ამერიკელი მზვერავის სკანდალური წერილი - "პუტინს კამალა ჰარისის გამარჯვება აწყობს, რადგან ის ამერიკას დაშლისკენ წაიყვანს" - კვირის პალიტრა

ამერიკელი მზვერავის სკანდალური წერილი - "პუტინს კამალა ჰარისის გამარჯვება აწყობს, რადგან ის ამერიკას დაშლისკენ წაიყვანს"

ამერიკულმა სამაუწყებლო ტელეკომპანია „ფოქს ნიუსმა“ (Fox news) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რატომ მისცემს უპირატესობას ვლადიმერ პუტინი, თეთრ სახლში კამალა ჰარისი იხილოს და არა - დონალდ ტრამპი?“ (ავტორი - რებეკა კოფლერი), რომელშიც გაანალიზებულია და პროგნოზირებულია რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულება როგორც დონალდ ტრამპის, ასევე - კამალა ჰარისის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი კვირის წინ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა, როცა იგი კომენტარს უკეთებდა ეროვნული დაზვერვის სამმართველოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების საკითხებს, ივარაუდა, რომ რუსეთი უპირატესობას მისცემს, ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს.

მე, როგორც თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, რუსეთისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საქმიანობის სპეციალისტი, აბსოლუტურად არ დავეთანხმები ამ ვარაუდს. ისევე, როგორც ბოლო დროს ჩვენი სადაზვერვო უწყებების მიერ გაკეთებული სხვა განცხადებები, ეს განცხადებაც აბსოლუტურად მცდარს წარმოადგენს. ახლა, როცა ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლიდან უკვე გასულია, დღის წესრიგში ისევ აქტუალურია კითხვა - ვის მისცემს უპირატესობას ვლადიმერ პუტინი, თეთრ სახლში რომ იხილოს - ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს თუ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს?

რა თქმა უნდა, კამალა ჰარისს და აი, რატომ:

ვლადიმერ პუტინს, დიდი ალბათობით, ეშინია, რომ დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გახდება პრეზიდენტი, კამალა ჰარისს კი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა პირველად მოუხდება, ამიტომ კრემლი მას ზემოდან უყურებს. მოსკოვი თვლის, რომ იგი მოუქნელ, გამოუცდელ და არაკომპეტენტურ პიროვნებას წარმოადგენს. შესაბამისად, კამალა ჰარისზე ზეგავლენის მოხდენა იოლი იქნება. რუსეთის მასმედია ბოლო დროს ხშირად მსჯელობს აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო ფერადკანიან ქალბატონზე და ცდილობს, უპასუხოს გაჩენილ კითხვებს - რას ნიშნავს კამალა ჰარისის „ხმამაღალი სიცილი (ხარხარი)“, „მისი ნერვული და უადგილო აპლოდისმენტები“, „გადაჭარბებული ჟესტიკულაცია“, „უაზრო განცხადებები“ და „უცნაური გრიმასები“ - ფსიქიკური მდგომარეობის დარღვევას, ნერვულ მოშლილობას თუ პერმანენტულ „სიმთვრალეს“?

რუსი ექსპერტები ელოდებიან, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ჯო ბაიდენის კურსს, რომელიც აშშ-ის გარდაქმნისაკენ არის მიმართული. ანუ მერიტოკრატული საზოგადოებიდან (როცა პირადი და საქმიანი კომპეტენტურობის შეფასება ხდება), ამერიკა გადაიქცევა ისეთი საზოგადოების მქონე ქვეყნად, სადაც ყურადღება კონცენტრირებული იქნება იძულებით თანასწორობასა და სახელმწიფო რეგულირებაზე, რომელიც სოციალისტური სისტემის მქონე ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. რამდენადაც სოციალიზმის იდეებმა საბოლოოდ მისი მშენებელი საბჭოთა კავშირი დაშალა, მოსკოვი თვლის, რომ ვიღაც კამალა ჰარისის მსგავსი პიროვნება, რომელიც ამერიკას დაშლა-დანგრევის გზაზე წაიყვანს, რუსეთისათვის კარგია. კრემლი ხომ ამერიკას თავისი უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ მიიჩნევს.

კამალა ჰარისი, ისევე, როგორც ჯო ბაიდენი, ვლადიმერ პუტინს ყველანაირი დამამცირებელი ეპითეტებით „აჯილდოვებდა“ - დაწყებული „სამხედრო დამნაშავით“, „მკვლელით“, დამთავრებული „სისხლიანი დიქტატორით’ და „სუფთა ბანდიტით“. რუსების აზრით, ასეთი გამოთქმები იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი კამალა ჰარისისათვის გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს და საბჭოთა „კაგებეს“ ექსაგენტს მასზე ზემოქმედება [და მისი გაბრაზება] ყოველთვის შეუძლია. კამალა ჰარისი განსაკუთრებით გამოდის წონასწორობიდან, როცა ალექსი ნავალნის იხსენებს ხოლმე და მის სიკვდილში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ის, პირიქით, ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწეა, შეუდარებელი და გამჭრიახი ბიზნესმენი, რომელიც ვლადიმერ პუტინს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა და ახლაც ეპყრობა, რადგან იცის, რომ რუსეთის ლიდერს [დამცინავი და ზიზღიანი ეპითეტებით] ვერავინ შეაშინებს. იმავდროულად, დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ და ხისტ პოლიტიკას ატარებდა - ისეთს, რომელიც არავის გაუტარებია, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის შემდეგ. დონალდ ტრამპი ყოველთვის მკაცრ საპასუხო ზომებს იღებდა მოსკოვის ანტიამერიკული ნაბიჯების მიმართ.

2018 წელს, აშშ-ის ბირთვული არსენალის მოდერნიზების ჩარჩოებში, დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა, შემუშავებულიყო მცირე სიმძლავრის მქონე საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა, რომელიც დღეს ვლადიმერ პუტინის იმ სტრატეგიის პასუხი იქნებოდა, რომელიც გულისხმობს უკრაინაში მცირე სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. სამწუხაროდ, ჯო ბაიდენ-კამალა ჰარისის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის პროგრამა გააუქმა. ახლა ვაშინგტონი ყოველთვის „უღონო“ განრისხებას გამოხატავს, როცა ვლადიმერ პუტინი ბირთვული ბომბის გამოყენებაზე მიანიშნებს.

რუსეთის პრეზიდენტმა მშვენივრად იცის, რომ დონალდ ტრამპი უყოყმანოდ დაღვრის რუსების სისხლს აშშ-ისა და მისი არმიის დასაცავად. 2018 წელს ამერიკულ მცირე კონტინგენტს სირიაში ბაშარ ასადის სამხედრო ნაწილებმა შეუტიეს, რომლის შემადგენლობაში ძალიან ბევრი რუსი „ვაგნერელი“ იყო. ამერიკელებმა გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და ბრძოლაში დაღუპული 300 „სირიელი“ სამხედრო მოსამსახურიდან უმრავლესობა რუსები იყვნენ. საყურადღებოა, რომ ვლადიმერ პუტინმა საპასუხო ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა.

ანალოგიურად, დონალდ ტრამპს თვალიც არ დაუხამხამებია, ისე უბრძანა ამერიკის არმიას ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის განადგურება, რომელიც ისლამურ გუშაგთა კორპუსის სარდალი იყო. ირანი და რუსეთი რომ ერთმანეთის მოკავშირეები არიან, ალბათ, ეს ყველასათვის ცნობილია.

ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ დონალდ ტრამპის მოტყუება ძალიან ძნელია.

2017 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რუსული „კასპერსკის ლაბორატორიის“ საქმიანობის აკრძალვას, რომელიც ანტივირუსული პროგრამების შექმნაზეა სპეციალიზებული და ეკუთვნის ევგენი კასპერსკის - „კაგებეს“ ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ახლა კიბერუსაფრთხოების ცნობილ ექსპერტად ითვლება. რეალურად, „კასპერსკის ლაბორატორია“ რუსული კიბერჯაშუშობის პლატფორმას წარმოადგენს. აშშ-ის ფედერალურმა უწყებებმა, რომლებიც ხშირად აფორმებენ კონტრაქტებს მომსახურების დაბალი ფასის შემთავაზებელ კომპანიებთან, შეისყიდეს ე.წ. კასპერსკის ანტივირუსული პროგრამები და ნებაყოფლობით დააყენეს სამოქალაქო და სამხედრო ქსელებში ანუ ვაშინგტონმა ფული გადაუხადა რუს ბიზნესმენს ამერიკის წინააღმდეგ მიმართული საჯაშუშო პროგრამისათვის. ასეთი მიამიტობა და სიგიჟე ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე.

შეადარეთ დონალდ ტრამპის ნაბიჯი ბაიდენ-ჰარისის მოქმედებას, რომლებიც ევედრებოდნენ ირანს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე და ამ მიზნით მილიარდებს უხდიდნენ. თეირანი კი ამ მილიარდებს, დიდი ალბათობით, ანტიამერიკულ კომპანიებზე ანაწილებდა.

უკრაინის საკითხში დონალდ ტრამპს არა ერთხელ განუცხადებია, რომ თუ პრეზიდენტი ვიქნები, ომს 24 საათში შევწყვეტო. ასეთმა გამონათქვამმა ზოგიერთებში ეჭვი გამოიწვია, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ყველაფერს მისცემს, რასაც ის მოისურვებს. დასამალი არაა, რომ რუსებს ძლიერი პოზიციები აქვთ უკრაინის წინააღმდეგ, სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ და თავიანთი ეკონომიკა და არმია ხანგრძლივი ომისათვის მოამზადეს. ამ დროს კი ევროპა და აშშ მზად არ არიან კიევის მხარდასაჭერად, გაჭიანურებული ომის პირობებში - მათ დღეისათვის არ აქვთ შესაბამისი სამრეწველო სიმძლავრეები საბრძოლო იარაღის სწრაფი დამზადებისა და შემცირებული სამხედრო არსენალის შესავსებად.

ვლადიმერ პუტინს კარგად ესმის ეს ყველაფერი და ამიტომ ხისტ ვაჭრობას დაიწყებს უკრაინის საკითხზე, იმის მიუხედავად, თუ ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ვინ არის დღეს აშშ-ში ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც რუს დიქტატორს დაჯაბნის? რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი: მას ამისათვის საუკეთესო შანსები აქვს.

ვლადიმერ პუტინს არ ეშინია ისეთი ისტერიკული განცხადებებისა, რომლებიც მის წინააღმდეგ გაისმის. მაგრამ მას რეალურად ეშინია ნატოს გაძლიერებისა, რომლის სამხედრო პოტენციალი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პრეზიდენტობის დროს გამოიფიტა. ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, რომელმაც უკრაინის ომის მილიარდობით დოლარის ხარჯები ამერიკელებს ზურგზე წამოჰკიდა და რომელსაც კამალა ჰარისი, ალბათ, გააგრძელებს, დონალდ ტრამპი იძულებულს გახდის ნატოს წევრ ყოველ ევროპულ სახელმწიფოს, უფრო მეტი ევრო გამოჰყონ უკრაინის დასახმარებლად და თავიანთი უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

აბა, ჰკითხეთ რიგით ამერიკელს, იმსახურებს თუ არა გადასახადის გადამხდელი ამერიკელი მოქალაქისაგან დაცვას გერმანია, რომელიც ევროპის ყველაზე მდიდარ ქვეყანას წარმოადგენს და რომელიც, იმავდროულად, ნატოსათვის თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-საც კი არ იხდის?

ამიტომაც, როცა საქმე ეხება ვლადიმერ პუტინს, მისთვის არჩევანის გაკეთება „ტეფლონის დონალდსა“ და „მომცინარე-მოხარხარე კამალას“ შორის ძალიან იოლია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო