რეპორტაჟი ომიდან
ტექსტი ამოღებულია სლოვაკი სამხედრო რეპორტიორის ტომაშ ფოროს ნაშრომიდან "აპარტამენტები სასტუმრო "ომში". რეპორტაჟი დონბასიდან". წიგნი პოლონურადაც ითარგმნა და ჩვენც ამ თარგმანით ვისარგებლეთ.
(დასასრული.დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #130)
მეხუთე კონფლიქტი დონბასში მამუკასთვის ახლა იწყება. ბიჭი, რომელიც წლების წინ სკოლიდან იმიტომ გაიქცა, რომ აფხაზეთის ომში მიმავალ მამას გვერდით დასდგომოდა, მტკიცე და შეუვალი ხასიათის ჯარისკაცად იქცა - დინჯ მებრძოლად, სამხედრო დანაყოფის მეთაურად. იმისდა მიხედვით, თუ რა სახე აქვს მოწინააღმდეგის კანონადასა და მათ მიერ გამოყენებულ საბრძოლო ტაქტიკას, მამუკას შეუძლია დაასკვნას, ვისთან აქვს საქმე - სეპარატისტებთან თუ რუსულ რეგულარულ არმიასთან. მას რამდენიმე კილომეტრის დაშორებით შეუძლია უშეცდომოდ განსაზღვროს მოხმარებული იარაღის სახე თუ ნასროლი ტყვიის კალიბრი. თუმცა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვაზე, რომელიც ომსა და სამხედრო საქმეს არ ეხება, არცთუ სიამოვნებით გიპასუხებთ... თითქოს მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი გაექცა და დაეკარგა ამდენი დაბომბვისა და თავშესაფრის ძებნის დროს ან სადღაც ქვეცნობიერის ჯურღმულებში გადამალა.
იგი სრულყოფილი ჯარისკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც არასოდეს არ ჩამორჩება სხვა მებრძოლებს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. მამუკამ დიდი მეტამორფოზი განიცადა და ახლა არაფრით არ მოგვაგონებს იმ უდარდელ ბიჭს, ბავშვობაში რომ იყო.
როდესაც ორ ჩეჩნურ ომში მონაწილეობისა და მძიმედ დაჭრის შემდეგ შინ დაბრუნდა, მამამ სწავლის გაგრძელება ურჩია. მანაც საშუალო სკოლა დაასრულა, უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა და რამდენიმე წლის შემდეგ საფრანგეთში, დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის პრობლემებზე სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობაც დაიწყო. ცხოვრებისთვის აუცილებელ სახსარს ახალგაზრდებისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლებაში აღებული ფულით შოულობდა; იმავდროულად ეცნობოდა და სწავლობდა დასავლეთის ხალხის მენტალობას. მან თანდათან გაიარა ევროპაში აკლიმატიზაცია, გაიჩინა მეგობრები... და პირველად სწორედ მაშინ ეწვია სიყვარული...
მამუკა ორი წლის განმავლობაში პარიზში წარჩინებული ფრანგული ოჯახის წარმომადგენელ ლამაზ მოდელ ქალთან ცხოვრობდა. მასთან დაშორება მისთვის ისეთი დიდი დარტყმა აღმოჩნდა, რომელმაც შემდგომში სერიოზული როლი შეასრულა მის ქალებთან ურთიერთობაში. რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში ოჯახი შექმნა, შემდეგ ბედნიერებას ეძებდა ასევე უკრაინაში სხვადასხვა ქალთან ურთიერთობაში, მაგრამ ყველა ეს მცდელობა მისთვის კატასტროფით მთავრდებოდა.
ქალები მალე ხვდებოდნენ, რომ მათი პარტნიორი მჭიდროდ იყო სხვასთან დაკავშირებული, ვისთანაც შეჯიბრის შანსი მათ არა ჰქონდათ. მათი კონკურენტის სახელი "ომი" იყო. შემდგომი ომი მაშინ დაიწყო, როდესაც საფრანგეთიდან დაბრუნდა. მისი ახლობლები თითქმის დარწმუნებული იყვნენ, რომ ბავშვობის განცდები მას უკვე დავიწყებული ექნებოდა; ან რაშიც შეიძლებოდა ისინი გამოსდგომოდა, წარმოუდგენელი საბრძოლო ისტორიების მოყოლა იყო. მაგრამ მამუკამ ამ 8 წლის შედარებით მშვიდი ცხოვრების განმავლობაშიც ვერ შეძლო შურისძიების გრძნობის თავიდან ამოგდება. ეს ერთგვარ ნაღმის ნამსხვრევსა ჰგავდა, რომლის თავიდან გამოღებაც "ქირურგიული" ჩარევითაც კი შეუძლებელი იყო და კვლავაც თავში რჩებოდა.
