სიმართლე თეირანის კონფერენციის შესახებ
"საბჭოთა ზღაპრების გასაბათილებლად საიდუმლო დოკუმენტებიs გამომზეურებac კი არ არის საჭირო"
ოთხმოცი წლის წინ, 1943 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, თეირანში სამი მოკავშირე სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) მეთაურთა შეხვედრა მიმდინარეობდა. "მეორე მსოფლიო ომის ისტორიას ბევრი ზღაპარი აქვს დადებული ზემოდან, განსაკუთრებით, საბჭოთა ისტორიკოსების მხრიდან, რათა სტალინისა და სხვა საბჭოთა ლიდერების აბსოლუტური უუნარობა გაემართლებინათ. რეალობა სხვაგვარია და ეს ფაქტების უბრალო გადამოწმებით დგინდება, საიდუმლო დოკუმენტებიც კი არ არის საჭირო", - ამბობს მკვლევარი თენგიზ თხილავა, რომელიც თეირანის კონფერენციის შესახებ გვიამბობს.
- 1943 წლის 17 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი პრესკონფერენციას ატარებდა. თემა თეირანის კონფერენცია იყო, საიდანაც პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. სხვა საკითხებთან ერთად ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რატომ მიიღო რუზველტმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება და აშშ-ის კი არა, საბჭოთა კავშირის საელჩოში გაჩერდა. რუზველტმა ჟურნალისტებს საბჭოთა ვერსია გააცნო, თითქოს გერმანიის აგენტები დიდ სამეულზე თავდასხმას გეგმავდნენ, ამერიკის საელჩო კი საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებისგან მოშორებით იდგა და ყოველდღიური გადაადგილება თეირანის ვიწრო ქუჩებში საფრთხეს ქმნიდა. პრეზიდენტის პასუხმა ჟურნალისტებში სიცილი გამოიწვია და ღიმილი თვით რუზველტმაც ვერ შეიკავა. მან ხომ პირდაპირ უთხრა სტალინს: "ეს ტერორისტები მართლაც რომ არსებულიყვნენ, მე მათ სხვა ქვეყნის საელჩოში არ დავემალებოდი".
- მაშ, რა მოხდა, რატომ გაჩერდა რუზველტი საბჭოთა კავშირის საელჩოში და არა, ვთქვათ, დიდი ბრიტანეთისაში, რომელიც იქვე ახლოს იყო?
- ამის შესახებ ქვემოთ გიამბობთ... ჯერ თავდასხმის ამბავი: 1948 წელს საბჭოთა კავშირში ასიათასიანი ტირაჟით გამოვიდა წიგნი - "ეს როვნოსთან მოხდა". ავტორი გახლდათ უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი დმიტრი მედვედევი, უცნაური ბიოგრაფიის კაცი, რომელსაც 1941 წლამდე სადაზვერვო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ის მსახურობდა განსაკუთრებულ განყოფილებებსა და გულაგის სისტემის ბანაკებში. ორჯერ იყო დათხოვნილი სამსახურიდან და ორჯერვე აღდგენილი. 1941 წლის სექტემბერში ის შინსახკომის განსაკუთრებულ ჯარებში გადაიყვანეს, ცნობილი პაველ სუდოპლატოვის მეთაურობით. სექტემბრიდან 1942 წლის იანვრამდე განსაკუთრებული დანიშნულების რაზმს მეთაურობდა გერმანელთა ზურგში - სმოლენსკის, ბრიანსკისა და მოგილიოვის ოლქებში. რაზმი "მიტია" დივერსიულ-ტერორისტული იყო და თავის დანიშნულებას კარგადაც ასრულებდა. 1942 წლის ივლისში მედვედევი რაზმ "გამარჯვებულებთან" ერთად გერმანელების ღრმა ზურგში გადაისროლეს - როვნოს მიდამოებში.
