X საუკუნის II ნახევარი მეტად საინტერესოა ბიზანტია-საქართველოს, უფრო ზუსტად, ტაოს სამეფოს ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს პერიოდი ქართულ და არა მარტო ქართულ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ კარგად არის შესწავლილი (სტატიები თუ მონოგრაფიები მიუძღვნეს ვასილ კოპალიანმა, შოთა ბადრიძემ, სიმონ ჯანაშიამ, მარიკა ლორთქიფანიძემ, ჯაბა სამუშიამ და სხვ.). თუმცა, ჩვენი მიზანია, თავი მოვუყაროთ მთელ რიგ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომელთა ანალიზითაც შეგვეძლება ნათელი მოვფინოთ ჯერ კიდევ ბუნდოვანებით მოცულ საკითხებს, როგორიცაა, თუნდაც, დავით კურაპალატის გარდაცვალება. ჩვენთვის, პირველ რიგში, საინტერესოა ბარდა სკლიაროსის აჯანყება, რადგან მისი ლიკვიდაციის საქმეში ქართველთა კვალიც ჩანს. ცნობებს ქართველთა მონაწილეობის შესახებ გვაწვდიან როგორც უცხოური - ბერძნულ-სომხური, ისე ქართული წყაროები: გიორგი კედრენე, სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი) და გიორგი მთაწმინდელი თხზულებით: "ცხოვრება იოანესი და ეფთუმესი". 976-978 წლების ბიზანტია სამოქალაქო ომის ასპარეზად იქცა, სადაც იმპერიას დაუპირისპირდა მცირე აზიის არისტოკრატიის წარმომადგენელი ბარდა სკლიაროსი. იმპერიის ხელისუფლებას ძალიან გაუძნელდა გამოცდილ სარდალთან დაპირისპირება და დახმარებისთვის ტაოს მეფეს, დავით III-ს მიმართა. დახმარების სანაცვლოდ ბიზანტიამ დავითს გარკვეული ტერიტორიული დათმობანი აღუთქვა "ზემონი ქვეყანანის" სახით. ბიზანტიისა და ქართველთა შეერთებულმა ჯარმა გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა სკლიაროსს და დაამარცხა. დავითის ძალები რომ მართლაც მონაწილეობდა სკლიაროსის აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამას ნათლად ადასტურებს ზარზმის წარწერაც: "ღვთისმშობლისა მეოხეობითა მე ივანე, ძემან სულაისმან, აღვაშენე წმინდა ეგუტერი მას ჟამსა, ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდე ღმერთმან, უშველა წმინდათა მეფეთა". ბარდა სკლიაროსის იმპერატორად გამოცხადება. მინიატიურა იოანე სკილიცეს "ისტორიის მიმოხილვიდან" (მდიდრულად ილუსტრირებული მანუსკრიპტი შექმნილია სიცილიაში, XII ს.) ზემოთქმულის შემდეგ ისმის კითხვები: რატომ ჩაება დავით ტაოელი ბარდას წინააღმდეგ ბრძოლაში; რა იყო ის მიზეზი, რის გამოც ბიზანტიის ვასალი დავით III არა იმპერიის დასუსტებით, არამედ მისი მოწინააღმდეგის განადგურებით ინტერესდება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად იმდროინდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ. ნოდარ ლომოურის აზრით, დავითის მთავარ საგარეო-პოლიტიკურ მიზანს ტაო-კლარჯეთის სამხრეთით მდებარე ტერიტორიების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. სწორედ ამ ტერიტორიების საკითხს უნდა გამოეწვია სკლიაროსსა და დავითს შორის ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენთვის ცნობილია, რომ აჯანყებამდე სკლიაროსი დიდი სომხეთის დასავლეთში იყო დანიშნული მმართველად, აჯანყების პირველსავე ეტაპზე კი ტერიტორიები კიდევ უფრო გაზარდა და ხელთ იგდო ტაოს უშუალოდ მოსაზღვრე ოლქები. ამას ემატება ასოღიკის ცნობაც, რომლის მიხედვითაც, დავითის მხედრობამ "ტაოელთა ქვეყნიდან მოკიდებული დაანგრიეს და ააოხრეს ბერძენთა მთელი ქვეყანა, რომელიც მოძალადის ხელში იყო". როგორც ირკვევა, ბარდა სკლიაროსი არა მარტო ტაოს მეზობლად ყოფილა დამკვიდრებული, არამედ ტაოს ტერიტორიებზეც გადმოსულა, დავითი კი, ბუნებრივია, იმოქმედებდა. ასე რომ, ჩვენ მისაღებად მიგვაჩნია აღნიშნული მოსაზრება, რომ დავითი ბარდას წინააღმდეგ გამოდიოდა არა როგორც იმპერიის ვასალი, არამედ, პირველ რიგში, ტაოს დამოუკიდებელი მმართველი და საკუთარი ინტერესების გამტარებელი. ამავე აზრს იზიარებს მარიკა ლორთქიფანიძეც და იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სკლიაროსის წარმატებებს თან ახლდა ემირ ბადი იბნ-დასტაკის (მარვანიანთა დინასტიიდან) ამოძრავება, რომელმაც აღიდგინა მანაზკერტში თავისი უფლებები. დავითს კი მანაზკერტთან დაკავშირებით თავისი გეგმები ჰქონდა. ყრმა ბასილის კურთხევა თანაიმპერატორად. მინიატიურა იოანე სკილიცეს მანუსკრიპტიდან ასევე საჭიროა გავითვალისწინოთ ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობა მთელი X საუკუნის განმავლობაში. თავიანთი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, ბიზანტიელები და ქართველები ერთად იბრძოდნენ, რათა დაუფლებოდნენ არაქს-ევფრატის ხეობათა და ვანის ტბის სანაპიროს მიწებს. ამასთანავე, ქართველები ყოველთვის ახერხებდნენ, თავიანთი წილი მიეღოთ ზემოაღნიშნული ტერიტორიებიდან (ბადრიძე, 1984). ბიზანტია დროებით გავლენის სფეროდ აძლევდა ქართველებს გარკვეულ მიწებს, მაგრამ ქართველები მათი სამუდამო დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ, ამის ყველაზე თვალსაჩინო დასტურია დავით კურაპალატის მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა. აქედან გამომდინარე ნათელი ხდება, რატომ გამოდიოდა დავითი ბარდას წინააღმდეგ. მას საერთოდ არ აწყობდა ახალი ძლიერი მოთამაშე. ეს კარგად იცოდნენ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე, სწორედ ამიტომ მიმართეს დავითს და ამიტომაც აღუთქვეს დაპირებები. ეს ურთიერთკავშირი დროებით ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდა. 978 წელს, როგორც ასოღიკი გადმოგვცემს, დავითმა მიიღო "ზემონი ქვეყანანი", ეს კი ტაოსთვის ნამდვილად თვალსაჩინო გამარჯვებას წარმოადგენდა. ვინაიდან, შეძლებისდაგვარად, ამოვწურეთ ქართველების მონაწილეობის საკითხი ბარდას აჯანყების წინააღმდეგ და დავინახეთ დავითის საგარეო პოლიტიკა, ახლა უნდა შევეხოთ ე.