ცნობები იმერეთის მეფე სიმონის მკვლელობის შესახებ
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნის დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ვითარებანი, კერძოდ, იმერეთის მეფე სიმონის (1698-1701) მკვლელობის საკითხი მეტ-ნაკლებად ვრცლად არის დამუშავებული ქართულ საისტორიო ლიტერატურაში. თუმცა ყურადღება მიიქცია უკანასკნელ ხანებში გამოცემულმა ოსმალურმა დოკუმენტებმა*, რომლებშიც საინტერესო ცნობებს წავაწყდით. სანამ უშუალოდ ოსმალურ საბუთებს მოვიხმობთ, თვალი გავადევნოთ ქართულ ნარატიულ წყაროებში დაცულ ცნობებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ ინფორმაციას სიმონ მეფის მკვლელობის შესახებ.
XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის, ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში ("აღწერა სამეფოსა საქართველოსა") მოცემული ცნობის მიხედვით, სიმონი იყო იმერეთის მეფე, რომელმაც წელიწად-ნახევარი იმეფა. სიმონის მოკვლა განიზრახა იმერეთის თავადმა გიორგი აბაშიძემ. ის მოეთათბირა სამეგრელოს მთავარ გიორგი IV ლიპარტიანს და გადაწყვიტეს მეფის მოკვლა მამია III გურიელის ხელით. მამია გურიელმა, რომელიც ოსმალეთის "სანდო კაცი" იყო, უარი თქვა ზემოხსენებულ განზრახვაში მონაწილეობაზე, მაგრამ არც ხელი შეუშლია. აღსანიშნავია, რომ აბაშიძის გეგმის მიხედვით, თუ მეფეს გურიელი მოკლავდა, იმერეთის მეფე სწორედ ეს უკანასკნელი გახდებოდა.

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, გურიელმან არა ინება და ნება სცა ამათ. მაშინ წარავლინეს ამათ კაცნი და ცოლისა თვისისა-თანა მწოლი სვიმონ, ოდეს განვიდოდა ბუნებისა სამჭირნოს; ადგილს ჰკრეს თოფი და მოკუდა სვიმონ მეფე...“
ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ინფორმაციას ვხვდებით XVIII საუკუნის საისტორიო თხზულებაში "ცხოვრება მეფეთა", რომელიც შეიცავს 1653-1739 წლების ამბებსაც. ავტორი სეხნია ჩხეიძე მოკლედ გადმოგვცემს ცნობას სიმონ მეფის მოკვლის შესახებ და მკვლელად გიორგი აბაშიძეს ასახელებს.
"გამოხდა მცირედი ხანი, ქორონიკონს უჱ, მარტს ეი, უღალატა იმერელ-მეფეს გიორგის აბაშიძე-მ სვიმონ და მოკლა".
ნიკო დადიანის (1764-1834) თხზულების "ქართველთ ცხოვრების" თანახმად, მკვლელობის დამგეგმავი გიორგი აბაშიძეა. მას გიორგი ლიპარტიანთან ერთად განუზრახავს, რომ მეფე მოკლულიყო გურიელის ხელით, მაგრამ ამ უკანასკნელს უარი უთქვამს. სიმონი მოიკლა გიორგი აბაშიძისა და გიორგი ლიპარტიანის გეგმით.
როგორც ნიკო დადიანი წერს: "ესე შეუძნდა აბაშიძესა, მოუწოდა გიორგი ლიპარტიანსა და შეკრბენ საჭილაოსა და ეზრახენ გურიელსა, რათა მოჰკლას სიმონ მეფე და თვით გურიელი ჰყონ მეფედ. ესე არა ინება გურიელმან და ნება სცა მათ. მაშინ წარავლინეს მათ კაცნი და ცოლისა თვისისა თანამწოლი სიმონ, ოდეს განვიდა ბუნებითსა საჭიროსა ადგილსა, ჰკრეს თოფი და მოჰკლეს სიმონ წელსა ქრისტესით 1701".
ზემოთ მოყვანილ წყაროებზე დაყრდნობით, სიმონის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში შემდეგი მოსაზრებებია:
საქართველოს ისტორიის ნარკვევების IV ტომში ვკითხულობთ: "1701 წელს თავად გიორგი აბაშიძისა და გიორგი ლიპარტიანის მიერ მოკლულ სიმონ მეფის მაგივრად ტახტზე მამია III გურიელი ავიდა, მაგრამ 1702 წელს იგი გადადგა და გურიას დაუბრუნდა. იმერეთის გამგებლობა გიორგი აბაშიძის ხელში გადავიდა".
საქართველოს ისტორიის საკითხების VI ტომი: "ამ აურაცხელ ომში, ურთიერთის ხოცვა-ჟლეტაში, მეფე-მთავართა დაუსრულებელ დასმა-გადაგდებაში [1690 წლიდან - გურიელმა, აბაშიძემ და რაჭის ერისთავმა თერთმეტჯერ აიყვანეს მეფე იმერეთის ტახტზე. ამათგან სამი მოკლეს, დანარჩენი განდევნეს] ოსმალეთის ხელი გარკვევით ჩანდა".
იმერეთის სამეფოს მკვლევარი მიხეილ რეხვიაშვილი ვრცლად არ ამახვილებს ყურადღებას სიმონის მკვლელობაზე. მის ნაშრომში ვკითხულობთ: "სვიმონ მეფის მოკვლის შემდეგ (1701 წ.) იმერეთის თავადებმა შეთანხმებისამებრ სამეფო ტახტზე მამია III გურიელი დასვეს, მაგრამ მისი მეფობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. გიორგი აბაშიძემ სამეფო შემოსავალი არ უწილადა იმერეთის ტახტზე მეფედ დასმულ გურიელს, რის გამოც ახალი მეფე იძულებული გახდა გურიიდან ტყვეები გაეყიდა ოსმალებზე და ამით გაესწორებინა ხარჯები. ბოლოს გურიელს მოჰბეზრდა ასეთი ყოფა, 1702 წელს მეფობას თვითონვე დაანება თავი და ისევ გურიაში დაბრუნდა. იმერეთის გამგებლობა გიორგი აბაშიძის ხელში გადავიდა".

საბჭოთა ენციკლოპედიის IX ტომში სიმონის შესახებ ვხვდებით ინფორმაციას სიმონის მოკვლასთან დაკავშირებით: "მას შემდეგ, რაც გიორგი აბაშიძე და მისი ასული გაბატონდნენ, სიმონი ქართლში გაიქცა. მამია III გურიელის ინიციატივით, ახალციხის ფაშამ სიმონი კვლავ გაამეფა და ცოლად მამიას და შერთო. სიმონისა და გურიელის გათიშვის მიზნით, აბაშიძემ გურიელს მეფობა აღუთქვა, 1701 წელს კი სიმონი მოკლეს და იმერეთში მამია III გურიელი გაამეფეს".
მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი დასახელებულია, ვფიქრობთ, საკითხი მაინც საჭიროებს დაზუსტებას. ამ ნიუანსებისა და რეალური ვითარების უკეთ გამოსარკვევად ისტორიულ საბუთებს მოვიტანთ.
საქმე ის არის, რომ ჩვენი საკითხისთვის საინტერესო მასალებს შევხვდით უკანასკნელ ხანებში გამოცემულ რეზიუმირებულ კატალოგში, რომელიც თურქეთის არქივების კუთვნილებას წარმოადგენს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
1700 წლის 2 ნოემბრის ორ დოკუმენტში აღნიშნულია:
"ბრძანება იმერეთის მეფე სიმონს, სადაც ნათქვამია, რომ მან თავის მოვალეობა ჯეროვნად უნდა შეასრულოს და ერთი წლის განმავლობაში შეაგროვოს ჯიზიე, ფეშქაში საჩუქრები, რომელიც ჩილდირის ბეგლარბეგ ისჰაკის შუამდგომლობით უნდა გამოაგზავნოს ხაზინაში".
