ინგლისელი დიპლომატი სერ ედუარდ გრეი და ევროპული პოლიტიკა
იმპერიების დრეიფი პირველი მსოფლიო ომისკენ
სერ ედუარდ გრეის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო, მაგრამ ოდნავ ტენდენციურ ინფორმაციას გვაწვდის მისივე მემუარები, სადაც იგი ცდილობს, მოვლენები მისთვის სასურველ ასპექტში განიხილოს. ამაში გასაკვირი არაფერია - გრეი-მემუარისტი გრეი-პოლიტიკოსის ხაზს განაგრძობს. იგი ხაზს უსვამს, რომ ინგლისს ომი ძალით მოახვიეს თავს და აღნიშნავს, რომ პირველი მსოფლიო ომის წინ ინგლისის პოლიტიკა მშვიდობისმოყვარეობის განსახიერება გახლდათ. ამით მან საკუთარი საგარეო პოლიტიკის აპოლოგიას ჩაუყარა საძირკველი, რაც საკმაოდ შესამჩნევია მომდევნო პერიოდის ინგლისურ ისტორიოგრაფიაში, სადაც გრეის თეზისმა ინგლისის პოლიტიკის მშვიდობისმოყვარეობის შესახებ მის განდიდებას შეუწყო ხელი.
სერ ედუარდ გრეის შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს, რომელსაც წითელ ხაზად გასდევს მისი მოღვაწეობის სუბიექტური შეფასება, პირველი მსოფლიო ომის წინ ინგლისის საგარეო პოლიტიკის გაიდეალება. სერ ედუარდ გრეის, იგივე ფალოდონის პირველი ვიკონტი გრეის განდიდებას უკვე თანამედროვეებმა ჩაუყარეს საფუძველი. მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გამოჩენილი ინგლისელი პოლიტიკოსი სერ უინსტონ ჩერჩილი იმდენად შორს წავიდა გრეის შეფასებისას, რომ მას "ინგლისის სინდისი" უწოდა, რაც ვფიქრობთ, გადაჭარბებული იყო. XX საუკუნის ინგლისის ისტორიოგრაფიაში გრეის განდიდების სათავეებთან დგას ცნობილი ისტორიკოსი ჯორჯ მაკოლი ტრეველიანი. ის სრულ სოლიდარობას უცხადებს პირველი მსოფლიო ომის წინ გრეის საგარეო პოლიტიკას.
იქიდან გამომდინარე, რომ გრეის ეს საგარეო პოლიტიკა ყველას არ მოსწონდა, რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ ოპონენტებიც. ისინი ბრალს დებდნენ გრეის არაკომპეტენტურობაში, ინგლისის პირველ მსოფლიო ომში ჩათრევაში, საიდუმლო დიპლომატიაში. აღნიშნავდნენ, რომ გრეი სულაც არ იყო "უცოდველი კრავი, რომელიც არავის აუმღვრევდა წყალს". ვიკონტის არაკომპეტენტურობაზე საუბარი, ალბათ, მაინც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და შეიძლება საკამათოც იყოს, მაგრამ გრეი რომ "უცოდველი კრავი" არ გახლდათ, ამაში ისინი მართალი იყვნენ.
საბჭოთა ისტორიოგრაფია დიდ ყურადღებას უთმობდა დევიდ ლოიდ-ჯორჯისა და უინსტონ ჩერჩილის მოღვაწეობას, ხოლო ედუარდ გრეის საქმიანობა შედარებით ჩრდილში რჩებოდა. ისტორიკოსი ვლადიმირ ხვოსტოვი მას "მტაცებელ იმპერიალისტს" უწოდებს. ძველი ინერციით გრეისადმი ასეთი დამოკიდებულება შეინიშნება პოსტსაბჭოთა პერიოდის რუსულ ისტორიოგრაფიაშიც. ისტორიკოსი ი. ჟდანოვი "ამხელს" გრეის იმპერიალისტურ პოლიტიკას და ხაზს უსვამს, რომ მან როგორც კარგმა მეთევზემ, გერმანია დაიჭირა ბადეში, მოახდინა მისი პროვოცირება და შეცდომა დააშვებინა. უარყოფით ეპითეტებს არ იშურებს გრეისადმი ისტორიკოსი პ. ზახაროვი, რომელიც მასში ხედავს "მზაკვრულ შეთქმულს", რომლის ჩამოყალიბებას ბიძგი მისცა ვიქტორიანულმა ხანამ. ყურადღებას იპყრობს ისტორიკოს იულია ლიუნოვას საინტერესო ნაშრომი "ლორდი ედუარდ გრეი - XX საუკუნის დასაწყისის ინგლისის საიდუმლო დიპლომატიის ოსტატი". როგორც სათაურიდან ჩანს, აქ აქცენტი უკვე გრეის საქმიანობის დადებით მხარეზე კეთდება. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც უფრო ახლოს მივყავართ ისტორიულ რეალობებთან.
ამ საკითხზე სიტყვის თქმას ის გარემოება გვაბედვინებს, რომ მასზე ქართულ ენაზე თითქმის არაფერი დაწერილა.
არისტოკრატი დიპლომატი
სერ ედუარდ გრეი დაიბადა 1862 წლის 25 აპრილს. ის ძირძველი ინგლისური არისტოკრატიის შთამომავალი გახლდათ. მისი მამა ოფიცერი იყო, მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856), მსახურობდა ინდოეთში. მონაწილეობდა სიპაების აჯანყების ჩახშობაშიც. დედა ჰარიეტი ეკუთვნოდა ძველ, საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახს.
გრეის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს 1892 წელი, როდესაც მან შეძლო, თავისი ნიშა ეპოვა. ლორდ როზბერის რეკომენდაციით მან ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა. მისი პოლიტიკური საქმიანობაც ორ პერიოდად იყოფა: 1892 წლამდე და 1892 წლის შემდეგ. ეს ორი პერიოდი კიდევ შეიძლება რამდენიმე მონაკვეთად დავყოთ. პირველი პერიოდში მნიშვნელოვან მიჯნას წარმოადგენს 1885 წელი, როდესაც ის პარლამენტში აირჩიეს და 23 წლის ედუარდ გრეი პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. მეორე პერიოდში ყურადღებას იპყრობს 1905 წელი, როდესაც ის სათავეში ჩაუდგა ფორინ ოფისს და ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ეს იყო მისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალი.
გრეის, როგორც პიროვნების ფორმირებაზე დიდი გავლენა მოუხდენია ბიძის მეგობარ მ. კრეიტონს. მასთან საუბრებმა ძალიან ბევრი რამ მისცა გრეის და ღმერთის რწმენა განუმტკიცა. ის ბიბლიას დაეწაფა, ზოგიერთი ლოცვანი ზეპირადაც კი იცოდა. 1884 წელს დაამთავრა კოლეჯი და მისი პოლიტიკური კარიერა 1885 წლიდან დაიწყო, როდესაც ნორთამბერლენდის საგრაფოდან, ბერვიკის საპარლამენტო ოლქიდან აირჩიეს პარლამენტის წევრად. გრეის სახით საქმე გვაქვს ლიბერალური პარტიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან. ისტორიკოსები მას მიაკუთვნებენ მემარჯვენე ლიბერალების ბანაკს - ე.წ. ლიბერალ-იმპერიალისტებს. 