წ. ბოძების საკითხს, ვინაიდან შემდეგში სწორედ ეს გახლდათ საქართველო-ბიზანტიის ომის ძირითადი მიზეზი. ქართული და სომხური წყაროები თანხმდებიან, რომ კეისარი ბასილი დავითს ვრცელი ტერიტორიების დათმობას შეჰპირდა და დაუთმო კიდეც. ეს დათმობილი მიწები, რომელსაც ქართული ტრადიცია "ზემონი ქვეყანანის" სახელით იცნობს, დავითს სიცოცხლის ვადით გადაეცა: "რაითა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ" (ცხოვრება იოვანესი და ეფთუმესი). ბოძება მოხდა ბარდას აჯანყების ბოლო მომენტში - 978 წელს. თუმცა, როგორც წყაროებიდან ვიგებთ, ამ ტერიტორიების ერთი ნაწილი დავითს ბოძებამდეც ჰქონდა დაკავებული. როგორც დასტურდება, ქართველი ბაგრატიონები ფლობდნენ ბასიანის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოსკენაა პირმოქცეული. ირკვევა, რომ დავითს ეს ტერიტორიები იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ ჯერ კიდევ X საუკუნის 60-იან წლებში უბოძა, თუმცა რა ოდენობით და რა დროით, წყაროებში არ ჩანს. რაც შეეხება დათმობილი ტერიტორიების მეორე ნაწილს, რომლის ცენტრსაც ქალაქი მანაზკერტი წარმოადგენდა, იგი ამ დროს მოქცეული იყო მარვანიანთა ქურთული საგვარეულოს ხელში. ეს ნიშნავს, რომ 978 წელს მანაზკერტის გადაცემა ბიზანტიას არავისთვის შეეძლო, რადგან აღნიშნული ტერიტორია იმპერიას არ ეკუთვნოდა. მაშასადამე, ისმის კითხვა, რა შეიძლება ყოფილიყო ბიზანტიის მიერ ტერიტორიული დათმობები, თუ ერთ ნაწილს დავითი ისედაც აკონტროლებდა, ხოლო მეორე ნაწილი სხვისი საკუთრება იყო? მკვლევართა უმეტესობას (ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია, ივანე ჯავახიშვილი) დათმობები წარმოუდგენია ისე, თითქოს დავითმა ბიზანტიისგან ახალი, დამატებითი ტერიტორიები მიიღო. მაგრამ აქ ხაზი უნდა გაესვას უშუალოდ ბიზანტიის იმპერიულ პოლიტიკას. ჩვენთვის ცნობილია, რომ მაშინდელი პოლიტიკური წარმოდგენების თანახმად, ბიზანტია თავის საკუთრებად მიიჩნევს არა მარტო ვასალთა მიწებს, არამედ იმათაც, რომელთა დაპყრობასაც ის მომავალში აპირებს. ასე უცქერდა იგი, მაგალითად, ჰარაქსსა და აპაჰუნიქსს. აქედან გამომდინარე, ვეთანხმებით ვასილ კოპალიანის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ბიზანტიის ეს "ბოძება" წარმოადგენდა ერთგვარ ლეგიტიმაციას, რათა დავითს ემოქმედა მის დასაპყრობად და ტერიტორიები დაეკავებინა. შემდგომი მოვლენები ამის ნამდვილი დადასტურებაა, რადგან ვიცით, რომ დავითი ამ ტერიტორიებს ბრძოლით იკავებს. მეფე ბაგრატ III. ბედიის ფრესკა 978 წლის ტერიტორიულ ბოძებაზე მსჯელობისას შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიზანტია აღნიშნულ ტერიტორიებს იძლეოდა დაპყრობის უფლებით და მხოლოდ სიცოცხლის ვადით შეიძლებოდა მისი დაკავება, მაგრამ ქართველები ყოველთვის ცდილობდნენ, ბოძებული ტერიტორიები სამუდამო საკუთრებად ექციათ. ასეთი დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა იმ შინაფეოდალური ომის ჟამს, რომელიც ბიზანტიის საიმპერატორო ტახტის წინააღმდეგ წამოიწყო ბარდა ფოკამ 989 წელს და რომელსაც დავითმა მხარი დაუჭირა. აშკარაა, დავითი ამით რაღაც პირად სარგებელს