როვნო გერმანელთა მიერ ოკუპირებული უკრაინის ადმინისტრაციული ცენტრი იყო და იქ დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამ წიგნში პირველად იქნა მოხსენიებული ოპერაცია "შორეული ნახტომი" - გერმანული ტერორისტული ჯგუფის მიერ სტალინზე თავდასხმის ოპერაცია. რუზველტი და ჩერჩილი ნახსენები არ იყვნენ. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა იმავე მედვედევის "სულით ძლიერნი", ასევე რაზმ "გამარჯვებულების" შესახებ. ამ წიგნებში გაკვრით იყო ნახსენები, რომ საბჭოთა მზვერავმა და ტერორისტმა (საბჭოთა დოსიეში ლიტერით "ტ", ანუ ტერორისტით ჩანიშნულმა) ნიკოლაი კუზნეცოვმა, რომელიც გერმანელი ოფიცრის, პაულ ზიბერტის სახელით ატარებდა როვნოში ოპერაციებს, გერმანული დაზვერვის ეს ვერაგული გეგმა გამოამჟღავნა. მედვედევი თავის წიგნებში მხოლოდ ერთ წყაროს ასახელებდა - ნიკოლაი კუზნეცოვს, რომელიც 1944 წლის მარტში დაიღუპა და ამ ამბავს ვერც დაადასტურებდა, ვერც უარყოფდა. სხვა წყაროებზე, სხვა პარტიზან-აგენტებზე, სხვა რაზმების წარმომადგენლებზე ლაპარაკი არ იყო - ყველაზე ტვინგაწყალებულ საბჭოთა სტალინისტსაც კი გაუჭირდებოდა დაჯერება, რომ გერმანელები ასე ყოველ ფეხის ნაბიჯზე, წინ და უკან ფანტავდნენ სახელმწიფო საიდუმლოებებს საბჭოთა პარტიზანების გულის გასახარად. ისიც ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ სტალინზე თავდასხმის დაგეგმვის შესახებ როვნოში რომელიმე გერმანელმა იცოდა. მაგრამ ეგ კიდევ არაფერი, ამ ამბავში მთავარი ის იყო, რომ ამხანაგმა სტალინმა იცოდა, მოკვლას რომ უპირებდნენ, მაგრამ არ შეშინდა, თეირანში ჩავიდა და მტრის აგენტურის ცხვირწინ იმხელა კონფერენცია ჩაატარა. აი, ასეთი ამხანაგი იყო!
ერთი, ყველაზე მთავარი მკითხველის გულის გასახარად გამოცემული ეს წიგნები საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, 1953 წლის შემდეგ მაინცდამაინც აღარ დააფრიალებდნენ. მედვედევი 1954 წელს გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში. თავისით თუ კომპეტენტური ამხანაგები "დაეხმარნენ", ძნელი სათქმელია.
გერმანელი ტერორისტების ამბავი დაახლოებით ათ წელიწადს დავიწყებული იყო, 1965 წლამდე. ამ დროისთვის საბჭოთა კავშირს იდეოლოგიაში ძალიან გაუჭირდა. სოციალიზმ-კომუნიზმის იდეები აღარ ჭრიდა. საჭირო იყო რაღაც, რის ირგვლივაც ქვეყანა და ხალხი შეიკვრებოდა. და ეს რაღაც "დიდ სამამულო ომში გამარჯვება" აღმოჩნდა. დღე, რომელსაც სტალინი და ხრუშჩოვი გამარჯვების დღედ არ თვლიდნენ და არ ზეიმობდნენ, უცებ უქმედ და საზეიმოდ გამოცხადდა. გამოცოცხლდა ომზე ლიტერატურა და ხელოვნების სხვა დარგები. აი, მაშინ ჟურნალ "ოგონიოკს" ინტერვიუ მისცა უშიშროების გადამდგარმა პოდპოლკოვნიკმა ალექსანდრ ლუკინმა, რომელიც ომის დროს მედვედევის მოადგილე იყო. ლუკინის მოგონებებში კონკრეტიკა გაიზარდა - აღმოჩნდა, რომ გერმანელ დივერსანტ-ტერორისტებს ცნობილი ოტო სკორცენი მეთაურობდა. მერე ხმა ამოიღო ასევე საკმაოდ ცნობილმა ვალენტინ ბერეჟკოვმა, მოლოტოვის ყოფილმა თანაშემწემ და სტალინის თარჯიმანმა. მან თეირანის კონფერენციის 25-ე წლისთავის აღნიშვნისას არათუ გაიმეორა, ახალი დეტალებით გაამდიდრა ოპერაცია "შორეული ნახტომი". თუმცა, წყაროებად მხოლოდ მედვედევი და ლუკინი მიუთითა - სხვა წყარო არ ყოფილა. ამ ამბავს მემუარების ყოველ ახალ გამოცემაში ახალი დეტალები ემატებოდა. მედვედევის ძველი წიგნებიც კი ჩაასწორეს ამ ახალი დეტალების გათვალისწინებით. განსაკუთრებით, პაველ სუდოპლატოვის მოგონებებიდან აღებულით.
საბოლოო ვერსია ასეთია: კუზნეცოვ-ზიბერტმა როვნოში გაიცნო გესტაპოს შტურმბანფიურერი ულრიხ ფონ ორტელი, რომელმაც ამ კუზნეცოვს "დიდი სამეულის" (სტალინის სიკვდილის მერე რუზველტი და ჩერჩილიც გავიდნენ საქმეში) მოსპობის სპეცოპერაციაში მონაწილეობა შესთავაზა. დავიწყოთ იმით, რომ არანაირი "გესტაპოს შტურმბანფიურერი" არ არსებობდა. შტურმბანფიურერი შშ-ის წოდებაა. გესტაპოში, რა თქმა უნდა, მსახურობდნენ ესესის შტურმბანფიურერები (ოკუპირებულ ტერიტორიებზე გესტაპო, როგორც ცალკე ორგანიზაცია, არ მოქმედებდა - იყო უშიშროების სამსახურები, რომლებშიც გესტაპოს განყოფილებებიც არსებობდა) და შესაძლებელია, ფონ ორტელიც იყო ერთ-ერთი მათგანი, მაგრამ როვნოს გესტაპოში მომსახურე შტურმბანფიურერმა საიდან იცოდა ზესაიდუმლო ოპერაციის შესახებ? გესტაპო პოლიცია იყო და მის თანამშრომლებს სადაზვერვო და დივერსიულ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ამისთვის უშიშროების მთავარ საიმპერიო სამმართველოში (რსჰა) არსებობდა მე-6, სადაზვერვო განყოფილება ვალტერ შელენბერგის მეთაურობით. მაგრამ ამ განყოფილების თანამშრომელს როვნოში ნამდვილად არანაირი საქმე არ ჰქონდა. საზოგადოდ, გერმანული სპეცსამსახურები ისე კარგადაც ვერ მუშაობდნენ, როგორც გვგონია. აი, თუნდაც ეს კუზნეცოვ-ზიბერტი ავიღოთ. არასდროს არც ერთი აბვერელი, გესტაპოელი, საპოლიციო სამსახურის წარმომადგენელი არ დაინტერესებულა, რას საქმიანობდა და რატომ იყო ამდენ ხანს როვნოში ოფიცერი, რომელიც, საბუთების მიხედვით, ლენინგრადის ფრონტზე მყოფ ნაწილში ირიცხებოდა. ფონ ორტელი კი, თუ მართლა არსებობდა, იმასაც უნდა დაეეჭვებინა, რომ ეს ოფიცერი მას, გესტაპოელს, ცოტა ხანში ასე ძალიან დაუახლოვდა და დაუმეგობრდა. ფრონტელი ოფიცერი - გესტაპოელს. სრულიად წარმოუდგენელი ამბავია. იმაზე აღარ არის ლაპარაკი, რომ როვნოში მომსახურე გერმანელებს შესაძლოა საერთო რამე სმენოდათ ამგვარი ზესაიდუმლო ოპერაციის მზადების შესახებ.
სკორცენის რაც შეეხება. ყველაზე უკეთესად ხომ მას ეცოდინებოდა, ამზადებდა ამ ოპერაციას თუ არა! ის თავის მოგონებებში წერს, რომ ერთხელ, 1943 წლის ნოემბრის დასაწყისში, ჰიტლერთან გამოიძახეს. იქ თავისი უშუალო მეთაური - ვალტერ შელენბერგიც დახვდა. ჰიტლერმა სკორცენის უთხრა თეირანში სამი ლიდერის მომავალი შეხვედრის შესახებ და ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა მათზე თავდასხმის მოწყობა. სკორცენიმ უარით უპასუხა - ამას სჭირდებოდა ასობით კარგად გაწვრთნილი მებრძოლი, თვითმფრინავები, ბაზები, რაც საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ ირანში შეუძლებელი იყო. 1941-1943 წლებში საბჭოთა და ბრიტანულმა კონტრდაზვერვებმა ირანში მშვენივრად იმუშავეს და მართლა მრავალრიცხოვანი გერმანული აგენტურა გაანადგურეს. ბოლო წერტილი ინგლისელებმა დასვეს 1943 წლის 14-15 აგვისტოს, როცა ფრანც მაიერის ჯგუფი დააკავეს, მასთან ერთად - 150-ზე მეტი ირანელი ოფიცერი. ამოიღეს რაციები, შიფრები, სპეცაღჭურვილობა... იდეალურ პირობებშიც კი, ამ ქსელის აღდგენას წლები დასჭირდებოდა. ჰიტლერი სკორცენის დაეთანხმა (ჰიტლერს, სტალინისგან განსხვავებით, ეკამათებოდნენ, არ ეთანხმებოდნენ, ზოგჯერ მის ბრძანებებსაც კი არ ასრულებდნენ). ამგვარად, არანაირი სპეცოპერაცია არ შემდგარა.
