მყინვარწვერზე ასვლის ნაცვლად
მეორე ნაწილის წინასიტყვაობა ანუ წიგნი მყინვარწვერზე
ამ პუბლიკაციის პირველი ნაწილი გიორგი ნიკოლაძის ლონდონიდან გამოგზავნილი წერილით შეწყდა. რედაქციას მინდა ვთხოვო, რომ ნიკოლაძის წერილის გაგრძელებას და პუბლიკაციის მეორე ნაწილს ჩემი ეს მცირე წინასიტყვაობა დაურთოს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება თემას:
ამ შემოდგომისთვის თვეების წინ რამდენიმე კარგი ამბავი მქონდა შეგულებული: ჯერ იყო და, იახტით უნდა გავჭრილიყავი ხმელთაშუა ზღვის სანახებში - საბერძნეთის კუნძულები, მალტა, ლამპრედუზა და სიცილია მინდოდა მომევლო. მერე იყო და, გიორგი ნიკოლაძის მყინვარწვერზე ასვლის 100 წლისთავთან დაკავშირებით მყინვარწვერზე მინდოდა ავსულიყავი...
მაგრამ განგებამ სხვაგვარად განსაჯა და საბერძნეთიც გვერდზე მიმრჩა, მალტაც, იტალიაც და მყინვარწვერიც. თუმცა არა! - საბერძნეთი და მყინვარწვერი მაინც ფიგურირებს ჩემს ამ საშემოდგომო ამბებში: საბერძნეთის კუნძულებზე არა, მაგრამ ისე მოხდა, რომ წელს მაინც ვიყავი საბერძნეთში, როგორც აწყურის ღვთისმშობლის ხატის მცველი, რომელიც წლევანდელი მარიამობიდან ათონის მთაზე დაარსებულ ახალ ქართულ სავანეს დაამშვენებს. ამ სავანის გახსნა იმდენად დიდი მნიშვნელობისა მგონია, რომ არაფერი დაშავდება, თუ ეგეოსის კუნძულებს, მალტას, ლამპრედუზასა და სიცილიას გაისად ვეწვევი. ათონის ახალი სავანის ამბები ფეისბუკზე გამოვაქვეყნე და ბლომად ფოტოებიც დავურთე. მერე კი ეს ყველაფერი გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ორ ნომერში დაიბეჭდა ასეთი სათაურით: "აწყურის ღვთისმშობელი ათონს მიემგზავრება".
ათონის მთას ვერაფერი შეედრება, მას სხვა სულიერი სიმაღლე აქვს, მაგრამ მყინვარწვერს რაც შეეხება, თუ ოდესმე კვლავ ავედი მასზე, ეს ვეღარ მოხდება გიორგი ნიკოლაძის იმ პირველი ასვლის მე-100 წლისთავზე და აღარც საიუბილეო იქნება. ახლა კი ჩემს ნაცვლად მყინვარწვერზე ჩემი ახალი წიგნი ავიდა, რომeლიc ზუსტად შეესაბამება ამ საიუბილეო თარიღს. ეს გახლავთ მეორე ტომი ჩემი ორტომეულისა "ცხოვრება გიორგი ნიკოლაძისა". ამ 350-გვერდიან წიგნში შვიდი თავია: "მეტალურგი", "შევარდენი", "მთამსვლელობა", "ჟორჟეტა", "მოგზაურობანი", "მეცნიერება" და "უკვდავება". ბევრი რამ ამ თავებში სრულიად ახალია და, რომ გვგონია, თითქოს ყველაფერი ვიცით გიორგი ნიკოლაძის შესახებ, მთლად ასე არ არის საქმე. თუნდაც ალპინიზმისადმი მიძღვნილ თავში - მარტო მყინვარწვერის პირველდამპყრობის, დუგლას ფრეშფილდისა და გიორგის მიმოწერა რად ღირს. ეს წერილები ამ წიგნში პირველად ქვეყნდება, ისევე როგორც გიორგი ნიკოლაძის ასვლებთან დაკავშირებული მრავალი ფოტო.
ათონზე გამგზავრების წინ წიგნის ორივე ტომი ჩემს ძველისძველ მეგობარს ბაბუა ალუდაურს ვაჩუქე და მეორე ტომი კი სპეციალურად სწორედ მყინვარწვერზე ასატანად ცალკე გავატანე. იმ დღეებში აპირებდნენ ასვლას, ამინდს უცდიდნენ. ბაბუა ალუდაურთან ერთად ამ 50 წლის წინათ პირველად დავლაშქრე მყინვარწვერი. ამჯერად ბაბუასთან ერთად იყო ცნობილი ქართველი ალპინისტი თამაზ შარაშენიძე, რომელიც, სხვათა შორის, ნამყოფია მწვერვალ გიორგი ნიკოლაძეზეც, პამირში.
ჰოდა, თამაზ შარაშენიძის ავტოგრაფი არის იმ წიგნზე, რომელიც სწორედ იმ დღეს, როცა მე ათონის ახალი ქართული სავანის კურთხევაში ვმონაწილეობდი, ჩემს ნაცვლად ავიდა მყინვარწვერზე. არის ამ წიგნში ცნობილი ალპინისტების ავტოგრაფები, არის ახალგაზრდებისაც, არის 86 წლის ავთო ჩხიკვაძის ავტოგრაფი, რომელიც მართალია ამჯერად ვერა, მაგრამ 79 წლისა ასულა მყინვარწვერზე. თანაც აქ არ არის წელს მყინვარწვერზე ამსვლელთა ყველა ავტოგრაფი. როგორც ბაბუა ალუდაურმა მითხრა, საიუბილეოდ მწვერვალზე რამდენიმე ჯგუფი გასულა. ბაბუა ზოგს მეტეოში შეხვდა, ზოგს - სტეფანწმინდაში, ზოგს საერთოდ არ შეხვედრია. ვისი ავტოგრაფიც ვერ მოიპოვა, მათი სახელები ცალკე სიით დაურთო წიგნს. მთავარია, რომ გიორგი ნიკოლაძის პირველი ასვლის 100 წლისთავი ღირსეულად აღნიშნეს ქართველმა მთამსვლელებმა.
ბაბუამ მყინვარწვერზე ნამყოფი ჩემი წიგნის გარდა, ფოტოებიც ჩამომიტანა. რამდენიმე მათგანი ჩემი ამ პუბლიკაციის მეორე ნაწილისთვის შეგულებულ ფოტოებს მივამატე.
მყინვარწვერზე ასვლის ნაცვლად (ნაწილი II. დასასრული. დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #129)
"...ლანჩიდან პირდაპირ წავედი გეოგრაფიულ საზოგადოებაში, სადაც დანიშნული მქონდა 3 საათზე "პაემანი" დუგლას ფრეშf춊ლდთან; ფრეშფილდი, თუმცა 82 წლის მოხუცია, მაგრამ ეხლაც ძალიან მაღალი და ზორბა კაცის შთაბეჭდილებას ახდენს, ძალიან ყოჩაღი შეხედულების არის. ის ყოფილი თავმჯდომარეა ღოყალ Gეოგრაპჰიცალ შოციეტყ-სი, ეხლა კი მოხუცებულობის გამო (და რადგან ლონდონში აღარ სცხოვრობს) - თავმჯდომარე აღარ არის. მე ძალიან "სტუმართმოყვრულად" მიმიღო. გასინჯა ყველა ჩვენი სურათები (რასაც თითქმის ერთი საათი მოუნდა). ძალიან მოეწონა. მთების სურათების ნახვის დროს თავის ასვლებს იგონებდა (იალბუზი, ლაილა, თეთნულდი, შხარა). იალბუზზე ჩვენი ასვლის სურათის დანახვისთანავე მკითხა, თოკით ხომ იყავით გადაბმულიო. მე რომ თოკი არ მქონოდა ჩემს ასვლის დროსო, ახლა აქ არ ვიქნებოდიო. აი, ამ კლდის ცოტა ზემოთ (პასტუხოვის ნაბინავარზე მაჩვენა) ერთ ნაპრალში ჩავვარდიო 4-5 მეტრის სიღრმეშიო და თოკმა გადამარჩინაო. სულ ხომ სწორი გზა არისო იალბუზზედ ასასვლელიო, მაგრამ ნაპრალებიაო მრავალი. თეთნულდზე მიჩვენა, თუ რა მხრივ ადიოდნენ ისინი. მე ვუთხარი: ჩვენს ვაპირებთ თეთნულდზე ასვლას და ძნელი თუ არის-მეთქი. არაო, ძნელი არ არისო, თუმცა საფეხურების გაჭრა კი აუცილებელიაო. ბევრი გამომკითხა მოგზაურობის ახლანდელ პირობებზე. მე რაც შემეძლო - ვუამბე (მელაპარაკებოდა ფრანგულად). ჩვენი გეოგრაფიულ საზოგადოების სახელით მე გამოვთქვი ჩვენი პატივისცემა და აღტაცება მის წინაშე და ვთხოვე, თუ მოისურვებს ჩვენ საზოგადოებისთვის რაიმე წერილის მოწერას, რომ დაგვრჩეს მისგან სახსოვრად. ამაზე თქვა დიდი სიამოვნებითო და ალბათ ამ დღეებში ამ წერილს გამომიგზავნის მე თქვენთან გადმოსაგზავნად. მითხრა, რომ ჩვენი საზოგადოების დაარსებაზე და მოქმედებაზე მოკლე წერილი დავწერო იმათი ჟურნალისათვის. საზოგადოდ ძალიან კარგად მომეპყრა და გამოსალმებისას (4 საათზე) მითხრა: Aუ რევოირ à თიფლის (ნახვამდის თბილისში)".
თბილისში დუგლას ფრეშფილდი აღარ ჩამოსულა და ეს შეხვედრა ვერ შედგა, თუმცა მათ ამის მერეც შეინარჩუნეს ურთიერთობა. გიორგი ნიკოლაძემ მიულოცა ფრეშფილდს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრად არჩევა, ფრეშფილდმა მისწერა წერილი საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებას. ნიკოლაძემაც გაუგზავნა წერილი სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებას და გადასცა თხოვნა ხუთი ქართველი ქალი მთამსვლელისგან, რომლებიც ფრეშფილდს მის ფოტოებსა და ავტოგრაფებს სთხოვდნენ.
ფრეშფილდი - ნიკოლაძეს:
"ფრიად მოხარული ვიყავ გამეგო, რომ ის ადვილი გზა ყაზბეგისაკენ, რომლითაც მე ჩამოვედი 1868 წელს, ახლა ასეთი წარმატებითაა გამოყენებული. თქვენ მწერთ, რომ გაქვთ ჩემი მხოლოდ ორი ნაშრომი, მიძღვნილი კავკასიისადმი. სხვა ჩემი წერილები იბეჭდებოდა ნაწილ-ნაწილ სამეფო გეოგრაფიული საზოგადოებისა და ალპური კლუბის ჟურნალებში. მგონი, შარშან კავკასიაში ადგილი ჰქონდა გერმანელთა რამდენიმე ასვლას, მაგრამ, როგორც ჩანს, ინგლისელებისთვის კავკასია ჯერჯერობით დახურულია".
ნიკოლაძე - ფრეშფილდს:
"წელს პირველ ივლისს სამახსოვრო დღეა თქვენი ასვლისა ყაზბეგზე 60 წლის წინათ: ამის აღსანიშნავად, ჩვენმა საზოგადოებამ გადაწყვიტა იმავე დღეს მოეწყო ასვლა მყინვარწვერზე. ჩვენი საზოგადოების სამმა წევრმა სცადა იმავე გზით ასულიყო, როგორც თქვენ ამ 60 წლის წინ. მაგრამ, სამწუხაროდ, ავდარმა აიძულა ისინი დაბრუნებულიყვნენ 4600 სიმაღლიდან. ასვლა 1 აგვისტოსთვის გადაიდო. თფილისის ყველა მთავარი გაზეთი აღნიშნავდა, რომ 60 წლის წინათ თქვენ დაიპყარით მყინვარწვერი".
ფრეშფილდი - ნიკოლაძეს:
"თუ გინდათ, გამომიგზავნეთ წერილი თქვენი მოგზაურობების შესახებ ფრანგულად დაწერილი ენგურის ხეობის სურათებთან, მეტადრე სურათი დადეშქელიანის ციხის ნანგრევებისა (მაზერი) იმისათვის, რომ დაიბეჭდოს იგი The Journal of the Alpine Club ან ჩვენს გეოგრაფიულ საზოგადოების ჟურნალში. მე თვითონ გადავთარგმნი იმ წერილს ინგლისურად და ამოვარჩევ საყურადღებო სურათებს".
ნიკოლაძე - ფრეშფილდს:
"თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ შარშან გაზაფხულზე საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ თავის საპატიო წევრად აგირჩიათ. ამ შემთხვევის გამო თქვენ გამოგეგზავნათ ადრესი, მაგრამ ჩვენ დღემდე არ ვიცით, მიიღეთ თუ არა იგი".
ფრეშფილდი - ნიკოლაძეს:
"გულწრფელად მოხარული ვარ, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუშვა თქვენი მოქალაქეების მთიან რეგიონებში მოგზაურობა. გულწრფელად უნდა მოგილოცოთ საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებას ეს სიახლე. ის არის მდიდარი ასპარეზი ტოპოგრაფიული, ბოტანიკური და ეთნოგრაფიული კვლევებისთვის და მჯერა, რომ ის იქნება ძვირფასი მასალა თქვენი ქვეყნიდან დასავლეთევროპელი მკითხველისთვის ამა თუ იმ ჟურნალში. ეს იქნება მნიშვნელოვანი ინტერესის საგანი სამეფო გეოგრაფიული საზოგადოებისთვის, რომლის წევრი და ხელმძღვანელი ვარ და ვიყავი 1868 წლიდან, როცა პირველად ვიმოგზაურე კავკასიაში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოვესწრები ღია კავკასიას ყველა ეროვნების მოგზაურობისთვის, მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს, რომ თქვენი ქვეყანა არ გახდეს მეორე შვეიცარია, თავისი უპირატესობებით. 1914 წელს მე თავად ვაპირებდი, სვანეთის კიდევ ერთხელ მონახულებას, მაგრამ გეგმები ომმა ჩაშალა. იმედი აღარ მაქვს, თქვენის ქვეყნის მეორედ მონახულებiს, მაგრამ ალბათ მაქვს რამდენიმე წელიწადი საიმისოდ, რომ თვალყური ვადევნო მოგზაურობისა და მთამსვლელობის განვითარებას კავკასიის მწვერვალებსა და მაღალმთიან რეგიონებში. იალბუზის დასავლეთით ჯერ კიდევ არის ადგილები, რომელთა შესახებ მცირე ცოდნა გვაქვს.
მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი გულწრფელი მოკითხვა გადასცეთ საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებiს წევრებსა და ხელმძღვანელებს, და ამავე დროს გთხოვთ, მიულოცოთ კონკრეტულად ახალი ალპინისტური გამარჯვებები, და მათ შორის - ხუთ ქალბატონს, რომელთაც თქვენTan ერთად დაიპყრეს იალბუზი".
რამდენიმე წელიწადი დამრჩა, რომ ვუყურო მთამსვლელობის განვითარებასო, - წერდა 1927 წელს და მართლაც, ამ წერილის მერე ფრეშფილდმა კიდევ 7 წელიწადს იცოცხლა და 89 წლისა გარდაიცვალა, ხოლო მასზე 43 წლით უმცროს გიორგი ნიკოლაძეს მხოლოდ ოთხი წელიRa ჰქონია დარჩენილი.
