ქალის ტვირთი დამოუკიდებელ სახელმწიფოში - კვირის პალიტრა

ქალის ტვირთი დამოუკიდებელ სახელმწიფოში

საქართველოს ისტორია ბევრი ძლიერი და მებრძოლი ქალის სახელს ინახავს. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძეს (1889-1973). დაიბადა მაშინ, როცა საქართველო რუსეთის გუბერნიას წარმოადგენდა. მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესში, სიცოცხლის ნახევარზე მეტი კი საბჭოთა საქართველოში გაატარა.

საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის მდივნის, ქრისტინე შარაშიძის პოლიტიკური საქმიანობის ისტორიიდან

შორს არ არის ის დრო, როცა დედათა საქმე თავისას გაიტანს და ეს მთელი ნახევარი სქესი კაცობრიობისა მოწვეულ იქნება წუთისოფლის სუფრაზედ თავისის კუთვნილის ადგილის დასაჭერად... დედანი კანონმდებლობაში ხმას მოიპოვებენ მისთა მომხრე კაცთა წარმომადგენლობით და ქვეყნის საქმისა გამგებლობის ამორჩევაშიაც მონაწილენი იქნებიან.

ლია ჭავჭავაძე

ქრისტინე შარაშიძე პოლიტიკური აქტიურობით ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა. 15 წლისა იყო, როცა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, რაც ქრისტინეს სკოლიდან გარიცხვით დასრულდა. თუმცა ამ ფაქტს ქრისტინე შარაშიძის მეამბოხე ხასიათი არ შეუცვლია. პირიქით, უფრო და უფრო უმძაფრდებოდა რევოლუციური განწყობები. ამის დასტურია 1905-1906 წლების რევოლუციურ გამოსვლებში მისი აქტიური მონაწილეობა. ამავე პერიოდიდან იგი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა, მოგვიანებით კი მენშევიკებს მიემხრო.

მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი ქრისტინესთვის დამფუძნებელი კრება აღმოჩნდა. 1918 წლის 26 მაისს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო, მართალია, სოციალურ პრინციპებზე აღმოცენდა, თუმცა იზიარებდა და ეყრდნობოდა ევროპულ გამოცდილებებს. რესპუბლიკის მესვეურებმა ღია და აშკარა მხარდაჭერა გამოუცხადეს ქალებს, რომლებიც იბრძოდნენ როგორც საზოგადოებრივი, ისე პოლიტიკური უფლებებისთვის. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1919 წლის თებერვალში, როცა პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები გაიმართა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, მამაკაცებთან ერთად, ქალებსაც მიეცათ. შედეგად, დამფუძნებელ კრებაში ქრისტინე შარაშიძესთან ერთად კიდევ ოთხმა ქალმა მოიპოვა დეპუტატობის მანდატი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, ქალებმა უბრძოლველად მიაღწიეს ამ შედეგს. მათ მრავალწლიანი ბრძოლით მოიპოვეს პოლიტიკური უფლებები და შესაბამისად, ქალების პარლამენტში არჩევა სავსებით კანონზომიერი იყო.

alb402-34-cut-1722197716.jpg
საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი. მარცხნიდან: თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სვიმონ მდივანი, დამფუძნებელი კრების მდივნის მოადგილე ქრისტინე შარაშიძე. მარჯვნივ მთავრობის ლოჟაში სხედან მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები

1918-1921 წლების მთავრობის ოქმებსა და სტენოგრაფიული სხდომების ჩანაწერებს თუ მივადევნებთ თვალს, ვნახავთ, როგორი აქტიურობით გამოირჩეოდა ქრისტინე შარაშიძე დამფუძნებელ კრებაში. იგი მესამე სხდომაზევე, 1919 წლის 18 მარტს, ნოე ცინცაძის მოხსენების საფუძველზე აირჩიეს პრეზიდიუმის უმცროს მდივნად. ასევე, ის გახდა საბიბლიოთეკო, სარედაქციო და განათლების კომისიების წევრი. ძირითადი აქცენტები ქრისტინე შარაშიძეს სწორედ განათლების გავრცელებასა და მის აუცილებლობაზე გადაჰქონდა.

