შოკი!!! ერდოღანი ისრაელს დიდი ომით ემუქრება?! - ისე რამ გააბრაზა ერდოღანი და ნეთანიაჰუ, რომ ერთმანეთს მსოფლიოს მთავარ დამნაშავეს - სადამ ჰუსეინს ადარებენ? - კვირის პალიტრა

შოკი!!! ერდოღანი ისრაელს დიდი ომით ემუქრება?! - ისე რამ გააბრაზა ერდოღანი და ნეთანიაჰუ, რომ ერთმანეთს მსოფლიოს მთავარ დამნაშავეს - სადამ ჰუსეინს ადარებენ?

თურქეთის პრეზიდენტის - რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში...

„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები იმისთვის, რომ ისრაელმა ვეღარ შეძლოს მსგავსი რაღაცების პალესტინისთვის გაკეთება. ისევე, როგორც, ჩვენ შევედით ყარაბაღში, ისევე, როგორც შევედით ლიბიაში, ჩვენ შესაძლოა, მსგავსი რამ გავუკეთოთ მათაც. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც, ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები ამ ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა ერდოღანმა.

ამას მაშინვე მოჰყვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის - ისრაელ კაცის ხისტი პასუხი: „ერდოღანი მიდის სადამ ჰუსეინის ნაკვალევზე და ისრაელს შეტევით ემუქრება. კარგი იქნებოდ, მას გაეხსენებინა, თუ რა მოხდა იქ და როგორ დამთავრდა ყველაფერი“...

პასუხის პასუხი ისრაელს არ დაუგვიანა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც: „როგორც დაამთავრა ადოლფ ჰიტლერმა, რომელმაც გენოციდი მოაწყო, ისე დაამთავრებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც - პალესტინელებს ვერ გაანადგურებთ“...

ერთი დღეში თურქეთი და ისრაელი, ფაქტობრივად, პოლიტიკური დაპირისპირების მწვერვალზე აღმოჩნდნენ, რომლის შემდეგაც მხოლოდ სამხედრო ძალების მოსინჯვა თუ იქნება...

2-gemi-1722248863.jpg

გემი „მავი მარმარა“, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი მიჰქონდა ბლოკირებული ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის და რომლის გემბანზე შესამოწმებლად გადამსხდარ ისრაელის სპეცრაზმს ბორტზე მყოფმა თურქმა აქტივისტებმა ნამდვილი ომი გაუმართეს, რისმა მძიმე შედეგმაც თურქეთ-ისრაელს შორის შუღლი ჩამოაგდო...

რა ხდება ისეთი, რომ ერთ დროს მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მქონე თურქეთი და ისრაელი ეხლა თითქმის დანასისხლად გადაეკიდნენ ერთმანეთს?

2008 წელს ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ წამოიწყო სახმელეთო ოპერაცია „ჩამოსხმული ტყვია“, რის ფარგლებშიც ამ სექტორის საზღვაო ბლოკირებაც განახორციელა. ამან თურქების პროტესტი გამოიწვია, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ასეთი ბლოკადით, პირველ რიგში, პალესტინელი მოსახლეობა ზარალდებოდა.

2010 წლის 30-31 მაისის ღამეს „თავისუფლების ფლოტილიის“ ექვსი გემი მიადგა ისრაელის სანაპიროს, ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის გასარღვევად. ამ გემებზე 700-მდე აქტივისტი იმყოფებოდა, რომლებსაც 10 ათას ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი მიჰქონდათ ბლოკირებული პალესტინელებისთვის.

ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ეს ფლოტილია შეაჩერა და აშდოდის პორტში შესვლა უბრძანა, გემებზე აუცილებელი შემოწმების ჩატარების მიზნით.

„თავისუფლების ფლოტილიაში“ შემავალი გემის - „მავი მარმარას“ ბორტზე ისრაელის არმიის სპეცრაზმის შემმოწმებელი ