1908 წლის მარტის მიწურულს, ერთ ცივ და ქარიან დღეს, პოლონეთის პატარა ქალაქ პულავში (იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებით, ქალაქს უკვე ერთი საუკუნე იყო "ნოვაია ალექსანდრია" ეწოდებოდა), ქართველმა სტუდენტმა მიხეილ საყვარელიძემ დიდი, დაბეჭდილი კონვერტი მიიღო. წერილი საქართველოდან იყო. სტუდენტს გულმა რეჩხი უყო... მიხეილი, თელავის "ღვთაების" ეკლესიის მღვდლის მიერ მეტრიკულ წიგნში შეცდომით "გიორგის" სახელით ჩაწერილი, "ნოვაია ალექსანდრიის" სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტში სწავლობდა. ნიკოლოზ I-მა არა მარტო სახელი შეუცვალა ამ ქალაქს, არამედ მისი მფლობელი ბრწყინვალე თავადების - ჩარტორიისკების (Chartoryskii) გვარის მეთაურს, ადამ ეჟის სიკვდილი მიუსაჯა (დაუსწრებლად: ინ აბსენტია). ეს სასჯელი ადამ ჩარტორიისკიმ იმის გამო დაიმსახურა, რომ 1830-1831 წლებში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აღმოსავლეთ პოლონეთის საყოველთაო აჯანყებაში თავის ხალხს აქტიურად დაუჭირა მხარი და რუსეთს დაუპირისპირდა. საბედნიეროდ, მან ემიგრირება მოასწრო, პარიზის სასტუმრო D’Lambert-ში თავისი რეზიდენცია დააფუძნა და ახლა იქიდან განაგრძობდა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩარტორიისკების პულავის ყოფილ სასახლეში კი, 1862 წელს, უკვე ახალმა იმპერატორმა ალექსანდრე II-მ, სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტი დააფუძნა. ჩარტორიისკების სასახლესა და მის კარ-მიდამოში პოლონეთისა და მთელი მსოფლიოსთვის უძვირფასესი რელიკვიები ინახებოდა. რად ღირს თუნდაც პოლონეთის გაერთიანების პირველი ინიციატორის, ვლადისლავ ლოკიტეკის ("იდაყვის სიმაღლისა") (1320-1333), გრიუნვალდის ბრძოლის გმირის, ლიტვა-პოლონეთის გამაერთიანებელი - ვლადისლავ იაგელოს, რუსეთის მეფის ივანე IV-ის წინააღმდეგ წარმატებული მებრძოლის სტეფან ბატორის (1575-1586) ნაქონი სატევრები და სხვა ნივთები. ასევე, 1794 წლის აჯანყების ინიციატორისა და ეროვნული გმირის, თადეუშ კოსტიუშკოსა და ნაპოლეონის მარშლის, იუზეფ პონიატოვსკის ბრძოლაში ნაწრთობი ხმლები. პულავის სასახლეში ინახებოდა ჟანა დ’არკისა და ჯორჯ ვაშინგტონის პირადი ნივთებიც. ჩარტორიისკების სასახლიდან ასიოდე მეტრში თავს იწონებდა (ასეა დღესაც), ე.წ. სიბილას (ვესტას) ოვალური, სვეტებიანი ტაძრის ასლი, რომელიც აქ 1807 წელს ააშენეს, რომის გარეუბანში კი ეს წარმართული, კოხტა ტაძარი ძვ.წ. I საუკუნეში იყო აგებული; ყოფილი სასახლე ორასწლოვანი მუხების ტევრით იყო გარშემორტყმული. აი, ასეთი გარემო იყო იმ საოცარ სასწავლებელში (ანუ სასახლეში), რომელიც ბაროკოსა და როკოკოს სტილით ააშენეს XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში. მეუფე პეტრე (1908 წ.) მიხეილი (გიორგი) შესანიშნავად დაეუფლა იმ საგნებს, რომლებსაც პულავში მაღალპროფესიონალი ლექტორები ასწავლიდნენ. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქართველი პროფესორი საგარეჯოდან - სოლომონ ქურდიანი (1867-1937). ეს ღვაწლმოსილი ბიოლოგ-ბოტანიკოსი შემდგომში ივანე ჯავახიშვილს გვერდში ედგა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1937 წელს კი მან ათიათასობით ადამიანის ხვედრი გაიზიარა: ის არარსებული "დანაშაულისთვის" დახვრიტეს. სწორედ ამ პროფესორმა გამოარჩია მიხეილი და რეკომენდაცია გაუწია, ჟენევაში გაეგრძელებინა სწავლა. მაგრამ აი, მოულოდნელი წერილი. მოულოდნელი თუნდაც იმიტომ, რომ ახლობლები მას ძირითადად, ღია წერილებით ეხმაურებოდნენ, იმჟამად კი საგულდაგულოდ დაბეჭდილი კონვერტი მიიღო. მიხეილმა წერილი აიღო და გაუხსნელი დადო. გაახსენდა, როგორ გამოაცილა თბილისის ვაგზალზე მეუფე პეტრემ, მამამ - ესტატემ კი, თელავიდან. ესტატე საყვარელიძე თელავის მაზრის სასამართლო უწყებაში მუშაობდა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. 