ნადირობა უკრაინის აჯანყებულთა არმიის სარდალზე - კვირის პალიტრა

ნადირობა უკრაინის აჯანყებულთა არმიის სარდალზე

მეთაურ რომან შუხევიჩის უკანასკნელი ბრძოლა

მოსკოვი, 1949 წელი.

სტალინმა ყურადღებით მოისმინა ლავრენტი ბერიას მოხსენება. დიქტატორი გრძნობდა, რომ უშიშროების სამინისტროში რაღაც ხდებოდა. ბერია, რომელიც ახლა მთავრობის ხაზით ძალოვან სტრუქტურებს კურირებდა, ამ განწყობას ყოველმხრივ აღვივებდა.

ლავრენტი ცდილობდა, მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა უშიშროების მინისტრ ვიქტორ აბაკუმოვისთვის. ოდესღაც ის ბერიას ხელქვეითი იყო. ლავრენტი პავლოვიჩი მას ხშირად ამცირებდა - ეძახდა ტლუს, გაუნათლებელს, ხეპრეს... მოგვიანებით, როცა აბაკუმოვი სამხედრო კონტრდაზვერვას ("სმერში") ჩაუდგა სათავეში, სამაგიეროს გადახდა მოისურვა. სტალინის ბრძანებით, სმერში შინსახკომს ჩამოაშორეს და თავდაცვის სახალხო კომისარიატს დაუქვემდებარეს. თავდაცვის სახალხო კომისარი კი სტალინი იყო.

- ამრიგად, აბაკუმოვი სტალინის მოადგილე გახდა, - წერს რუსი საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სტალინმა უშიშროების ორგანოების მორიგი რეორგანიზაცია განახორციელა. ასე შეიქმნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (მგბ). მას სათავეში აბაკუმოვი ჩაუდგა. ის განაგრძობდა ინტრიგებს ბერიას წინააღმდეგ. ეს უკანასკნელიც იმავეთი პასუხობდა. ახლა ბერია სტალინს ეწვია, რათა მოეხსენებინა, როგორ ატარებდა დროს ოდესაში უკრაინის აჯანყებულთა არმიის (უპა) სარდალი, გენერალი რომან შუხევიჩი. ბერია ჩვეულებისამებრ მოკლედ და ლაკონიურად ლაპარაკობდა. დასასრულ, სტალინმა ჰკითხა:

- რამდენადაც ვიცი, შუხევიჩს მგბ ლვოვის მახლობლად ეძებდა, ის კი ოდესაში ისვენებდა?

- დიახ, ამხანაგო სტალინ! შუხევიჩს ყალბი დოკუმენტები ჰქონდა!

- გამოდის, რომ მგბ-მ და პირადად აბაკუმოვმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე კონტროლი დაკარგეს?

- დიახ, ამხანაგო სტალინ!

ბერიას დარტყმა ზუსტი იყო. სტალინმა ბრძანება გასცა, შუხევიჩის წინააღმდეგ სპეცოპერაცია განეხორციელებინათ. მას უშუალოდ ბერიას გუნდის წევრი პაველ სუდოპლატოვი ხელმძღვანელობდა.

sudoplatovi-3-1722198882.jpg
პაველ სუდოპლატოვი

ნაციონალისტი-იდეალისტი

რომან შუხევიჩი (1907-1950) დაიბადა ქალაქ ლვოვის მახლობლად, ინტელიგენტურ ოჯახში. დაამთავრა გიმნაზია, შემდეგ ლვოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მსახურობდა პოლონეთის არმიაში. ნაციონალისტური შეხედულებების გამო პოლონეთის ჯარიდან გამოაძევეს.

- შუხევიჩი იყო ჯერ უკრაინის სამხედრო ორგანიზაციის (uvo), შემდეგ უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის (ოუნ) წევრი, - წერს უკრაინელი ისტორიკოსი პეტრო მირჩუკი.

შუხევიჩი აქტიურად მონაწილეობდა ოუნ-ის იატაკქვეშა მოძრაობაში დასავლეთ უკრაინაში და ამის გამო პოლონური ხელისუფლების მიერ იდევნებოდა. იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1937 წელს კი საზღვარგარეთ გაასახლეს.