ჯერ კი გიორგი ნიკოლაძისა და დუგლას ფრეშფილდის შეხვედრამდე კიდევ 3 წელია და გიორგი ნიკოლაძე თავის თანამოაზრეებთან ერთად მყინვარწვერზე ასვლისთვის ემზადება, რომელზეც მთელი 10 წელიწადია არავინ ასულა.
1924 წელს "საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მოამბეში" დაბეჭდილ გიორგი ნიკოლაძის რეპორტაჟში მისი ასვლა დაწვრილებით არის გადმოცემული. ღირს მისი წაკითხვა. აქ მისი ტექსტიდან მწვერვალზე ასვლის რამდენიმე ეპიზოდს მოვიხმობ.
"დილის სამ საათზე ყველანი ავაყენე. ვისაუზმეთ, მივიღეთ მომზადებული საგზალი და 4½ საათი იყო, როცა გზას გავუდექით შემდეგი შემადგენლობით:
დები.
1. ბეჟანიშვილი ვერა, მოვარჯიშე, მოწაფე, ქართველი, 15 წ.
2. ლორთქიფანიძე ელენე, ტანვარჯ. მასწ., სტუდენ., ქართველი, 19 წ.
3. ნიკოლაიშვილი ასმათი, წურთნ. მოწაფე, ქართველი, 17 წ.
4. ტყავაძე მარიამი, ტანვარჯ. მასწ., სტუდენტი, ქართველი, 21 წ.
5. ჩხეიძე ლიდა, ტანვარჯი. მასწ., სტუდენტი ქართველი, 23 წ.
სამი გამყოლი:
1. ბეზურთანოვი აბზი.
2. კაზალიკაშვილი იაგორ.
3. ქუშაშვილი ლევან.
სტავროპოლელი რუსი: ჩუმიხინი ალექსანდრე.
ძმები.
1. აღნიაშვილი ატო, ტანვარჯ. სტუდენტი, ქართველი 19 წ.
2. ალიხანოვი გიორგი, ტანვარჯ. წურთნელი, სომეხი 19 წ.
3. ბაუმჰაუერ ფრიდრიხ, ტანვარჯ. მასწავლ. გერმანელი 26 წ.
4. კილაძე ალექსანდრე, ტანვარჯ. წურთ., ქარTველი, 17 წ.
5. კრივოზუბკინი ბორის, ტანვარჯ. სტუდენტი, ყაზახი 19 წ.
6. კუკავაძე ივანე, ტანვარჯ. მასწავლ. ქართველი, 26 წ.
7. მამამთავრიშვილი ზაქარია, ტანვარჯ. წურთნ. სტუდ. ქართველი 20 წ.
8. მათიაშვილი მიხეილი, მანტიორი, ქართველი, 22 წ.
9. მაჭავარიანი ფოია, ტანვარჯ. წურთნ. ქართველი, 20 წ.
10. მჭედლიშვილი ვასილი, ტანვარჯ. წურთნ. ქართველი, 20 წ.
11. ნიკოლაძე გიორგი, დოცენტი, ქართველი, 35 წ.
12. პაკენდორფ კურტი, სტუდენტი, შვედელი, 19 წ.
13. ტოროშელიძე გოგი, მოვარჯიშე, მოწაფე, ქართველი, 16 წ.
14. ჭინჭარაძე მიხეილი, ტანვარჯ. წურთნ. მოწაფე, ქართველი, 18 წ.
სულ 23 კაცი.
ყველანი ისე ვართ ჩაცმულნი, რომ ჩრდილოეთის პოლიუსისაკენ გამგზავრებულ ექსპედიციას ვგავართ. ჯერ კიდევ ბნელა; ცა მოწმენდილია და ვარსკვლავები მოსჩანს. მაღალ მთიდან ისინი საკვირველი ბრწყინვალებით მოჩანან. დიდი ქარია; იაგორა ამბობს, რომ თუ ეს ქარი არ ჩადგა, უკან დაბრუნება მოგვიხდებაო. ქარი დასავლეთიდან ჰქრის და ავდარსაც მოიტანს; ჩვენ ვგრძნობთ, რომ თუ დღეს ვერ ავედით, სულ ვეღარ ავალთ, რადგან გამოდარებამდე სურსათი დაგვაკლდება. ამიტომ განვაგრძობთ გზას.
პირველად გზა კლდოვან სერზე მიდის, რომელსაც "გახა წიკლაურის კლდოვანი ბილიკი" ეწოდება. ჩვენ ეს ბილიკი ტფილისიდანვე გვაინტერესებდა, რადგან გზის იმ დაწვრილებითი განრიგებაში, რომელიც პროფესორ დიდებულიძემ გადმოგვცა, ეწერა, რომ ეს ბილიკი ყველაზე ძნელად გასავლელი ადგილიაო. ჩვენ კი ეს ბილიკი გვეადვილა და მოგვეწონა, რადგან ხტომაში და ვარჯიშობაში დახელოვნებულნი ვართ.
წიკლაურის ბილიკით ე.წ. "კლდე-ქოხამდე" მივედით. კლდე-ქოხის გადაღმა მიწას უკვე ვეღარ შეხვდებით; მხოლოდ თოვლია ან მყინვარ-წვერის მიერ ოდესღაც, უძველეს დროს აღმოფრქვეული ნიაღვარი (ლავა), აქედან ნიაღვარის წვეტიან ნატეხების ნაყარზე ავდივართ. დიდი აღმართია.
