჩემთვის სამახსოვრო და ბედნიერია დღეები, გატარებული საქართველოს შესანიშნავ მიწაზე, ფრიად ვაფასებ და ვუფრთხილდები მეგობრობას ქართველ პოეტებთან და მწერლებთან. ყოველთვის ვიხსენებ იმ მშვენიერ წუთებს, რომელიც სოფელ წინანდალში გავატარე. ჩემთვის წმინდა და დაუვიწყარია დიდი ალექსანდრე ჭავჭავაძის ხსოვნა.

დღეს მე ისევ და ისევ ვიგონებ ჩემთვის ძვირფას სახელებს - გალაკტიონ ტაბიძისა, ტიციან ტაბიძისა, გიორგი ლეონიძისა, სიმონ ჩიქოვანისა, ირაკლი აბაშიძისა და შესანიშნავი ქართული მიწის სხვა დიდებული მგოსნებისა.

საპატიო წინანდლელი გახლდათ ჩემი მეგობარი, დაუვიწყარი იოსებ ნონეშვილი. მე ყველგან თან დამყვება ამ შესანიშნავი ადამიანის, ბრწყინვალე პოეტისა და ჭეშმარიტი მეგობრის ხსოვნა.

ვიყო საპატიო წინანდლელი - ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. ეს მშვენივრად მესმის და ძალიან მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა.

კიდევ ერთხელ, დიდად გმადლობთ.

პატივისცემით, თქვენი რასულ ჰამზათოვი".

1131206792-0-0-2048-3000-1440x900-80-1-1-5dca1fb16db262a3a5d5e8b9cf1bc77b-1722188816.jpg.jpg
რასულ ჰამზათოვი და მის მიერ 1982 წლის 29 მარტს გიორგი ჯავახიშვილთან გაგზავნილი წერილი

დაღესტნის მწერალთა კავშირის მმართველობის თავმჯდომარის ბლანკზე დაბეჭდილ ამ წერილსა და ზემოხსენებულ ტელეგრამას აქვე დედნის სახითაც ვურთავთ.

1982 წლის ღვინობისთვის მიწურულს, წინანდლელები დიდი სიხარულით ელოდნენ საპატიო სტუმარს დაღესტნიდან, მაგრამ სამწუხაროდ, მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა. 21 ოქტომბერს მან წინანდლის სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს შემდეგი შინაარსის ტელეგრამა გამოუგზავნა:

"ფრიად მოხარული ვარ ზეიმზე მიწვევისათვის, მაგრამ მოსკოვში გადაუდებელ საქმეებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ვერ შევძლებ, რომ მასში მონაწილეობა მივიღო. გისურვებთ პოეზიის ზეიმის კარგად ჩატარებას და ახალ, ნათელ სიხარულს პოეზიის, სიყვარულის და მეგობრობის დღესასწაულისა. რასულ ჰამზათოვი".

XX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან სსრ კავშირში განვითარებულმა პროცესებმა უამრავი რამ შეცვალა და გადაასხვაფერა.

მართალია, რასულ ჰამზათოვი ორი ათეული წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მისთვის მიცემული სიტყვისათვის - შემოენახა დიდი დაღესტნელი მხატვრის ჰალილ-ბეგ მუსაიასულის ზემოხსენებული გრაფიკული ნამუშევრები - გიორგი ჯავახიშვილს არ უღალატია და სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. 2015 წელს მან აღნიშნული ნახატები და რასულ ჰამზათოვის წერილები მემკვიდრეობით გადმომცა მე, როგორც მის უფროს ვაჟს და ამჟამად ჩემთან ინახება.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

"ისტორიანი" .#130