შუხევიჩი მონაწილეობდა ჩეხოსლოვაკიაში 1938-1939 წლებში განვითარებულ მოვლენებში. როგორც ცნობილია, მაშინ იმიერკარპატისპირეთში უკრაინული რესპუბლიკა შეიქმნა. ის უნგრეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. შუხევიჩი უნგრელთა ხელში ჩავარდნას სასწაულით გადაურჩა. ჯერ რუმინეთში გადავიდა, იქიდან კი პოლონეთში.

1939 წელს ჰიტლერული გერმანია პოლონეთს დაესხა თავს. მალე მთელი პოლონეთი ნაცისტების ხელში აღმოჩნდა. შუხევიჩითაც სდ - ჰიტლერული უშიშროების სამსახური დაინტერესდა. ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ ის დააპატიმრეს, თუმცა შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

- შუხევიჩი ნაციონალისტი-იდეალისტია! მას სძულს რუსეთის იმპერია და ყველაფერი, რაც მოსკოვიდან მოდის, - ნათქვამია სდ-ის დოკუმენტებში.

სდ-ის შეფმა რაინჰარდ ჰაიდრიხმა ამ დოკუმენტებს შემდეგი რეზოლუცია დაადო: შუხევიჩი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მას ე.წ. დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა სურს. ეს კი არავის სჭირდება. ამიტომ არც შუხევიჩს, არც სხვა უკრაინელ ნაციონალისტს არავითარი პოლიტიკური გარანტიები არ უნდა მისცენ.

- მაქსიმუმი ეს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის უფლებაა, - წერდა ჰაიდრიხი.

shukh-2-1722198882.jpg
სტეპან ბანდერა

კონფლიქტი ნაცისტებთან

1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერული გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. უკვე 30 ივნისს ნაცისტებმა ლვოვი აიღეს. იმავე დღეს უკრაინელ ნაციონალისტთა ჯგუფმა (სტეპან ბანდერას მომხრეები) უკრაინის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბანდერას ახლო მეგობარი და თანამოაზრე იაროსლავ სტეცკო (1909-1986).

რომან შუხევიჩი ლვოვს ეწვია, როგორც უკრაინული ბატალიონის, "ნახტიგალის" (ბულბული) ერთ-ერთი მეთაური. ის აქტიურად მონაწილეობდა 30 ივნისის აქციაში. უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადება ჰიტლერელებთან შეთანხმებული არ ყოფილა. გერმანელმა ესესელმა ოფიცერმა, ბრიგადეფიურერმა გოტლობ ბერგერმა კატეგორიულად მოითხოვა დამოუკიდებლობის აქტის გაუქმება.

- ვინ მოგცათ ამისი უფლება! - ღრიალებდა ბერგერი, - ასეთი ნაბიჯები ფიურერთან შეთანხმებით უნდა გადაიდგას!

- ჩვენ მანდატი მისმა უდიდებულესობა უკრაინელმა ხალხმა მოგვცა! - მშვიდად მიუგო შუხევიჩმა, - ფიურერი და მისი ნებართვები კი ჩვენთვის მეორეხარისხოვანია!

- რაო? ახლავე ვუბრძანებ ჯარისკაცებს, რომ თქვენი ბანდები განაიარაღონ!

- სცადეთ, მაგრამ არ გირჩევთ! - შუხევიჩმა რევოლვერი იძრო.

ბერგერი ამას არ მოელოდა. ის ერთხანს გაოგნებული იდგა, შემდეგ შემოტრიალდა და იქაურობას გაეცალა.

- ასე დაიწყო ბანდერელთა კონფლიქტი ნაცისტებთან, - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.

daria-gusiaki-1-1722198881.jpg
დარია გუსიაკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

ჰიტლერული რაიხისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ

ორი დღის შემდეგ ლვოვში ჩავიდა აინზაცკომანდა (ჰიტლერელთა გასამხედროებული სიკვდილის ესკადრონი). მათ დააპატიმრეს უკრაინული მთავრობის თითქმის ყველა წევრი. გაქცევა შეძლო მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა მიკოლა ლებედმა. კრაკოვში დააპატიმრეს სტეპან ბანდერა (1909-1959). რაც შეეხება შუხევიჩს, ის "ნახტიგალის" სხვა წევრებთან ერთად ჯერ უკრაინაში, ფრონტზე გადაისროლეს, შემდეგ კი ბელორუსში უკრეს თავი.