"ბრძანება იმერეთის ქვეყნის თავადებს, სადაც წერია, რომ მათ თავისი მოვალეობა ჯეროვნად უნდა შეასრულონ და ერთი წლის განმავლობაში შეაგროვონ ჯიზიე, ფეშქაში საჩუქრები, რომელიც ჩილდირის ბეგლარბეგ ისჰაკის შუამდგომლობით უნდა გამოაგზავნონ ხაზინაში".
მოტანილი რეზიუმეების მიხედვით ვხედავთ, რომ სიმონის გამეფებიდან მალევე ოსმალეთი მოითხოვს დაკისრებული გამოსაღების გადახდას როგორც მეფისგან, ისე თავადებისგან. ეს არ არის ნებაყოფლობითი "საჩუქრები", არამედ ეს არის ხარკი, რომელიც ჩილდირის ბეგლარბეგ ისჰაკის მეშვეობით უნდა მოხვდეს ოსმალეთის ხაზინაში. მოვიტანოთ 1700 წლის 15 აგვისტოს დოკუმენტი:
"ბრძანება ჩილდირის ბეგლარბეგ ისჰაკის, გაცნობებთ, რომ იმერეთის მეფის სიმონის გაქცევის გამო მის ადგილზე დაინიშნა გიორგი. უმეფობის პერიოდში იხელთეს დრო და მომრავლდნენ ყაჩაღები. დაეხმარე ახალ მეფე გიორგის, რომ შეასრულოს თავისი მოვალეობა და მსახურება. მიღებულ იქნა ბრძანება, რომ თავადი გიორგი გაემგზავროს იმ ტერიტორიაზე, სადაც დაინიშნა და შენ გაუწიე მას შესაბამისი დახმარება მოვალეობის შესრულებაში".
ამ საბუთში უკვე ჩანს სიმონის გაქცევა და გიორგი აბაშიძის დანიშვნა. ნახსენებია "უმეფობის პერიოდი", რომელიც ვფიქრობთ, დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სიმონის გაქცევას შესაძლოა შიდა არეულობა გამოეწვია. ოსმალეთი ტრადიციულად ცდილობს დასავლეთ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და ამისთვის ჩილდირის ბეგლარბეგ ისჰაკს იყენებს.

საინტერესოა ასევე 1702 წლის 18 აპრილის დოკუმენტი:
"ბრძანება გურიისა და დადიანის მელიქ მამიას, სადაც წერია, რომ ყოფილი იმერეთის მეფე სიმონი, იმის გამო, რომ ვერ ეგუებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, გაიქცა და მის მაგივრად დაინიშნა ყოფილი იმერეთის მეფე გიორგი, თუმცა ეს უკანასკნელი დაცული ადგილიდან მტრებმა გაიტაცეს. გიბრძანებთ, რომ იპოვოთ ის და დააბრუნოთ თავის სასახლეში, ხოლო სიმონი შეიპყრათ და ჩააბაროთ ჩილდირის ბეგლარბეგ ისჰაკს".
როგორც ვხედავთ, ამ საბუთში სიმონის გაქცევის მიზეზად ადგილობრივ მოსახლეობასთან შეუგუებლობა სახელდება.
საინტერესოა სიმონის მკვლელობის ხსენება 1702 წლის 4 აგვისტოს გაცემულ სამ საბუთში. ესენია ბრძანებები 1) ჩილდირის ბეგლარბეგის, 2) იმერეთის მეფისა და თავადების და 3) გურიისა და დადიანის მელიქ მამიასა და თავადებისადმი: "მიღებული ცნობების თანახმად იმერეთის ყოფილი მეფე სიმონი, რომელიც გაქცეული იყო, თავის ქვეყანაში დაბრუნების დროს მოკლული იქნა იმერეთისა და გურიის მხარეებს შორის ერთ-ერთ ადგილზე. გამოიკვლიეთ ვინ და რა მიზნით მოკლა სიმონი".