1919 წლის 27 მაისს, დამფუძნებელი კრების მე-20 სხდომაზე, ქრისტინე შარაშიძე ვრცელი მოხსენებით წარდგა კრების წინაშე. მოხსენება ეხებოდა სახალხო მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების აუცილებლობას. როგორც სახალხო (სოფლის) მასწავლებლების ოჯახში გაზრდილისთვის, ქრისტინესთვისაც ცხადი იყო, რამდენად განსხვავდებოდა ქალაქისა და სოფლის მასწავლებლების შრომითი ანაზღაურება. ამიტომ განაცხადა: "სახალხო განათლების კომისიამ უფრო სამართლიანად მიიჩნია დაწესდეს არა 250 მანეთი მასწავლებლებისთვის, არამედ 400 მანეთი... მგონი არ არის არცერთი დაწესებულება, არცერთი დარგი ცხოვრებისა, სადაც ასეთ პირობებში უხდებოდეთ მოსამსახურეებს მუშაობა, როგორც სახალხო მასწავლებელს".

1919 წლის 9 ოქტომბერს განათლების კომისია კვლავ შეიკრიბა. ქრისტინეს მოხსენება ისევ სახალხო მასწავლებლებისთვის ცენზის მომატებას შეეხებოდა. მან დაარწმუნა კრება, რომ აუცილებელი იყო მასწავლებლებისთვის ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესება და სახალხო მასწავლებლებისთვის თანასწორი პირობების ღია და უპირობო მხარდაჭერა. ამ ინიციატივას ქრისტინე შარაშიძე თავის პირად ჩანაწერებში ასე ხსნიდა: "მაწუხებს განათლების საკითხები და მგონია, ისეთ მნიშვნელოვან საქმიანობას, როგორიც პედაგოგობაა, მეტი დაფასება სჭირდება, თუნდაც, გასამრჯელოს სახით. სკოლებსა და საერთოდ, განათლების სფეროს განვითარება, თვითგამორკვევა სჭირდება, უამისოდ წარმოუდგენლადაც მეჩვენება".

alb402-13-1722197716.jpg
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი. მარცხნიდან: კონსტანტინე ჯაფარიძე, გრიგოლ ნათაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სვიმონ მდივანი, ქრისტინე შარაშიძე

დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად დაამტკიცა ქრისტინე შარაშიძის წინადადება, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის განათლების კომისიის სახელით წარმოადგინა.

განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა ამით არ დასრულებულა. შარაშიძემ, როგორც განათლების კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ქიზიყის სკოლები მოიარა და სიღნაღის მაზრის სკოლების მდგომარეობაზე ვრცელი მოხსენება წაიკითხა. ამ მოხსენებაში ისაუბრა სწავლა-განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სკოლებში არსებულ ნაკლოვანებებზე. შედეგად, კრებამ გამოყო განსაზღვრული თანხა ამ სკოლების მშენებლობისა და რესტავრაციებისთვის. ამასთან, უნდა მომხდარიყო მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება.

მეორე საკითხი, რასაც ქრისტინე დიდ ყურადღებას აქცევდა, ქართული კულტურული მონაპოვრის დაცვა იყო. მიაჩნდა, რომ ახალშექმნილ რესპუბლიკას სრული მზაობა უნდა გამოევლინა ქართული საისტორიო თუ სალიტერატურო ძეგლების დასაცავად.

პარლამენტის 38-ე სხდომაზე, კერძოდ კი, 1919 წლის 22 ივლისს, განსახილველი საკითხების პირველი დეკრეტი ეხებოდა სახელმწიფო ხაზინიდან 120.160 მანეთის გაღებას, რომელიც უნდა მოხმარებოდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას. საინტერესოა მონაკვეთი ქრისტინეს სიტყვიდან ამ დადგენილების შესახებ: "ჩვენ ახლო წარსულში, როცა ჩვენი კულტურა მონობისა და დაბეჩავების ბეჭედს ატარებდა, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და წიგნთსაცავი ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანი იყო, საცა ჩვენი კულტურული წარსულის ბრწყინვალება დაუჩრდილავათ სჩანდა".