შუხევიჩი აშკარად გამოთქვამდა უკმაყოფილებას. ის აკრიტიკებდა ნაციზმს, შეშლილ მანიაკს უწოდებდა ჰიტლერს და ა.შ. პასუხად ნაცისტებმა ის დააპატიმრეს. შუხევიჩი ლვოვში გადაიყვანეს. მას ტრიბუნალზე წარსადგენად ამზადებდნენ. იდგა 1942 წელი.

- მალე შუხევიჩი ტყვეობიდან გაიქცა, - წერს პეტრო მირჩუკი.

შუხევიჩი უერთდება უკრაინის ეროვნულ თავდაცვას (uns) და აქტიურად მონაწილეობს უნს-ის ბაზაზე პარტიზანული არმიის უპა-ს (უკრაინის აჯანყებულთა არმია) შექმნაში. უპა-მ ომი გამოუცხადა როგორც ჰიტლერულ რაიხს, ისე საბჭოთა კავშირსაც.

სიკვდილი სტალინს! სიკვდილი ჰიტლერს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას! - ასეთი იყო ბანდერელთა ლოზუნგი.

1943 წელს შუხევიჩის უშუალო ინიციატივით უპა-ში ნაციონალური ნაწილები შეიქმნა. ასე გაჩნდნენ აზერბაიჯანული, სომხური თუ შუააზიური ბატალიონები, რომლებიც ბანდერელთა მხარდამხარ იბრძოდნენ. მათ გარდა უპა-ში სამი ქართული ბატალიონიც იბრძოდა

"სიკვდილი სტალინს! სიკვდილი ჰიტლერს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!"

შუხევიჩის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა უკრაინის გათავისუფლების უმაღლესი საბჭო (უგვრ) და დაპყრობილ ერთა ანტიიმპერიული კოალიცია. ომის შემდეგ სწორედ მის ბაზაზე აღმოცენდა ლეგენდარული ხალხთა ანტიბოლშევიკური ბლოკი (აბნ). მის რიგებში იბრძოდნენ ქართული ეროვნული მოძრაობის სასიქადულო წარმომადგენლები ნიკო ნაკაშიძე და აკაკი რამიშვილი.

"სიკვდილი სტალინს! სიკვდილი ჰიტლერს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!"

უკრაინაში ანტინაცისტური და ანტისაბჭოური ბრძოლის ცეცხლი დაინთო...

gusiaki-oun-is-yrilobaze-90-iani-wlebis-dasawyisi-1722198881.jpg
გუსიაკი ოუნ-ის ყრილო-ბაზე, 90-იანი წლების დასაწყისი

მოუხელთებელი

1943 წლის შემოდგომისთვის უპა უკრაინის ტერიტორიის მესამედს აკონტროლებდა. ბანდერელებმა მთელ უკრაინაში გაშალეს თავიანთი საქმიანობა. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე წარმოიქმნა "რესპუბლიკა უპა". აქ ცხვირს ვერ ყოფდნენ ვერც ნაცისტები, ვერც საბჭოთა თუ პოლონელი პარტიზანები.

ჰიტლერის უშუალო ბრძანებით, უპა-ს წინააღმდეგ სერიოზული ძალები გადაისროლეს. უკრაინაში საგანგებოდ ჩავიდა პარტიზანებთან ბრძოლის სპეციალისტი, სს-ის გრუპენფიურერი ვიქტორ ლუცე, რომელსაც უშუალოდ ჰიმლერმა დაავალა შუხევიჩის შეპყრობა.

- ლუცემ ბრძანება ვერ შეასრულა, - წერს მირჩუკი.

სს-ის ბრიგადეფიურერი ბანდერელთა ხაფანგში მოხვდა, მძიმე ჭრილობა მიიღო და დაიღუპა. ლუცეს ნეკროლოგს ხელი თავად ჰიმლერმა მოაწერა. სამგლოვიარო მიტინგზე გამოსვლისას ჰიმლერმა განაცხადა:

- ლუცე სლავ ბანდიტებთან ბრძოლას შეეწირა!

1944 წელს უკრაინის მთელი ტერიტორია საბჭოთა ჯარებმა დაიპყრეს. ამიერიდან ბოლო მოეღო ბანდერელთა ბრძოლას ორ ფრონტზე. დაიწყო ბრძოლები საბჭოთა არმიასთან.

