დიდი რეჟისორის გარდაუვალი აღსასრული
ლეს კურბასი და მისი ბედი
ხარკოვი, 1930 წელი.
თეატრალური ოლიმპიადა, როგორც ყოველთვის, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მისასალმებელი სიტყვა თეატრ "ბერეზილის" მთავარმა რეჟისორმა ლეს კურბასმა წარმოთქვა.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის წარმომადგენლებს ლეს კურბასი ქართულ ენაზე მიესალმა:
- გამარჯობა, მეგობრებო!
მოგვიანებით კურბასის ბინაში, რომელიც განთავსებული იყო ცნობილ სახლ "სლოვოში" (იქ ძირითადად ხელოვანები ცხოვრობდნენ) სუფრა გაიშალა. მაგიდას უსხდნენ თავად კურბასი, მისი მეუღლე მსახიობი ვალენტინა ჩისტიაკოვა, რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მისი ცოლი თამარ წულუკიძე. კურბასმა სტუმრებს ღიმილით უთხრა:
- ქართულად მხოლოდ ორი სიტყვა ვიცი, რომლებიც სპეციალურად ვისწავლე, რათა ქართველ მსახიობებს მათ მშობლიურ ენაზე მივსალმებოდი.
- გმადლობთ, - უპასუხა სანდრო ახმეტელმა. ის და კურბასი ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ჩვენ თანამედროვე თეატრი
უნდა შევქმნათ!
ლეს (ალექსანდრ სტეპანოვიჩ) კურბასი დასავლეთ უკრაინაში, მსახიობის ოჯახში დაიბადა (1887 წ). სწავლობდა ვენისა და ლვოვის უნივერსიტეტებში. უკვე სტუდენტობისას გამოიჩინა თავი, როგორც მსახიობმა და რეჟისორმა. პირველად კურბასზე მაშინ ალაპარაკდნენ, როცა ის ცნობილი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, გნატ ხოტკევიჩის მიერ შექმნილ გუცულურ თეატრში მუშაობდა. 1917 წლიდან კურბასი კიევში ცხოვრობდა. სწორედ კიევის პერიოდს უკავშირდება მისი, როგორც ხელოვანის საუკეთესო პერიოდი.
კურბასი, ისევე როგორც უკრაინის მაშინდელი ინტელიგენციის უმეტესობა, მტკიცე ეროვნულ-დემოკრატიულ პოზიციებზე იდგა. ის მხარს უჭერდა როგორც ცენტრალურ რადას, ისე, მოგვიანებით, დირექტორიასაც - უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (1918-1920) უმაღლეს ორგანოს.
თავდაპირველად კურბასი აღფრთოვანებული იყო უკრაინული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მაშინდელი ლიდერის, სიმონ პეტლიურას (1877-1926) ფიგურით. იმედგაცრუება 1919 წლიდან დაიწყო, როცა პეტლიურამ პოლონეთთან კავშირი მოინდომა. მალე ხელი მოეწერა პოლონურ-უკრაინულ შეთანხმებას. კურბასმა განაცხადა:
- უკრაინას ეს კარგს არაფერს მოუტანს!
როგორც ცნობილია, პეტლიუროველთა მოძრაობამ მარცხი განიცადა. ბევრი უკრაინელი ინტელიგენტი იძულებული გახდა ემიგრაციაში გადახვეწილიყო. ნაწილი საბჭოთა გულაგებში აღმოჩნდა. ზოგიერთი უკრაინელი ხელოვანი (მაგალითად, პოეტი გრიგორი ჩუპრინკა) ჩეკისტებმა დახვრიტეს. მიუხედავად ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობა არ ცხრებოდა. ლენინიც იძულებული გახდა, ე.წ. უკრაინიზაცია გამოეცხადებინა. მისი არსი შემდეგში მდგომარეობდა: მწვანე შუქი აენთო უკრაინულ ენაზე წიგნების გამოცემას, გაიხსნა თეატრები, თითქმის იატაკქვეშეთში მყოფი უკრაინის ავტოკეფალიურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლეგალური სტატუსი მიიღო, ნეპ-ის შედეგად დაუშვეს თავისუფალი ვაჭრობა, უკრაინელმა გლეხმა მიიღო მიწა.
- მოკლედ, ლენინის პოლიტიკა შეიძლება შემდეგნაირად დავახასიათოთ: აიღეთ ყველაფერი, ოღონდაც საბჭოთა კავშირში დარჩით! - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.