გამყოლი აბზი ბეზურთანოვი, რომელიც უკან მოგვყვებოდა, ჯერ ძალიან ჩამოგვრჩა, მერე-კი სულ დაბრუნდა. ჩვენ კი დიდის ბრძოლით და წვალებით ნელ-ნელა წინ მივდიოდით. მუშაობა გვახურებდა. დიდი ხნით დასვენება ყოვლად შეუძლებელი იყო, რომ ვინმე არ გაყინულიყო, რისაც ძალიან მეშინოდა. ყველაზე უკან ჩამოვრჩი და გაჩერების ნებას არავის ვაძლევდი. ერთ რიგად მივდიოდით. წინ იაგორა მიგვიძღვებოდა და, სადაც საჭირო იყო, წერაყინით ყინულზე საფეხურებს სჭრიდა. ჩვენ ვიცოდით, რომ საფეხურების რიცხვი ასვლის სიძნელის ერთგვარი საზომია. ამიტომაც საფეხურების მთვლელები დავნიშნეთ. უკვე იმ უნაგირისებურ სერს მიუახლოვდით, რომელიც მყინვარ-წვერის დიდი (აღმოსავლეთის) და მცირე (დასავლეთის) წოწების შორის მდებარეობს, მაგრამ ეს სერი მარჯვნივ დავტოვეთ და მარცხნივ აუხვიეთ.
ამ დროს ყველა გაჩერდა, რადგან ფოია მაჭავარიანს ფეხები გაჰყინვია და ფეხზე ვეღარ დგება. გამყოლ ლევან ქუშაშვილმა, რომელიც იაგორას მისდევდა, იმ ციცაბოზე საკვირველი სისწრაფით ჩამოირბინა და ფოიას წინ გაჩნდა. ჩვენც მივეშველეთ. ბევრი ვეწვალეთ, სანამ გაყინული ხელებით ბანდულები გავაძრეთ. თურმე იმას, ბალახი რომ არ ჰქონდა, ბანდულები პირდაპირ წუღაზე ჩაეცვა. წუღა ჯერ დასველებულიყო, მერე გაყინულიყო; წუღას ფეხებზე მოეჭირა, და ფეხებსაც გაყინვა დაეწყოთ. ჩვენ ფოიას სამი წყვილი წინდა გავაძრეთ, ფეხები თოვლით კარგად დაუზილეთ, ბანდულებში ბალახი ჩაუგეთ, რომელიც ლევან ქუშაშვილმა შევარდენის ბუდიდან გამოსვლისას გადმომცა, ისევ ფეხთ ჩავაცვით და მაშინვე უკან დავაბრუნეთ. აგრეთვე უკან დავაბრუნე გოგი ტოროშელიძე, რომელსაც წრიაპების თასმები დასწყდომოდა და ცალი წრიაპი დაჰკარგოდა, რადგან მარტო ვერ დაბრუნდებოდნენ, ლევან ქუშაშვილი და ვარჯიSთავი, ძმა ვანიჩკა კუკავაძე, თან გავაყოლე. ამ შემთხვევაში ვანიჩკამ წესმორჩილების და თავგანწირულების საკვირველი მაგალითი გვაჩვენა. ის თავს ისე კარგად გრძნობდა, როგორც ყველა დანარჩენები და თითქმის მწვერვალამდე ასული, უკან დაბრუნებაზე დათანხმდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ფოიას უშველოს, თუ მას ფეხები ისევ გაეყინება. ვგონებ, რომ, ვანიჩკას გარდა, ხასიათის ასეთ შესანიშნავ სიმტკიცეს სხვა არავინ გამოიჩენდა, ამიტომ ჩვენ იმას ყოველთვის მწვერვალზე ასულების რიცხვში ვიხსენიებთ.
აქ მე გამოუცხადე ყველას, რომ ჩვენ ეხლა ერთი გამყოლიღა გვრჩება და, თუ კიდე ცუდათ ვინმე გახდა, მაშინ ყველას დაბრუნება მოგვიხდება, ამიტომ ვისაც თავისი თავის იმედი არა აქვს, ეხლავე ვანიჩკას და ლევანს გაჰყვეს. რამდენჯერმე შევეკითხე, მაგრამ დაბრუნება არავინ მოისურვა. ჰაერწნევ-ზომი მაშინ 4800 მეტრის სიმაღლეს გვიჩვენებდა, ე.ი. 250 მეტრიღა გვრჩებოდა მწვერვალამდე.
განვაგრძეთ გზა. ზოგს ცხვირიდგან ცოტ-ცოტათი სისხლი სწვეთავს, მაგრამ ამას არაფრად ვაგდებთ. აი, უკვე წიაღვარის შავ-კლდეებს მიუახლოვდით, რომელნიც შევარდენის ბუდიდგან მწვერვალთან სულ ახლო სჩანს. მე მეგონა პირდაპირ კლდეებზე ავცოცდებოდით, მაგრამ იაგორამ კლდეების მარცხნივ მოგვატარა. ეხლა ჩვენი გზა უფრო ძნელი და საშიშია, რადგან გზა თითქმის კედელივით შვეულია და დაბლა უწინდელ თოვლყინულა ველის მაგივრად დევდორაკის უფსკრულია. ჩვენ საფეხურებს ვჭრით ყინულში და პირდაპირ ზევით მივდივართ. იაგორა საშინლად დაიქანცა, საფეხურებს ვეღარ სჭრის. ეხლა ის გვეხვეწება დაბრუნებას. ის გვეუბნება რომ, თუ ასეთ კედელივით გზაზედ საუკეთესო საფეხურები არ დავტოვეთ, ჩამოსვლა შეუძლებელი გახდებაო, ჩვენები იაგორას ადგილს იკავებენ. მათ შორის "და" ასმათ ნიკოლაიშვილი მუშაობს, რომელიც ამ საფეხურების ჭრამ ძალიან გამოაფხიზლა და ჩვეულებისამებრ მხიარული გახდა. ძალიან გვიშლის სტავროპოლელი რუსი, საცოდავს წრიაპები არა აქვს და ძლივს მიდის, ხან ვეჩხუბებით იმას, ხან ვშველით, რაც ძალიან გვაგვიანებს.