1892 წლამდე გრეის საქმიანობაში პრიორიტეტული იყო საშინაო პოლიტიკის საკითხები, კერძოდ კი, სოციალური რეფორმების განხორციელება. მის კარიერაში მკვეთრი სახეცვლილება ხდება 1892 წელს, როდესაც მან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა. ამ დღიდან მისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა ფორინ ოფისს, ინგლისის საგარეო პოლიტიკას. გრეი მომხრე იყო ინგლისის კოლონიური პოლიტიკისა და მხარს აქტიურ საგარეო პოლიტიკას უჭერდა. ამაში მას თანაუგრძნობდნენ ოპოზიციურად განწყობილი კონსერვატორები. მათი ერთ-ერთი თავკაცი გახლდათ ჯოზეფ ჩემბერლენი. ინგლისის მთავრობამ და კერძოდ, სერ ედუარდ გრეიმ საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავეს 1898 წელს, ფაშოდის კრიზისის დროს. მათ მკაფიოდ აგრძნობინეს საფრანგეთს, რომ მდინარე ნილოსის აუზში ინგლისი არაფრის დათმობას არ აპირებდა და ამ რეგიონში საფრანგეთის გააქტიურებას არამეგობრულ ჟესტად განიხილავდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოფილ დელკასემ ეს ნაბიჯი ასე ახსნა: "ეგვიპტის დათმობამ ბევრი ფრანგი დაამწუხრა, მაგრამ მათ, როგორც რეალურ პოლიტიკოსებს, უნდა აერჩიათ ან ეგვიპტე და მასთან დაკავშირებული იმედები, ან სურვილი ალზას-ლორენის (ელზას-ლოთარინგია. - თ. ა.) დაბრუნებისა. როგორც ჯანსაღად მოაზროვნეებმა, მათ უკანასკნელი აირჩიეს".
XIX საუკუნის მიწურულს ბურების რესპუბლიკამ დიდი ქვეყნების ყურადღება მიიპყრო, ამის მძლავრი სტიმული გახდა 1884 წელს ტრანსვაალის ტერიტორიაზე ოქროს საბადოების აღმოჩენაც. ბურების რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწის, პეტარ ჟუბერის თქმით, "ეს ოქრო მალე შეიქმნება იმის მიზეზი, რომ ჩვენი ქვეყანა სისხლით გაიჟღინთება". მართლაც, სულ მალე ასე მოხდა. გემრიელი ლუკმისთვის ერთმანეთს ეცილებოდა ორი დიდი სახელმწიფო - ინგლისი და გერმანია. ერთმა თანამედროვემ კარგად თქვა, რომ ბურების რესპუბლიკა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში "შავი წერტილი" იყო. აღსანიშნავია, რომ ეს "შავი წერტილი იზრდებოდა და შავ ღრუბლად ეფინებოდა ევროპას", დასძენს ისტორიკოსი არკადი იერუსალიმსკი. გრეი, ჰერბერტ ასკვიტთან და ლორდ როზბერისთან ერთად, ბურების რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის მომხრედ გამოდიოდა.
ევროპული იმპერიების თამაშები
XX საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში არსებითი ცვლილება მოხდა. ეს იმით გამოიხატებოდა, რომ ძველი წინააღმდეგობები ინგლისს, საფრანგეთსა და რუსეთს შორის სულ უფრო უკანა პლანზე გადადიოდა და ყურადღების ცენტრში ექცეოდა ახალი, მთავარი დაპირისპირება ინგლისსა და გერმანიას შორის, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა ძველი მეტოქეების დაახლოებისთვის. პოლიტიკოსებს აფიქრებდა გერმანიის გამალებული შეიარაღება და მისი გაძლიერება. გრეი მშვენივრად აცნობიერებდა, რომ სწორედ გერმანია გვევლინებოდა მსოფლიო ბაზრებსა და ზღვებზე ინგლისის მთავარ კონკურენტად. ლორდ როზბერისგან განსხვავებით, რომელსაც გერმანიასთან დაახლოება სასურველად ესახებოდა, გრეი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გერმანია იყო ინგლისის მთავარი მოწინააღმდეგე. შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ გრეი მოგვევლინა ინგლის-საფრანგეთის დაახლოების ერთ-ერთ მთავარ ინიციატორად და სულის ჩამდგმელად. შეიძლება ითქვას, რომ როზბერის საგარეო პოლიტიკურ კურსთან შედარებით, გრეის ხაზი უფრო მეტად პასუხობდა ინგლისის ეროვნულ ინტერესებს. ინგლის-საფრანგეთის დაახლოებისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნას მხარს უჭერდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეოფილ დელკასე. ის ფიქრობდა, რომ საფრანგეთის ყველაზე დიდი მტერი გერმანია იყო და კურსი ინგლისთან დაახლოებისკენ აიღო. ამ ძალისხმევის ლოგიკური დაგვირგვინება იყო 1904 წლის 8 აპრილს ინგლისსა და საფრანგეთს შორის ხელმოწერილი "გულითადი შეთანხმება". მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობდა და უმტკივნეულო ხასიათს არ ატარებდა. ინგლისში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი პოლ კამბონი ამბობდა, - იცოდეთ, რომ ფორინ ოფისში საკითხების გადაწყვეტა ისე წარმოებს, როგორც სიტის კანტორაშიო. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ფრანგები იყვნენ ანგელოზები. თავის მხრივ, ინგლისს ფრანგების მიმართ ჰქონდა პრეტენზიები. გერმანიის კანცლერის, თეობალდ ფონ ბეთმან ჰოლვეგის თქმით, "საფრანგეთი და ინგლისი ერთმანეთს ეხვევიან არა იმიტომ, რომ ერთმანეთი უყვართ, არამედ იმიტომ, რომ ორივეს ერთნაირად სძულთ გერმანია".
1905 წელს ხელისუფლებაში ლიბერალები დაბრუნდნენ. ისინი მთავრობის სათავეში იდგნენ მთელ 10 წელიწადს, 1915 წლამდე. ისტორიკოსები ინგლისის ისტორიის ამ მონაკვეთს "ლიბერალების ხანას" უწოდებენ. 1905 წლის 22 დეკემბერს გრეიმ პრემიერ-მინისტრ ჰენრი კემპბელ-ბანერმანის ლიბერალურ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. ისტორიკოსები სერ ედუარდ გრეის სავსებით სამართლიანად მიიჩნევენ "საიდუმლო დიპლომატიის" ერთ-ერთ მთავარ ფუძემდებლად. არც ერთი საგარეო საქმეთა მინისტრის დროს იმდენი საიდუმლო ხელშეკრულება არ დადებულა, რაც მის დროს. ლიბერალების მთავრობამ კურსი რუსეთთან დაახლოებისკენ აიღო, რისი ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი სერ ედუარდ გრეი გახლდათ. მისი არგუმენტი ასეთი იყო: 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში განცდილმა მარცხმა რუსეთი ძალიან დაასუსტა და ის, როგორც გრეი ფიქრობდა, აღარ წარმოადგენდა საფრთხეს ინგლისის ინტერესებისთვის. მეორე არგუმენტი ის იყო, რომ მარტო ინგლისი და საფრანგეთი ვერ გაუმკლავდებოდნენ გერმანიას. თუ ინგლისი არ შეეცდებოდა რუსეთთან დაახლოებას, მაშინ შესაძლოა რუსეთში "პროგერმანისტულ" ძალებს მოეპოვებინათ გამარჯვება, ეს კი, რა თქმა უნდა, გრეის გეგმებში არ შედიოდა. "თუ რუსეთი დასვამს სრუტეებში (ბოსფორისა და დარდანელის. - თ. ა.) რეჟიმის შეცვლის საკითხს, ჩვენ ამას განვიხილავთ" - ეს აშკარა დათმობა გახლდათ. ეს განწყობილება კარგად გამოხატა ლორდმა ელენბორომ: "მე მირჩევნია რუსეთი ვიხილო კონსტანტინოპოლში, ვიდრე გერმანიის სამხედრო-საზღვაო არსენალი - სპარსეთის ყურეში". რუსეთისადმი ინგლისელი პოლიტიკოსების ტონი აშკარად შერბილდა. სერ ედუარდ გრეის თქმით, "რუსეთთან კარგი ურთიერთობა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა უარვყოთ მისთვის სრუტეების დახურვისა და დიდ სახელმწიფოთა კონფერენციებზე მის წინააღმდეგ გამოსვლის ძველი პოლიტიკა". ინგლისის საგარეო პოლიტიკის ანტირუსული მიმართულება უკან დარჩა. ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში დათბობის ხანა დაიწყო. გრეის ძალისხმევის ლოგიკური დაგვირგვინება იყო 1907 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილი ინგლის-რუსეთის შეთანხმება, რაც გრეის პოლიტიკის წარმატება იყო. ინგლისს მეფის რუსეთის სახით ახალი ძლიერი მოკავშირე გამოუჩნდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ ერთობლივი ძალებით ჩაახშეს რევოლუცია ირანში.
ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ედუარდ გრეიმ უარი თქვა "ბრწყინვალე იზოლაციის" პოლიტიკაზე, რომელსაც ინგლისი XX საუკუნის დამდეგამდე ახორციელებდა - "ინგლისს არ ჰყავს მოკავშირეები. ინგლისს აქვს მუდმივი ინტერესები". ინგლისი ყოველთვის ატარებდა "სხვისი ხელით ნარის გლეჯის" პოლიტიკას, ბისმარკის თქმით, "ინგლისი ყოველთვის პოულობდა ისეთ სულელს, რომელიც საკუთარი მკერდით დაიცავდა მის ინტერესებს". ეს იყო ერთი ხედვა. არის სხვა თვალსაზრისიც. ჩვენ უფრო იმ მოსაზრებას ვემხრობით, რომ ედუარდ გრეიმ უარი კი არ თქვა "ბრწყინვალე იზოლაციის" პოლიტიკაზე, როგორც ამას ხშირად ამტკიცებენ, არამედ მისი მოდერნიზება მოახდინა. მასში სასურველი კორექტივები შეიტანა, რაც, უმთავრესად, შეცვლილი საერთაშორისო ვითარებით იყო განპირობებული. საფრანგეთსა და რუსეთთან დაახლოება სულაც არ ნიშნავდა "ბრწყინვალე იზოლაციის" პრინციპზე უარის თქმას. იცვლებოდა ფორმა, მაგრამ შინაარსი იგივე რჩებოდა. "სხვისი ხელით ნარის გლეჯისა" და "თავისუფალი ხელების" პოლიტიკაში, ის ევროპაში მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებას ხედავდა. ეს ხელშეკრულებები არაფრით არ უკრავდა ხელ-ფეხს ინგლისს.
ინგლისი და გერმანია: დაპირისპირება მწვავდება
პირველი მსოფლიო ომის წინ აპოგეას მიაღწია ინგლის-გერმანიის საზღვაო მეტოქეობამ. "ვერ მოვისვენებ, სანამ ფლოტსაც იმავე სიმაღლეზე არ ავიყვან, რასაც ჩვენმა არმიამ მიაღწია", - დასძენდა გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II. ის სწორად აფასებდა შექმნილ ვითარებას: "მე ვიცი, რომ ზღვაზე ინგლისი ძლიერია, ხოლო გერმანია სუსტი და ამიტომ პირველი მუდამ დაუსჯელად განაგრძობს საქმიანობას, მაგრამ მოვა დრო, როცა თვით ინგლისიც კი გერმანიის ფლოტს მხედველობაში მიიღებს, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს. იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება". ინგლისის მმართველ წრეებში გერმანიის გამალებული შეიარაღება შეშფოთებას იწვევდა და აზრთა სხვადასხვაობას განაპირობებდა. პრემიერ-მინისტრი ჰენრი კემპბელ-ბანერმანი მხარს უჭერდა გამალებული შეიარაღების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. სრულიად განსხვავებული პოზიცია ეკავა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ სერ ედუარდ გრეის. ის ინგლისის შეიარაღების გაძლიერებას ემხრობოდა. ამ დაპირისპირებაში ინგლისმა თავისი უპირატესობის შენარჩუნება შეძლო.
