ქალი - საქართველოს პირველი რესპუბლიკის სიმბოლო - კვირის პალიტრა

ქალი - საქართველოს პირველი რესპუბლიკის სიმბოლო

საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საზეიმოდ აღნიშნა დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთი წლისთავი. ამავე წლის 26 მაისს მიმოქცევაში გამოვიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საფოსტო მარკები.

საფოსტო მარკა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისეთივე სიმბოლოა, როგორიც დროშა, გერბი, ჰიმნი და ფულის ნიშანი. ეროვნული საფოსტო მარკის არსებობა მიუთითებს ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე და მას მეტ ლეგიტიმაციას სძენს. მარკა საინტერესოა იმითაც, რომ მასზე დატანილი ინფორმაცია პირდაპირ ასახავს ქვეყნის ღირებულებებს. ასე იყო 1919 წელს დაბეჭდილი პირველი ქართული საფოსტო მარკის შემთხვევაშიც.

unnamed-3-1722190637.jpg
1919 წელს დაბეჭდილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა, 3 მანეთის ნომინალებით

საქართველოს პირველი რესპუბლიკა, თავისი ხანმოკლე (სამწლიანი) არსებობის მიუხედავად, შინაარსით თავისი ეპოქისთვის პროგრესული და დემოკრატიულ ღირებულებებზე აღმოცენებული ქვეყანა გახლდათ.

დამოუკიდებელ საქართველოში გათანაბრდა მამაკაცთა და ქალთა უფლებები და ჩვენი სახელმწიფო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქალებს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.

პირველი რესპუბლიკის არსებობისას, ქართველმა ქალებმა მოახერხეს პოლიტიკურ პროცესებში ადაპტაცია, რასაც საზოგადოებაც სრული გაგებითა და მხარდაჭერით შეხვდა. თუ თვალს მივადევნებთ იმ პერიოდში გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, ვნახავთ, როგორ ეამაყებოდა ქართველ საზოგადოებას, რომ 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა მიერ წარმოდგენილ კანდიდატთა შორის 25-მდე ქალია რეგისტრირებული. რაც შეეხება შედეგებს, დამფუძნებელ კრებაში 5 ქალი შევიდა, რამაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დემოკრატიულობას ხაზი გაუსვა.

საგულისხმოა, რომ ქალი გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლო. პირველ ეროვნულ საფოსტო მარკაზე გამოსახული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი - თეთრი გიორგი და ქართველი ქალი, რომლის ვინაობა უცნობია. მკვლევართა და ფილატელისტთა ერთი ნაწილი მას მიიჩნევს თამარ მეფედ, მეორე ნაწილი - წმინდა ნინოდ მოიხსენიებს, ზოგი კი უბრალოდ, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ აღიქვამს. აღსანიშნავია ისიც, რომ მარკაზე გამოსახულ ქალს ცალ ხელში უჭირავს შუბი, ხოლო მეორეში ფარი წმინდა გიორგის გამოსახულებით. აშკარაა მარკის მიზანი - მებრძოლი ქართველი ქალის სახით წარმოაჩინოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა.

ცხრა ნომინალის მქონე საფოსტო მარკა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ვიზუალითა და ფერით. სამწუხაროდ, ცნობილი არ არის ესკიზის ავტორის ვინაობა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ცნობილი მხატვრის - დიმიტრი შევარდნაძის ნამუშევარი ყოფილიყო.

unnamed-2-1722190636.jpg
„ტფილისის უნიკა“ (1857 წ.)

ცნობისთვის, პირველი ქართული მარკა, რომელიც 1857 წელს რუსეთის იმპერიაში, ტფილისის გუბერნიაში დაიბეჭდა, "ტფილისის უნიკა" გახლდათ. სწორედ ამ მარკით იწყება ქართული საფოსტო მარკების ისტორია, მაგრამ საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ეროვნულ საფოსტო მარკად სწორედ 1919 წელს დაბეჭდილი ქალის გამოსახულებიანი მარკა მიიჩნევა.

1921 წლის თებერვალ-მარტში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ ზემოხსენებული საფოსტო მარკაც ძალადაკარგული გახდა.

1922 წლიდან განხორციელდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მარკების ემისია. ცხადია, პოლიტიკური პროცესები საფოსტო მარკაზეც აისახა და დამოუკიდებელი საქართველოს მარკაზე აღბეჭდილი მებრძოლი ქალის გამოსახულება კოლმეურნე ქალით ჩაანაცვლეს. ამ დროიდან - 1992 წლამდე გამოსულ მარკებზე იყო წარწერები "სსრკ-ის ფოსტა", ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის (1991) შემდეგ, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა ეროვნული საფოსტო მარკების სერია - "საქართველო გაეროს წევრი". ქართული მარკების უახლესი ისტორიაც სწორედ აქედან დაიწყო.

makashvili-1722190636.jpg
მარკა მარო (მარიამ) მაყაშვილის გამოსა-ხულებით

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, მიმოქცევაში შემოვიდა საფოსტო მარკა საქართველოს ეროვნული გმირის - მარო (მარიამ) მაყაშვილის გამოსახულებით. ეს დიდი სიმბოლური დატვირთვის ფაქტია, ვინაიდან 2021 წელს შესრულდა 100 წელი საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როდესაც მარო მაყაშვილი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის ბრძოლას შეეწირა.

ლიზი მურადაშვილი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის IVკურსის სტუდენტი

"ისტორიანი" .#130