2½ საათია. უკვე დაბრუნების დროა, მაგრამ ეხლა, როცა მიზანი ასე ახლოა, ყველა შეშლილს ჰგავს, ყველას აზრათ ერთიღა აქვს - "მწვერვალისაკენ". საფრთხეს, ქარიშხალს, საშინელ ყინვას აღარავითარ ყურადღებას აღარ ვაქცევთ".
ამის მერე გიორგი ნიკოლაძის რეპორტაჟში უშუალოდ მწვერვალზე ასვლის სიხარული იწყება.
"ბოლოს აღმართი ცოტა შემცირდა. ეს - მწვერვალია. მოწინავეებმა საფეხურების ჭრას თავი დაანებეს და პირდაპირ ზევით აირბინეს. ამ უკანასკნელ წუთში შვედელი ძმა კურტი, როცა მას ორი ნაბიჯი-ღა რჩებოდა, ღონე მიხდილი ყინულზე პირდაღმა დაეცა, მაგრამ მაშინვე მივარდნენ, დაზილეს და მალე მოაბრუნეს. ბოლოს ნელ-ნელა დანარჩენებიც აცოცდნენ; ყველაზე უკანასკნელი მე ავედი".
თუ თავად არ განგიცდია ასეთი სიხარული, ძნელი წარმოსადგენია, სრულად იგრძნო ყველაფერი ის, რასაც იმ პირველი ასვლის თითოეული მონაწილე განიცდიდა:
"როგორ ავწერო ადამიანის სულიერი მდგომარეობა მიუწვდომელ მწვერვალის მიღწევის დროს. ეს ხომ სრულიად შეუძლებელია. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვინც თითონ ყოფილა ასეთ წუთებში. უძლეველი სიძლიერის და სიამაყის გრძნობა მთელ არსებას იტაცებს. ჩვენ კი ბევრი რამ გვაქვს საამაყო: მწვერვალზე 18-ნი ვართ. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ ყოფილა, როცა მყინვარ-წვერზე 21 კაცი ასულა, როცა მეტეოროლოგიურ ქოხს სდგამდნენ, მაგრამ ის ასვლა მშვენიერ დარში მოხდა და ამსვლელნიც უმეტესად მოხევე მზიდველები იყვნენ. ასეთ ცუდ დარში, როგორშიაც ჩვენ ავედით, 18 კაცი კი არა ჯერ ერთიც არ ასულა. გახა წიკლაური, რომელსაც შემდეგ "დიდებულიძის ნაბინავარში" შევხვდით, 15-ჯერ ასულა მყინვარ-წვერზე და 50-ჯერ ვერ მიუღწევია. უდიდესი ყინვა, რომელიც მას ასვლის დროს განუცდია - 8 მენაკი ყოფილა. ჩვენ ასვლის დროს-კი - 20 მენაკამდე იყო და ამასთან საშინელი ქარიც. აქამდის არც კი იცოდნენ დანამდვილებით, რომ მარიამობის თვეში მყინვარ-წვერზე ასეთი ყინვა შესაძლებელია, და ჩვენმა ასვლამ ეს დაამტკიცა. მაგრამ უმთავრეს სიამაყეს ჩვენი დები წარმოადგენდნენ. ამდენი ქალი ჯერ იქ არასდროს არ ასულა. ჩვენები ხუთნი არიან და მათ შორის ასმათი ჯერ მხოლოდ მეექვსე კლასის მოწაფეა.
იქ ასვლისთვის თვით პრეობრაჟენსკის ქალს შესამჩნევი დახმარება სჭირდება ხოლმე; ჩვენ დებს კი არავინ დახმარებია. პირიქით - ზოგი მათგანი თვითონ მედგრად მუშაობდა და სხვას გზას უადვილებდა. მხოლოდ მარო ბეჟანიშვილს ძილი ერეოდა და ყოველ წუთს დაძინებას აპირებდა. მე მას მივდევდი და ხან ხვეწნით, ხან წყრომით წინ ვგზავნიდი...
მწვერვალზე ყველა მშვენივრათ გრძნობდა თავს. დაღალვის ნასახიც აღარავის ეტყობოდა და ყველა მხიარულად იყო... მაშ მიზანი მიღწეულია, "მიუხედავათ მრავალი დაბრკოლებისა", როგორც ასმათმა წინა დღეს შევარდენის ბუდეში აღნიშნა. აღსრულდა მრავალი წლის ოცნება! მრავალი დღის შრომა და მზადება ასე ბრწყინვალეთ დაგვირგვინდა! ჩვენ სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. შეშლილებივით "ვაშას" ვიძახდით, ვყვიროდით, ვიცინოდით. მე იაგორას მივვარდი და გადავკოცნე. ატოს ორი ვაშლი ამოეტანა. ეს ვაშლები დიდის ამბით შევჭამეთ.
