„ვაგნერზე“ უკრაინის ჯავრი ტუარეგებმა იყარეს...
პრიგოჟინის „ვაგნერმა“ ერთი წლის წინ უკრაინული სოლედარისა თუ ბახმუტის დაპყრობაში დიდი როლი შეასრულა, მართალია ასევე დიდი მსხვერპლის ფასად, მაგრამ პრიგოჟინმა პუტინს ხონჩაზე მიართვა ის უკრაინული ქალაქები, რომლებსაც თვეობით ამაოდ უტევდა შოიგუს რეგულარული რუსული არმია...
შესაბამისად, უკრაინელებს „ვაგნერელებზე“ შურისძიების სურვილი არც მას შემდეგ განელებიათ, როდესაც მოსკოვზე სამხედრო ბუნტით წასული პრიგოჟინი თავის ყველაზე ერთგულ რამდენიმე მებრძოლთან ერთად თვითმფრინავიანად ჰაერიდან „ჩამოხსნეს", დიდი ალბათობით ისევ რუსულმა სპეცსამსახურებმა უშუალოდ კრემლიდან მიღებული საიდუმლო ბრძანების თანახმად...
პრიგოჟინის ლიკვიდაციის შემდეგ „ვაგნერის“ მზეც ჩაესვენა, რადგან მასზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულმა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, სანამ მას პუტინი მოხსნიდა, მოასწრო „ვაგნერის“ საზღვარგარეთ არსებული ძირითადი აქტივების „გადაფორმება“, მაგრამ აფრიკის მალიში ეს არ დასცალდა, თანამდებობა დაატოვინეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც „ვაგნერს“ გაუმართლა...
მიუხედავად იმისა, რომ რუსული პროპაგანდა „ვაგნერელებს“ ერთგვარ „უნივერსალურ ჯარისკაცებად“ ხატავდა, რომლებსაც თითქოს ყველა ბრძოლის მოგება შეეძლოთ, „ვაგნერმა“ ერთხელ უკვე შეირცხვინა თავი, ჯერ კიდევ უკრაინაზე თავდასხმამდე-2018 წლის 7-8 თებერვლის ღამეს, სირიის დასახლებულ პუნქტ ხაშამთან „ვაგნერის“ 250-300 კაციანი საბატალიონე ტაქტიკური ჯგუფი თავის ჯავშანტექნიკითა და არტილერიით თავს დაესხა ნავთობ და გაზგადამამუშავებელ ქარხანას მისი დაპყრობისა და „წილში ჩაჯდომის“ მიზნით, მაგრამ მაშინ პრიგოჟინი მწარედ შეცდა, რადგან ამ ქარხნიდან მოგებას თურმე ამერიკელები ნახულობდნენ და „წილში გაყვანას“ არავის უპირებდნენ...
შესაბამისად ამოქმედდა ამერიკული სამხედრო მანქანა და „ვაგნერელების“ პოზიცია ამერიკელებმა დაუნდობლად დაბომბეს „ჰაიმარსებისა“ და თვით... სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებითაც კი...
მაშინ სირიაში, ამ ოპერაციის დროს „ვაგნერს“ არანაკლებ 80 მებრძოლი დაეღუპა, 100-მდე კი დაეჭრა - ეს იყო „ვაგნერის“ ყველაზე დიდი დანაკარგი საზღვარგარეთ, თორემ მარტო უკრაინული ბახმუტის აღებას პრიგოჟინმა... 22 ათასზე მეტი ადამიანი შესწირა, თუმცა მათ ნაკლებად ეთქმოდათ „ვაგნერელები“, რადგან ციხეებიდან იყვნენ მოგროვილნი და ბახმუტზე იერიშების დროს ისეთ „საზარბაზნე ხორცად“ იქცეოდნენ, რაზეც „ვაგნერის“ მეთაურობაში დიდად არ ნაღვლობდნენ...
და, აი, 2024 წლის 27-28 ივლისის ღამეს შორეული აფრიკის მალის რესპუბლიკის ტინ-ზაუატინში, რომელიც ალჟირს ესაზღვრება, ჩასაფრება მოუწყვეს მალის რეგულარული არმიის და „ვაგნერის“ ერთობლივ სამხედრო კოლონას, ჩამოუგდეს „მფრინავი ნიანგი“, რის შედეგადაც 80-მდე „ვაგნერელი“ გაანადგურეს, 15-მდე კი ტყვედ აიყვანეს...
და ეს გააკეთეს ტუარეგებმა, რომლებიც მალის ჩრდილოეთ ნაწილის-აზავადის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ებრძვიან მალის ხელისუფლებას, რომელსაც თავის მხრივ ეხმარებოდა პრიგოჟინის „ვაგნერი“, რომელიც ამისთვის წლების განმავლობაში კარგ ანაზღაურებასაც იღებდა.
„ფლოსტებიანმა“ ტუარეგებმა ისე პროფესიოანალურ დონეზე მოუწყვეს უდაბნოს ბარხანებში ჩასაფრება „ვაგნერის“ ჯავშანკოლონას, რომ უკრაინის ომის გამოცდილებაც ვერ გამოადგათ „ვაგნერელებს“, რომლებსაც არც მეტი და არც ნაკლები თვით პრიგოჟინის მარჯვენა ხელი და ახლა მთელი "ვაგნერის“ სარდალი ანტონ ელიზაროვი, მეტსახელად „ლოტოსი“ მეთაურობდა.
თავად „ლოტოსზე“ ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მოკლეს ან ტყვედაა აყვანილი და გაცვლას უპირებენო.
ვრცელდება ისეთი ხმებიც, თითქოს ტუარეგები აპირებენ სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინელებს რუსეთთან ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და „ლოტოსსა“ და სხვა დატყვევებული „ვაგნერელების“ კიევში „ფეშქაშად“ გაგზავნასაც აპირებენო...
ასეა თუ ისე, ასე ნაქებმა რუსულმა კერძო სამხედრო კომპანიამ, რეალურად კი ათასი ჯურის დაქირავებულთა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ „ვაგნერმა“ აფრიკაში „ფლოსტებიანი“ ტუარეგებისგან გამანადგურებელი დარტყმა მიიღო, რისი დამადასტურებელიც გახლავთ თავად ტუარეგების მიერ თავდასხმისას ადგილას გადაღებული მრავალი ფოტო-ვიდეო კადრები, რომლებიც რთული სანახავია, რადგან უდაბნოს ქვიშაზე მიმოფანტულია „ვაგნერელების“ ცხედრები ისე, რომ მათ სავარაუდოდ ბრძოლის გამართვაც კი ვერ მოასწრეს.
ამასთან „ვაგნერელების“ ცხედრები ფაქტობრივად გაძარცვულია, ყველა მათგანს გახდილი აქვს სამხედრო მაღალყელიანი ფეხსაცმელებიც, ე.ი, ტუარეგები „ფლოსტებიანები“ აღარ დარჩებიან...