"ყველა ველოდებით ოქტომბერს, რომელმაც ჩვენი ბედი უნდა გადაწყვიტოს. ალბათ პოლიტიკოსები რაღაცას შეცვლიან... ამჟამად ყველანი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვართ" - კვირის პალიტრა

"ყველა ველოდებით ოქტომბერს, რომელმაც ჩვენი ბედი უნდა გადაწყვიტოს. ალბათ პოლიტიკოსები რაღაცას შეცვლიან... ამჟამად ყველანი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვართ"

ქეთი ჩხეიძეს ჩვენი საზოგადოება მის მიერ შესრულებული როლებით იცნობს,

ახლა კი ამ ნიჭიერ მსახიობს განსხვავებულ ამპლუაში წარმოგიდგენთ: როგორც აღმოჩნდა, ის საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარია...

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კარგმა თამაშმა სპორტისგან შორს მყოფი ადამიანებიც კი ჩაითრია და დააინტერესა. მეც ამ ადამიანებს შორის აღმოვჩნდი, რადგან ჩვენი გუნდის წარმატებამ უდიდესი სიხარულისა და სიამაყის შეგრძნება მომიტანა. ეს სიხარული ჩვენი ხალხისთვის აუცილებელი იყო, რადგან ბოლო წლებში, ირგვლივ მომხდარი უსიამოვნო ამბების და მოვლენების გამო, გარემო ძალიან დამძიმებულია. ამიტომ, ამ სიხარულმა ხალხი ცოტა გამოაცოცხლა. ამ ბიჭების თავდადებამ და წარმატებამ ყველას სიხარული მოგვიტანა.

- ადრე თუ გიყვარდათ ფეხბურთი?

- საერთოდ, სპორტი ძალიან კარგი, სასიამოვნო ფენომენია: ის ადამიანებს აერთიანებს და დადებითი შეგრძნებები მოაქვს. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო და ჩამოიტანა. ის დიდი სიხარული წლევანდელმა ჩემპიონატმა განმიახლა. მაშინ "დინამოს" მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და ის განწყობა, ის სიტუაცია ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ განმეორდა. მგონი, არ დარჩენილა ადამიანი, რომელიც ამ დიდ სპორტულ ზეიმში არ იყო ჩართული. ჩვენი სპორტსმენების წარმატებას, საქართველოსთვის დიდი სახელი მოაქვს და ეს ცოტას არ ნიშნავს.

- რჩეული ფეხბურთელები თუ გყოლიათ, ვისაც განსაკუთრებით ქომაგობდით ან დღეს ქომაგობთ?

- ჩემს თაობაში დავით ყიფიანი იყო გამორჩეული. ბედნიერი ვარ, რომ მას ვიცნობდი. მაგრამ ჩვენს გუნდში მარტო ყიფიანი არ ყოფილა, "დინამოს" ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავდა: შენგელია, ჩივაძე, გაბელია, გუცაევი, დარასელია და სხვები... ვინც კი სახელოვანი იყო თბილისის "დინამოში", ჩვენი თაობა ყველას გულშემატკივრობდა. ახლანდელ ნაკრებშიც, ერთიმეორეზე უკეთესი ახალგაზრდები თამაშობენ, რომლებიც დიდი პაუზის შემდეგ გამოჩნდნენ. ეს პაუზა ქართულ ფეხბურთში კარგა ხანს გაგრძელდა. ამ ბიჭებმა თავი ძალიან გამოიჩინეს. ამიტომ, არ მინდა ვინმე გამოვყო, ერთის გვარი დავასახელო და მეორე გამომრჩეს. მათ თამაშში ერთიანი, გუნდური სული იგრძნობა და ჩემი აზრით, ეს ბევრს ნიშნავს. მათი ნიჭის ერთად თავმოყრა ჩვენი ნაკრების მწვრთნელის - ვილი სანიოლის დამსახურებაა. როგორც ჩანს, ის ნამდვილი პროფესიონალია და თავისი მისია სრულფასოვნად შეასრულა.

- ქართველებს ერთიანობა ყველაფერში გვიჭირს, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგი მაგალითი მოგვცეს.

- გეთანხმებით, ერთიანობა გვიჭირს, მაგრამ არა მგონია, ეს მარტო ქართველობის ბრალი იყოს. ეს ჩვენი ეროვნების კი არა, გარე ძალების ბრალია: ჩვენმა მტრებმა შესანიშნავად იციან, როგორ დაგვყონ და დაგვაპირისპირონ. ეს ხომ უძველესი სტრატეგიაა: შენი მოწინააღმდეგეები ერთმანეთთან აჩხუბო და შორიდან უყურო. ეს მარტო ჩვენს თავს ხომ არ ხდება? - მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ სპორტს აქვს ერთი მნიშვნელოვანი თვისება: ის მთელ გუნდს კრავს და აერთიანებს, რადგან ყველა ერთი მიზნისთვის იბრძვის - გუნდის ყველა წევრს გამარჯვება სურს. სამწუხაროდ, ინტრიგები ყველგანაა, მაგრამ კარგი გუნდი ამ ყველაფერზე მაღლა უნდა იყოს. ეს თვისებები - შური, ბოროტება, სიკეთე, ყველა ეროვნებაშია, რადგან ადამიანის ბუნებისთვისაა დამახასიათებელი. თუნდაც, ქართველ პოლიტიკოსებს ერთიანობას რომ ვთხოვთ, რომელ ქვეყანაში გინახავთ პოზიცია და ოპოზიცია გაერთიანებული? - მე ასეთი ქვეყანა არ მეგულება. უბრალოდ, სხვა ქვეყნებში შეიძლება უფრო დახვეწეს ურთიერთობები და ყველაფერს უფრო ცივილიზებული ფორმა მისცეს. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ყველაფერი ზედაპირზე ჩანს.

- ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატს რომ გამოეთიშა, მერე თუ გულშემატკივრობდით რომელიმე გუნდს?

- ფეხბურთის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ თუ ვუყურებ, ყოველთვის ჩემს ქვეყანას ვგულშემატკივრობ. უცხო გუნდებში ზოგი მეტად მომწონს და ზოგი - ნაკლებად, მაგრამ მარტო ჩემს სამშობლოს ვქომაგობ ხოლმე. ევროპის ჩემპიონატზე ბიჭებმა მთელი გულით ითამაშეს, ეს აშკარად ჩანდა და ამიტომაც დაიმსახურეს ქართველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა. თბილისში და მთელ საქართველოში, ისეთივე სიხარული იყო, როცა ჩივაძე, ნანატრი თასით, თვითმფრინავის ტრაპზე ჩამოდიოდა. ახლაც თვალწინ მიდგას, რა ამბავი იყო ქუჩაში, რა საოცრება ხდებოდა და ახლა ჩვენ თვალწინ ისეთივე ამბავი გაცოცხლდა, განმეორდა.

- თქვენი დაკვირვებით, ხელოვნებას და სპორტს რა აქვთ საერთო?

- სპორტიც ხელოვნებაა. გარდა ფიზიკური ვარჯიშისა, აქაც ნიჭი და შემოქმედებითი აღმაფრენა თუ არ გაქვს, ვერაფერს გააკეთებ. ისევე, როგორც მსახიობი, რომელმაც შეიძლება ბევრი იშრომოს, ისწავლოს, ფიზიკურად დაიტვირთოს, მაგრამ თუ ის მონაცემები არა აქვს, რაც სცენისთვის აუცილებელია, რაც ენით უთქმელი და აუხსნელია, არაფერი გამოუვა. სწორედ ეს არის ხელოვნებასა და სპორტში საერთო - შემოქმედებითი მიდგომა - როცა შენს საქმეს განსხვავებულად აკეთებ და ამით მეორე ადამიანისგან განსხვავდები. სპორტი იგივე ხელოვნებაა! ამიტომ, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ამ ბიჭებს რაღაც პოლიტიკურ ინტერესებსა თუ ინტრიგებში ხვევენ. ხშირად კრიტიკით და ინტრიგებით ის ხალხია დაკავებული, რომელიც საქმის არსში ვერ ერკვევა და უბრალოდ, ჭორაობს. ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთი ნაწილი მეორეზე ჭორაობს და ეს ნიჭიერი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ამ ინტრიგებში არ უნდა გავრიოთ. როგორც ბევრს, მეც არ მინდა ამაში მონაწილეობა.

- როგორ ფიქრობთ, მათი წარმატების საიდუმლო რა არის?