ის საუცხოვო გადასახედი, რომელიც თვალწინ უნდა გადაგვშლოდა, სამწუხაროდ, სრულიად დაფარული იყო, მხოლოდ ხანდისხან და ალაგ-ალაგ ღრუბლები ოდნავ გაირღვეოდა და გვაგრძნობინებდა, თუ რა საშინელ სიმაღლეზე ვიყავით. ქარი აუწერელი სიძლიერით უბერავდა. კაცს ქაღალდივით მოიტაცებდა, რომ ადგილზე მჭიდროთ არ მივმაგრებულიყავით წერაყინით. შაქროს თუთიის ფირფიტა წარწერით თოვლში უნდა ჩაეფლა, ამისათვის ფეხზე ადგომა სჭირდებოდა და, სანამ ყინულში ჩარჭობილ წერაყინზე თოკით არ მიაბეს, ვერ დადგა. მეც ალიუმინის კოლოფი ჩვენი ნიშნებით თოვლში ჩავფალი".
მყინვარწვერზე არა, მაგრამ გიორგი ნიკოლაძეს მომდევნო წელს იალბუზის ექსპედიციაში ნიკო კეცხოველი ახლდა, რომელiც წლების მერე, უკვე აკადემიკოსი ასე იტყვის მასზე:
"მე რომ მკითხონ, - როგორი გინდა, რომ ქართველი კაცი იყოსო, დაუყოვნებლივ ვუპასუხებდი, - ისეთი, როგორიც გიორგი ნიკოლაძე იყო".
ამონარიდი ოთარ გიგინეიშვილის წიგნიდან "ალპინიზმი საქართველოში":
"ახლა, მრავალი წლის შემდეგ იმ პირველი ასვლებიდან, როდესაც ვფურცლავ ძველ გაზეთებსა და ჟურნალებს, კარგად ჩანს, თუ რა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ჩვენს რესპუბლიკაში, რა სწრაფად გახდა ფართო მასებისათვის ცნობილი მყინვარწვერსა და იალბუზზე პირველამსვლელთა სახელები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იმ წლებში ალპინიზმი სპორტის ყველაზე უფრო პოპულარულ სახეობად იქცა. კარგად მახსოვს მყინვარწვერსა და იალბუზზე ლაპარაკობდენ სკოლაში, ლაპარაკობდენ ოჯახში. ერთხელ სკოლიდან გამოსულებს ჩვენმა ტანვარჯიშის მასწავლებელმა, არჩილ ბაქრაძემ მარო ბეჟანიშვილი დაგვანახა. უკან დავედევნეთ, რამდენჯერმე წინ გადავურბინეთ, რომ კარგად, ახლოდან შეგვეხედა"...
ერთი პერიოდი საქართველოში ყველაზე პოპულარული ტანვარჯიში იყო. მერე და მერე იგი ალპინიზმმა ჩაანაცვლა. ერთშიც და მეორეშიც დიდი იყო, დიდი კი არა, გადამწყვეტი იყო გიორგი ნიკოლაძის წვლილი და დამსახურება. მისი "შევარდენი" - პირველი ქართული სპორტული ორგანიზაცია საქართველოში ცალკე აღნიშვნას იმსახურებს იმ თავისი მისალმებით:
- გუშაგობ ერს?
- მარად!
გიორგი ნიკოლაძის დაკრძალვის დღეს გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნებულ ნეკროლოგში პროფესორი არჩილ ხარაძე წერდა:
"თითქმის არ დარჩა არც ერთი დარგი მუშაობისა და საქმიანობის, სადაც გიორგი ნიკოლაძეს, საქმით გატაცებულს, ნაყოფიერი შრომითი კვალი არ დაეტოვებიოს. საინჟენერო ხელოვნების მოტრფიალე, ინჟენერი-მეტალურგი, ქარხანასთან უშუალოდ დაკავშირებული, მისი მშენებელი, მეცნიერი-მათემატიკოსი, ცნობილი ჩვენში და უცხოეთში თავისი გამოკვლევებით, იშვიათი სპეციალისტი უმაღლესი გეომეტრიისა, პედაგოგი-აღმზრდელი, ფიზიკური კულტურის სიამაყე, გამოჩენილი სპორტსმენი, მამაცი ალპინისტი, მტერი ყოველივე კაბინეტური ჩხირკედელაობისა, მუდამ ცოცხალ საქმეში ჩაბმული - ერთი სიტყვით, დაუშრეტელი წყარო შემოქმედებისა...
