გიხაროდეს, დედოფალო! - კვირის პალიტრა

გიხაროდეს, დედოფალო!

ქეთევან დედოფლის მშვენიერი სიკვდილის 400 წლისთავისათვის

თამარ მეფე თამარ მეფეა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ არანაკლებ პოპულარულები არიან, თუ უფრო მეტად არა, ბაგრატიონთა საგვარეულოს ორი სხვა წარჩინებული ქალი - ბიზანტიის ორგზის დედოფალი მართა-მარიამი და წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი.

მეტიც: როგორც მართა-მარიამი, ისე ქეთევან დედოფალი, ბოლო პერიოდამდე უცხოეთში უფრო სახელგანთქმულები იყვნენ, ვიდრე საქართველოში. ჩვენ ნელ-ნელა ვიბრუნებთ მათ სახელებს, ხოლო ქეთევან წამებულის შემთხვევაში - წმინდა ნაწილებსაც.

დღეს წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარშია დასვენებული. ინდოეთში, ქალაქ გოაში, ავგუსტინელთა სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში 2006 წელს არქეოლოგმა ნიზამუდინ ტაჰირმა აღმოაჩინა ქალის მარჯვენა მკლავის ორი ნაწილი, რომელიც, ინდოელი არქეოლოგის ვარაუდით, ქეთევან დედოფლისა უნდა ყოფილიყო, რაც მოგვიანებით დნმ-ის ანალიზმაც დაადასტურა. წმინდა ნაწილები გოას არქეოლოგიური მუზეუმის სპეციალურ კუთხეში განათავსეს.

აღმოჩენიდან ათი წლის შემდეგ წმინდა ნაწილები, საქართველოს ხელისუფლების თხოვნითა და ინდოეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ექვსი თვის განმავლობაში მოგზაურობდა საქართველოში. წმინდა ნაწილები სამშობლოში ინდოეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ჩამოიტანა გოაში საგანგებოდ დაბეჭდილი დიპლომატიური კეისით. წმინდა ნაწილებს თან ახლდნენ ინდოელი მცველები გოას არქეოლოგიური მუზეუმიდან: უდე შასტრი და ანჭანა ასთანა. წმინდა ნაწილების მოძიებისა და საქართველოში მათი ჩამოტანის საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ავჭალის წმინდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, გიორგი რაზმაძეს. საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წმინდა ნაწილებს აეროპორტშივე შეეგება. სწორედ მაშინ თქვა მან მოკლე სიტყვა, რომლის ერთი ფრაზა ამ წერილის სათაურადაც გამოვიტანე:

გიხაროდეს, დედოფალო!

"ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ. დაახლოებით 40 წლისა უნდა ყოფილიყო. ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა. შავად მოსილს, თავ-კისერიც მოშავო საბურველით დაეფარა. მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი, არა მარტო სამეფოს, არამედ მთელი იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. უმწიკვლო და სასიამოვნო პიროვნება განსაკუთრებულ სიხარულს ჰგვრიდა ყველას, ვინც ერთხელ მაინც იხილავდა. მისი ლამაზი, დიდი შავი თვალები ირეკლავდნენ ყოველივეს, რაც მის სულში ხდებოდა, რამეთუ ღვთის მსახურთა ღვთიური მადლი მათ სახეზედაც გამოანათებს ხოლმე".

ასე აღწერს პორტუგალიელი ბერი ამბროზიო დუშ ანჟუში ქეთევან დედოფალს თავის რელაციაში, რომელიც ფრანგულად თარგმნა პორტუგალიელმა მეცნიერმა რობერტო გულბენკიანმა და თავისი საფუძვლიანი გამოკვლევითურთ დაბეჭდა 1982 წელს პარიზში, "ბედი ქართლისას" მე-40 ნომერში - კალისტრატე და ნინო სალიების ჟურნალში.

თუმცა ქეთევან დედოფლის წამებისა და სახელოვანი აღსასრულის შესახებ სკოლიდანვე ვიცოდი, დუშ ანჟუშის ეს ვერბალური პორტრეტი გვიან ვნახე. მანამდე კი ქეთევან დედოფლის ხატს გაგარინ-საბინინის გამოსახულებიდან ვიცნობდი - გრიგოლ გაგარინის სიონის მოხატულობიდან და მიხეილ (გობრონ) საბინინის 1889 წელს გამოცემული "საქართველოს სამოთხიდან".

მერე ის იყო, გამოჩნდა რობერტო გულბენკიანის წიგნის ქართული თარგმანი, მასში სალიების ჟურნალიდან უხარისხოდ გადმობეჭდილი ფოტოებით. იმ ფოტოებს შორის არის დედოფლის ორმაგი პორტრეტი ლისაბონში, და გრასას ავგუსტინელთა მონასტრის აზულეჟუს ვეება პანოდან, რომელსაც რობერტო გულბენკიანმა მიაკვლია.

მერე ამ პანოს ფერად რეპროდუქციებში ნახვის საშუალება გაჩნდა, ტელევიზიითაც გვაჩვენეს, კინოშიც აისახა.