- თქვენ ახლა ზუსტი სიტყვა ახსენეთ: ეს საიდუმლოა, რომელსაც ვერავინ ახსნის. როცა დაიბადები ისეთ ადამიანად, როგორიც გარინჩა ან პელე იყო, როგორიცაა ლიონელ მესი ან თუნდაც, ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დაარტყამს და ბურთი უკვე ბადეშია მოქცეული, ამას სიტყვებით ვერ ახსნი... ეს მხოლოდ შრომის შედეგად რომ არ მოდის, მგონი, ყველასათვის ცხადია - ეს დიდი საიდუმლოა! მორწმუნე ადამიანები ამბობენ, რომ ეს ღვთის წყალობაა, რომ ამ ადამიანებს გამორჩეული ნიჭი და უნარი ღმერთმა დააბერტყა; ათეისტები ამბობენ, რომ ამას ახსნა არა აქვს. ჩემი აზრით, როგორც სპორტსმენი იბადება ასე გამორჩეული, ასევე იბადება პოეტი, მუსიკოსი ან მსახიობი... რაც უნდა ბევრი იშრომო, ისეთ ლექსს ვერ დაწერ, რომელსაც დიდი პოეტები წერდნენ. განათლება და შრომა ამ ყველაფრის საწინდარია, მაგრამ ნიჭი და მონაცემები უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს სადღაც სხვაგან წყდება, რაც ჩვენ არ ვიცით. ქართულ ფეხბურთში ეს საოცარი თაობა რომ მოვიდა, ალბათ, ამასაც დრო უნდოდა. იშვიათად ხდება, ამდენი ნიჭიერი ერთად რომ შეიკრიბოს, ეს იგივეა, როცა ერთად იბადებიან გალაკტიონი, ლეონიძე, გრანელი - ეს ერთი თაობა, ერთი საუკუნის აფეთქება იყო. ასე ხდება ხელოვნებასა და მეცნიერებაში, კინოსა და თეატრში... მსგავსი "აფეთქება" თეატრშიც იყო: ჯერ მარჯანიშვილში, მერე - რუსთაველის თეატრში: როცა შავგულიძე, გოძიაშვილი, ზაქარიაძე და სხვა ვარსკვლავები სცენაზე გვერდიგვერდ იდგნენ. ახლაც, ასეთი დიდი "აფეთქება" გვაქვს, ოღონდ, სპორტში, მაგრამ ამას აქვს თავისი წინა პირობები: ეს თავისუფალ საქართველოში აღზრდილი თაობაა, რომელიც ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაშობს. ისინი ყველანაირ სტილს ეუფლებიან და მარტო ადგილობრივი ჩარჩოებით არ არიან შემოზღუდული. ფაქტია, დღევანდელ რთულ სიტუაციაში ჩვენმა ნაკრებმა დიდი სიხარული და შვება მოგვიტანა - თითქოს უჰაერობაში ჟანგბადი ჩავისუნთქეთ.

- ჩვენს საზოგადოებაში ხშირად კამათობენ, უნდა ჩაერიონ ცნობილი სპორტსმენები და ხელოვანები პოლიტიკაში თუ არა - თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- ადამიანს გააჩნია. მე მაგალითად, ვერ წარმომიდგენია პოლიტიკაში როგორ უნდა ჩავერიო. თუ შემოქმედი ხარ და შენი საქმე გიყვარს, პოლიტიკა ამ დროს ნაკლებად გაინტერესებს. ეს ორი სხვადასხვა საქმეა. თუმცა, მაინც ხდება, როცა შემოქმედი ან კარგი სპორტსმენი პოლიტიკითაა დაინტერესებული. მე პოლიტიკაში ვერც ვერკვევი და მირჩევნია ჩემი საქმე ვაკეთო. თუ რაღაც უსაშველო მოხდება, ცხადია, აქციაზეც გამოვალ და გავაპროტესტებ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, მსგავსი აქტივობა არ არის აუცილებელი. რაშიც ვერ ერკვევი, იმაში არც უნდა ჩაერიო. პოლიტიკას დიდი ელასტიკურობა, სიბრძნე და ზომიერება სჭირდება. ეს ურთულესი საქმეა, ჩვენ ვუყურებთ ამას ზერელედ, თორემ ძალიან რთული სფეროა.

- დაბოლოს, რა ხდება თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში - სიახლეები თუ გაქვთ?

- როგორც ყველა, მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ: ყველა ველოდებით მომავალ ოქტომბერს და შემოდგომას, რომელმაც მარტო ჩვენი ქვეყნის კი არა, ყველას ბედი უნდა გადაწყვიტოს. ალბათ რაღაც შეიცვლება, პოლიტიკოსები რაღაცას შეცვლიან, ან ახალ სტრატეგიას დაისახავენ. ამჟამად ყველანი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვართ და მე ვერც ერთ სფეროში ვხედავ დიდ სიახლეებს. გააჩნია, როგორ დალაგდება მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა, როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა. როგორ დაფინანსდება ქართული თეატრი და კინო - ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმულია... პირადმა ინტერესებმა უკანა პლანზე გადაიწია. ყველას გვინდა, სამყარო როგორმე დამშვიდდეს, სხვა დანარჩენი მეათეხარისხოვანია! როცა ბავშვები იღუპებიან, ძნელია რაღაც წვრილმანებზე იფიქრო. ვერ იქნები ბედნიერი და გახარებული. ამ ურთულეს დროში, ჩვენს ქვეყანას ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ უპირველესად, სიმშვიდე და განვითარება, ეს კი, პროფესიონალიზმის გარეშე არ მიიღწევა. თუ სათავეში პროფესიონალები იქნებიან, ბეწვის ხიდზეც გავივლით და ჩვენი მომავალიც უკეთესი იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"