ჩვენი ქვეყნის კულტურული აღორძინების საქმეში გიორგი ნიკოლაძეს საპატიო ადგილი უკავია. პიონერი ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის დამუშავების საქმეში, მხარეთმცოდნეობის დარგში ენერგიული მუშაკი, ჩვენი ქვეყნის საბჭოთა კავშირის სხვა ერებთან და უცხოეთთან კულტურული დაახლოვებისათვის მებრძოლი, რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა, ინგლისში მოგზაურობის დროს ლონდონის გეოგრაფიულ საზოგადოებასთან კავშირის აღდგენა, საფრანგეთში სამრეწველო ქიმიის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს წარმომადგენელი, იტალიაში მათემატიკოსთა კონგრესზე ჩვენი წარმომადგენელი და მომხსენებელი, უკანასკნელ დროს ლენინგრადში ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო ყრილობაზე სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, როგორც ინჟენერი-ქიმიკოსი - განა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმის ნათელსაყოფად, თუ როგორი სიცარიელე რჩება მისი გარდაცვალების შემდეგ, დიდხანს აუნაზღაურებელი, შეუვსებელი სიცარიელე!"
მეორე ნეკროლოგში პროფესორი არჩილ გულისაშვილი წერს:
"გიორგისაგან დატოვებული ადგილი დიდ ხანს დარჩება ცარიელი. რაოდენობის მხრივ მისი შეცვლა ერთი კაცით არ შეიძლება. ის მუშაობდა მრავალ და განსხვავებულ დარგებში და ყოველ მათგანში მომუშავის სრული დატვირთვით, ე.ი. ასრულებდა რამოდენიმე სავსებით დატვირთული ადამიანის მუშაობას და ასეთი უნარის მქონე ადამიანები კი იშვიათად იბადებიან"...
ეს ნეკროლოგები რუსუდან ნიკოლაძეს გიორგისადმი მიძღვნილი თავისი მოგონებების რვეულში ჩაუწებებია და ძმის გარდაცვალებით შეძრული, იქვე წერს:
"ღმერთო, რამდენ საქმეში ყოფილა გიორგი სულად და გულად, რამდენში! და რამდენად ღრმად! არსებითად! რამდენი საქმე შეუქმნია, დაუწყია და ახლა ასე ტიალად, ასე საშინლად მიუტოვებია!
მეტალურგია, სკოლა, მეცნიერება... სტუდენტობა, სკოლების ყრმა მოწაფეობა, შავი ქვის მრეწველობა, მათემატიკა, ფერომანგანუმი, აზოტის საქმე, არითმომეტრი, კიდევ უმაღლესი სკოლა, კიდევ მეცნიერება... გეოგრაფია, მხარეთმცოდნეობა, მოგზაურობა და ყველგან, ყველაფერში -
მწვერვალები!
შენ ყველაფერში მთამსვლელი იყავ, გიორგი, ყველაფერში უნდა მწვერვალისთვის მიგეღწია და კიდეც აუცილებლად აღწევდი".
გიორგი ნიკოლაძემ მხოლოდ 42 წელიწადი იცოცხლა.
გიორგი ნიკოლაძე თვითონ იყო მწვერვალი.
და იქცა კიდეც მწვერვალად.
1954 წელს გიორგი ნიკოლაძის სახელი ეწოდა 6444 მეტრი სიმაღლის მწვერვალს პამირში, შახდარას ქედზე. ეს პირველი უსახელო მწვერვალია ქართველ ალპინისტთა მიერ კავკასიონის გარეთ დაპყრობილი. მაშინ უსახელო მწვერვალი 1954 წლის 13 აგვისტოს დაიპყრეს მაქსიმე გვარლიანმა, გრიგოლ გულბანმა და კირილ კუზმინმა. იმ ქართულ ექსპედიციას ოთარ გიგინეიშვილი ხელმძღვანელობდა.
წლების შემდეგ, 1978 წლის ზაფხულში სპორტსაზოგადოება "განთიადის" მთამსვლელთა ექსპედიციამ მეტად რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში განახორციელა ახალი ასვლა გიორგი ნიკოლაძის სახელობის პიკზე სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლით. მაშინ ახალგაზრდა ქართველმა მთამსვლელებმა გია თარხან-მოურავმა, ჯემალ ქელეხსაშვილმა და თამაზ შარაშენიძემ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონ გივი ქართველიშვილის ხელმძღვანელობით, წარმატებით განვლეს მარშრუტი და მწვერვალზე დატოვეს ბარათი, რომელშიც წერია: "დიდ მეცნიერსა და სპორტსმენს დაბადების 90-ე წლისთავის აღსანიშნავად ქართველი მთამსვლელებისაგან".
მთამსვლელებისაგან...
მთამსვლელი...
თვითონ ეს სიტყვაც ხომ გიორგი ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. მან შემოიტანა იგი ქართულ ენაში.
ვინ იცის, ამ სიტყვაზე რომ ფიქრობდა, იქნებ მისი სხვა ვარიანტიც გასინჯა - ვთქვათ, მწვერვალმსვლელი. მთამსვლელი როგორ არ იყო, მაგრამ თავად გიორგი ნიკოლაძეს ეს სიტყვა უფრო შეეფერება - მწვერვალმსვლელი. აკი წერს მისი და, - შენ ისეთი იყავ, ყველაფერში მწვერვალისთვის უნდა მიგეღწიაო.
მიაღწია კიდეც. არაერთ მწვერვალს. არაერთგზის.
2023 წლის 29 ივლისს გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან 135 წლისთავი შესრულდა.
ხოლო 2023 წლის 28 აგვისტოს ზუსტად 100 წელი გავიდა მის მიერ მყინვარწვერის იმ პირველი, ისტორიული ასვლიდან.
პაატა ნაცვლიშვილი
"ისტორიანი" .#130