რუსეთთან ომმა სრულად დაიპყრო მისი გონება. ეს ქვეყანა კვლავ აგრესორი გახდა. სამხრეთ ოსეთში ეგრეთ წოდებული "ხუთდღიანი" ომის დროს, 2008 წელს, რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა და მისი დედაქალაქი თითქმის აიღო. ეს მამუკამ ძალიან განიცადა და ძლიერაც განრისხდა, თუმცა კიდევ ერთმა დამარცხებამ დაარწმუნა, რომ ომში გასამარჯვებლად არ არის საკმარისი, კარგად ისროდე და რიცხობრივად უპირატეს მტერთან ბრძოლისას არაფერს არ შეუშინდე; და რომ ყოველგვარ იარაღზე ძლიერი პოლიტიკაა.
თავისი საბრძოლო გამოცდილების, ინტელიგენტურობისა და მოპოვებული კონტაქტების წყალობით, მამუკა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, აშშ-თან ურთიერთობის ხაზით თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ხდება. საქართველო წლების განმავლობაში ცდილობს ნატოს წევრობას, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მძლავრი არმია, - გარკვეულწილად მამუკას მცდელობის შედეგადაც - საქართველოში აგზავნის თავის ინსტრუქტორებსა და ექსპერტებს, ასევე სამხედრო ტექნიკას.
მალე ეს ომი სრულიად სხვა, დიპლომატიურ ფორმას მიიღებს და მამუკასთვის დგება დრო, თავისი მოსაზრებები პრაქტიკით გაამყაროს. ის თავის სამხედრო ტაქტიკურ უნარს აფართოებს და ამდიდრებს ლოგისტიკის, მოლაპარაკების ხელოვნებითა და გეოპოლიტიკური სტრატეგიით. გადის კიდევ რამდენიმე წელიწადი და 2014 წლის გაზაფხულზე "უცნობი მწვანე კაცუნები" - სინამდვილეში კი რუსი ჯარისკაცები, ყირიმში სამთავრობო შენობასა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს იკავებენ.
მამუკა ამ დროს უკვე მზად არის. უკრაინა მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე რუსეთთან და მის ადგილობრივ მხარდამჭერებთან ბრძოლის მორიგი ასპარეზი. საქართველოსგან განსხვავებით, ეს დიდი ქვეყანაა, მრავალრიცხოვანი არმიით, ამასთან, ევროკავშირის მოსაზღვრე. თუ ოდესმე დადგება დრო, რომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას რუსეთთან ბრძოლაში, ეს სახელდობრ ახლა და აქ უნდა მოხდეს.
მაგრამ უცხო ქვეყანაში მამუკამ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ანუ კვლავ რიგით ჯარისკაცად გახდომა მოუწევს. მაგრამ ის ამაზეც თანახმაა. მამუკა თავისთან იწვევს ყოფილ თანამებრძოლებს, ამყარებს ახალ კონტაქტებს და იწყებს ახალ სამხედრო მოქმედებაზე ფიქრს. ახლა მას უკვე შეუძლია ემოციების დამორჩილება, ომი მისთვის ტექნიკური და ლოგისტიკური პრობლემა გახდა.
უკრაინის საზღვარს მამუკა 2014 წლის აპრილის დასაწყისში გადაკვეთს, მცირე ხნით ადრე, ვიდრე საზოგადოებრივი არეულობა ჰიბრიდული კონფლიქტის ხასიათს მიიღებდა. კიევის ხელისუფლება თანდათან კარგავს თავის კონტროლს ქვეყნის აღმოსავლეთზე. დონბასის ქალაქები და სოფლები რუსეთის წაქეზებით სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზებას იწყებენ, ამ მხარის უკრაინიდან გამოყოფას აცხადებენ და დამოუკიდებელ რესპუბლიკას ქმნიან. ქუჩებში ავტომატის კაკანი ისმის, იხოცება ხალხი, ხოლო დონბასში შესასვლელი გზები ბეტონის ფილებით, ძველი საბურავებითა და სილით სავსე ტომრებით იკეტება. ადგილობრივები იქ გამშვებ-საკონტროლო პუნქტებს ქმნიან.
მამუკა ხუთ სხვა ქართველთან ერთად დონეცკში, დონბასის ცენტრში ჩადის. ოფიციალურად ქალაქი კვლავ უკრაინის შემადგენლობაშია, მაგრამ აქ ქაოსია გაბატონებული. სეპარატისტებს დაუკავებიათ ადმინისტრაციული შენობა და იქ საკუთარი შტაბი შეუქმნიათ. დერეფნებში ადგილობრივი მაღაროელები და ბანდიტები მიდი-მოდიან.
მამუკა დონეცკში ხვდება აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც მოწმე გამხდარან, რუსეთმა იქ საიდუმლოდ როგორ შეზიდა დიდი რაოდენობით იარაღი, რომელსაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ხალხს ურიგებენ და ასე ამზადებენ საომარ ოპერაციას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ისტორიასა და გეოგრაფიას შეცვლის. მამუკასთვის კი ეს მთავარი პრობლემის გადამწყვეტი გახდება, რაც ხალხის შეიარაღებაში მდგომარეობს. ამიტომ ის მიზანში ამოიღებს იარაღის ერთ-ერთ საწყობს, რომელსაც პრორუსი მოხალისეები იცავენ და - თავს დაესხმებიან. ვიდრე საწყობის ყარაულები გაარკვევენ, რა ხდება, მამუკა თავის ხალხთან ერთად მრავალ ავტომატს, ყუმბარასა და სხვა იარაღს გამოიტანს.
2014 წლის 12 აპრილს უკრაინა ორ ერთმანეთის სიახლოვეს მდებარე ქალაქს - სლოვიანსკსა და კრემენჩუკს კარგავს. როდესაც უკრაინელი სპეცრაზმელები მათ დასახმარებლად მოდიან, ისინი გაკვირვებული არიან ნაღმტყორცნების ცეცხლის სიზუსტითა და კარგად გააზრებული თავდაცვით. იმ დღემდე უკრაინაში არავინ იცოდა ბრძოლის ასეთი ტაქტიკა. დეზინტეგრირებულ უკრაინის არმიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საბრძოლო გამოცდილება, ხოლო სლოვიანსკში მას ელოდა მაღალ დონეზე მომზადებული მოწინააღმდეგე, რომელიც მას ყოველმხრივ აღემატებოდა. უკრაინელი ჯარისკაცები და მილიციელები ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ, ამიტომ უკრაინელები მალე დარწმუნდნენ, რომ მტერთან გამკლავება არ შეეძლოთ.
თუმცა მამუკასთვის ეს მოულოდნელი არა ყოფილა. მას არ შეეძლო ბედს დანებებოდა და დონბასში იწყებს უკრაინელი მებრძოლების ნებაყოფლობით შეგროვებას. ისინიც ახერხებენ მამუკას მსგავსად იარაღის შოვნას და გაბედულად ცდილობენ პრორუსი ოკუპანტების მოგერიებას. თუმცა საკუთარ სამშობლოში არიან, მათ მხოლოდ საკუთარ ძალებზე შეუძლიათ დაყრდნობა. უკრაინის არმია ამ დროს სრულიად პარალიზებულია, რუსი აგენტების დამსახურებით სრულად აქვს დაკარგული საბრძოლო სულისკვეთება, აღარ აქვს ეფექტიანი ბრძოლის თავი.
მამუკა ამაში ადვილად რწმუნდება, როდესაც ერთ დღესაც საკუთარი თვალით ნახავს, თუ უკრაინის უშიშროების რაზმ "ალფას" როგორ უჭირს პატარა ქალაქ იზიუმის სეპარატისტებისგან განთავისუფლება. ტყვიების სეტყვის გამო უკრაინელები რამდენიმე ჯარისკაცს კარგავენ და ქალაქს ტოვებენ. მამუკა გადაწყვეტს, უკრაინელ მოხალისე მებრძოლებს შეუერთდეს. მათ ბრძოლის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ აშკარად აკლიათ დისციპლინა და გაწვრთნა. ამიტომ მამუკა მათ იმ ყველაფერს ასწავლის, რაც თავად იცის, ჰიბრიდული ომის ტაქტიკასა და რუსულ მენტალიტეტს. მან ეს ყველაფერი წინა ომებში მონაწილეობიდან იცის. ის რუსების წინააღმდეგ უკრაინელთა მხარდამხარ იბრძვის და თანდათან საკუთარ საბრძოლო დანაყოფს აყალიბებს.
