ვიკტორ ნოზაძის ახდენილი "წინასწარმეტყველება" - კვირის პალიტრა

ვიკტორ ნოზაძის ახდენილი "წინასწარმეტყველება"

ვიკტორ ნოზაძე - დიდი ქართველი მკვლევარი, მოაზროვნე, მასშტაბური სამეცნიერო მემკვიდრეობის ავტორი. წერს, უპირველესად, რუსთაველის, "ვეფხისტყაოსნის" შესახებ, მერე - ათასგვარ მიმოხილვას საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე, წერილებს ქართულ თეატრზე, გამოხმაურებებს საქართველოში თუ საზღვარგარეთ გამოქვეყნებულ სტატიებზე, რასაკვირველია, შიგადაშიგ მოგონებებსაც თანამოაზრეებსა და თავსგადახდენილ მოვლენებზე. თხრობის მაღალი კულტურა, უზარმაზარი ინფორმაციის ერთ სააზროვნო ხაზზე აგება, ეროვნული სულისკვეთება, ენციკლოპედიური ცოდნა, განათლების დიდი თვალსაწიერი.

ცნობილი ქართველი ემიგრანტის, გივი კობახიძის არქივში დაცულია (მრავალთაგან) ერთი უნიკალური წერილი: 1966 წლის ოქტომბრის დღეებში ვიკტორ ნოზაძე მეგობართან, კონსტანტინე გამსახურდიასთან გულის მოოხებას შეეცდება. თავის სამუშაო მაგიდასთან მჯდომი ბარათით შეეხმიანება. 16 ოქტომბერს გაგზავნის. მეცნიერი ერთი შეხედვით მშვიდად საუბრობს სამომავლო გეგმებზე: 20 ნოემბერს დაგეგმილ რუსთაველის იუბილეზე, კომისიის წევრებზე, შესაბამისად, "კავკასიონის" საიუბილეო ვრცელი ნომრის გამოცემაზე... და ნაკვეთი, რომელიც მინდა გაგაცნოთ: უჩვეულოც, უცნაურიც, განწირულიცა და ღირსეულიც. ერთს შეგახსენებთ, იმჟამად საქართველოში რუსთაველის 800 წლისთავის იუბილეს აღნიშნავენ. ვიკტორ ნოზაძესაც მიიწვევენ. თითქოს ჩვეულებრივ ამბავს უამბობს:

"თბილისიდან ორჯერ მივიღე მოწვევის დეპეშა: მობრძანდით, იუბილეს დაესწარით, ბილეთსა და ვიზას მიიღებთ საბჭოთა კავშირის საელჩოშიო. პირველი დეპეშა იყო შედგენილი რუსულ ენაზე და ხელს აწერდა ირაკლი აბაშიძე, - მარტო ეს რუსული დეპეშა იყო საკმარისი, რომ უარი მეთქვა!

რუსთაველის იუბილეს მართავენ და რუსულად მწერენ დეპეშას?!"

მეორე დეპეშა იყო ფრანგულ ენაზე დაწერილი და ხელს აწერდა "საიუბილეო საორგანიზაციო კომიტეტი".

როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს?! ქარის წისქვილებთან შებრძოლებას ხომ არ შეეცდება? ეგებ, ეს უფრო მეტია? ხმამაღლა უნდა თქვას თუ ეტიკეტი აიძულებს - არ ვიცი; ფაქტია, პირველ დეპეშას უეჭველად უპასუხებს:

"თქვენგან გასაგებ მიზეზთა გამო თბილისს ვერ მოვალ და იუბილეს ვერ დავესწრები".

