უკანასკნელი მეთაური - კვირის პალიტრა

უკანასკნელი მეთაური

უკრაინის აჯანყებულთა არმიის ხელმძღვანელი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას მოესწრო

რომან შუხევიჩის დაღუპვის შემდეგ უპა-ს სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი კოვალი. ასე იუწყება უპა-ს დოკუმენტები (უკრაინის აჯანყებულთა არმია, Українська повстанська армія). მაშინ, შორეულ 1950 წელს, ბევრმა არ იცოდა, რომ პოლკოვნიკი კოვალის ნამდვილი გვარ-სახელია ვასილ კუკი. ის წლების განმავლობაში რომან შუხევიჩის მოადგილე იყო.

პროფესია მებრძოლი

ვასილ სტეპანოვიჩ კუკი (1913-2007) ლვოვის მახლობლად, უბრალო ოჯახში დაიბადა. მამამისი მუშა იყო, დედა გლეხი, რომელიც მთელი ცხოვრება მიწაზე მუშაობდა.

- მე მუშურ-გლეხური წარმოშობისა ვარ, თუმცა გამონაკლისს არ წარმოვადგენ! მთელი უპა მუშურ-გლეხური წარმოშობისაა, - იგონებდა შემდგომში კუკი.

უპა-ს მომავალმა მეთაურმა დაამთავრა ზოლოჩევის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ კათოლიკური უნივერსიტეტი კრაკოვში. იყო "პლასტის" (უკრაინის სკაუტების ნაციონალური ორგანიზაცია, შეიქმნა 1912 წ.), შემდეგ ოუნ-ის (უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია, Організація українських націоналістів) წევრი. ჯერ კიდევ ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო სტეპან ბანდერა და დაუმეგობრდა. ამან მისი ცხოვრებისეული არჩევანიც განსაზღვრა. გადაწყვიტა, ცხოვრება უკრაინის გათავისუფლებისთვის მიეძღვნა.

- მებრძოლი, ეს გახდა ჩემი პროფესია, - წერდა შემდგომში კუკი.

კუკი აქტიურად იბრძოდა პოლონელი ოკუპანტების წინააღმდეგ. ამის გამო არაერთგზის იყო დაპატიმრებული. საბჭოთა არმიის მიერ დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ არალეგალურ საქმიანობაზე გადავიდა. 1940 წლიდან დამკვიდრდა კრაკოვში. აქ ის ქმნიდა მოლაშქრეთა ასეულებს და ორგანიზებას უწევდა უკრაინელი ნაციონალისტების ჯგუფებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აგზავნიდნენ.

upas-razmi-1722202986.jpg
უპა-ს მებრძოლთა რაზმი

30 ივნისი, 1941 წელი

1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერული გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. უკვე 30 ივნისს ბანდერელებმა ლვოვში უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადეს. შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბანდერას ერთგული თანამოაზრე იაროსლავ სტეცკო (1910-1986).

კუკი 1941 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. სამწუხაროდ, სტეცკოს მთავრობამ მხოლოდ 48 საათის განმავლობაში იარსება. ბერლინიდან ჩამოსულმა აინზაცკომანდამ დააპატიმრა როგორც სტეცკო, ისე უკრაინის მთავრობის თითქმის ყველა წევრი (გაქცევა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა მიკოლა ლებედმა შეძლო). კრაკოვში დააპატიმრეს სტეპან ბანდერა. ნაცისტები კატეგორიულად მოითხოვდნენ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გაუქმებას. ბანდერამ მტკიცედ მიუგო:

- აქტი არ გაუქმდება!

პასუხად ჰიტლერელებმა ბანდერა, სტეცკო და სხვა ნაციონალისტები ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ნაცისტებმა დაიწყეს მასობრივი რეპრესიები ბანდერელთა წინააღმდეგ.

- დაპატიმრებულ უკრაინელ ნაციონალისტთა რიცხვმა 2 000-ს მიაღწია, - წერს უკრაინელი ისტორიკოსი ვოლოდიმიროვიჩი.

პასუხად ბანდერელთა ორგანიზაცია იატაკქვეშეთში გადავიდა. დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა XX საუკუნის მთავარი ბოროტების - ჰიტლერული რაიხისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ბრძოლა ორ ფრონტზე

ვასილი კუკი, სხვა ბანდერელებთან ერთად, იატაკქვეშეთში გადავიდა. მალე ოუნ-ის ხელმძღვანელობის დავალებით ის გაემგზავრა დნეპროპეტროვსკში. 1943 წელს კუკი დაინიშნა ბანდერელთა ორგანიზაციის ხელმძღვანელად როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე.

- ჩვენ ვემზადებოდით, რომ ბრძოლა მთელი უკრაინის მასშტაბით გაგვეშალა, - იგონებდა შემდგომში კუკი.

ის დაუღალავად მოქმედებდა. მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა უპა-ს ქვეგანაყოფები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ მიწებზე.

კუკზე ნადირობდნენ გერმანელები. რამდენჯერმე სასწაულით გადაურჩა დაპატიმრებას.

- კუკი ბრწყინვალე კონსპირატორი იყო. ამიტომაც გადაურჩა შD-ს (ნაცისტური პარტიის გასამხედროებული ორგანიზაციის, შშ-ის რაიხსფიურერის უსაფრთხოების სამსახური) კლანჭებს, - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.

1943 წლის შემოდგომაზე უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი საბჭოთა არმიამ დაიკავა. ნოემბერში რუსებმა კიევი აიღეს. კუკმა თავის ქვეგანაყოფთან ერთად ვოლინისკენ დაიხია. ჩეკისტებმა მის წინააღმდეგ შინაგანი ჯარის ოთხი დივიზია გადაისროლეს. მალე მათ როვენშჩინაზე ალყაში მოაქციეს კუკი და მისი თანამებრძოლები.

- ძალები არათანაბარი იყო. მიუხედავად ამისა, ბანდერელებმა კუკის მეთაურობით ალყა გაარღვიეს და ტყეს მისცეს თავი, - წერს სერგიიჩუკი.

კუკი ხელმძღვანელობდა ბანდერელთა ყველა ძირითად ბრძოლას როგორც ჰიტლერელთა, ისე საბჭოელთა წინააღმდეგ. 1944 წელს მთელი უკრაინა კვლავ დაიკავეს საბჭოთა ჯარებმა. ორ ფრონტზე ბრძოლას ბოლო მოეღო. ამიერიდან მიმდინარეობდა ბრძოლა მხოლოდ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

- კუკი ამ ბრძოლის ავანგარდში იმყოფებოდა, - წერს სერგიიჩუკი.

1950 წლის 5 მარტს ჩეკისტებთან შეტაკებაში გმირულად დაიღუპა რომან შუხევიჩი. კუკი პოლკოვნიკ კოვალის სახელით სათავეში ჩაუდგა უპა-ს. პარალელურად, ის ოუნ-ის იატაკქვეშეთსაც ხელმძღვანელობდა. შეიარაღებული ბრძოლა საბჭოთა უკრაინის ტერიტორიაზე გაგრძელდა.

ტყვეობაში

რომან შუხევიჩის სიკვდილის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით იღუპებოდნენ უპა-ს საუკეთესო მეთაურები. ჩეკისტებთან შეტაკებისას დაიღუპა ოუნ-უპას ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი პეტრო პოლტავა. მსგავსი ხვედრი ეწიათ უპა-ს საუკეთესო მეთაურებს - რეზუნს, რებრორუბს, ხმარას, ენეის და სხვ. ჩეკისტები გააფთრებული ნადირობდნენ უპა-ს მეთაურ კუკზე. მათ დაადგინეს როგორც მისი ნამდვილი გვარი, ასევე ისიც, თუ სად, რომელ ადგილებში აფარებდა თავს.

- კუკთან მიაგზავნეს მისი ძველი მეგობარი, რომელიც ჩეკისტებმა უკვე გადაიბირეს, - წერს პროფესორი სერგიიჩუკი.

დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. ჩვეულებისამებრ გაიშალა სუფრა. მუხთალმა მეგობარმაც დრო იხელთა და კუკს ბორშჩში სპეცნივთიერება ჩაუყარა. კუკი გაითიშა. როცა გონს მოეგო, ხელებზე უკვე ხელბორკილი ედო.

- ის უშიშროების ლვოვის განყოფილებაში წაიყვანეს, - წერს ჩეკისტი გიორგი სანიკოვი თავის წიგნში დიდი ნადირობა“.

ამის შემდეგ დაიწყო დიდი თამაში. ახლა კუკს როგორც საკუთარი სიცოცხლის, ისე ღირსების გადარჩენისთვის უნდა ებრძოლა.

- უნდა ისეთი ტაქტიკა ამერჩია, რომ არც ჩემი ღირსება გამეყიდა და სიცოცხლეც შემენარჩუნებინა, - იგონებდა შემდგომში კუკი.

ეს მართლაც ძნელი ამოცანა იყო. მაგრამ უპა-ს უკანასკნელმა მეთაურმა მას თავი გაართვა.

კუკმა ხელი მოაწერა მიმართვას უპა-ს მებრძოლებისადმი და მათ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. შემდეგ ხელი მოაწერა ე.წ. ღია წერილს სტეპან ბანდერას, იაროსლავ სტეცკოსა და სტეპან ლენკავსკისადმი, სადაც წერდა, რომ ანტისაბჭოთა შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელებას აზრი არა აქვს. კუკმა უარყო ჩეკისტების წინადადება, დაეგმო ნაციონალიზმი. მან ასევე ხელი არ მოაწერა არცერთ აგიტაციურ ბროშურას, რომელიც ბანდერელთა წინააღმდეგ იყო მიმართული.

aqti-1722202986.jpg
უკრაინის დამოუკიდებლობის აქტი იაროსლავ სტეცკოს ხელმოწერით

შენარჩუნებული ღირსება

ბანდერას, სტეცკოსა და ლენკავსკისადმი მიწერილი ე.წ. ღია წერილის შემდეგ კუკი გაათავისუფლეს. ამას დიდად შეუწყო ხელი იმანაც, რომ უკვე დაწყებული იყო ხრუშჩოვისეული დათბობის ხანა. კუკს მისცეს სამუშაო კიევის არქივში. მოგვიანებით უპა-ს მეთაურმა ისტორიის ინსტიტუტშიც დაიწყო მუშაობა.

- ვიყავი ჩემთვის ჩუმად, არავინ მაწუხებდა და მეც არავის ვაწუხებდი, - იგონებდა შემდგომში კუკი.

როგორც ცნობილია, ხრუშჩოვი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ის ლეონიდ ბრეჟნევმა ჩაანაცვლა. კუკი განაგრძობდა ისტორიის ინსტიტუტში მუშაობას. მალე სუკ-ს სათავეში იური ანდროპოვი ჩაუდგა. მან ბრეჟნევის წინაშე კუკის დაპატიმრების საკითხი ოფიციალურად დასვა.

- რა გაქვთ ამ კუკის საწინააღმდეგო? - შეეკითხა ბრეჟნევი.

- ის ბანდერელია, - მიუგო ანდროპოვმა, - ჩვენ ვერ გვიტანს!

- მეტი არაფერი?

- პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში ეს ტიპი იარაღს აიღებს ხელში.

- ნუთუ საბჭოთა კავშირს, ამხელა სახელმწიფოს, ვიღაც კუკის ეშინია? - ბრეჟნევმა გაიღიმა.

ანდროპოვი დუმდა.

- რა თქმა უნდა, ეს ბანდერელი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გვყავდეს, - ბრეჟნევმა გაიცინა, - მანამდე ეგდოს კიევში! ფეხებსაც ვერ მოსჭამს ვერავის!