შედეგად, 1922-2023 წლებისთვის უკრაინაში პარტიზანული მოძრაობა ჩაცხრა. სამაგიეროდ, სწრაფი ტემპით წავიდა კულტურული აღმშენებლობა. უკრაინული კულტურა უმოკლეს ხანებში ავიდა საერთოევროპულ სიმაღლეებამდე. გამოჩნდნენ ისეთი გენიოსები, როგორებიც იყვნენ პოეტები პავლო ტიჩინა და მიკოლა ბაჟანი, პროზაში მიკოლა ხვილევოი, ფერწერაში მიხაილო ბოიჩუკი, კინორეჟისურაში ალექსანდრე დოვჟენკო, დრამატურგიაში მიკოლა კულიში. კურბასი ამ მოძრაობაში აქტიურად ჩაება.
- ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე ეროვნული თეატრი! ის პარიზისა და ლონდონის საუკეთესო თეატრებს ტოლს არ დაუდებს! - განაცხადა მან.
სიტყვას საქმეც მოჰყვა. 1922 წელს დაარსდა თეატრი "ბერეზილი". მისი მთავარი რეჟისორი გახდა ლეს კურბასი.
კურბასი და კულიში
კურბასის ასვლა დიდების ოლიმპზე სწორედ თეატრ "ბერეზილს" უკავშირდება. ამ თეატრის წიაღიდან გამოვიდნენ ისეთი გენიოსი მსახიობები, როგორებიც იყვნენ ამვროსი ბუჩმა, ვალენტინა ჩისტიაკოვა, ნატალია უჟვიი, მარიან კრუშენიცკი და სხვ. მალე "ბერეზილმა", ისევე როგორც მისმა მთავარმა რეჟისორმა ლეს კურბასმა, მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. ეს მჭიდროდ იყო დაკავშირებული კურბასისა და დრამატურგ კულიშის შემოქმედებით თანამშრომლობასთან.
მიკოლა კულიში (1892-1937) ფრიად კოლორიტული ბიოგრაფიის პატრონია. ის გლეხის ოჯახში დაიბადა. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1917 წელს მიესალმა ცარიზმის დამხობას, შემდეგ კი უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მოგვიანებით კულიში მიემხრო უკრაინელი ესერების მემარცხენე ფრთას (ე.წ. ბოროტბისტები). 1920 წლიდან კი კომუნისტების სამსახურში ჩადგა. კულიში აქტიურად მონაწილეობდა "უკრაინიზაციის" პროცესში. მისი პიესის, "97"-ის გამოქვეყნების შემდეგ მასზე ალაპარაკდნენ, როგორც ნიჭიერ დრამატურგზე. კულიშის ტალანტი კი კურბასთან დამეგობრების შემდეგ გაიფურჩქნა. სწორედ კურბასმა დადგა კულიშის კომედია "მინა მაზაილო". პიესამ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. უკრაინაში დიდი თუ პატარა კურბასსა და კულიშზე ალაპარაკდა.
პიესის შინაარსი ფრიად საგულისხმოა. მინა მაზაილო ერთი ჩვეულებრივი ხახოლია (Хохол - უკრაინელების ზოგჯერ სახუმარო-ფამილიარული, ზოგჯერ კი დამამცირებელი მეტსახელი რუსულ ენაში. ერთ-ერთი "განსაზღვრებით", ხახოლი სიტყვა ძეხვს მთავრული ასოთი წერდა, ხოლო უკრაინას ? პატარით). მინას სურს, გვარი მაზაილო რუსულ ყაიდაზე გადაიკეთოს და მაზენინი გახდეს. ამან ოჯახში ერთი ალიაქოთი გამოიწვია. მინას ვაჟი მოკიი მამას სასტიკად ეწინააღმდეგება, ხოლო ქალიშვილი კი ფიქრობს, რომ გვარის გადაკეთება აუცილებელია და ეს მამას კარიერის ზრდაში დაეხმარება. კონფლიქტი ისე შორს მიდის, რომ მოკიიმ დასახმარებლად კიევიდან ძია ტარასი გამოიძახა, ქალიშვილმა კი კურსკიდან ბიცოლა მოტიას უხმო. ეს ქალი თავგამოდებული რუსი შოვინისტი იყო.
- მირჩევნია გაუპატიურებული ვიყო, ვიდრე უკრაინიზებული! - აცხადებს თავისი როხროხა ხმით ბიცოლა მოტია.
ჩვენ ახლა არ შევუდგებით პიესის ბოლომდე მოყოლას. ვიტყვით მხოლოდ, რომ "მინა მაზაილოს" პოპულარობა უდიდესი იყო. კურბასსა და კულიშზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.
- უკრაინული კულტურა მსოფლიო სიმაღლეზე ავიდა! - წერდა ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი.
ამრიგად, კურბასისა და კულიშის სახით უკრაინას დიდი ხელოვანები მოევლინა. გამომდინარე აქედან, გარდაუვალი იყო მათი კონფლიქტი საბჭოთა ხელისუფლებასთან.