"გასაგები" - ის კი არ არის, რომ ემიგრანტია, აკრძალული აქვს ამ მიწაზე ჩამოსვლა და ვერც გაბედავს. არა! აკი, ოფიციალურად იწვევენ! საელჩოც (ოღონდ არა საქართველოს, არამედ სსრკ-ის) საქმის კურსშია. "გასაგები" ის არის, რაც ყველასთვის ცხადია: რუსთაველის იუბილეს თავისუფალი, ბედნიერი საქართველო არ ზეიმობს (ის ჯერ ისევ დაპყრობილია); მოსაწვევებსაც არა მშობლიურ ენაზე, არამედ რუსულად ავსებენ. რუსთაველის მკვლევარი ამხელა ფორუმზე უარს იტყვის; ასეთ საქართველოში არ ჩამოვა! სამშობლოსთვის თვალის შევლება? თუმცა წარმოსადგენია, რად უღირდა ამგვარი მტკიცე უარი. მეგობრისთვის არც გულდაწყვეტა დაუმალავს, არც ყრუ ტკივილი:

"წარმოგიდგენია: რა ბედნიერება იქნებოდა საქართველო ერთჯერ კიდევ მენახა! მახლას!"

მართლაც, რა იქნებოდა: "ერთჯერ კიდევ!" რა იქნებოდა!

vefxistyaosnis-800-wlistavisadmi-mizrvnili-roniszieba-qutaisis-stadionze-2-1722200817.jpg
რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის სტადიონზე. ჯემალ სირბილაძის ფოტო

* * *

ქართული ინტელექტუალური ემიგრაციისთვის ყოველი დღე სიახლით იწყება. მოვლენები სხვადასხვა კუთხით დანახვის საშუალებას იძლევა. იქნება ეს ისტორიული თუ კულტურული კონტექსტი. მით უფრო, როცა საბჭოთა მოცემულობაც აქვეა და პარალელური სამყაროს "გამოგონებას" უწყობს ხელს. საუკუნის თანამონაწილე - თუკი შეიძლება ასეც ითქვას, რაკიღა ვიკტორ ნოზაძე აქტიურად იყო პოლიტიკურ მოვლენებში ჩართული, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მსოფლმხედველობით. გიორგი წერეთლის, ასევე, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის მოგონება ვიკტორ ნოზაძეზე გამოქვეყნდა საფრანგეთში, ჟურნალ "გუშაგში" 1985 წელს. ფრაგმენტი:

"ერთმა ფრანგმა პოლიტიკურმა მოღვაწემ თქვა: "თუ 20 წლის ახალგაზრდა სოციალისტ-მარქსისტი არ არის, მას გული აკლია, მაგრამ ის, ვინც ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას 30 წლის ასაკის შემდეგ არ მიატოვებს, მას ჭკუა აკლიაო".

და წერეთელი იქვე დაამატებს, - 꼆მ გონებამახვილურ გამონათქვამს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად ნუ მივიჩნევთ, მაგრამ ნურც ზოგიერთი ჩვენი სოციალისტივით ვუკიჟინებთ ვიკტორ ნოზაძეს მის პოლიტიკურ მეტამორფოზaს“-ო.

პოლიტიკური კონცეფცია. რას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში: სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან - ფაშისტურ დარაზმულობამდე. რაა ეს, ოცნებათა გაცრუება თუ "ჭკუის მომატება"? ერთიცაა - სხვაა, როცა პროფესიონალი პოლიტიკოსი იცვლის პარტიას ან პოზიციას და სულ სხვა, როცა ეს ხდება პოეტის, მწერლის, მხატვრის ან მეცნიერის შემთხვევაში. ნურც სიტყვა "ფაშისტი" შეგვაცბუნებს ამ შემთხვევაში, ნაციონალ-სოციალისტი, თუ გნებავთ. ყოველთვის საინტერესოა პიროვნების მიმართება ამა თუ იმ მოვლენასთან (თუ საკითხთან). ამასთან, ყოველი მიმართება მიზეზსა და შედეგს გულისხმობს. რამდენიმე ფრაგმენტი კრებულიდან - "საქართველოს ფაშისტური დარაზმულობა. დებულებანი მოღვაწეობისა და ბრძოლისათვის, პარიზი, 1937 წ. ვიკ. ნოზაძე "ჩვენი მიზნებისათვის".