ასეც მოხდა. უპა-ს უკანასკნელი მეთაური სუკ-ის ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მას ხელი არ ახლეს. გადიოდა წლები. უკრაინის სუკ-ის შეფმა ვიტალი ფედორჩუკმა უკრაინის ცეკას პირველი მდივნის, ვლადიმირ შჩერბიცკის წინაშე ოფიციალურად დასვა კუკის საკითხი.

- მისი ე.წ. აღიარებები ფიქციაა! კუკი საბჭოთა სახელმწიფოს დაუძინებელი მტერია!

- არა უშავს! ეგდოს კიევში! - გაიცინა შჩერბიცკიმ.

კუკსაც ხელი არ ახლეს.

kuki-meurle-ulianasa-da-svil-iuristan-ertad-1971-1722202986.jpg
ვასილ კუკი მეუღლე ულიანასა და შვილ იურისთან ერთად (1971 წ.)

უკანასკნელი წლები

გასული საუკუნის 80-იან წლების დასასრულიდან საბჭოთა კავშირი ეროვნულმა მოძრაობამ მოიცვა. კუკი თავისი ცოდნითა თუ გამოცდილებით აქტიურად ეხმარებოდა უკრაინელ პატრიოტებს. ის უამბობდა ახალგაზრდებს უპა-ს შესახებ, მონაწილეობა მიიღო ხალხთა ანტიბოლშევიკური ბლოკის აღდგენაში. ამ ბლოკში საქართველოს წარმოადგენდა მოქალაქეთა ლიგა (ლიდერი ვაჟა მთავრიშვილი). სწორედ მაშინ პირველად გავიცანი კუკი. ამ კაცმა ჩემსა და ვაჟაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

- საოცარი ადამიანია, - მითხრა მაშინ ვაჟამ.

კუკი აქტიურად მონაწილეობდა 30 ივნისის თარიღის აღნიშვნაში. ის ლვოვში მქუხარე სიტყვით გამოვიდა და როგორც ამ შორეული მოვლენების თვითმხილველმა, ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენა 30 ივნისის დამოუკიდებლობის აქტზე. კუკი მიესალმა უკრაინის დამოუკიდებლობას. ის აქტიურად ზრუნავდა უპა-ს აღიარებისთვის სახელმწიფო დონეზე. როგორც ლეონიდ კრავჩუკის, შემდეგ ლეონიდ კუჩმას მთავრობა ამისგან თავს იკავებდა.

ხელისუფლებაში ლეონიდ კუჩმას მოსვლის შემდეგ სახელმწიფო დონეზე დაიწყო საუბარი კუკისთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭების შესახებ. კუკის პასუხი შემდეგი იყო:

vasyl-kuk-1722202986.jpg
ვასილ კუკი 2007 წლის იანვარში

- ჯერ უპა აღიარეთ, შემდეგ კი ჩემზე ვილაპარაკოთ!

კუკი აქტიურად მონაწილეობდა ვეტერანთა მოძრაობაში, იყო სრულიად უკრაინის უპა-ს საძმოს წევრი, დაუღალავად წერდა სტატიებს, წიგნებს, ბროშურებს უპა-ს შესახებ. უპა-ს ყოფილი მეთაური მოესწრო ნარინჯისფერ რევოლუციას. უკვე ღრმად მოხუცებულმა კუკმა შეინარჩუნა ნათელი აზროვნება, ენერგია. კვლავაც წერდა წიგნებს, ბროშურებს, სტატიებს, სადაც მკითხველს უპა-ს ისტორიის შესახებ მოუთხრობდა.

ვასილი კუკი გარდაიცვალა 2007 წელს კიევში. თვითმხილველთა ცნობით, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:

- ბედნიერი ვარ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობას მოვესწარი!

თანახმად განსვენებულის ანდერძისა, კუკი მის მშობლიურ სოფელ კრასნოეში დაკრძალეს. დღეს კუკის სახელი ჰქვია ქუჩებს, მასზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებს. კუკის სახელი აღაფრთოვანებს უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც დღეს დონბასსა თუ ხარკოვშჩინაზე რუსულ ტანკებს უმკლავდებიან.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

"ისტორიანი" .#132