სკორცენი ჰიტლერთან შეხვედრას 20-25 წლის შემდეგ იხსენებდა და ფაქტობრივი უზუსტობა აქვს გაპარული - ეს შეხვედრა 1943 წლის ნოემბრის დასაწყისში ვერ შედგებოდა. რუზველტმა თეირანში შეხვედრაზე თანხმობა მხოლოდ 8 ნოემბერს გამოთქვა. გერმანელებს ამ შეხვედრის შესახებ მხოლოდ ერთი წყაროდან შეეძლოთ გაეგოთ - ირანული სპეცსამსახურებისგან. თუ დავუშვებთ, რომ იქ ჯერ კიდევ იყო მაიერის ქსელის ნარჩენები, ინფორმაცია შუა ნოემბერზე ადრე გერმანელებთან მაინც ვერ მოხვდებოდა. ცხადია, ორ კვირაში ამ ოპერაციის დაგეგმვა და შესრულება წარმოუდგენელი იყო.
- ასეთ შემთხვევაში, რატომ გაჩერდა რუზველტი საბჭოთა საელჩოში?
- ისევ საბჭოთა ზღაპრებს დავუბრუნდეთ - ამ ზღაპრებში ბრძენ სტალინს ბოლო მერხზე მსხდომი ორი ცელქი მოწაფე - ჩერჩილი და რუზველტი უპირისპირდება. რუზველტი ცდილობს, არ აჰყვეს "ავარდნილ ბიჭს", მაგრამ მერე, მის მაგივრად გაპრეზიდენტებული ტრუმენი ჩერჩილთან მთლად ერთფერ და ერთხორცაა. ეს ასე არ ყოფილა. მოკავშირეებს საერთო ინტერესები, ცხადია, ჰქონდათ (ამიტომაც იყვნენ მოკავშირეები), მაგრამ ამავე დროს მათ ჰქონდათ თავიანთი, ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესებიც. ჩერჩილის მიზანი, ომში გამარჯვებასთან ერთად, მომაკვდავი ბრიტანული იმპერიის გადარჩენა იყო, რაც არაფერში სჭირდებოდა რუზველტს. პირიქით, მას მსოფლიოს დიდ ნაწილზე ამერიკის გავლენის გავრცელება სურდა. ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქვეყნად ქცევა ჰქონდა განზრახული და აქცია კიდეც - სახელმწიფომ, რომელსაც 30-იანი წლების ბოლოს 300-ათასიანი არმია ჰყავდა, ჯავშანმანქანების ერთი ექსპერიმენტული ბატალიონით, სულ ერთ წელიწადში უმძლავრესი სამხედრო წარმოება და უძლიერესი არმია შექმნა. "არ მესმის, რატომ უნდა ეწირებოდნენ ამერიკელი ჯარისკაცები ბრიტანეთის ინტერესებს ევროპის კონტინენტზე" - თქვა ერთხელ რუზველტმა.
რუზველტი და სტალინი ჩერჩილის გარეშე ერთმანეთთან შეხვედრას რამდენჯერმე შეეცადნენ, მაგრამ არ გამოვიდა. ჩერჩილმა ამის შესახებ გაიგო და ეწყინა. მოკავშირეთა შეხვედრა აუცილებელი იყო (კაცმა რომ თქვას, საბოლოოდ ოფიციალური მოკავშირეები ეს ქვეყნები სწორედ თეირანში გახდნენ) და 1942 წლის განმავლობაში რუზველტმაც და ჩერჩილმაც სტალინს ასეთი შეხვედრა რამდენჯერმე შესთავაზეს. სტალინმა ფეხი აითრია - მაშინ მას ხელში არანაირი კოზირები არ ეჭირა და უბრალო მთხოვნელის როლში უნდა აღმოჩენილიყო. 1943 წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა შეიცვალა - გერმანელებმა რამდენიმე მძიმე დამარცხება განიცადეს, წითელი არმია დასავლეთისკენ დაიძრა. თუმცა, გერმანიის საბოლოო განადგურება ძალიან შორს იყო. შეხვედრა და მოქმედებათა კოორდინირება აუცილებელი ჩანდა. სტალინმა უკუაგდო შეხვედრის ყველა შემოთავაზებული ადგილი და თეირანი ამოიჩემა.