ერთი კითხვა და რამდენიმე პასუხი:

"რა სურს და რისთვის იბრძვის საქართველოს ფაშისტური დარაზმულობა":

"თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო, აგებული თანამედროვე პრინციპებითა და დაკავშირებული ერის ბრწყინვალე წარსულთან".

"შრომა ეროვნული ცხოვრების ბერკეტია და ამქრული ორგანიზაციის (კორპორაციების) მოწყობით ეკონომიურ ინტერესთა სოლიდარობა უნდა განმტკიცდეს".

"უნდა აღსდგეს ქართული კერა და დაცულ iქმნას ქართული მოდგმა; სილამაზით განთქმული ჩვენი რასა უნდა განიწმინდოს და ქართველი ერი გამრავლდეს, რათა კვლავ შეიქმნას დიდი და დიადი საქართველო".

"ინტეგრალურ ნაციონალიზმზე დამყარებული ქართული სამეფო, ქართული ფაშისტური სამეფო - ჩვენი მიზანია და საბრძოლო დებულება. მაგრამ როგორც თვით დებულებებშია აღნიშნული, სამეფოს აღიარება სრულებით არ ნიშნავს წოდებრიობის აღიარებას, როგორც უფლებრივი კატეგორიისა, ვინაიდან ქართული ფაშისტური სამეფო დაიცავს იმ პრინციპს, რომელიც მისი არსებითი მხარეა: რომ ყველა ქართველი თანასწორ-უფლებიანი და თანასწორ-მოვალეობიანია".

გვაქვს პორტრეტი იმ ადამიანისა, რომელიც პირდაპირ გაიგივებულია პოლიტიკასთან? მკითხველმა გადაწყვიტოს. თუკი ერთ გარემოებასაც მიაქცევს ყურადღებას, რაზეა კონცენტრირებული მეცნიერის ყურადღება, არ იქნებოდა ურიგო. ეგებ, ეს დებულებები რეალურ სინამდვილეში შესასრულებელი მოცემულობის საზღვრებს სცილდება. და იქნებ, მისთვის ეს ქვეყნის მოწყობის იდეალური მოდელია.

ხოლო მეცნიერებაში, ასე მგონია, სურდა, უდიდესი მოაზროვნის თანაშემოქმედიც გამხდარიყო. ამჯერად ვგულისხმობ ყველა იმ განმარტებას, ლიტერატურულ თუ სააზროვნო პარალელს, რომლებიც მის წიგნებში უხვადაა გაბნეული და დადასტურებულიც.

როგორც ვთქვი, ის ყურადღებით ადევნებდა თვალს სხვათა ნააზრევსაც. მისთვის უცხოა სიტყვები: "ეს ჩემი საქმე არ არის". ვიკტორ ნოზაძეს არ შეუძლია შეცვალოს, მაგრამ გაკონტროლება შეუძლია და დეზორიენტაციაზე მკვეთრი რეაგირებაც. არადა, რეალობა სხვაა. რაღაც რომ შეცვალო, სავალდებულო არ არის, ყოველი ბრძოლა მოიგო. ეგებ, მოგება ისიცაა, როცა საკუთარ თავთან ხარ მართალი და მაშინაც, როცა საზოგადოებას დააფიქრებ. აკი მკითხველი არ შეადარებს, რა გამოქვეყნდა უცხოეთში და როგორ ითარგმნა და გავრცელდა აქ, საბჭოთა საქართველოში.