ლისაბონში ჩავედი თუ არა, პირველ ყოვლისა, სწორედ და გრასას მონასტერში წავედი ამ პანოს სანახავად. პანო სხვა მსგავს პანოებს შორის მონასტრის ერთ-ერთ დიდ მინაშენშია. ახლა აქაურობა დიდ საგამოფენო თუ სამუზეუმო სივრცეს ჰგავს. წლების წინ კი, 2007 წელს, როცა ლისაბონში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საზოგადოების ექსპედიცია ჩამოვიდა ამ საზოგადოების დირექტორის, ალექსანდრე ნონეშვილის ხელმძღვანელობით, აქ საბავშვო ბაღი იყო. უნიკალური პანოები კარადებით, საწოლებითა და ბავშვთა ნახატებით იყო დაფარული. როგორც ალექსანდრე ნონეშვილი იხსენებს, თავად მასპინძლები და მონასტრის წინამძღვარი გაკვირვებულან, როცა ამდენი წლის მერე აზულეჟუს უნიკალურმა ფილებმა დღის სინათლე იხილეს.

დღეს პორტუგალია ძალზე პოპულარული მიმართულებაა ქართველ ტურისტებში. ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის ლისაბონში. მაგრამ სამწუხაროდ, ცოტა მათგანმა თუ იცის ამ პანოს ამბავი. როგორც ჩანს, არც თავად ტურისტულმა კომპანიებმა იციან და რიგიანად ვერ აკვალიანებენ ქართველ ტურისტებს. ლისაბონში ნაცნობი ცოლ-ქმარი შემხვდა, რომლებიც გრასას მონასტერში კი ყოფილან, მაგრამ არ იცოდნენ და ქეთევანის პანო არ უნახავთ. ერთმა კი, ლისაბონიდან უკვე თბილისში დაბრუნებულმა, გულნატკენმა მითხრა, ახლაღა გავიგე ამ პანოს არსებობა, სხვა გზა არა მაქვს, მისი ასლი უნდა ვნახო მუხრანშიო.

2015 წელს პანოს ზუსტი ასლი "შატო მუხრანის" დამფუძნებლებმა ტრადიციული ტექნოლოგიის მიხედვით პორტუგალიაშივე დაამზადებინეს და მუხრანის სასახლეში განათავსეს.

02-p1390548-1722202467.jpg
ლისაბონი – და გრასას მონასტერი

ქეთევანი აშოთან მუხრან-ბატონის ასული იყო. იგი სრულიად ახალგაზრდა შერთეს ცოლად კახეთის მეფე ალექსანდრეს ვაჟს - დავითს. ქეთევანის პირმშო თეიმურაზი სულ პატარა იყო, როდესაც მისი მამა და პაპა ბიძამისმა დააპატიმრა. მალე ქეთევანის მეუღლე გარდაიცვალა, ალექსანდრეც უკვე საკმაოდ მოხუცი იყო და დედოფალს შეეშინდა, რომ კახეთის ტახტის მაძიებელი გიორგი არც თეიმურაზს დაინდობდა. ამიტომ თავისი ერთადერთი ვაჟი შაჰ-აბასის კარზე გაგზავნა. ამასობაში ალექსანდრეს კიდეც ერთმა ძმამ - გამაჰმადიანებულმა კონსტანტინემ ალექსანდრეც მოკლა, გიორგიც და ტახტს დაეუფლა.

მამისა და ძმის მკვლელმა თავის რძალს - ქეთევანს ცოლობა სთხოვა. რასაც მათ შორის ომი მოჰყვა, რომელშიც ქეთევანის მომხრეებმა გაიმარჯვეს, ხოლო შაჰის მიერ მხარდაჭერილი კონსტანტინე დაიღუპა და ტახტზე ქეთევანი ავიდა. ამის შემდეგ იყო, რომ ქეთევანის ელჩებმა შაჰ-აბასს თეიმურაზის სამშობლოში დაბრუნება სთხოვეს. 1606 წელს 16 წლის თეიმურაზს შაჰ-აბასმა კახეთის ტახტი ჩააბარა, მაგრამ მისი მეფედ კურთხევის ცერემონიალი ირანში ჩაატარა. თეიმურაზის მცირეწლოვანების პერიოდში სამეფოს ენერგიული და გონიერი ქეთევან დედოფალი განაგებდა.

მერე ისე მოხდა, რომ შაჰ-აბასთან უთანასწორო ომის თავიდან აცილების მიზნით, თეიმურაზმა ირანში თავისი ორი შვილი და ათასკაციანი ელჩობა გაგზავნა დედამისის მეთაურობით. დედოფალი შაჰ-აბასმა მეფური პატივით მიიღო, მაგრამ მაინც თავისი გულისწყრომა ვერ დამალა და დედოფალს ჰკითხა - რად ამ მეახლა თვით თეიმურაზი, თქვენი ბრწყინვალების ძე?