ქრისტინე რომ ქართული კულტურის დიდი მოამაგე იყო, კარგად გამოჩნდა მისი სამეცნიერო საქმიანობაშიც, როცა თავადაც შემატა ქართულ ისტორიოგრაფიას ფუნდამენტური მონოგრაფიები და ამასთანავე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უძველესი ხელნაწერების შესწავლა-დამუშავებაში.

პრესის მასალების საშუალებით კი ვიგებთ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის მატერიალურ დახმარებას, პარლამენტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. "როგორც მკითხველს ეხსომება, განათლების სამინისტრომ და მასთან შემდგარმა თათბირმა, საჭიროდ სცნო საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის მიეცათ 120.160 მანეთი მუშაობა-მოქმედების გაცხოველებისათვის. სახელმწიფო კონტროლმა შესაძლებლად სცნო ხსენებულს საზოგადოებას მიეცეს მარტო 93 ათასი მანეთის სუბსიდია", - ვკითხულობთ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" 1919 წლის 137-ე ნომერში.

alb402-13-1722197716.jpg
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრები. პირველ რიგში მარცხნიდან სხედან: გიორგი ლასხიშვილი, ილია ბადრიძე, რაჟდენ არსენიძე, გერასიმე მახარაძე, ქრისტინე შარაშიძე (მდივანი), ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე

ქრისტინე შარაშიძემ დამფუძნებელ კრებას წარუდგინა კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც ეხებოდა პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტების ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობის ტენდენციას. ქრისტინე, გაბრიელ ცისკარიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას გაეცნო. მოხსენების მიხედვით, ქისტები შეიარაღებული უწევენ წინააღმდეგობას რესპუბლიკის ადმინისტრაციას და საერთოდ, ისინი ახალ კანონებს არ ემორჩილებიან. ადმინისტრაცია კი ერიდება სასტიკი ზომების მიღებას, რადგან შიშობს, უხეში ჩარევა ეროვნულ დევნად არ ჩაუთვალონ. მომხსენებლები ყურადღებას ამახვილებენ ასევე იმ გარემოებაზე, რომ თუკი 2 წლის წინ ქისტების ნახევარს ქრისტიანები შეადგენდნენ, ახლა ისინიც გამაჰმადიანდნენ, შარაშიძის სიტყვებით - "სინიდისის თავისუფლება ამას არავის უკრძალავს, თუმცა აუცილებელია, ისინი დაემორჩილონ რესპუბლიკის სამართალს".

ქრისტინეს დიდად ანაღვლებდა ის ფაქტი, რომ პერიფერიებში სათანადოდ არ აღწევდა მთავრობის დადგენილებები. მაგალითად, თიანეთის მაზრაში ადმინისტრაცია უპატივცემულოდ ექცეოდა მოსახლეობას, რის გამოც უამრავი საჩივარი შედიოდა როგორც მილიციაში, ისე მთავრობაში. ყოფილა შემთხვევები, როცა თიანეთის მაზრის ადმინისტრაცია ძალადობდა ცხენების ბეგარის გადახდის დროს. დაფიქსირებულა ცხენების იძულებით შესყიდვის ფაქტებიც. შარაშიძის სიტყვებით, "იყო შემთხვევა, როცა დუქნის წინ დაბმული ცხენი მოსტაცეს პურის საჭმელად ჩამომხტარ ფშაველს, რომელსაც შორი გზა ჰქონდა სავალი". ამის გამო, ხალხს გული აცრუებია სამართალსა და კანონიერებაზე და არსებულ ვითარებას ბატონყმობასთან აიგივებდნენ. ქრისტინე თვლიდა, რომ ჯერჯერობით ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა იმისთვის, რომ ხალხი ახალ წყობილებას ეზიაროს და ეს უკანასკნელი, ისევ მათრახით და მუშტით არ წარმოედგინოს. ამიტომ, დამფუძნებელ კრებას მოუწოდა, ეზრუნათ არსებული პრობლემების მოგვარებისთვის.