გერმანიის მცდელობამ 1905-1906 წლებში, მაროკოს პირველი კრიზისის დროს განხეთქილება შეეტანა ინგლის-საფრანგეთის კავშირში, მარცხი განიცადა. გერმანია დიპლომატიურ იზოლაციაში მოექცა. ინგლის-საფრანგეთის კავშირი გაცილებით მყარი აღმოჩნდა, ვიდრე გერმანიას ეგონა. 1906 წლის 10 იანვარს სერ ედუარდ გრეი საფრანგეთის ელჩ პოლ კამბონს ატყობინებდა: "ინგლისი კვლავ განაგრძობს იმავე პოლიტიკას, რომელსაც მარკიზი ლენსდაუნი ატარებდა". გერმანიის მცდელობამ, ინგლის-საფრანგეთის დაახლოება უდღეურად წარმოეჩინა, ფიასკო განიცადა. გერმანელთა ოპტიმიზმი გადაჭარბებული იყო. საფრანგეთის იზოლაციაში დარწმუნებული გერმანია თვითონ აღმოჩნდა იზოლირებული. გერმანელი დიპლომატის, ჰერმან ფონ ეკარდშტაინის თქმით, "გაუგებარია, თუ რატომ წავიდა გერმანია ამ კრაზანის ბუდეში; რა საჭირო იყო ალხესირასის კონფერენციის მოწვევა, როცა წინასწარ ნათელი იყო, რომ ყველა სახელმწიფო, გარდა ავსტრიისა, საფრანგეთის მხარეს იქნებოდა". გერმანიის მმართველი წრეები ძალიან განიცდიდნენ, რომ მაროკოს პირველი კრიზისის დროს ხელიდან გაუშვეს პირველი მსოფლიო ომის გაჩაღების ხელსაყრელი შანსი: "სისხლი, დაღვრილი 1905 წელს, ათგზის დაზოგავდა სისხლს, დაღვრილს 1914-1915 წლებში".
1908 წლის შემოდგომაზე ბოსნიის კრიზისის დროს გრეიმ "დამოუკიდებელი არბიტრის" როლი შეითავსა. მან აგრძნობინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდრ იზვოლსკის, რომ არ იყო წინააღმდეგი, სრუტეების საკითხი რუსეთის სასარგებლოდ განეხილა. ამავე დროს, მას არც ინგლისის ინტერესები ავიწყდებოდა და გრეიმ 1911 წელს რუსეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი საზონოვს აგრძნობინა, რომ ინგლისი მხარს არ დაუჭერდა ბალკანეთის სახელმწიფოთა ბლოკის შექმნას ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ. ხაზს უსვამდა იმას, რომ ინგლის-რუსეთის კონფლიქტი ყველაზე მეტად სწორედ გერმანიას აძლევდა ხელს.
1911 წელს დაიწყო "მაროკოს მეორე კრიზისი", რომელიც პროვოცირებულ იქნა გერმანიის მიერ. საქმე ის გახლდათ, რომ 1911 წლის 1 ივლისს გერმანიამ სამხედრო ხომალდი გაგზავნა მაროკოს პორტ აგადირში. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ეს უკვე მერამდენედ, ევროპა ომის საფრთხის ზღურბლზე აღმოჩნდა. სულ უკანასკნელ მომენტში გერმანიამ უკან დახევა არჩია. ინციდენტი ამოიწურა. მსოფლიო ომის გაჩაღება თავიდან აიცილეს. ამ საქმეში ინგლისის დიპლომატიამ და კერძოდ სერ ედუარდ გრეიმ, თავისი სიტყვა თქვა. მან აგრძნობინა გერმანიას, რომ ის დათმობაზე წასვლას არ აპირებდა. საყურადღებოა, რომ ამ საკითხში კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის სრული თანხმობა არსებობდა. ინგლისმა და საფრანგეთმა ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს და გერმანია იძულებული გახდა უკან დაეხია.