ამჯერად მინდა მისი ერთი რეცენზია გამოვარჩიო, რომელიც უცხოეთში დაბეჭდილი წერილების სერიას მოჰყვა. სწორედ იმ საიუბილეო დღეებს ეხება და ავტორისთვის ბევრი თვალსაზრისით გამხდარა საინტერესო. ეს გახლავთ გამოხმაურება ბელგიელი აკადემიკოსის, ჟერარ გარიტტის (გვარს თავად ასე უთითებს. - რ. ნ.) სამ წერილზე, რომლებიც დაიბეჭდა ფრანგულ ენაზე, ბრიუსელში გამომავალ გაზეთში "თავისუფალი ბელგია" #350, 1966 წლის დეკემბერში. ვიკტორ ნოზაძის გამოხმაურება გამოქვეყნდა მომდევნო, 1967 წელს ლიკსუსის ფსევდონიმით, კრებულში "კავკასიონი", სათაურით: "არგონავტებიდან სტალინამდე".

ბრიუსელში სერია გამოქვეყნდა სათაურით: "მოგზაურობა ევროპის მიჯნაზე - საქართველოში. პატარა ერის სიდიადე: არგონავტებიდან სტალინამდე". როგორც ვთქვით, ნოზაძე შეძლებისამებრ, უცხოეთში საქართველოზე დასტამბულ უამრავ მასალას ეცნობოდა. ვფიქრობ, აქ უჩვეულო სათაურმაც მიიქცია მისი ყურადღება - ერთადაა თავმოყრილი პოლიტიკაც და კულტურაც.

ბრიუსელის რედაქციას საჭიროდ ჩაუთვლია, მცირედი განმარტება გაეკეთებინა, რომ ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, კლასიკური, ძველი ქართული მწერლობის შესახებ მრავალრიცხოვანი გამოკვლევების ავტორის შთაბეჭდილებებს აქვეყნებდა, რაკიღა გარიტტი ბელგიიდან ერთადერთი გახლდათ საქართველოში იუბილეში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულ სტუმართა შორის. როგორც აღინიშნა, დაიწერა წერილების სერია.

ქართველი მეცნიერი, თავის მხრივ, გამორჩეულად აფასებდა უცხოელი მკვლევრის ღვაწლს და წერდა კიდეც: "უნდა დავუმატო ჩემი მხრივ, რომ ბელგიელ აკადემიკოსს, პროფესორ ჟერარ გარიტტს დიდი დამსახურება და ღვაწლი მიუძღვის ქართულ მეცნიერებაში და იგი შებრძანდება მის ისტორიაში, ვითარცა დაუვიწყარი მეცნიერი-მკვლევარი".

სწორედ მოგზაურობიდან დაბრუნებული აცნობს გარიტტი ამ ქვეყნის "თავგადასავალს" მკითხველს. ვიკტორ ნოზაძე ფეხდაფეხ მიჰყვება სტატიას, თუმცა ეჭვს დასაწყისშივე ივარაუდებს: "არ ვიცი: რა ბედი მოელის ბელგიელი აკადემიკოსის, პროფესორ ჟერარ გარიტტის წერილებს!" რატომ დაუშვებს ასეთ ვარაუდს?! რეცენზია სავსებით დადებითი წინადადებით იწყება: "საქართველოში ერთი კარგი ჩვეულება დამყარდა, მაგრამ"... და ეს "მაგრამ" ცვლის ბევრ რამეს. გზადაგზა ამას ახსნის. კეთილგანწყობილად დაწყებული შეფასება, რომ საქართველოში ითარგმნება უცხოეთში დაბეჭდილი წერილები ქვეყნის შესახებ და მას ეთმობა ჟურნალისა თუ გაზეთების გვერდები, რასაკვირველია, კარგია და მისასალმებელი, მაგრამ მკაცრად გასათვალისწინებელია შერჩევის პრინციპი. ფრაგმენტი: "მან (იგულისხმება ავტორი. - რ. ნ.) უნდა აქოს, ხოტბა-დიდება მიუძღვნას კომუნისტურ პარტიას, მის "ბრძნულ", "უცდომელ" და "თავდადებულ მუშაობას".