კონფლიქტი კულიშის პიესის "სახალხო მალაქიას" გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. კულიშის ეს პიესა ბრწყინვალედ დადგა კურბასმა. პიესის სიუჟეტი მარტივია: სოფლელი ფოსტალიონი მალაქია სტაკანჩიკი ბოლშევიკურმა იდეებმა გაიტაცა. ლენინელთა მსგავსად, მასაც ახალი ადამიანის გამოყვანა, ანუ ადამიანის რეფორმირება სურს. მალაქიას თავში ყველაფერი არეული აქვს: მარქსი, სახარება, რევოლუცია. სამაგიეროდ, მონარქის ამბიციები გასჩენია. ამიტომაც, პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში თავს მონარქად გამოაცხადებს: სახალხო კომისარი მალაქია პირველი! სტაკანჩიკისთვის მხოლოდ ერთი სიმართლე არსებობს: საკუთარი! თავისი უმეცრებითა და ფანატიზმით ის არა მხოლოდ ამაზრზენი, არამედ სასაცილოცაა.
შთამბეჭდავია პიესის ფინალი. მალაქია სალამურზე ე.წ. მსოფლიო სიმფონიის დაკვრას ცდილობს. მისი მელოდია ძალზე მოგვაგონებს "ინტერნაციონალს". მალაქიას არც სმენა აქვს, არც დაკვრა იცის. მიუხედავად ამისა, მაინც უკრავს. სალამურიც საშინელ ხმებს გამოსცემს და ველურ დისონანსად გაისმის.
"სახალხო მალაქიას" პრემიერამ ფურორი მოახდინა. როცა პიესა დამთავრდა, თვალცრემლიანი ალექსანდრ დოვჟენკო სცენაზე ავარდა.
- ნუთუ მალაქიები ჩვენა ვართ! ნუთუ პიესა ჩვენზეა?! - ლამის ტიროდა დოვჟენკო.
მაყურებლის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. სამაგიეროდ, პიესას კრემლი ძალიან მტრულად შეხვდა. ცენტრალური კომიტეტის დავალებით, კულიშისა და კურბასის წინააღმდეგ გამოვიდა ვუსპპ (სრულიად უკრაინის პროლეტარ მწერალთა კავშირი). მისმა ლიდერმა, დრამატურგმა ივან მიკიტენკომ კულიში და კურბასი, არც მეტი არც ნაკლები, "კონტრრევოლუციონერებად" გამოაცხადა. ასე დაიწყო ტოტალური შეტევა ორ დიდ უკრაინელ ხელოვანზე.
პრინციპულობა
როგორც ცნობილია, უკრაინაში მასობრივი რეპრესიები უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე სხვა რესპუბლიკებში. 1927 წელს სტალინის ბრძანებით დაშალეს სრულიად უკრაინის პროლეტარ მწერალთა თავისუფალი აკადემია (ვაპლიტე). სასტიკად გააკრიტიკეს მისი ლიდერები ხვილევოი და კულიში. პარალელურად მიმდინარეობდა აღვირახსნილი კომპანია ლეს კურბასის წინააღმდეგ. ყველაზე მეტად დრამატურგი ივან მიკიტენკო აქტიურობდა.
1929 წელს დაიწყო ე.წ. კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია. მისი განუყოფელი ნაწილი იყო მასობრივი რეპრესიები. 1930 წელს ხარკოვში შეთითხნეს ე.წ. უკრაინის განთავისუფლების კავშირის (სვუ) საქმე, რომელსაც 1914-1918 წლებში ამ სახელით არსებულ ორგანიზაციასთან რეალურად არავითარი კავშირი არ ჰქონდა. დროებით დახურეს კიევის უნივერსიტეტი, დაარბიეს მეცნიერებათა აკადემია, აიკრძალა უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია. მღვდლების ნაწილი დახვრიტეს, სხვებს გულაგში უკრეს თავი. თავად ეკლესია კი რუსული ეკლესიის ნაწილი გახდა. პარალელურად მიმდინარეობდა ე.წ. კოლექტივიზაცია, მისი თანამდევი იყო ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი. პიკს ამ პროცესმა 1933 წელს მიაღწია. მაშინ შიმშილისაგან მილიონობით უკრაინელი დაიღუპა.
- კურბასი, როგორც ხელოვანი, გამოეხმაურა ამ პროცესებს, - წერს უკრაინელი მწერალი და კრიტიკოსი ივან დრაჩი.
სწორედ ამ დროს თეატრი "ბერეზილი" დგამს კულიშის პიესას "მაკლენა გრასა". მისი მოქმედება ავტორმა პოლონეთში გადაიტანა, თუმცა ეს პირობითობა იყო. ავტორმა პოლონეთის სახით, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირი გამოიყვანა. შთამბეჭდავია პიესის ფინალი: მაკლენა კლავს თავის მჩაგვრელ მაკლერ ბროჟეკს და გარბის.