და აქ დედოფალმა ისეთი დიპლომატიური პასუხი გასცა, თამამად რომ ამოუდგება გვერდში სულხან-საბას იმ ცნობილ სიტყვებს, რითაც მან ლუდოვიკოს სიბერე გაუარაფრა:

- არა იმის გამო, რომ თქვენს რისხვას მოერიდა, არამედ თქვენდამი პატივისცემის ნიშნად მან გამოგიგზავნათ ის, რაც ყველაზე ძვირად უღირს - საკუთარი დედა და ეს ორი უძვირფასესი ნიშანი ერთგულებისა, - ამ სიტყვებზე დედოფალმა შაჰს თავისი შვილიშვილები წარუდგინა - რათა შეწყნარება და ლმობიერება ეთხოვა როგორც თავისთვის და შვილიშვილებისთვის, ისე მთელი სამეფოსთვის.

მეფურად კი მიიღო შაჰმა თეიმურაზის ელჩიონი და უკან დაბრუნების ნებაც დართო, მაგრამ შინ გამგზავრებულები შაჰის კაცებმა შეიპყრეს, უკან დააბრუნეს, უფლისწულები დაასაჭურისეს, ხოლო დედოფალი ტყვედ გაგზავნეს შირაზში. უფლისწულთაგან ერთი მოკვდა, მეორე კი ჭკუიდან შეიშალა. ხოლო ომი თეიმურაზმა მაინც ვერ აიცილა, შაჰ-აბასმა კიდევ ერთხელ ააოხრა ქართლ-კახეთი, თეიმურაზი კი ამის მერე ხან ოსმალეთს აფარებდა თავს და ხან - რუსეთს.

11 წელიწადს იყო ტყვეობაში ქეთევან დედოფალი. იშვიათად გამოდიოდა მისთვის ციხედ ქცეული სახლიდან, რომელიც ალავერდი-ხან უნდილაძის შვილს, იმამყული-ხანს ეკუთვნოდა.

"შინ რჩებოდა წყნარი და ჩაფიქრებული. არავის ნახულობდა, ერთთავად ღმერთს ევედრებოდა და იმედი ჰქონდა, რომ მის საქმეს კეთილად დააბოლოებდა. ასეთმა საქციელმა დედოფალს მთელ ქალაქში გაუთქვა სახელი. მის გულისხმიერებასა და სათნოებაზე ლაპარაკობდნენ. ტყვე დედოფალი, მისი მსახურები თუ სხვანი თითქოს შაჰის სტუმრები იყვნენ, ოღონდ არა ისე, როგორც ეს სპარსეთის დიდ ხელმწიფეს შეშვენოდა და არც ისე, როგორც დედოფალს ეკადრებოდა", - წერდა თავის წიგნში რობერტო გულბენკიანი, მამა ამბროზიოს სიტყვებზე დაყრდნობით.

ლისაბონში ყოფნისას, რა თქმა უნდა, გულბენკიანის მუზეუმიც დავათვალიერე. ეს არის ევროპაში ალბათ ყველაზე დიდი კერძო მუზეუმი, რომლებიც ექსპონატთა სიმდიდრით დიდ და ცნობილ ეროვნულ მუზეუმებს არ ჩამოუვარდება. სამწუხაროდ, ჩვენი ტურისტული კომპანიები თვითმფრინავის ბილეთის, სასტუმროს ჯავშნისა და სამოგზაურო დაზღვევის მეტს მართლა არაფერს სთავაზობენ ქართველ ტურისტებს - არადა, თითოეულ ქვეყანაში მუდამ არის ისეთი რამ, რის შესახებ ქართველ ტურისტს მეტი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ამას მოგზაურობების საინტერნეტო მრჩევლები გვთავაზობენ.

რობერტო გულბენკიანი დიდხანს ედგა სათავეში გულბენკიანის ფონდს, რომელიც მრავალი საქმის თაოსანი იყო და არის პორტუგალიაში. იგი ძმისშვილი იყო გალუსტ გულბენკიანისა, კონსტანტინოპოლში დაბადებული სომეხი ბიზნესმენისა და პორტუგალიის უმდიდრესი ადამიანისა, რომლის სახელსაც დღეს არაერთი ღირსშესანიშნაობა უკავშირდება ამ ქვეყანაში. გულბენკიანის მუზეუმი ლისაბონში უმთავრესია მათ შორის. ჩვენ კი ამჯერად მისი ძმისშვილი გვაინტერესებს, რომლის წიგნმა დიდად შეუწყო ხელი ქეთევან დედოფლისა და მისი ცხოვრების პოპულარიზაციას საქართველოში.

დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლის დასაწყისში, დედოფლის სახელი როგორღაც გააქტიურდა და ეს, როგორც ჩანს, სწორედ რობერტო გულბენკიანის წიგნის ქართულ ენაზე გამოცემამაც გამოიწვია. "ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ" - ასე ჰქვია გამომცემლობა "მეცნიერების" მიერ 1987 წელს გამოცემულ ამ წიგნს, რომელიც "ბედი ქართლისაში" დაბეჭდილი ფრანგული ტექსტიდან არის თარგმნილი და რომელშიც პორტუგალიელი ბერის, ამბროზიო დუშ ანჟუშის "ნამდვილი ცნობების" ტექსტია მოყვანილი, რობერტო გულბენკიანის გამოკვლევითა და შენიშვნებით.