ელოდა. სამწუხაროდ, ფოკა დამარცხდა და დავითს ღალატისთვის პასუხისგებამ მოუწია. ამაზე საგანგებოდ ჰყვება იაჰია ანტიოქიელი: "და ითხოვა დავითმა, ქართველთა მეფემ, მეფე ბასილთან შენდობა და პატიება და აღუქვა მას მორჩილება" და "რომ მისი სამფლობელოები მისი სიკვდილის შემდეგ შეერთებული იქნებიან მის სამფლობელოებთან". იაჰია ანტიოქიელის ეს ჩანაწერი ერთადერთი წყაროა, რომელიც ბარდა ფოკას აჯანყების შემდეგ დავითის "დასჯის" შესახებ გვამცნობს. ცნობის მიხედვით, დავითმა გარდაცვალების შემდეგ ბასილს უნდა დაუტოვოს თავისი სამფლობელო. ისმის კითხვა, რომელი ტერიტორიები უნდა გადაეცა დავითს ბასილისთვის, მთლიანად ტაო თუ მხოლოდ ის ტერიტორიები, რომელიც 978 წელს ებოძა სკლიაროსთან ბრძოლის შემდეგ? ლიტერატურაში ამ საკითხზე ორი მოსაზრება არსებობს. ვასილ კოპალიანის მტკიცებით, დავითი ამ ანდერძში მთელ თავის სამფლობელოს გულისხმობს. ეს იქიდან უნდა ჩანდეს, რომ დავითი, ფაქტობრივად, ებოდიშება იმპერიას და მთელ თავის სამფლობელოს აღუთქვამს, თორემ მხოლოდ ნაბოძებ ტერიტორიებს დავითი ისედაც დროებით ფლობდა. ლოგიკური მსჯელობაა, მაგრამ ვერ ითვალისწინებს, რომ დავითი ბოძებით მიღებულ ტერიტორიებს ისე უყურებს, როგორც თავის საკუთრებას. სწორედ ამიტომ უფრო ლოგიკური ჩანს სიმონ ჯანაშიას აზრი, რომლის მიხედვითაც, დავითი თავის ანდერძში მხოლოდ ნაბოძებ ზონას გულისხმობდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დავითის სიკვდილის შემდეგ გურგენი და ბაგრატი ბასილთან გამოცხადდნენ იმ იმედით, რომ ბასილი ტერიტორიებს მათ გადასცემდა, მაგრამ ამაოდ. თუმცა, როგორც წყაროებიდან ჩანს, ბიზანტიას ტერიტორიები მაინც დაუთმია. არისტაკეს ლასტივერტეცის ერთი ცნობა უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ბრძოლა ბიზანტია-საქართველოს შორის იმ მიწებისთვის მიმდინარეობდა, რომლებიც იმპერატორმა უწყალობა დავით კურაპალატს. ამაზე მიგვითითებს ბასილი II-ის სიტყვები, რომლითაც, არისტაკეს ლასტივერტელის მიხედვით, იგი გიორგი I-ს მიმართავს: "თავი დაანებე ყველაფერს და იმით დაკმაყოფილდი, რაც მე მამაშენს ვუბოძე". ჩვენი აზრით, "ყველაფერში" ის მიწები იგულისხმება, რომლებიც დავითს ბოძების სახით ჰქონდა დაკავებული. იმავეს გვაფიქრებინებს სუმბატ დავითის ძის ქრონიკის ცნობაც, რომლის მიხედვითაც, ბიზანტია-საქართველოს ომის (1021-1023) შემდეგ ბასილმა აიღო "ციხენი პირველ ბოძებულნი და უკანის ათოთხმეტი და ქუეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატს ტაოს, კოლა-არტანს და ჯავახეთს". ვფიქრობთ, ამ ციტატაში იგულისხმება შემდეგი: ბასილმა აიღო ადრე ნაბოძები ციხეები (სავარაუდოდ, ბაგრატისა და გურგენისთვის); ამასთან, ბასილმა დაიკავა ის მიწებიც, რომელთათვისაც მანამდე ხელიც არ ეხლო. ესენია ის ტერიტორიები, რომლებიც დავით კურაპალატს ჰქონდა კოლა-არტაანსა და ჯავახეთში. ამ მიწებს ბიზანტიამ ხელი არ ახლო, სანამ დავითი ცოცხალი იყო, თუმცა XI საუკუნის ოციან წლებში, გიორგი