როგორც ცნობილია, დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიულ ჩანაწერებს, ხშირ შემთხვევაში, უცვლელად ბეჭდავდნენ მთავრობის ოფიციალურ პრესაში. მაგალითად, გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" მრავლად არის ქრისტინე შარაშიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თუ ინიციატივები გადაბეჭდილი. 1920 წლის ივლისის ნომერში ვკითხულობთ: "ქრისტინე შარაშიძის ასულის მოხსენებით, მიღებულ იქნა საბოლოო ტექსტები შემდეგი კანონებისა: საპყრობილეთა დამცველი რაზმის შტატისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ, ტფილისის სასამართლო პალატის შტატის დამატების შესახებ, საპატიმროთა საქმის უმაღლესის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ, ქ. ფოთის ნავსადგურით შემოტანილ და გატანილ საქონელზედ საფუთო გადასახადის შემოღების შესახებ". როგორც ვხედავთ, ქრისტინე საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო მართვის სხვადასხვა დარგსა თუ სფეროში და მისი სიტყვაც საკმაოდ ავტორიტეტულად გაისმოდა დამფუძნებელ კრებაში.

ჩვენ არ ვიცით, დამფუძნებელი კრების თვითლიკვიდაციამდე შარაშიძემ რა საკითხები შეიტანა თათბირზე და რამდენად აქტიური იყო ის იანვარ-თებერვლის სხდომებზე, ვინაიდან დამფუძნებელი კრების უკანასკნელი სხდომების ოფიციალური, ნაბეჭდი სტენოგრამები არც საქართველოს არქივებში და არც უცხოეთის საცავებში არ არის შემონახული... თუმცა სასიხარულოა, რომ კრების პრეზიდიუმის ოქმებიდან მაინც არის შესაძლებელი მწირი ინფორმაციის შეტყობა. მაგალითად, ვიგებთ, რომ ქრისტინე შარაშიძე 1921 წლის 16 თებერვალს, ღამის 12 საათზე გამართულ "სასწრაფო" სხდომას ესწრება და მდივნობს. ამ თათბირზე განუხილავთ თავზარდამცემი სიახლე - რუსეთის წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, რამაც კრებაზე სრული ქაოსი და არეულობა გამოიწვია. ჩანაწერებიდან ვიგებთ პარლამენტის წევრების დამოკიდებულებას, მათ პოზიციას, ეროვნული საგანძურის ევაკუაციის აუცილებლობასა და კონსტიტუციის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროებას. თუმცა ქრისტინე შარაშიძის სახელი არსად არ ფიგურირებს. მიუხედავად ამისა, მისი პოზიცია აშკარაა. ქრისტინე არ წასულა ემიგრაციაში, იგი დარჩა საქართველოში და აქტიურად ჩაება ანტისაბჭოთა წინააღმდეგობრივ მოძრაობაში.

kristine-sharashidze-1921-1722197716.jpg
ქრისტინე შარაშიძე

1922 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების აღნიშვნის წლისთავზე, ქრისტინე შარაშიძე თავის მოსწავლეებთან ერთად გაფიცვის გამო დააპატიმრეს. საინტერესოა მისი დაკითხვის ოქმი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორი მებრძოლი და მტკიცე ბუნების გახლდათ იგი.

კითხვაზე, როგორია მისი დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, ქრისტინე შარაშიძის პასუხი ასეთია: "არ თანავუგრძნობ და ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება დამყარდა რუსეთის წითელი არმიის დახმარებით და მან მოუტანა საქართველოს ეროვნული უბედურება".

1922 წლიდან, გარდაცვალებამდე (1973 წლამდე), ქრისტინე აქტიურად იყო ჩაბმული კულტურულ თუ სამეცნიერო საქმიანობაში. ის გასული საუკუნის ერთ-ერთი ღირსეული მეცნიერი გახლდათ.

ქრისტინე შარაშიძის პოლიტიკური საქ춎იანობა ისეთივე ხანმოკლე იყო, როგორიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც 1028 დღეs იარსება. ამ ერთი შეხედვით ხანმოკლე პერიოდმა ნათლად წარმოგვიჩინა, რა პროგრესული და დემოკრატიული გზებით ცდილობდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები ახალი სახელმწიფოს შექმნას. ქრისტინე შარაშიძემ კი თავისი პოლიტიკური საქმიანობით ნამდვილად დაამტკიცა, რომ პარლამენტში ის გენდერული ბალანსის მისაღწევად კი არ იყო არჩეული, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფორმირებაში, რომლის სამართალმემკვიდრეც ჩვენი დღევანდელი ქართული სახელმწიფოა.

ლიზი მურადაშვილი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

"ისტორიანი" .#131