luvenis-katolikuri-universitetis-profesori-gerard-garitte-1957-1722200817.jpg
მარჯვნივ: ბელგიელი ისტორიკოსი, ქართველოლოგი და არმენოლოგი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჟერარ გარიტი (Gérard Garitte)

აკადემიკოსი გარიტტი საუბარს კოლხეთიდან იწყებს და ძველ ბერძენთა ე.წ. "მისვლის მითოსიდან". შემდეგ ამბავი უკვე ქართველთა ისტორიითა და მათი დიდი კულტურული საქმიანობით გრძელდება. უცხოელი მკვლევარი მხოლოდ წარსულის მოყოლით არ კმაყოფილდება. მისთვის ბოლოდროინდელი მოვლენები სრულიადაც არ არის უმნიშვნელო: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება 1918 წელს, სახელმწიფოების მიერ მისი ცნობა, მათ შორის ბელგიის (ჩემი მხრით დავაკონკრეტებდი: ბელგიამ საქართველო იურიდიულად აღიარა 1921 წლის 27 იანვარს), ისტორიის ტრაგიკული გაგრძელება - წითელი არმიის თავდასხმა და დამოუკიდებლობის დაკარგვა, 1924 წლის დიდი წინააღმდეგობა და უკვე 30-იან წლებში სტალინის ეპოქა (აქვეა დასახელებული მისი ქართველი თანამემამულე ლავრენტი ბერიაც და მისი საქმიანობა). წერილებში უმთავრესია "ვეფხისტყაოსნის" დიდებულება, რუსთაველის მასშტაბური მნიშვნელობის განმარტება და აღიარება უცხოელი მკითხველი საზოგადოებისთვის. იქვე მიწვეულ სტუმრებზე ნათქვამი (ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებულიც): მათი ნიჭიერება მხოლოდ "წითელი მელნით წერაში" გამოვლინდებაო, ალბათ, ბევრს მოსჭრიდა ყურს.

"- ეს არის ჭეშმარიტება"! - დაუდასტურებს მიხვედრას რეცენზიის ავტორი.

რასაკვირველია, ეს წერილი საბჭოთა საქართველოში, სტალინის კრიტიკის მიუხედავად, არ დაიბეჭდებოდა. პროლეტარიატის ბელადი აქ ასე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მანამდე ქვეყნის თავს გადახდენილი ისტორიული მოვლენების გაცნობა დანარჩენი მსოფლიოსთვის. თუმცა, სათაური ზუსტადაა მოძებნილი. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ცენტრალური კომიტეტის რომელი გენერალური მდივანიც გნებავთ შეიცვალოს, საქართველოში სტალინის ეპოქა დგას და "უფროს ძმას" ერთგვაროვანი დამოკიდებულება მაინცდამაინც არ შეუცვლია. ამას ისიც მკარნახობს, რომ სტატიაში ამგვარი მოვლენაცაა ნახსენები: "1956 წლის სისხლიანი დღეები თბილისში"... ვთქვი, რეცენზიის დასაწყისშივე ივარაუდებს და ახსნის რეცენზენტი-მეთქი, რა ნიშნით ხდება წერილების შერჩევა, ან უარეს შემთხვევაში, მათი "შემოკლება". ამონარიდი: "თუ წერილი ასეთი არ არის, მაშინ მას არ თარგმნიან ხოლმე და მის დაბეჭდვაზე, რასაკვირველია, კრინტიც არ დაიძვრება". სიტყვა "დღევანდელობა" ვახსენე. "მარად ცოცხალი ეს ქართული ენა, დღეს არის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ოფიციალური ენა", - ეს უნდა იცოდნენ გარიტტის თანამემამულეებმა, თუმცა უცხოელს უკვირს, რომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ბრძანებულებების, განკარგულებების გამოქვეყნება რუსულ ენაზე ხდება. პარტიულ ყრილობებზე გამოსულთათვის სამეტყველო-სავალდებულო ასევე, რუსულია. როცა ქალაქში სეირნობს, გაკვირვებული იტყვის: "თვით ქუჩათა სახელები და სვეტებზე წარწერა არის რუსულ ენაზეც, ბილინგვური, ორენოვანი". ნუ წარმოვიდგენთ, რომ მხოლოდ ისტორიას ჰყვება და მხოლოდ პოლიტიკურ აქცენტებს აკეთებს. უცხოელი მეცნიერი მოხიბლულია ქართული განათლებისა და მიმდინარე კვლევა-ძიების საქმეებით, კმაყოფილებით აღნიშნავს გამომცემლობების მუშაობას, განსაკუთრებით "ხელნაწერთა მდგომარეობას იწონებს". მესამე, დასკვნითი წერილი ამგვარადაა დასათაურებული: "კოლონიზაცია და დეკოლონიზაცია". მისი ფიქრით, თანამედროვე საქართველოში დადებითი პროცესი დაწყებულია. ამიტომ სტატიის ფინალიც ოპტიმისტურია, რომელსაც ვიკტორ ნოზაძე "გაზვიადებულ იმედს" დაარქმევს და კატეგორიულადაც არ დაეთანხმება, თუმცა იქვე იტყვის: "ამის გამო დავას აქ ვერ გავმართავ; თუმცა მრავალი საბუთის შეთავაზება შემეძლო" (კონსპექტურად მაინც ჩამოთვლის) და ხსენებული ფინალიც:

"იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს დეკოლონიზაცია აქ არ შეჩერდება. იმპერიის ღირსება ის არის, რომ მათ აღიარონ და პატივი სცენ პატარა ერების სიდიადეს".

ბელგიაში გამომავალი გაზეთი აკადემიკოსის წერილებს, ვფიქრობ, ძალიან ზუსტ ფოტოებსაც დაურთავს, რათა ვიზუალურადაც წარმოდგენა შეუქმნას თავის ერთგულ მკითხველებს. ესენია: საქართველოს რუკა, ძველი ასომთავრული და მხედრული წარწერების ფოტოები, მცხეთის ტაძარი, სტალინის ძეგლი გორში და რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული სხვადასხვა საფოსტო ნიშანი.

აქ კიდევ ერთი "მაგრამ" დამჭირდება.

წერილები, თან სერიული ფორმატით საქართველოში რომ არ გამოქვეყნდებოდა, თავიდანვე გასაგები იყო, მაგრამ საგანგებოდ მოვიძიე, ეგებ რაიმე ცნობა "გაპარულიყო", თუნდაც ინფორმაციის რანგში, რაკიღა მაინც უცხოელი მეცნიერის ავტორობით იყო შესრულებული; ან უარეს შემთხვევაში, ზემომოყვანილი რეცენზიის შესახებ აღნიშნულიყო სადმე, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს წერილების მოკლე, კონსპექტურ თარგმანს. "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტის გამოცემაში" ვერ მოხვდა, არათუ ანოტირებულ ნაწილში, ჩამონათვალშიც კი. წიგნს ჰქვია: "რუსთველოლოგიური ლიტერატურა" IV. 1967-1980 წწ. ანოტირებული ბიბლიოგრაფია", თბილისი, 2009. აქ 67-ე ნომრად მითითებულია ჟურნალი "კავკასიონი" - #12, 1967 წელი, პარიზი და ჩამოთვლილია მასალები, რომლებიც იუბილესთან დაკავშირებით უცხოეთში საგანგებოდ დაიწერა. ავტორები: მიხ. ქავთარაძე, ალ. შათირიშვილი, ალ. მანველიშვილი, რ. ფ. სტივენსონი, ე. აბულაძე, გ. ყიფიანი... ასევე, წარმოდგენილია ინფორმაცია პარიზში, ადიარის დარბაზში რუსთაველისადმი მიძღვნილი შეკრების შესახებ, დასახელებულია გამომსვლელებიც: ლ. ზურაბიშვილი, ნ. ცინცაძე, ვ. ნოზაძე, გ. შარაშიძე, ქეთ. დადიანი და სხვები. ნუ დაგვავიწყდება, რომ "კავკასიონის" რედაქტორი ამ წლებშიც სწორედ ვიკტორ ნოზაძე გახლდათ და მისი რეცენზიაც ქრონოლოგიურად