1896 წელს, სათავადაზნაურო ბანკის ვალის გადაუხდელობის გამო, ის იძულებული გახდა ზემო ხოდაშენში 267 დესეტინა ტყე და სახნავ-სათესი მიწა გაეყიდა. მიხეილს გაახსენდა დედაც, თებრონე კონჭოშვილი, რომელიც მეუფე პეტრეს (კონჭოშვილი) უფროსი ძმის - მათეს შვილი იყო. დედა ცრემლს ვერ იკავებდა, როდესაც მიხეილს ემშვიდობებოდა. მამამ გამომშვიდობებისას მიხეილს, თავის უფროს ვაჟს, ლამაზი ვერცხლის საკინძები გადასცა. საკინძების გარეთა მხარეს აყვავებული ვაზი და ჯვარი იყო გამოსახული, უკანა მხარეს კი ეწერა: "ესტატე საყვარელ" - საკინძის უკანა, პატარა მრგვალ დისკოზე მეტი აღარაფერი დაეტია... ამ საკინძებით მიხეილმა მთელი პოლონეთი მოიარა და წერილის მიღებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1908 წლის მარტის ბოლოს ქართველთა საღამოსაც (Soiree Geor­gienne) დაესწრო ბრიუსელში. ეს საღამო პოლიტიკური შეფერილობისა იყო და პოლონელი ახალგაზრდა მედიკოსის, იუზეფა იოტეიკოს ორგანიზებული გახლდათ. ყველაზე მეტად, მიხეილს ამ "საღამოდან" ქართული მელოდიები დაამახსოვრდა. ორკესტრს დირიჟორობდა ევროპის ფართო ასპარეზზე ახლად გამოსული, ახალგაზრდა ნიჭიერი კომპოზიტორი ერეკლე ჯაბადარი... ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილის წერილის ფრაგმენტი მიხეილმა კვლავ აიღო კონვერტი და ამჯერად გახსნა. მისი მძიმე წინათგრძნობა გამართლდა. წერილი ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, მეუფე პეტრესგან (კონჭოშვილისგან) იყო. მეუფე სამწუხარო ამბავს ატყობინებდა: მისი ძვირფასი მამა გარდაცვლილიყო. წერილი რუსულად იყო დაწერილი, აქ წარმოვადგენთ მის ქართულ თარგმანს: "ღვთის მიერ საყვარელო, სულიერო შვილო მიხეილ! მშვიდობა და ღვთის კურთხევა შენდა მიმართ! ვცოცხლობთ და ვკვდებით, ღვთისა ვართ მაინც. განაჩენი ჩვენი შემოქმედისა, რომელიც მან წარმოსთქვა სასუფეველში, ჩვენი წინაპრის ადამის მიმართ, სიტყვებით: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი", აღესრულა შენს ძვირფას მშობელზედაც, რომელიც გარდაიცვალა 12 თებერვალს, ფილტვების ანთებით. შენ კი, როგორც განვითარებული და კეთილგონიერი ჭაბუკი, არ მიეცე ზომაგადასულ მწუხარებას და სამგზის დაიოკე ნაღველი შენი. ღვთისაგან წინასწარ განწესებულია თვითეულის სიკვდილის ჟამი და ვითარება. არ მოსწყდე სწავლას, არამედ გააღრმავე ბეჯითობა მეცნიერებებში, დედისა და სხვა მოყვასთა შენთა სანუგეშოდ. როდესაც რაიმე გიჭირდეს, მომწერე ყოველთვის გაბედულად, მე გამოგიგზავნი (ყველაფერს), შენი ძირითადი საჭიროებისთვის. ილოცე და ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებას. ვუხმობ ღვთიურ კურთხევას, შენსა და შენს სამეცნიერო შრომათა ზედა! შენი მამობრივად მოსიყვარულე პეტრე, გორის ეპისკოპოსი 13 თებერვალი, 1908 წ. ტფილისი". მიხეილის ცუდი წინათგრძნობა გამარ쵺ლდა, ძვირფასი მამა, რომელიც დიდი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ფილტვების ანთებით გარდაცვლილიყო. ოჯახი კი მართლაც დიდი იყო, მასში შედიოდნენ დედა - თებრონე კონჭოშვილი, უფროსი ვაჟი მიხეილი (გიორგი), მისი ძმები: ილია და ივანე, და ნატალია. წერილის მიღების შემდეგ მიხეილმა კიდევ ორიოდე წელი დაყო პულავის ("ნოვო-ალექსანდრიის") სასწავლებელში. 1910 წელს მან მიიღო დროებითი მოწმობა იმის შესახებ, რომ პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა ნოვოალექსანდრიის ინსტიტუტი და მიიღო უმაღლესი კატეგორიის სწავლული აგრონომის წოდება. პოლონური ვიოლინო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის თელავში დამკვიდრდა და ჩაება აგრონომის სპეციალობით გათვალისწინებულ სამუშაოში (მთელი შიდა კახეთი მას ებარა). მიხეილ საყვარელიძე უცხოეთიდან და რუსეთიდან იწერდა უახლეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და ნერგავდა მათ კახეთში. ამას გარდა, 1912-1917 წლებში ის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების ნამდვილი წევრიც იყო. პოლონეთიდან მიხეილმა სამი ძვირფასი ნივთი წამოიღო: მამის ნაჩუქარი ვერცხლის საკინძები, ვარშავაში შეძენილი ვიოლინო, რომელზედაც ის უმძიმეს პერიოდში (XX საუკუნის 20-30-იანი წლები) განაგრძობდა დაკვრას და რაც მთავარია, მეუფე პეტრეს 1908 წლის წერილი. ამ წერილმა მძიმე წლებს გაუძლო. ერთ დროს თელავის ძველი ინტელიგენციის წარმომადგენლის, ვლადიმერ (ლაზარე) გოგიაშვილის ჩამომავლებთანაც ინახებოდა. 1970 წელს კი, როდესაც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გავხდი, მე გადმომეცა. ამჟამად მეუფე პეტრეს აღნიშნულმა წერილმა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაიდო სამუდამო ბინა. ვაჟა კიკნაძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი "ისტორიანი" .#132