რობერტო გულბენკიანი 1923 წელს დაიბადა ალჟირში. იქვე დაამთავრა ფრანგული ლიცეუმი და მერე სწავლა ეკონომიკურ ფაკულტეტებზე გაასრულა პარიზსა თუ ლონდონში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში და მძიმედაც დაიჭრა. ომის შემდეგ მუშაობა დაიწყო ბიძამისის სანავთობო ბიზნესსა და ფინანსებში. 1956 წელს გადავიდა პორტუგალიაში და გალუსტ გულბენკიანის ახალდაარსებულ ფონდში სომხური დიასპორების განყოფილებას ჩაუდგა სათავეში. 1977 წელს იგი ბიძამისის ფონდის პრეზიდენტი გახდა, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში საპატიო პრეზიდენტი იყო. რობერტო გულბენკიანი რამდენიმე აკადემიის წევრი გახლდათ, მათ შორის - სომხეთის აკადემიისა. იყო მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი. გარდაიცვალა 2009 წლის პირველ აგვისტოს ლისაბონში, 86 წლისა.

სხვისი არ ვიცი და რობერტო გულბენკიანის წიგნში მე პირველად ვნახე უნიკალური ლისაბონური პანოს ფერმკრთალი შავ-თეთრი რეპროდუქციები. შავ-თეთრ გამოსახულებაში არ ჩანდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი ტრიპტიქი, რომელშიც დედოფლის ტყვეობის, წამებისა და მისი წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოტანის ამბებია გადმოცემული აზულეჟუს ტრადიციული ლურჯ-თეთრი გრაფიკით.

აზულეჟუ კერამიკული ჭიქური კაფელ-ფიlების პორტუგალიური ხელოვნებაა. აზულეჟუს პანოებით არის მოფენილი პორტუგალიური ეკლესია-მონასტრები, სასახლეები, ჩვეულებრივი სახლები, ქუჩები... და გრასას სამონასტრო კომპლექსის ქეთევანის წამებისადმი მიძღვნილი პანო თითქოს რობერტო გულბენკიანის წიგნის ერთგვარი ილუსტრაციაა.

თუმცა არის ცნობები, თითქოს დედოფალი შაჰ-აბასმა იმიტომ აწამა, რომ მან ცოლობაზე უარი უთხრა, რობერტო გულბენკიანი კი თავის გამოკვლევაში, დუშ ანჟუშის რელაციაზე დაყრდნობით, ორ სხვა მიზეზს ასახელებს. ერთი რომ, შაჰი ეჭვობდა, თითქოს დედოფალი თეიმურაზს ირანის ამბებს აუწყებდა და რომ თითქოს თეიმურაზმა რუსეთის ელჩები მიუგზავნა დედამისის ტყვეობიდან დასახსნელად.

03-20240207-145028-1722202467.jpg
წმინდა ქეთევანისადმი მიძღვნილი აზულეჟუს პანო და გრასას მონასტერში ლისაბონში

ჰოდა, მისულა ერთ დღესაც შაჰთან მოსკოვის დიდი მთავრის ელჩი და დიდი მთავრის სახელით უთხოვია, დედოფალი გაეთავისუფლებინა. როგორც პადრე ამბროზიო ამბობს, "შაჰმა მოსკოვის ელჩობა თეიმურაზის ეშმაკობად ჩათვალა და არა დიდი მთავრის პირად განზრახვად. ამიტომაც მან ელჩს ზოგადი, სასიამოვნო ფრაზებით მიმართა და დედოფლის გათავისუფლებაზე არც უარი უთქვამს და არც დათანხმებულა. ელჩი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ შიშიც ეგრძნო და იმედიც არ დაეკარგა. amasobaSi შაჰმა სამი მეომარი საიდუმლოდ აფრინა შირაზში, უბრძანა ჩასვლისთანავე გამაჰმადიანება შეეთავაზებინათ დედოფლისთვის, ხოლო უარის შემთხვევაში გახურებული მარწუხებით მოეკლათ".

ექვსი დღის შემდეგ მეომრები შაჰთან დაბრუნდნენ, დავალების შესრულება უპატაკეს და მანაც მოსკოველ ელჩს მოახსენა, რომ დედოფალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

და როგორი იყო ეს "ბუნებრივი სიკვდილი"?

იმავე დუშ ანჟუშის გადმოცემით, რომელიც დასწრებია დედოფლის წამებას, - როცა ბოლო მოლაპარაკებამაც შედეგი არ მოიტანა და როცა დედოფალმა თავად უთხრა შაჰის მოგზავნილებს, დროს ნუღარ კარგავთო, ჯალათები შემოსულან და თან მოგიზგიზე ნაღვერდლით სავსე ორი მაყალი და ორი საზარელი მარწუხი შემოუტანიათ. სახლიდან გამოუყვანიათ დედოფლის ყველა ახლობელი, რომლებიც ცრემლითა და ოხვრით დასტიროდნენ პატრონის ბედს. ჯალათები ღვთისმოსავ დედოფალს სწვდნენ, ხელები ზურგს უკან რომ შეეკრათ, მან კი - უკან ნუ შემიკრავთ ხელებს, წინ შემიკარით, როგორც ქრისტიანებს უკრავენ, რათა შემეძლოს ხელები მაღლა აღვაპყრო ჩვენი ღმერთისა და უფლისკენო, - გვიამბობს ბერი დუშ ანჟუში თავისი რელაციის მეოთხე თავში, რომელსაც შთამბეჭდავი სათაური აქვს - "ქეთევან დედოფლის სახელოვანი წამება და მშვენიერი სიკვდილი".