ვინ არის პასუხისმგებელი მსოფლიო ომის დაწყებაზე?
1914 წლის 28 ივნისს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში სერბი პატრიოტის, გავრილო პრინციპის მიერ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის, ჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის გაჩაღების საბაბად გადაიქცა. 1914 წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბეთს. 1 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს, 3 აგვისტოს კი საფრანგეთს. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რა პოზიციას დაიკავებდა ინგლისი. აღსანიშნავია, რომ ფორმალურად, ომის წინ ინგლის-გერმანიის ურთიერთობა სავსებით ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ სინამდვილეში ვითარება გაცილებით უფრო რთული იყო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდა. როგორც ინგლისელი ისტორიკოსი რ. ჯ. კრემპტონი აღნიშნავს, "ორივე მხარე ამ დროს აქტიურად ემზადება ომისთვის. ამავე დროს ორივე მხარე ცდილობს, მოწინააღმდეგე შეცდომაში შეიყვანოს, ჩაუნერგოს სიმშვიდის ყალბი წარმოდგენა". გრეის მერყეობას წერტილი დაუსვა გერმანიის ჯარების შეჭრამ ბელგიაში. გერმანიამ ბელგიის ნეიტრალიტეტი დაარღვია. ნაპოლეონის თქმით, "ბელგია წარმოადგენს ინგლისის გულში მიბჯენილ პისტოლეტს". ეს ინგლისისთვის ომის გამოცხადების საბაბი გახდა და 4 აგვისტოს ომი გამოუცხადა გერმანიას. დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.
ინგლისის მთავრობა ომის გაჩაღების პასუხისმგებლობას თავიდან იხსნიდა და ყველაფერს გერმანიას აბრალებდა, ხოლო ინგლისის პოლიტიკას შელამაზებულად წარმოაჩენდა, ამ ომს სამართლიან ნაბიჯად თვლიდა. გრეი ცდილობდა, საზოგადოების თვალში მშვიდობისმოყვარედ გამოჩენილიყო. ომში ინგლისის ჩაბმა გამოიწვია არა მოვლენათა მსვლელობამ, როგორც ეს გრეის სურდა წარმოეჩინა, არამედ იმ მდგომარეობამ, რომელიც ინგლისს ეჭირა საერთაშორისო ასპარეზზე. აი, ასეთი იყო რეალობა, თუმცა გრეის მემუარებში, ცხადია, იგი ამ საკითხზე სიტყვას არ ძრავს.
1916 წლის დეკემბერში, ზუსტად თერთმეტი წლის შემდეგ, რაც ის სათავეში ჩაუდგა ფორინ ოფისს, სერ ედუარდ გრეი გადადგა. ეს ორი მიზეზით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული. პირველი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა; მეორე, პოლიტიკური და პირადი უთანხმოება დევიდ ლოიდ-ჯორჯთან, რომელიც ახალ კოალიციურ მთავრობას ჩაუდგა სათავეში.
1922 წელს გრეიმ მეორედ იქორწინა. მან ცოლად შეირთო პამელა ტენანტი, ბარონ გლენკონერის ქვრივი. არც ერთი ქორწინებიდან მას შვილი არ ჰყოლია.
1929 წელს სტენლი ბოლდუინმა ხელისუფლებაში დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ გრეიმ უარი განაცხადა, რაც ლოიდ-ჯორჯის მთავრობასთან უთანხმოებით ახსნა.
სერ ედუარდ გრეი 1933 წლის 7 სექტემბერს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დაკრძალეს თავის საგვარეულო მამულში ფალოდონში პირველი ცოლის, დოროთის გვერდით.
თამარ ანთაძე
"ისტორიანი" .#132