ამ ისტორიული საბუთებიდან ჩანს, რომ ოსმალეთიდან ჩილდირის ბეგლარბეგს, იმერეთის მეფეს, გურიის მთავარ მამიას, დადიანის მხარესა და სხვა თავადებს ეგზავნებათ ბრძანებები, რათა გამოიკვლიონ, ვინ მოკლა იმერეთის მეფე სიმონი. ცნობებიდან შეიძლება ის აზრი გამოვიტანოთ, რომ სიმონის მოკვლა ოსმალეთის კარის დავალებით არ მომხდარა. შესაძლოა, ოსმალეთს არც სურდა იმერეთის მეფის მკვლელობა და იგი ხონთქრის კარის დაუკითხავად მოხდა.
მალევე სხვა საბუთით ოსმალეთის კარი სიმონის მკვლელობაში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ პოლიტიკურ მესვეურს ადანაშაულებს და მისი დასჯის ნებართვასაც კი გასცემს. ეს საბუთი 1703 წლის 18 მარტით თარიღდება:
"ბრძანება ჩილდირის ბეგლარბეგს, რომელსაც დაევალა არზრუმის გამგებელ ჰალილ ფაშასთან ერთად, ხმელეთიდან და ზღვიდან დაიცვას მიწები გურიისა და დადიანის თავად მამიასგან თავდასაცავად და დასაჯოს აღნიშნული პირი, რომელმაც მოკლა იმერეთის მეფე სიმონი და ასევე გააჩნია სიმონის მაგივრად დანიშნულ გიორგიზე თავდასხმის განზრახვა".
როგორც ვხედავთ, ბოლო საბუთის მიხედვით, იმერეთის მეფის მკვლელად მამია გურიელი სახელდება. თუ ამ ინფორმაციას ვენდობით, მას ასევე აქვს განზრახვა, რომ სიმონის მაგივრად დანიშნულ გიორგისაც თავს დაესხას. ცხადია, აქ გიორგი აბაშიძე იგულისხმება.
მომდევნო ისტორიული საბუთები ჰუქმებია, რომლებიც 2019 წელს გამოიცა ქართულ ენაზე. გვსურს მოვიტანოთ XVIII საუკუნის დასაწყისში გამოცემული ჰუქმი (ანუ სულთნის კარის ბრძანება), რომელშიც სიმონ მეფეა მოხსენებული. დოკუმენტში ჩანს ხონთქრის კარის დადებითი დამოკიდებულება გიორგი აბაშიძის მიმართ და უარყოფითი - მეფე სიმონისადმი. ჩანს, რომ გიორგი აბაშიძემ "წყალობა" და "სიკეთე" მიიღო ოსმალეთიდან. საინტერესოა ჰუქმის ის ნაწილი, სადაც სიმონის დაპატიმრებაზეა საუბარი:
"ხსენებული სიმონის დაპატიმრებისათვის უნდა გამოსულიყო ჩემი პატიოსანი ბრძანება. იგი გამოვიდა. გაქცეული ხსენებული სიმონი ამჯერად გურიის და დადიანის მეფე მამიასთან იყო დაკავშირებული. შენ რომ ხსენებული მირმირანი ხარ, ჩემი პატიოსანი ბრძანება მიღებისთანავე განახორციელე. სიმონი სასწრაფოდ იქნას დაპატიმრებული".