მშვენიერი სიკვდილიო! - ამბობს პორტუგალიელი ბერი და განაგრძობს:

"სასტიკმა ჯალათებმა ქეთევანის წამება დაიწყეს. ჯერ გავარვარებული სპილენძის ჭურჭელი დაადგეს თავზე, შემდეგ ლამაზ სახეზე ჩამოუცურეს და გახურებული მარწუხებით სახიდან ხორცი მოგლიჯეს. ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ლოყიდან. დაუტოვეს გადმოდენილი სისხლი, რომელიც სიწმინდისათვის მოწყალების ნიშნად გამოგზავნა ზეცამ. დედოფალს, წელს ზემოთ გაშიშვლებულს, გავარვარებული მარწუხები ჩასჭიდეს, დაუწვეს და მოაგლიჯეს ძუძუები"...

და მერე: "სხეულის არც ერთი ნაწილი დაფარული არ ჰქონია. ჯალათები გახურებული მარწუხებით აწამებდნენ დედოფლის სხეულს. ასეთი წამებით ძალაგამოცლილი დედოფალი მიწაზე დაეცა. დაცემულს თოვლივით თეთრ სხეულზე ორივე მაყალი ზედ დააყარეს. ასეთი როზარიუმი ანგელოზებსაც კი შეშურდებოდათ, მსგავსის შექმნის საშუალება რომ ჰქონოდათ".

ლისაბონური პანოს ცენტრში, სწორედ მარტვილობის სცენის თავზე, ანგელოზებს ორნამენტებში ჩასმული წარწერა უჭირავთ, რომლის ქართული თარგმანი პანოს მარჯვენა მხარეს დამაგრებულ აბრაზე ასე იკითხება:

"პატივცემული დონა გატივანდი (ქეთევან დედოფალი) გურჯისტანის (საქართველო სპარსულად) დედოფალი, წმ. ავგუსტინეს ორდენის და, მონაზონი".

"პატივცემულის" ნაცვლად აქ ქართულად ალბათ "ნეტარი" უნდა ეწეროს, მაგრამ ამას როდი გულისხმობდნენ, როცა პორტუგალიაში გამგზავრების წინ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის სახელით მთხოვეს გამეგო, ხომ არ შეიძლებოდა დაზუსტებულიყო ეს წარწერა ან სადმე ახსნა-განმარტებაში აღნიშნულიყო, რომ დედოფალს მართლმადიდებლობა არ უარუყვია. მე, სამწუხაროდ, და გრასას მონასტერში ვერავინ ვნახე ისეთი, ვისაც ამას ვკითხავდი და ეს თხოვნა თუ კითხვა პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს კონსულს გადავეცი. ამავე დროს ისიც ვუთხარი, რომ თავისთავად პანოს ქართული ტექსტი გარკვეულ დახვეწას საჭიროებს ქართულის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, კონსულმა ვერ გაიხსენა, როდის და ვის მიერ იქნა გაკეთებული ეს წარწერა. ვერ გაიხსენა ამ ქართული წარწერის წარმომავლობა ვერც ალექსანდრე ნონეშვილმა. იმედია, 26 სექტემბრისთვის დანიშნულ იუბილემდე საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, წარწერის შეცვლა მოესწრება.

09-dscf5084-1722202467.jpg
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების ტაძარში (თბილისი, 2017 წლის 24 სექტემბერი)

სხვათა შორის, ალექსანდრე ნონეშვილს ისიც ვკითხე, ხომ არ უკითხავს თავის დროზე და გრასას მონასტრის წინამძღვრისთვის ქეთევანის შესაძლო კათოლიკობის ამბავი. დიახ, ვკითხე, - მითხრა, - და საოცარი პასუხი გამცა: ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ქეთევანი ზოგადქრისტიანული წმინდანია, ქრისტეს რჯულისთვის ეწამაო. საერთოდ, რაც შეეხება საკითხს, დაუტევა თუ არა დედოფალმა მართლმადიდებლობა და მიიღო თუ არა კათოლიკობა, ეს, როგორც ჩანს, იმთავითვე გარკვეული იყო, როგორც კი დედოფალი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. და თუ ამ კუთხით შევხედავთ დუშ ანჟუშის ტექსტს, მთელი მისი რელაცია ძირითადად იმის უშედეგო მტკიცებაა რომის პროპაგანდა ფიდესთვის, რომ თითქოს ყველა საფუძველი არსებობს, რომ დედოფალი კათოლიკური ეკლესიის მარტვილად და წმინდანად შეირაცხოს. მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. ამ საკითხს ქვემოთ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით.