- შუხევიჩის შეპყრობა ახლა ჩეკისტებმა სცადეს, - წერს პროფესორი სერგიიჩუკი.

1944 წელს შუხევიჩი სათავეში ედგა როგორც უპა-ს, ისე უკრაინის გათავისუფლების უმაღლეს საბჭოსა და ოუნ-ის იატაკქვეშეთს უკრაინაში. ამაო გამოდგა საბჭოთა ჩეკისტების ყველა მცდელობა, ბანდერელები გაენადგურებინათ.

- ბანდერელები მოულოდნელად გვესხმოდნენ, გვაყენებდნენ დარტყმებს და ასევე მოულოდნელად უჩინარდებოდნენ, - იგონებს საბჭოთა ჩეკისტი გიორგი სანიკოვი.

1949 წლისთვის უკრაინაში ვითარება უკონტროლო გახდა. სტალინმაც ბანდერელებთან ბრძოლა უშიშროებაში მყოფ ბერიელთა გუნდს დაავალა. ისინი გენერალ პაველ სუდოპლატოვის გარშემო დაირაზმნენ. სწორედ სუდოპლატოვს დაევალა შუხევიჩის ცოცხლად შეპყრობა ან ლიკვიდაცია.

- რომან შუხევიჩი განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დამნაშავეა! ამიტომ თუ მისი ცოცხლად შეპყრობის საშუალება არ იქნა, მოკალით! - ასეთი იყო სტალინის ბრძანება.

shukh-2-1722198882.jpg
პორტრეტი

ნადირობა "მგელზე"

1949 წელს უკრაინა ტერაქტების მთელმა სერიამ შეძრა. მოკლეს მიტროპოლიტი გავრიილ კოსტელნიკი, მწერალი იაროსლავ გალანი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი კაროლ სვერჩევსკი. სტალინმაც იხმო სუდოპლატოვი.

- რომან შუხევიჩი მგელია! მისი მოთვინიერება არ შეიძლება! მგელი უნდა მოკვდეს! გასაგებია!! - სტალინს თვალები აენთო.

- დიახ, ამხანაგო სტალინ! - გაიჯგიმა სუდოპლატოვი.

- თუ შუხევიჩს ვერ გაანადგურებთ, თავად აგებთ პასუხს, როგორც ხალხის მტერი! - სტალინმა მუშტი მოკუმა, - გასაგებია?

სუდოპლატოვი ენერგიულად შეუდგა საქმიანობას.

თავის მემუარებში ის აღწერს, როგორ დააპატიმრა უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გორბოვოი.

უშიშროების ჯურღმულებში წამების შემდეგ გორბოვოიმ აღიარებითი ჩვენება მისცა. მან დაასახელა რამდენიმე ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო შუხევიჩი ყოფილიყო თავშეფარებული. გორბოვოიმ დაასახელა რამდენიმე ქალი, რომლებიც შუხევიჩის მეკავშირის მოვალეობას ასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ვინმე დარია გუსიაკი, ჩეკისტებმა დააპატიმრეს.

- დაკავებისას გუსიაკმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგვიწია და უშიშროების ლეიტენანტი მოკლა! - წერს თავის მემუარებში სუდოპლატოვი.

შემდეგ იყო წამება უშიშროების ჯურღმულებში. გუსიაკმა თქვა, რომ რომან შუხევიჩი თავს აფარებს ლვოვის მახლობლად, სოფელ ბელოგორშჩაში, ადგილობრივი კომუნისტ-აქტივისტ ანა კონიუშიკის ქოხში.

- ხალხის თვალში კონიუშიკი თავდაჯერებული სტალინელია. სინამდვილეში კი ის უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის წევრია, - განაცხადა გუსიაკმა.

ოპერაცია გადამწყვეტ ეტაპს მიუახლოვდა.

suxevicis-muzeumi-belogorscasi-2-1722198882.jpg
რომან შუხევიჩის მუზეუმი

უკანასკნელი ბრძოლა

ანა კონიუშიკი ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრი იყო. ის სასწრაფოდ გამოიძახეს კომისიის სხდომაზე. სახლში ორნი დარჩნენ: გალინა დიდიკი და რომან შუხევიჩი. მეთაურს მეორე სართულზე ეძინა. ის გაცივებული იყო და მაღალი სიცხე ჰქონდა. მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს. ეს პირობითი კაკუნი იყო. გალინამ იფიქრა, რომ რომელიმე ამხანაგი, იატაკქვეშელი მოვიდა. დიდიკმაც კარი გააღო. უხეში, ღონიერი ხელები მყისვე სწვდნენ მას.