* * *
მამუკა მაშინ გავიცანი, როდესაც ომი უკვე კარგად იყო გახურებული. ის თითქმის ფრონტის მთელ ხაზზე იღებდა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მისი ბრძოლის ნახვა და მოსმენა სისხლს გაგიყინავს კაცს ძარღვებში.
კითხვაზე, რით განსხვავდება ახლანდელი ომი წინანდლებისგან, მამუკას ნათელი პასუხი არა აქვს. მას მიაჩნია, რომ არაფრით, თუმცა ამის დამტკიცება უჭირს. იმის დამტკიცება კი მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, რომ თუ ადამიანი ერთ ჰიბრიდულ ომს გადაიტანს, მან ყველა სხვა უკვე იცის. ჩვენი საუბრისას ხშირად იმეორებს, რომ თავისი ადრინდელი გამოცდილების წყალობით, უკრაინის ომი ჯერ კიდევ 2013 წელს იწინასწარმეტყველა, როდესაც კიევში პირველი არეულობა ნახა ტელევიზიით. მაშინ უკრაინაში კაციშვილს არ შეეძლო ეთქვა, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვეში რუსეთი ყირიმს დაიპყრობდა და დონბასშიც კონფლიქტი დაიწყებოდა.
თავიდან კარგად ვერ ვუგებდი მამუკას, მაგრამ შემდეგ უფრო ხშირად ვხვდებოდი, თითქმის ყოველი ჩასვლისას უკრაინაში. ვუსმენდი და ვიწერდი მის ნაამბობს საქართველოში მიმდინარე ომების შესახებ, ხოლო შემდეგ ვეკამათებოდი ამ ომების სხვა მონაწილეთა გადმოცემებზე, კორესპონდენტებისა და უცხოელ დამკვირვებელთა ჩანაწერებზე დაყრდნობით. ამ, უკვე კარგა ხნის დავიწყებული კონფლიქტებიდან, თანდათან იკვეთებოდა ომის ნაცნობი ეპიზოდები, რაც ქართველი ომის ვეტერანის სიტყვებს სრულიად სხვა მნიშვნელობას სძენდა.
თანდათან ვხვდებოდი, რომ მამუკას არ სჭირდებოდა ყოფილიყო წინასწარმეტყველი, რათა უკრაინაში ომის დაწყება ამოეცნო. მის ამ მოლოდინს ბევრი სხვაც იზიარებდა. ჰიბრიდული ომის უმთავრესი თვისებაა ბრძოლის ისე წარმართვის უნარი და საბრძოლო მოქმედებების ისეთი კოორდინაცია, რომ ადვილად ვერავინ შეძლოს მისი ჭეშმარიტი არსის გამოცნობა და შესაბამისად, ვერც წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. ამ მიზანს ემსახურება არა მხოლოდ, მაგალითად, საზოგადოების დეზინფორმაცია ან პროვოკაცია, არამედ ასევე საბრძოლო სცენარები, რომლებიც შეიარაღებულ აჯანყებებს აღძრავს და ანონიმური სამხედრო ნაწილების გამოყენებას განაპირობებს.
ამ ყველაფრის შესახებ მამუკამ ჯერ კიდევ საქართველოდან იცოდა, ნანახი ჰქონდა ეს ყველაფერი. ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ, როდესაც 2014 წლის იანვარში, კიევის მაიდანზე პროევროპელი დემონსტრანტები რუსეთის ინტერესებს დაემუქრნენ და ისინი სნაიპერთა მსხვერპლი შეიქნენ, მამუკას გონებაში "წითელი შუქი" აინთო.
კრიზისის ესკალაცია მოგვიანებით ზუსტად იმ სცენარით განვითარდა, როგორიც მას საკუთარ სამშობლოში ჰქონდა ნანახი. ამ კონფლიქტების შედეგად საქართველომ 90-იანი წლების შემდეგ სეპარატისტებთან გამართულ სამ ომში თავისი ტერიტორიის 20% დაკარგა. წართმეულ ტერიტორიაზე წარმოიქმნა ორი ფიქციური სახელმწიფო - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ესენი არაფერს არ აწარმოებენ და თავისი მოსახლეობის უმთავრესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ. მათი არსებობა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წყალობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ისინი ტყუპისცალები არიან დონბასში პირველი ომების შემდეგ წარმოქმნილი ორი - დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისა...
პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა
"ისტორიანი" .#131