მანამდე კი ქეთევან დედოფლის საზოგადოებაზე უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ამ საზოგადოების შექმნა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქეთევან დედოფლის პოპულარობის უფრო და უფრო ზრდას საქართველოში და თავად ეს საზოგადოება ბევრის გაკეთებას აპირებს ამ მიმართულებით. საზოგადოებას საინტერესო და მრავალფეროვანი გეგმები აქვს და განსაკუთრებით ემზადება დედოფლის მოწამებრივი და მშვენიერი სიკვდილის 400 წლისთავისთვის.

შარშან შემოდგომაზე საზოგადოების თავმჯდომარის თამარ ფარჩუკიძისა და გამგეობის წევრის გვანჯი მანიას ინიციატივით, მოეწყო ლაშქრობა გომბორის ქედზე, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. ლაშქრობამდე კარტოგრაფთა და ალპინისტთა ჯგუფმა შეარჩია დედოფლის წამების თარიღის შესატყვისი - 1625 მეტრის სიმაღლის უსახელო მწვერვალი, საიდანაც ჩვენ თვალწინ ქეთევანის სამეფოს - კახეთის სანახების დიდებული პანორამა გადაიშალა. საზოგადოებამ მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი, რომ ამ უსახელო მწვერვალს, სადაც პერსპექტივაში მრავალი ახალგაზრდა შეიძლება ეზიაროს ტურიზმის, ალპინიზმისა თუ საკუთარი ქვეყნის სიყვარულს, წმინდა ქეთევან დედოფლის სახელი ეწოდოს.

ინიციატორთა ჩანაფიქრით, წმინდა დედოფლის საკმაოდ იოლ მწვერვალზე სალაშქროდ გასული ახალგაზრდები და მათი ხელმძღვანელი უეჭველად გამონახავენ დროს, რომ გაეცნონ ქეთევან დედოფლის ამბავს, რომელიც იმდენად საინტერესოა, რომ წამებიდან სულ მალე დედოფლის სახე გაცოცხლდა სხვადასხვა ენაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, სადაც წმინდა ქეთევანი მოხსენიებულია გატევანდად, კეტეონად, ქეთეოსად, კატარინად და თვით მარიამადაც კი. განსაკუთრებული ისტორიული და ლიტერატურული მნიშვნელობისაა გერმანელი მწერლის, ანდრიას გრიფიუსის პიესა "ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე", რომელიც ორასი წლის განმავლობაში იდგმებოდა გერმანიის ქალაქების თეატრებში და დღემდე სამეცნიერო კვლევების საგანია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ჰუმანიტარული დარგების მეცნიერთათვის.

ესეც რომ არა, ახალგაზრდები შეიძლება ლაშქრობის დროს გაეცნონ რობერტო გულბენკიანის წიგნს, ამბროზიო დუშ ანჟუშის მოგონებებს, რომელიც ნამდვილი დეტექტივივით იკითხება და გაეცნონ თუნდაც დედოფლის ნეშტის მიწიდან ამოღებისა და წმინდა ნაწილების საოცარ ეპოპეას, რომელზეც ცალკე სათავგადასავლო ფილმის გადაღება შეიძლება.

ამ ეპოპეის სათავეში კი თავად ტექსტის ავტორი - პადრე ამბროზიო დგას:

"მოკვდა სახელოვანი დედოფალი, ქეთევან წამებული, რომელმაც ამქვეყნიური დედოფლობიდან ზეცაში სადედოფლოდ გადაინაცვლა. სატანის ურჯულო მსახურებმა ვერ გაიგეს ამ განძის სიმდიდრე და ვერც სახელოვანი დედოფლის ნეშტის ფასი, რომელიც ცოცხალი თუ მკვდარი წმინდა სულის ტაძარია, საშუალება და იარაღი. ასე რომ, როგორც კი დედოფალს სული ამოხდა, მისი ნეშტი ტომარაში ჩააგდეს და ორ კაცს დაავალეს მისი დაფვლა მინდორში, სადაც უკვე ამოეთხარათ ღრმა ორმო. ცხედარი ორმოში ჩააგდეს და ისე დააყარეს მიწა, რომ ქრისტიანებს ვერც კვალი შეემჩნიათ და არც რაიმე მოსაგონარი დარჩენოდათ. მათ კარგა ხანს, მართლაც, დაკარგული ჰქონდათ საფლავის პოვნის იმედი. ამრიგად, დედოფლის ნეშტი დამარხული იყო სამი თვისა და ცამეტი დღის განმავლობაში. ამან დაამწუხრა და სევდა მოჰგვარა ჩვენს ბერებსა და ფეხშიშველა კარმელიტებს შირაზში. თითოეული მათგანი ამბობდა, ვინ იქნება ისეთი ბედნიერი, რომ შეძლოს ამ ძვირფასი განძის მოძებნა, მიწიდან ამოღება და თავისი ეკლესიის გამდიდრება. თუ გულმოწყალე უფალმა, რომელიც თავის მსახურებს შორის საკუთარი ნებით ანაწილებს სიუხვეს, უწინ მფარველობა კარმელიტ მამებს გაუწია, ამჯერად ეს განძი ჩვენთვის, ჩვენს პატივსაცემად და მთელი ჩვენი წმინდა, განდეგილური რელიკვიის გასამდიდრებლად შემოინახა. როგორც ჩანს, უფალმა გვიჩვენა და აღგვითქვა ციური ნიშნით, რაც იმაში გამოიხატა, რომ დედოფლის სახელოვან წამებამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე შირაზში, ჩვენი ეკლესიის თავზე დიდი ნათელი უხილავთ. ამის შესახებ ჩვენმა მეზობელმა მაჰმადიანმა ქალმა სამი პორტუგალიელის წინაშე დაიფიცა. დიდხანს ვევედრებოდით ღმერთს, მიეთითებინა ჩვენთვის, რა გზით შევძლებდით იმ განძის მოპოვებას, რომელიც დემონმა ეშმაკის მინდორში დამალა. მძიმე მარხვას ვინახავდით და ხორცს ორმაგად ვიგვემდით. სურვილის მიუხედავად, მიზნის განხორციელების ვერავითარ საშუალებას ვერ ვპოულობდით. ჩვენმა ცდებმა შედეგი არ გამოიღო, რადგან დედოფლის წამება ჯერ კიდევ ახალი ამბავი იყო. ამას მაჰმადიანთა ბოროტებაც ემატებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, სახელოვანი დედოფლის დახმარებაში დარწმუნებულმა, გადავწყვიტე ისეთი საქმე წამომეწყო, რომელიც ადამიანს შეუძლებლად მოეჩვენებოდა. თან პორტუგალიელი ტყვე და ჩემი მსახური წავიყვანე. მათთან ერთად მივედი მინდორზე, სადაც ორმოში დაფლეს დედოფალი და თხრა დავიწყეთ, რადგან ორმო მეტად ღრმა იყო. იმ ღამეს ცხედრამდე ვერ მივაღწიეთ. 1625 წლის 4 იანვარი გახლდათ. ჩვენ ღამით ვმუშაობდით, ამოსათხრელად კი დიდი დრო გვჭირდებოდა. თენდებოდა. ჩვენი იქ ყოფნა რომ არ შეემჩნიათ, იძულებული გავხდით, თხრა შეგვეწყვიტა და მონასტერში დავბრუნებულიყავით. ცოტა რომ დავისვენეთ, სამი პორტუგალიელი მოედანზე გავგზავნე, იქაურობა რომ დაეთვალიერებინათ და ენახათ, ხომ არაფერი მოხდა: მაჰმადიანებს საფლავის გათხრა ხომ არ შეუმჩნევიათ, ან ხმა ხომ არ გავრცელებულა ჩვენი იქ ყოფნის თაობაზე. ვურჩიე, ქალაქის ქუჩებში გაევლოთ და გაეგოთ, ამ ამბავზე ხომ არაფერს ლაპარაკობდნენ. მათაც ყველაფერი დაწვრილებით შეამოწმეს, გაიგეს, რომ (ღვთის წყალობით) საფლავის გათხრა არავის შეუმჩნევია, არც ჩვენ არავინ გვახსენებდა. ამან წამოწყებული საქმის გასაგრძელებლად უფრო გამათამამა და მეორე ღამეს, წმინდა გამოცხადების წინა ღამეს, იმავე ხალხის თანხლებით მინდორზე გავედი. თხრა განვაგრძეთ. თოხის რამდენიმე დაკვრის შემდეგ სახელოვანი წამებული ქეთევანის ცხედარს მივაღწიეთ. სიხარული და სიამოვნება ვერ შევიკავეთ, თვალცრემლიანებმა ამოვასვენეთ დიდებული ქეთევან წამებულის ცხედარი და ჩვენს მონასტერში წავასვენეთ საიდუმლოდ. ორმო მიწით ამოვავსეთ, ამ ძვირფასი განძის ამოღება რომ არ გაეგოთ. უნდა აღინიშნოს, რომ სხეული ჯერ მთლად გახრწნილი არ იყო. არავითარი უსიამოვნო სუნი არ ასდიოდა. პირიქით, ისეთ ნაზ სურნელს აფრქვევდა, რომ იქ დამსწრეთ სიამოვნებდა კიდეც. ცხედარი მკლავებზე დავისვენე, ფრთხილად და მოწიწებით გავწმინდე მიწისაგან, პატარა ყუთში ჩავდე, უფრო საიმედოდ რომ ყოფილიყო დაცული და ყუთი ჩავკეტე"...

