რატომ გამოსახეს დრაკონი 1712-1713 წლებში თბილისში მოჭრილ მონეტებზე და ვინ იყო მათზე მოხსენიებული პიროვნება? - კვირის პალიტრა

რატომ გამოსახეს დრაკონი 1712-1713 წლებში თბილისში მოჭრილ მონეტებზე და ვინ იყო მათზე მოხსენიებული პიროვნება?

ქართულ ნუმიზმატიკურ მემკვიდრეობაში ასტროლოგიური სიმბოლიკის ასახვის ისტორიიდან

დრაკონის წელიწადი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, იწყება 2024 წლის 10 თებერვლიდან და 2025 წლის 28 იანვრამდე გასტანს...

დრაკონს ქართულად "ურჩხული" ეწოდება. ეს ტერმინი განმარტა XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწე დიდმა ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ, დიპლომატმა, განმანათლებელმა, მწერალმა და კალიგრაფმა სულხან-საბა ორბელიანმა (1658-1725). მის შესანიშნავ ნაშრომში "ლექსიკონი ქართული" შეტანილ ტერმინ "ურჩხულის" განმარტებაში ვკითხულობთ: "ესე არს, რომელსა ბერძენნი სირინ უწოდენ, ხოლო ლათინნი დრეგონ(ა)სა. დიდის გველ(ვ)ეშაპის ტოლია, ფრთენი ასხენ, ვითარცა მღამიობთანი, არა თუ საფრინავად, არამედ სლვისა სამალებლად..."

საგულისხმოა, რომ ფრთოსანი დრაკონის (ანუ ურჩხულის) გამოსახულება ქართულ მონეტებზე ჯერ კიდევ სამ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ აღიბეჭდა.

ეს გამოსახულება ამშვენებს თბილისის სამეფო ზარაფხანაში მოჭრილ მონეტებს, რომლებიც ჰიჯრით, ანუ მაჰმადიანური წელთაღრიცხვით 1124 წლითაა დათარიღებული. ქრისტიანული წელთაღრიცხვით ეს 1712-1713 წლებს შეესაბამება.

აქ გამოქვეყნებული მონეტების ილუსტრაციების მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ ისტორიის დოქტორ მაია პატარიძეს.

01-vaxtang-meeqvse-1709-wlis-portreti-1722193151.jpg
ვახტანგ VI-ის პორტრეტი, გამოქვეყ-ნებული 1709 წელს, თბილისის სამეფო სტამბაში გამოცემულ სახარებაში

* * *

თბილისის სამეფო ზარაფხანაში 1712-?1713 წლებში მოჭრილი მონეტები სპილენძისგან არის დამზადებული. მის რევერსზე აღბეჭდილი სპარსული წარწერა გვამცნობს: "ფულუსი იჭედა თბილისს, 1124".

მონეტების ავერსზე (ანუ შუბლზე) გამოსახული ფრთოსანი ურჩხულის ანუ დრაკონის გარშემო არის ქართული (მხედრული) ზედწერილი "სმნ". ეს ქარაგმა იშიფრება, როგორც "სვიმონ" (იხ.: ნიკო ჯავახიშვილი /ავტორთა კოლექტივთან ერთად/, ფული საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცემა, თბ., 2003, გვ. 84).

საინტერესოა, ვინ იყო ამ მონეტებზე მოხსენიებული პიროვნება?

სვიმონი გახლდათ ბაგრატოვანი უფლის춛ული სვიმონ ლეონის ძე (1682-1741) - ვაჟი ქართლის ჯანიშინ ლეონისა/ლევანისა (1652/56-1709), იმავე ლევან I-ისა, რომელიც ქართლის სამეფოს ორჯერ განაგებდა: პირველად 1676-1677 წლებში და მეორედ - 1703-1704 წლებში. თავის მხრივ, ლევან I გახლდათ ვაჟი ქართლის მეფე ვახტანგ V-ისა, იმავე შაჰნავაზისა (1598-1675), რომელიც 1658-1675 წლებში მეფობდა.

აქვე დავამატებთ, რომ ქართლის ჯანიშინად ორგზის დადგენილ ლევან I-ს, რომელსაც გამაჰმადიანების შემდეგ შაჰყულიხანი ეწოდა, შვილები შეეძინა როგორც ცოლებისგან, ასევე მხევლებისგანაც. კერძოდ ვახტანგი, მომავალი მეფე ვახტანგ VI, ჰყავდა პირველი ქორწინებიდან - თუთა ქაიხოსროს ასულ გურიელისგან (გარდაიცვალა 1678 წელს), ხოლო სვიმონი, მომავალი გამგებელი დაიბადა მეორე ქორწინებიდან - თინათინ გიორგის ასული ავალიშვილისგან (გარდაიცვალა 1708 წელს).

სვიმონ ლეონის ძე ქართლის სამეფოს განაგებდა თავისი უფროსი ნახევარძმის - ვახტანგ VI-ის (1675-1737) სპარსეთში გამგზავრების შემდეგ - 1712 წლის 22 აპრილიდან 1714 წლის გაზაფხულამდე.

ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" აღნიშნულია, რომ ისპაჰანს მიმავალმა ვახტანგმა "დაუტევა ძმა თვისი სვიმონ გამგედ ქართლისა" (იხ.: ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, "ქართლის ცხოვრება", ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 491).

საისტორიო წყარო გვამცნობს: "1712 წლის აპრილის კბ (ანუ 22-ს. - ნ.ჯ.) მეფე ვახტანგ წაბრძანდა სპარსეთში ყეენთან 300 კაცით. ქართლის გამგებლად დატოვა თავისი ძმა სვიმონ და აქორწინა ერისთავის ბარძიმ მდივანბეგის ასულ გუქაზედ" (იხ.: საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII-XIX სს., ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები და განმარტებები დაურთო ავთანდილ იოსელიანმა, თბ., 1980, გვ. 45).

ყურადღებას იქცევს შემდეგი გარემოება: სპარსეთის შაჰინშაჰ სოლთან ჰოსეინ სეფიანთან მიმავალ ვახტანგ VI-ს ქართლის სამეფოს მართვა, წესით, უნდა მიენდო თავის ნახევარძმებს შორის უფროსისთვის - იესე ბატონიშვილისათვის, მაგრამ მას გვერდი აუარა და გამგებლობა მის მომდევნო ძმას - სვიმონს ჩააბარა. აქედან ჩანს, რომ ვახტანგი თავის მომდევნო ნახევარძმაზე - იესეზე მეტად ენდობოდა უმცროს ძმა სვიმონს. როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, ვახტანგის ასეთი დამოკიდებულება იესესადმი უსაფუძვლო არ ყოფილა.

თავისი ორწლიანი მმართველობის პერიოდში სვიმონ ბაგრატიონი იყენებდა საბეჭდავს, რომელსაც ეწერა: "საქართველოს გამგებელი ბატ(ო)ნიშვილი სვიმონ" (იხ.: ანა ბაქრაძე, მასალები ქართული სფრაგისტიკის ისტორიისათვის, კატალოგი, ნაწილი I, თბ., 1978, გვ. 45).

მცირეხნიანი გამგებლობის მიუხედავად, სვიმონმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა. მან თბილისის სამეფო სტამბაში (რომელსაც 1708 წელს საფუძველი ჩაუყარა მისმა უფროსმა ნახევარძმა ვახტანგმა) დააბეჭდვინა კურთხევანი, რომელიც ყანჩაველმა კვიპრიანე სამთავნელმა იერუსალიმში ყოფნისას, ქართულად თარგმნა.

სვიმონის მოღვაწეობიდან ჩანს, რომ გამგებლობის დასაწყისში ის იზიარებდა თავისი უფროსი ნახევარძმის პოლიტიკურ პროგრამას; მოთავეობდა ქართველი არისტოკრატიის მოწინავე ნაწილს, რომელიც ვახტანგ VI-ის მიერ წამოწყებულ ეროვნულ პროგრამას ახორციელებდა პოლიტიკურ-კულტურულ ასპარეზზე.

სვიმონ გამგებელმა დააპატიმრა თავისი ნახევარძმა - კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი, რომელიც სამეფო ტახტის დაკავების სანაცვლოდ მზად იყო განმოსილიყო, დაოჯახებულიყო და გამაჰმადიანებულიყო.

თავისი გამგებლობის დასასრულს სვიმონმა ვახტანგისეულ გეზს გადაუხვია.

ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს: "სვიმონ მართვიდა უფროს მოხუეჭით და არა შეიშინეს ღუთისა. არამედ ჰყვეს ესეცა: შეიპყრა სვიმონ კათალიკოზი დომენტი ზაკვით და წარმოუვლინა ბაქარს, რათა აღმოხადოს თუალნი. გარნა არა ჰყო ესე დედოფალმან რუსუდან" (იხ.: ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, "ქართლის ცხოვრება", ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. 493).