I-ის დამარცხების შემდეგ, ბიზანტიამ დავითისთვის ნაბოძებ ტერიტორიებთან ერთად დავითისვე სამკვიდრო მიწებიც მიისაკუთრა. ჩვენი აზრით, ბასილმა მხოლოდ საქართველოს დამარცხების შემდეგ ჩაიგდო ხელში ტაოს ტერიტორიების ის ნაწილი, რომელიც დავითს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა დაკავებული, სანამ 978 წლის ბოძება მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ბასილმა დავითის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ 978 წელს ბოძებული ტერიტორიები დაიკავა, რომლის სამუდამოდ დასამკვიდრებლადაც იგი მთელი სიცოცხლე იბრძოდა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საინტერესოა დავით კურაპალატის გარდაცვალების საკითხიც. კურაპალატის შესაძლო მკვლელობის საკითხს სტატიები მიუძღვნეს ქართველმა მეცნიერებმა: ზურაბ ავალიშვილმა, ალექსანდრე აბდალაძემ, მანანა გაბაშვილმა, ჯაბა სამუშიამ თუ სხვ. ჩვენ ამ მეცნიერთა მოსაზრებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით სარწმუნოდ მიგვაჩნია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც კიდევ ერთხელ დაზუსტებას საჭიროებს. საინტერესოა, ვის და რატომ შეიძლება მოეწყო დავითის მკვლელობა? გამოთქმულია მოსაზრება, რომ დავითის მკვლელობა საერთოდ არ მომხდარა, ვინაიდან ქართული წყაროები ამაზე არაფერს წერენ: "გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქორონიკონსა ს.კ.ა, და არ ესუა ძე" - წერდა სუმბატ დავითის ძე. თუმცა უცხოური წყაროები და, საერთოდ, X საუკუნის დაძაბული ფონი ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობებში, გვიბიძგებს, ამ საკითხს სხვა კუთხითაც შევხედოთ. იმპერატორ ბასილი II-ს გვირგვინს ადგამენ იესო და ორი ანგელოზი. გვერდებზე ექვსი სამხედრო პირია, წმიდანად შერაცხილი.მინიატიურა ბასილი II-ის ფსალ­მუნიდან. XI ს. ზურაბ ავალიშვილი კურაპალატის მკვლელობის დამგეგმავად ბაგრატ III-ს მიიჩნევდა, ეყრდნობოდა რა დავითსა და მის შვილობილს შორის მანამდე არსებულ კონფლიქტს კლდეკარის საერისთავოს საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ეს აზრი ნაკლებადაა გაზიარებული, ვინაიდან დავით კურაპალატის მიერ მოწყობილ ანტიმუსლიმურ კოალიციაში მისი შვილობილის მამა გურგენიც მონაწილეობდა, რაც მათ შორის კონფლიქტის ამოწურვაზე მიუთითებს. მეორე შეხედულებით, დავითის მკვლელობა მოაწყვეს ტაოელმა აზნაურებმა, ხოლო საქმე აღასრულა ეპისკოპოსმა ილარიონმა. ამ ცნობას გადმოსცემენ მათე ურჰაეცი (XII ს.) და სმბატ სპარაპეტი (XIII ს.). ვფიქრობთ, არ შეიძლება ბოლომდე გაზიარებულ იქნას ეს ცნობები, ვინაიდან ნაკლებ სარწმუნოა, ამხელა მასშტაბის პიროვნების მკვლელობა მხოლოდ ადგილობრივ აზნაურებს მოეხდინათ და მასში წვლილი არ შეეტანა დიდოსტატური დიპლომატიით ცნობილ ბიზანტიასა და ბასილი დიდს. ამ მხრივ უფრო სარწმუნოა არისტაკეს ლასტივერტეცის ცნობა, რომ შეთქმულება დაგეგმილი იყო ბასილი II-ის მიერ, ხოლო აღასრულეს