11-dscf5656-1722202467.jpg
დედოფლის წმინდა ნაწილების ინდოელი მცველები: უდე შასტრი და ანჭანა ასთანა ალავერდში (ზემოთ). რობერტო გულბენკიანი (მარცხნივ)

სწორედ ეს ყუთია გამოსახული ლისაბონის და გრასას მონასტრის პანოს მარჯვენა ნაწილში - სადაც პორტუგალიელი ბერი დედოფლის წმინდა ნაწილებს თეიმურაზ პირველს გადასცემს. ამბროზიო დუშ ანჟუშთან ერთად მაშინ საქართველოში უნდა ჩამოსულიყო პედრო დუშ სანტუში - ერთ-ერთი იმ მსახურთაგანი, რომელსაც დუშ ანჟუშმა დედოფლის საფლავის გათხრა დაავალა. იგი იმ ავგუსტინელ ბერებს შორის იყო, ვისაც თეიმურაზმა გორში მონასტრის აგების ნება დართო და მიწა მისცა. იგი მას მერეც რამდენჯერმე ყოფილა საქართველოში.

რობერტო გულბენკიანი თავის გამოკვლევაში განმარტავს:

"რაც შეეხება საქართველოში მისიონის წამოწყებას, ისინი ფიქრობდნენ, რომ რომი მათ მხოლოდ მომხდარი ფაქტის შემდეგ დაუჭერდა მხარს. ავგუსტინელები გრძნობდნენ, რომ სპარსეთში ფეხშიშველა კარმელიტებთან მათი მეტოქეობის ამბავი ვატიკანამდეც მიაღწევდა და კარგად უწყოდნენ, ვის აირჩევდნენ კარდინალები. ეს არჩევანი "პაპის ელჩებზე" შეჩერდა და არა "პორტუგალიის მეფის ელჩებზე", როგორც გოას არქიეპისკოპოსის მიერ სპარსეთში დანიშნულ ავგუსტინელებს ეძახდნენ. პორტუგალიელი ბერები თვლიდნენ, რომ მათი ეს განზრახვა არ უნდა სცოდნოდათ საქართველოში მისიონის დაარსების სხვა მსურველთ - ფეხშიშველა კარმელიტებს ვატიკანსა თუ სპარსეთში. ალბათ ამიტომაც 1625 წლის "ნამდვილი ცნობების" ხელნაწერის პირველ რედაქციაში მამა ამბროზიო გაკვრითაც არ მოიხსენიებს ავგუსტინელთა განზრახვას, აღიარონ ქეთევანის მოწამებრივი სიკვდილი. საქართველოში მისიონის შესაძლებელ კანდიდატებს, კარმელიტებს კი აუწყებდა, რომ ქართველებს სურდათ თავიანთ ქვეყანაში ეხილათ ავგუსტინელები.

ხოლო რელაციაში დუშ ანჟუში წერს:

"ჩვენ საქართველოსკენ გავემგზავრეთ და თან წავიღეთ წმინდანის თავი, რათა მისი საშუალებით დაგვეყოლიებინა დედოფლის ძე თეიმურაზი, ნება დაერთო მისიონი დაეარსებინა მის ქვეყანაში, სადაც, ვიმედოვნებდით, ღვთის შეწევნით უხვი მოსავალი მიგვეღო".

მაგრამ დუშ ანჟუშს რომ ამ მიზნისთვის მიეღწია, არაფერი ორაზროვნება არ იქნებოდა საჭირო, იგი პირდაპირ იტყოდა ამას და დიდადაც იამაყებდა. არადა, რობერტო გულბენკიანს თავის გამოკვლევაში მოჰყავს დუშ ანჟუშის კომპილატორის ერთაზროვანი სიტყვები:

..."ჯერჯერობით ვერ ვუწოდებთ მოწამებრივ სიკვდილს, ვინაიდან ცნობებიდან ცხადად არა ჩანს, თუ რამდენად ემორჩილებოდა იგი უზენაეს მწყემსს".

03-20240207-145028-1722202467.jpg
წარწერა და გრასას პანოს შუა ნაწილში

ამასობაში საქმეში დომინიკანელთა ბერი გრეგორიო ორსინი და ცნობილი მოგზაური პიეტრო დელა ვალე გამოჩნდნენ. აღმოსავლეთის ქვეყნების მცოდნეს პიეტრო დელა ვალეს რჩევა ჰკითხეს და მან პროპაგანდა ფიდეს აცნობა, რომ საქართველოში მისიონი სხვადასხვა რელიგიური ორდენის ბერების მიერ სამი გზით შეიძლებოდა განხორციელებულიყო. პირველი - კონსტანტინოპოლზე გავლით, იეზუიტების, ფრანცისკანელებისა და დომინიკანელების შერჩევით; მეორე - სპარსეთზე გავლით, სადაც ფეხშიშველა კარმელიტები და პორტუგალიელი ავგუსტინელები არიან; და მესამე - პოლონეთზე გავლით, იეზუიტი, დომინიკანელი და ფეხშიშველა კარმელიტი ბერების დახმარებით.

ამ რჩევისა და ზოგიერთი ორდენის აქტიურობის მიუხედავად, ვატიკანმა სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და იმის მომიზეზებით, რომ სპარსეთში კარმელიტებსა და ავგუსტინელებს შორის მეტოქეობა არ გაზრდილიყო, არჩევანი თეატინელთა ორდენზე შეაჩერა. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

პაატა ნაცვლიშვილი

"ისტორიანი" .#132