აქ მოხსენიებულ რუსუდან დედოფალში იგულისხმება ვახტანგ VI-ის მეუღლე რუსუდანი, რომელიც ყაბარდოელი მთავრის ასული გახლდათ. მათი ვაჟი იყო უფლისწული ბაქარი (1700-1750), რომელიც ქართლის სამეფოს 1716-1719 წლებში - მამამისის სპარსეთში ყოფნის პერიოდში განაგებდა.

მართალია, სვიმონი მეფე არ ყოფილა, მაგრამ ვინაიდან ის ქართლის გამგებელი იყო, მას, როგორც ბაგრატოვან მმართველს, წესით, შესაბამისი რიგითი ნომერიც ეკუთვნის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1633 წლიდან დაწყებული, ის გახლდათ ქართლის სამეფოს ერთადერთი ბაგრატოვანი მმართველი, რომელიც არ გამაჰმადიანებულა და ბოლომდე ქრისტიანად დარჩა.

ისმის კითხვა - რომელი რიგითი ნომერი უნდა განესაზღვროს ქართლის ბაგრატოვან გამგებელ სვიმონს?

ვინაიდან ქართლის სამეფოს მანამდე მართავდა ორი სვიმონი: 1) სვიმონ I, რომელიც 1556-1600 წლებში მეფობდა და 2) სვიმონ II, რომელიც 1619-1630 წლებში მეფობდა, ამ ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში დავსვი საკითხი, რომ ქართლის ზემოხსენებული გამგებელი სვიმონ ლეონის ძე ბაგრატიონი უნდა მოვიხსენიოთ, როგორც - სვიმონ III (იხ.: ნ. ჯავახიშვილი, ქართლის სამეფოს ბაგრატოვან მმართველთა ქრონოლოგიური რიგის დაზუსტებისათვის. როგორი თანამიმდევრობით განაგებდნენ ბაგრატიონები ქართლს XVI-XVIII საუკუნეებში, თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი XVI, თბილისი, 2020, გვერდები 139-141).

23-1722193237.png
ვახტანგ VI-ის პირადი გერბი

* * *

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ გამოსახეს დრაკონი 1712-1713 წლებში თბილისში მოჭ춓ილ მონეტებზე?

1887 წელს, ლონდონში გამოქვეყნებულ წიგნზე "კატალოგი ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპარსეთის შაჰთა მონეტებისა" (ღ. შტ. Pოოლ, ჩატალოგუე ოფ ჩოინს ოფ ტჰე შჰაჰს ოფ Pერსია ინ ტჰე Bრიტისჰ Mუსეუმ, Lონდონ, 1887, პ. Xჩ) დაყრდნობით, ნუმიზმატმა თინათინ ქუთელიამ აღნიშნა, რომ ჰიჯრით 1124, ხოლო ქრისტიანული წელთაღიცხვით 1712-1713 წლები ემთხვევა თათრული ციკლით ნიანგის წელს, ხოლო ამ ცხოველს - დრაკონი შეესაბამებოდა. თუმცა, მისივე მოსაზრებით, ეს ფაქტი შემთხვევითობადაც შეიძლება ჩაითვალოს (Т. Кутелия, Грузия и Сефевидский Иран (по данным нумизматики), Тбилиси, 1979, с. 50).

ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ვინაიდან ზემოხსენებული თარიღი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით დრაკონის წელი გახლდათ, მის გამოსახვას ქართლის გამგებელ სვიმონ III-ის მმართველობის დასაწყისში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ სპილენძის მონეტებზე სწორედაც რომ ასტროლოგიური საფუძველი გააჩნდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქართლის სამეფო სახლის იმჟამინდელი წარმომადგენლები იყვნენ ღრმად განათლებული და მეცნიერების სხვადასხვა დარგებთან ერთად, ასტროლოგიაშიც ერკვეოდნენ. მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული გახლდათ სჯულმდებელი და მეცნიერი გვირგვინოსანი ვახტანგ VI, თავისი ეპოქის ყველაზე განათლებული ქართველი, რომელსაც აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა სამართლიანად უწოდა "დიდებული და დაუვიწყარი ვახტანგი".

ამდენად, ქართლის სამეფოს გამგებელ სვიმონ III-ის მმართველობის (1712-1714) დასაწყისში, თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ სპილენძის მონეტებზე გამოსახეს დრაკონი, რასაც ასტროლოგიური საფუძველი გააჩნდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 1712-1713 წლები, ანუ ზემოხსენებული მონეტების მოჭრის თარიღი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით - დრაკონის წელიწადი გახლდათ.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

"ისტორიანი" .#131