და ფაქტობრივადაც ამ კრებულშია. "გამოტოვება" იმ, 1966 წელს, სრულიად გასაგებია და იოლად ასახსნელიც. ვინ დაუშვებდა 1918-1921 და 1924 წლების ხსენებას, შემდეგდროინდელ ფაქტებს, მაგრამ უკვე 2000-იანი კრებულის ანოტირებულ ნაწილში მაინც რომ მოხვედრილიყო, ეს ისტორიის და მკაცრი რეცენზირებადი საბჭოთა მეცნიერების კიდევ ერთი დასტური იქნებოდა. ნოზაძის მიერ რეცენზიის დასაწყისშივე გამოთქმული ეჭვი, თუ რა ბედს გაიზიარებდა ბელგიელი მეცნიერის წერილი და ის არ დაიბეჭდებოდა, ზუსტი აღმოჩნდა. არც დაიბეჭდა! მოგვიანებით ინერცია "წარმატებით" გაგრძელდა. თუმცა, ერთ ვერსიად შესაძლოა ისიც დავუშვათ, რომ შემდგენლები სათაურმა შეიყვანა შეცდომაში. წერილი არ წაიკითხეს და შესაბამისად, რუსთაველთან ვერ დააკავშირეს... ცოტა უსუსური განმარტება კი მგონია, მაგრამ მაინც დავუშვი.

marcxnidan-simon-berejiani-viqtor-nozaze-davit-marjanisvili-salva-marlakelize-1722200817.jpg
მარცხნიდან: სიმონ ბერეჟიანი, ვიkტორ ნოზაძე, დავით მარჯანიშვილი, შალვა მაღლაკელიძე

როცა დიდი წარსულის მქონე ქვეყნის თავგადასავალს აცნობ ევროპელ მკითხველს, რომელსაც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს მის ისტორიაზეც და იმ რანგის კულტურაზეც, რამდენადაც წერილების მოკლე ფორმატი ამის საშუალებას მოგცემს, მნიშვნელოვანი ფრაგმენტები არ უნდა გამოტოვო. გარიტტი ჭეშმარიტი მეცნიერია და არც გამოტოვებს - დიდი წარსულიდან დაწყებული თითქმის მის თანამედროვეობამდე, საბჭოთა სინამდვილეში გაგრძელებული, მისი ფიქრით, ასეთი რეალობა გახლდათ. შთაბეჭდილებები ჩაიკარგა, მაგრამ ვიკტორ ნოზაძის ამ რეცენზიამ შემოინახა სადღაც, ბრიუსელში, გაზეთში დაბეჭდილი წერილიცა და უცხოელი ქართველოლოგის ცოდნით მოყოლილი ქვეყნის თავგადასავალიც.

P.S. რეცენზიას, როგორც ჩანს, ასე დასრულებულად ვერ ჩათვლის. წერილს "დამატებაო" მიაწერს და ორ კარდინალურად განსხვავებულ მოსაზრებას წარმოადგენს. ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ, ამჯერად, კომენტარის გარეშე.