ტაოელმა აზნაურებმა. რა გვაფიქრებინებს ყოველივე ამას? როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, X საუკუნის მეორე ნახევარში დავით კურაპალატის საგარეო პოლიტიკა ექსპანსიურ ხასიათს ატარებდა ტაოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიებისკენ. ამისვე გამოძახილი იყო ჯერ სკლიაროსის აჯანყების წინააღმდეგ გამოსვლა, შემდეგ კი ბარდა ფოკას აჯანყების მხარდაჭერა. ჩვენთვის მეტად საყურადღებოა X საუკუნის 90-იან წლებში ვანის ტბის მიდამოებში დავითის მიერ წარმოებული ბრძოლები, რომლებიც მიმართული იყო მუსლიმ ემირთა წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა იყო კურაპალატის მიერ მანაზკერტის (რომელიც მარვანიდების დინასტიას ეპყრა) აღება 990 წელს და აქ ქართველთა და სომეხთა ჩასახლება. ქართველი მეფის ამ წარმატებას საპასუხო რეაქცია მოჰყვა მუსლიმ ემირთა მხრიდან კოალიციის სახით. მარვანიანთა დინასტიის წარმომადგენელმა მარვანმა დახმარებისთვის მიმართა ატარპატაკანის ამირა მამლანს. თავის მხრივ, კოალიცია შეკრა დავითმაც. მას მხარს უჭერდნენ ანისის მეფე გაგიკი, ყარსის მეფე აბასი და გურგენ ქართველთა მეფე. როგორც ირკვევა, მტერმა ქართველთა და სომეხთა გაერთიანებულ ლაშქართან შებმა ვერ გაბედა, რის შედეგადაც, 991 წელს აიღეს ვაღარშაპატი. 997 წელს კურაპალატს ხლათის აღების მცდელობაც ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. უკვე 998 წელს ატარპატაკანის ამირა მამლანი გამოილაშქრებს დავითის წინააღმდეგ. კურაპალატი თავისი კოალიციით კვლავ მიაღწევს გამარჯვებას, რის შედეგადაც, მეფის გავლენა და ავტორიტეტი ერთიორად გაიზრდება ვანის ტბის რეგიონში. დავით III კურაპალატის ბარელიეფი. ოშკი დავით კურაპალატის ეს ექსპანსიური პოლიტიკა უპირველესად ქართულ საქმეს ემსახურებოდა და არა ბიზანტიურს. აკადემიკოს ჯაბა სამუშიას მოსაზრებას, რომ კურაპალატის ასეთ დამოუკიდებელ საქმიანობასა და დაპყრობილი ტერიტორიების "გაქართველებას" ბიზანტია არ დაუშვებდა, სავსებით ვეთანხმებით. შესაბამისად, ლოგიკური ჩანს აზრი, რომ მკვლელობა უნდა მოწყობილიყო იმპერატორის მხარდაჭერით. ამაზე მიუთითებს არისტაკეს ლასტივერტეცის ცნობაც, სადაც ნათქვამია, რომ ბასილი დავითის გარდაცვალებისთანავე გამოემართა ტაოში: "მეფის სიკვდილის შემდეგ ბასილი თავისი მეფობის ოცდამეხუთე წელს მძიმედ შეიარაღებული გამოემართა და მოაღწია ეკეღეაცის გავარს. ტაოელ აზნაურთა ჯარი შეეგება მას". იგრძნობა, რომ ბასილი ელოდა ინფორმაციის მიღებას და იგი დაუყოვნებლივ გამოემართა კილიკიიდან ტაოში, რათა დავითის სამფლობელოები უბრძოლველად შეეერთებინა. ტაოელ აზნაურთა "შეგებებაც" გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მათაც თავიანთი წილი ცოდვა ჰქონდათ შეტანილი დავითის მკვლელობაში. გიორგი გოგიშვილი, თემურ სიხარულიძე თსუ ისტორიის ბაკალავრიატი (ხელმძღვანელი: თსუ ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი) "ისტორიანი" .#131