რატომ? იმიტომ, რომ თეირანში ის უსაფრთხოდ იქნებოდა! სტალინი კი თავის უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას უთმობდა. ის რუზველტსა და ჩერჩილს სწერდა ხოლმე, ახლახან დავბრუნდი ფრონტიდანო, თორემ ფრონტზე არასდროს ყოფილა. ერთადერთხელ, 1943 წლის 3-5 აგვისტოს მოეწყო მისი ფრონტზე გასვლის იმიტაცია, მაგრამ კორტეჟი რჟევს არ გასცდენია. რჟევში მართლაც მიმდინარეობდა შეუპოვარი ბრძოლები, მაგრამ მიწის გულში რა იყო, იმის მჭვრეტ ბელადს როგორღაც გამორჩა, რომ ეს ბრძოლები 1942 წელს მიმდინარეობდა. 1943 წლის მარტში, ოპერატიული უკანდახევისას გერმანელებმა რჟევი დატოვეს და აგვისტოს დასაწყისში ის უკვე ღრმა ზურგში იყო. და ეს კაცი გერმანელ აგენტებს მოაკვლევინებდა თავს? პირიქით, ის აბსოლუტურად დარწმუნებული იყო თეირანში თავის უსაფრთხოებაში. აგენტების ამბავი კი იმიტომ გამოიგონა, რომ რუზველტი, თავისი ჭკუით, საბჭოთა საელჩოში შეეტყუებინა და "დაეკერა".
რუზველტმა ოსტატურად გაითამაშა თავისი პარტია - სტალინს თავი მდგომარეობის ბატონ-პატრონად აგრძნობინა და სინამდვილეში კარგად გამოიყენა იგი ჩერჩილის წინააღმდეგ. თეირანის კონფერენცია, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირ-ამერიკის კონფერენციად იქცა. მოგვიანებით ჩერჩილი თავის მოგონებებში დაწერს, თეირანში მივხვდი, რა პატარა ქვეყანაა დიდი ბრიტანეთიო. რუზველტმა მკაცრად უკუაგდო ჩერჩილის აკვიატებული იდეა მეორე ფრონტის ბალკანეთში გახსნის შესახებ - მოკავშირეები ბალკანეთში ჩაეფლობოდნენ, წითელ არმიას კი ამასობაში შეიძლებოდა დნეპრი კი არა, ვისლაც გადაელახა, შპრეეც და სენაც. ამიტომ, მეორე ფრონტი - მხოლოდ საფრანგეთში! სტალინს კი... კარგი, ბატონო, დავუთმოთ პოლონეთის საკითხში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაც დავუთმოთ, ოღონდ - დროებით. საკუთარ გენიალურობაში დარწმუნებულ სტალინს რომ ეგონა, ამერიკელები მოვატყუეო, უცბად, უკვე ომის მერე აღმოაჩინა, რომ ევროპის დაპყრობაში ხელს უკვე ნახევრად მშიერი და სახელდახელოდ შეიარაღებული გერმანია კი არა, მასზე ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგე უშლიდა ხელს. მოწინააღმდეგე, რომელთან ღიად დაპირისპირება საბჭოთა კავშირის ვერც ერთმა ლიდერმა ვერ გაბედა.
ამერიკის შეერთებული შტატები, შეიძლება ითქვას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ერთადერთი ქვეყანაა, ქანთარიას მიერ აფრიალებული დროშის მიუხედავად.
პარიზი და რომი დღეს რომ საფრანგეთისა და იტალიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების დედაქალაქები არ არის, ორი ადამიანის დამსახურებაა: - ადოლფ ჰიტლერისა და ფრანკლინ დელანო რუზველტის.
აი, ეგ და სხვა დასავლეთევროპული ქვეყნები რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები გამხდარიყვნენ, ახლაც ასეთებად დარჩებოდნენ და საბჭოთა კავშირიც არ დაიშლებოდა...
ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე
"ისტორიანი" .#131