- წადი, უთხარი რომანს, რომ სახლი ალყაშემორტყმულია! წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს! - უკრაინულად მიმართა ქალს ერთ-ერთმა ჩეკისტმა.

- წაეთრიეთ აქედან! - იკივლა ქალმა, - წაეთრიეთ-მეთქი!

გალინა ცდილობდა დასხლტომოდა ჩეკისტებს, მაგრამ ამაოდ. ის მაგრად ეჭირათ. გალინამაც ხმამაღლა იყვირა, რათა მეთაური გაეფრთხილებინა. ჩეკისტები ქოხში შეცვივდნენ. რამდენიმე მათგანი მეორე სართულზე ავარდა, სადაც შუხევიჩს ეძინა.

- რომან! - შეჰკივლა ქალმა, - ფრთხილად!

მოულოდნელად სროლის ხმა გაისმა. ერთ-ერთმა ჩეკისტმა ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, ტყვია პირდაპირ თვალებშუა მოხვდა. ჩეკისტი დაეცა. მისი თანმხლებნი შედგნენ, კედელს ამოეფარნენ.

- რომან! - დაიყვირა ერთ-ერთმა ჩეკისტმა, - სახლი ალყაშემორტყმულია! წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს! იარაღი დააგდე და დაგვნებდი!

კვლავ გაისმის სროლის ხმა. ტყვიით განგმირული კიდევ ერთი ჩეკისტი დაეცა. შემდეგ ისევ გაისმა სროლა. ეს უკვე ჩეკისტებმა გაისროლეს. არც ერთი ტყვია შუხევიჩს არ შეხებია. სამაგიეროდ მან კიდევ რამდენჯერმე გაისროლა და მისმა ტყვიამ კიდევ რამდენიმე ჩეკისტი განგმირა.

- ჩაკალით ეს წყეული! - დაიყვირა ერთ-ერთმა ჩეკისტმა, - რაკი ცოცხლად აყვანა არ შეგიძლიათ, ჩაკალით!

შუხევიჩმა კვლავ გაისროლა. შემდეგ ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. შუხევიჩი ეზოში გადახტა. იქ ის ავტომატის ჯერით ჩაცხრილეს!

- ესეც ასე...

გალინა დიდიკმა დაინახა, როგორ მოკვდა მისი მეთაური. სასოწარკვეთილი ქალი კბილებით ჩაეჭიდა საკუთარი ქურთუკის საყელოს. იქ კალიუმის ციანიდი იყო დამალული.

- შემდეგ იყო ბრძოლა მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩეკისტებს დიდიკი სჭირდებოდათ, როგორც მოწმე, - წერს პროფესორი სერგიიჩუკი.

ქალი მოარჩინეს. შემდეგ იყო მრავალწლიანი ტყვეობა გულაგში. დიდიკმა მთელი ჯოჯოხეთი გამოიარა. ის გადარჩა და შთამომავლობას მოუთხრო რომან შუხევიჩის უკანასკნელი ბრძოლის შესახებ.

ეპილოგი

სოფელი ბელოგორშჩა ახლა უკვე ლვოვის ნაწილია. დღემდე შემორჩა სახლი, სადაც გენერალმა შუხევიჩმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა გადაიხადა. ახლა იქ შუხევიჩის მემორიალური მუზეუმია.

რომან შუხევიჩის სახელი უკვდავყოფილია უკრაინის ისტორიაში. მასზე იღებენ ფილმებს, წერენ მონოგრაფიებს. შუხევიჩის სახელობის ქუჩები არსებობს ლვოვში, კიევში, ოდესაში, ხარკოვში. უკრაინელთა დღევანდელი თაობა განაგრძობს იმ დიდ საქმეს, რომელსაც შუხევიჩმა თავისი სიცოცხლე შესწირა. ამისი დასტურია დღევანდელი უკრაინა, ის საერთო-სახალხო ომი, რომელიც რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

"ისტორიანი" .#131