კიდევ ერთი დოკუმენტში ვკითხულობთ:
"ჩილდირის ბელგარბეგს ჰუქმი ებოძა მასზე, რომ წინათ აჩიკ ბაშის მეფე სიმონი უცხო მხარეში იყო გაქცეული. იმ ადგილებიდან კვლავ აჩიკ ბაშის ქვეყანაში დაბრუნდა. აჩიკ ბაშის ქვეყანა გურიის ქვეყანასთან ახლოს მდებარე სიმონ ჰუს სახელწოდების ადგილია. ღამე მკვლელობისთვის გამოყენებულ იქნა".
ეს დოკუმენტებიც აჩვენებს, რამდენად არის ხონთქრის კარი ინფორმირებული იმერეთის შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ. დოკუმენტში ჯერ სიმონის დაპატიმრების ბრძანებას ვხვდებით, შემდგომ კი ნახსენებია მკვლელობა, რომელიც გურიის სამთავროს სიახლოვეს მომხდარა. ცხადია, აქ რთულია ზუსტად ავხსნათ, რა მკვლელობაზეა საუბარი ჰუქმში, მაგრამ ვფიქრობთ, აღნიშნული ჰუქმები გასათვალისწინებელია სიმონის მკვლელობის საკითხზე მსჯელობისას - მათში მოტანილი ინფორმაციის ქრონოლოგიური ჩარჩო ახლოს დგას სიმონის მკვლელობის დროსთან და ასევე ნათლად ჩანს ოსმალეთის ინტერვენციული პოლიტიკა დასავლეთ საქართველოს მიმართ.
* * *
ჩვენ წარმოვადგინეთ ქართულ ნარატიულ წყაროებში დაცული ინფორმაცია, ამ წყაროებზე დაყრდნობით აგებული სამეცნიერო ლიტერატურა და ის ისტორიული საბუთები, რომლებიც უკანასკნელ ხანებში გამოიცა. უმეტესწილად, როგორც წყაროებში, ასევე სამეცნიერო ლიტერატურაში მკვლელად დასახელებულია გიორგი აბაშიძე, თუმცაღა შეგხვდა ისტორიული საბუთიც, სადაც მკვლელად მამია გურიელი სახელდება. ჩვენი აზრით, არ იქნება მართებული, რომელიმეს დავუჯეროთ არგუმენტირების გარეშე, ან იმას დავეყრდნოთ, რომელსაც მეტი მომხრე ჰყავს. ვფიქრობთ, საკითხის გადაწყვეტა შეიძლება ჩვენს ხელთ არსებული წყაროების შეჯერებით, მიუხედავად იმისა, რომ წყაროებში დიამეტრულად განსხვავებულ ინფორმაციებს ვხვდებით.
საკითხში სიცხადის შესატანად აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ გიორგი აბაშიძის პიროვნებაზე. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, თავადი ნებისმიერი გზით ცდილობდა პოლიტიკურად გაძლიერებას, მეზობელი ტერიტორიების დაპყრობას და სავსებით ლოგიკურია, რომ ამგვარი ამბიციური მიზნების მიღწევაში იმერეთის მეფე სიმონი ხელს შეუშლიდა. შესაბამისად, ლოგიკური ჩანს გიორგი აბაშიძის მიერ სიმონის მკვლელობით ჩამოშორებაც. მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ქართულ ნარატიულ წყაროებში დაცული ცნობა აბაშიძე-ლიპარტიანის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც სიმონის მკვლელი მამია გურიელი უნდა გამეფებულიყო? არალოგიკური ხომ არ არის, რომ ძალაუფლებისმოყვარე გიორგი აბაშიძეს ერთი მეფის მეორე მეფით ჩანაცვლება მონდომებოდა? მაშინ რატომ გადმოგვცემენ ისტორიკოსები ამგვარ ცნობას?
საქმე ის არის, რომ ვახუშტი ბატონიშვილი მამია გურიელს "ოსმალეთის სანდო კაცად" მოიხსენიებს. 1700 წლის 2 ნოემბრის პირველ საბუთში კი ნახსენებია, რომ ოსმალეთის კარი სიმონისგან გადასახადის გადახდას ელოდება. აქედან შეიძლება იმ აზრის გამოტანა, რომ გიორგი აბაშიძის მიერ ამ პერიოდში სიმონის მოკვლა ოსმალეთის პოლიტიკურ კავშირებში ჩარევა იქნებოდა. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ ჩაიფიქრეს ლიპარტიან-აბაშიძემ, რომ მეფის ლიკვიდაცია "ოსმალეთის აგენტ" მამია გურიელის ხელით განეხორციელებინათ. მაგრამ ქართული წყაროების მიხედვით, მამია გურიელმა მეფის მოკვლაზე უარი თქვა, ჩვენ მიერ მოხმობილი 1703 წლის 18 მარტის საბუთის მიხედვით კი ოსმალეთის კარი მას მკვლელად ასახელებს.
რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში? საქმე ის არის, რომ როდესაც ვახუშტი ახსენებს გურიელს "სანდო" კაცად, ეს არის სიმონის აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოყვანის გეგმის პერიოდი (სავარაუდოდ 1700-1701 წლები), ხოლო საბუთი, სადაც ის მკვლელად სახელდება, 1703 წლით არის დათარიღებული. ზემოხსენებულის გათვალისწინებით ვვარაუდობთ, რომ 1700/1701 წლიდან 1703 წლამდე პერიოდში მოახერხა გიორგი აბაშიძემ მამია გურიელის პოლიტიკურად განადგურება, მისი სახელის გატეხა და ოსმალეთის კარის დარწმუნება, რომ სწორედ ის იყო სიმონის მკვლელი. ჩვენი ვარაუდით, სიმონის მკვლელობის დამგეგმავი მართლაც გიორგი აბაშიძეა, მან მოიშორა როგორც სიმონი, ასევე პოლიტიკურად გაანადგურა მამია გურიელი, რომელმაც სიმონის შემდგომ მცირე ხანს იმეფა და შემდგომ ოსმალეთის მხრიდან მკვლელობა მას დაჰბრალდა. 1702 წელს კი მეფედ გიორგი აბაშიძე მოგვევლინა.
წარმოდგენილი ისტორიული საბუთების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი აბაშიძე ოსმალეთის ნდობის მოპოვებას ცდილობდა, ოღონდ ეს მისი არა მიზანი, არამედ დიპლომატიური სვლა იყო. როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია მოცემული, 1703 წელს, როდესაც გიორგი აბაშიძემ სიმონ მეფე და მამია გურიელი პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოიშორა და დასავლეთ საქართველოში მოიკიდა ფეხი, მან უარი განაცხადა ოსმალეთის ქვეშევრდომობაზე და ახალციხის ფაშას ყოველწლიური "ქრთამის" გაგზავნაზე უარი უთხრა. შემდგომ ამას მოჰყვა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრების გამოსვლა ოსმალეთის წინააღმდეგ. ასე ჩანს, რომ გიორგი აბაშიძემ დასახულ მიზანს მიაღწია და ორივე პოლიტიკური კონკურენტი მოიშორა, ოსმალეთის ნდობა მოიპოვა და შემდგომ ხონთქრის კარის წინააღმდეგაც კი წავიდა...
ამდენად, იმერეთის მეფე სიმონის მკვლელობის საკითხის განხილვა უკანასკნელ ხანს გამოცემული ოსმალური დოკუმენტების გათვალისწინებითაც, სადაც წავაწყდით ცნობებს ჩვენთვის საინტერესო საკითხზე, ამგვარი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გვაძლევს.
* მ. მახარაძე, ზ. შაშიკაძე, ა. კაშია. თურქეთის არქივებში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ (რეზიუმირებული კატალოგი). თბ. 2022.ნ. შენგელია. მუჰიმე დავთრები საქართველოს სამეფო სამთავროების შესახებ. თბ. 2019.
გიორგი დათუაშვილი
საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ
"ისტორიანი" .#131