პირველი: "საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოველთვიური თეორიული და პოლიტიკური ჟურნალის "საქართველოს კომუნისტის" 1966 წლის სექტემბრის ნომერი:

"აძლევს რა მხატვრულ ლიტერატურას ესოდენ დიდ მნიშვნელობას, პარტია მოითხოვს პარტიული აქტივისაგან, თვითეული კომუნისტისაგან, თვითეული საბჭოთა ადამიანისაგან, ღრმად შეისწავლონ კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურა. მათ კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ ლიტერატურის კლასიკოსის იუბილე - ეს პირველად ყოვლისა პოლიტიკური კამპანიაა". მთელი წერილი ასეთი პათოსით გრძელდება.

უკომენტაროდ-მეთქი კი ვთქვი, მაგრამ ვიკტორ ნოზაძეც ამას არ ამბობდა? - კომუნისტურმა ხელისუფლებამ რუსთაველის იუბილე უმთავრესად თავისი პარტიული მიზნებისათვის და რეჟიმის სადიდებლად გამოიყენაო.

და მეორე მოსაზრება: მეცნიერი ცნობილი ქართველი მწერლის, ლევან გოთუას თქმულს გამოაქვეყნებს. ისიც სწორედ იმ საიუბილეო დღეებში დაწერილა და ავტორის სასახელოდ, უცხოეთში მყოფი ქართველობა არ გამორჩენია. როგორ მიმართავს ჯერ აქაურ ქართველობას და შემდგომ, ისტორიულ ემიგრაციას:

"ჩვენო ნაბრძოლო და ნაშრომო, მამულეთის მოყვარულო ერო, შენ მუდამ გაგაჩნდა ძალა და გული ახალ-ახალი შემართებისათვის. სხვაგან გადატყორცნილ შენს შვილებს საბოლოოდ არასოდეს არ დაუკარგავთ თავიანთი ენა, სული ქართული, არ დავიწყებიათ თავისი გულსაფიცარი... ნათქვამია, მანძილი უფრო ამახვილებს ვაჟკაცურ ლტოლვას, ეროვნულ სიამაყეს და სამშობლოს სიყვარულსო! დაე, შოთა რუსთაველის ჯადოქრული ნაგალობარი დედამიწის ყოველ კუთხეში ვიგულვოთ ჩვენ საერთო ენად, ხიდად, წიგნად და მიწად!.. ხოლო შესაფერ ვითარებაში - დაე, იგივე "ვეფხისტყაოსანი" იყოს დიდი მეკვლე - სამშობლოში დასაბრუნებლად!"

vefxistyaosnis-800-wlistavisadmi-mizrvnili-roniszieba-qutaisis-stadionze-3-1722200817.jpg
რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის სტადიონზე. ჯემალ სირბილაძის ფოტო

ამ კრებულის, - "კავკასიონის" რედაქტორი, ახლა ამავე რეცენზიის ავტორი რომაა ლიკსუსის ფსევდონიმით - ვიკტორ ნოზაძე, ბოლო წინადადებას ასოთამწყობს მუქი შრიფტით ააწყობინებს. ამასაც არ იკმარებს, მინაწერს მაინც გაუკეთებს და რეცენზიის ძირითად და დამატებით ნაწილსაც ასე დაამთავრებს:

"ყველაფერი ეს მართალი გულის ღაღადებაა! მაგრამ ვიკითხოთ: განა დადგა "შესაფერი ვითარება", როდესაც ქართველ გარდახვეწილს შეუძლია სამშობლოს დაუბრუნდეს?! როცა მას იგი ტყვედმყოფად და არა თავისუფალ სამშობლოდ მიაჩნია?!"

ჩამოუსვლელობას ასე ხომ არ ხსნის? ამართლებს?! განმარტავს! და ეგებ, ჯიუტად მაინც ამოტივტივდეს ფრაზა:

"რა ბედნიერება იქნებოდა საქართველო ერთჯერ კიდევ მენახა, მახლას!"

levan-gotua-1-1722200817.jpg
ლევან გოთუა

მართლაც, რა იქნებოდა: "ერთჯერ კიდევ!"

რუსუდან ნიშნიანიძე

"ისტორიანი" .#132