- მაკლენას გაქცევა პეტლიუროველ პარტიზანთა მოქმედებას მოგვაგონებდა, - წერდა მოგვიანებით უკრაინელი პუბლიცისტი ივან ძიუბა.
ეს უკვე საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისკენ მოწოდება გახლდათ. საბჭოთა ხელისუფლებას ეს არ გამოჰპარვია. პიესა აიკრძალა. ბოლშევიკების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაზარ კაგანოვიჩმა კი კურბასისა და კულიშის დაპატიმრება მოითხოვა.
კომპრომისი, რომელიც არ შედგა
კურბასისა და თეატრ "ბერეზილის" თავზე შავი ღრუბლები ჩამოწვა. კურბასს შესთავაზეს, დაედგა მიკიტენკოს პიესა "დიქტატურა". მასში კოლექტივიზაციის პროცესის ხოტბაა. კურბასმა მართლაც დადგა პიესა, მაგრამ ისე, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კოლექტივიზაციის ხოტბის ნაცვლად მან შექმნა სატირა არსებულ სინამდვილეზე და ისევე როგორც "მაკლენა გრასაში", ხალხს შეიარაღებული ბრძოლისკენ მოუწოდა.
- პროტესტს ვაცხადებ! კურბასმა შექმნა ანტისაბჭოთა პასკვილი! მე ამასთან საერთო არაფერი მაქვს! - განაცხადა მიკიტენკომ.
1933 წელს კურბასი "ბერეზილის" მთავარი რეჟისორის პოსტიდან გადააყენეს. ის იძულებული გახდა, ხარკოვი დაეტოვებინა და მოსკოვში გადასახლებულიყო. ამან კურბასს ვერ უშველა. რამდენიმე თვის შემდეგ ის დააპატიმრეს.
სუკ-ის ჯურღმულებში
დაპატიმრებული კურბასი მოსკოვიდან ხარკოვში გადაიყვანეს. აქ მას წარუდგინეს ბრალდება: იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრობა. კურბასმა განაცხადა:
- ეს ცილისწამებაა!
პასუხად ჩეკისტებმა კურბასის წამება დაიწყეს. უკრაინელი მწერლის, როსტისლავ სამბუკის ცნობით, რეჟისორს დაადეს ბორკილები, შემდეგ მკერდი გავარვარებული ლურსმნით ამოუწვეს. საშინელი ტკივილისგან კურბასმა გონება დაკარგა.
- ის ცივი წყლით მოასულიერეს. შემდეგ წამება განახლდა! - ამბობს სამბუკი.
კურბასმაც არარსებული დანაშაული აღიარა. მან თქვა, რომ ანტისაბჭოთა ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი იყო.
აღსასრული
1934 წელს კურბასი ე.წ. სამეულმა გაასამართლა და ხუთი წლით გულაგი მიუსაჯა. არარსებული დანაშაული აღიარა მიკოლა კულიშმაც. ისიც ლეს კურბასის მსგავსად გულაგში აღმოჩნდა.
1937 წლის ოქტომბერში კურბასი დახვრიტეს. პროფესორ სერგიიჩუკის ცნობით, ეს შემდეგნაირად მოხდა: პატიმრები, რომელთა შორის მძიმე ავადმყოფებიც იყვნენ, ბარაკებიდან გარეთ გაიყვანეს და ბარჟაზე არეკეს.
- აბა, გაინძერით, ხახოლებო, თქვენი დედაც... - იგინებოდნენ ჩეკისტები.
ბარჟა შუა ზღვაში გავიდა. აქ ჩეკისტებმა პატიმრები ზღვაში გადაყარეს. ბევრ მათგანს არათუ ცურვა, სიარულიც არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, მათ თავის გადარჩენა მაინც სცადეს. ჩეკისტებმაც პატიმრებს ცეცხლი გაუხსნეს.
- პატიმრებს შორის იყვნენ ლეს კურბასი, მწერლები ოლექსა სლისარენკო, ვასილი ბლიზკო და სხვები, - წერს სერგიიჩუკი.
ასე დაასრულა სიცოცხლე დიდმა რეჟისორმა.
რუსებმა მიკოლა კულიშიც დახვრიტეს. ასევე 1937 წელს დაიღუპა ივან მიკიტენკოც, კაცი, რომელიც თავის დროზე კურბასსა და კულიშს საშინლად აკრიტიკებდა. როცა ჩეკისტებმა მისი დაპატიმრება სცადეს, მიკიტენკომ ავაზაკებს ცეცხლი გაუხსნა. მან ექვსი ჩეკისტი გამოასალმა სიცოცხლეს, თუმცა თავადაც ჩაცხრილეს. მიკიტენკოს უკანასკნელი სიტყვები იყო:
- სიკვდილი რუსეთს! სიკვდილი სტალინს! გაუმარჯოს უკრაინას!
ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი
"ისტორიანი" .#130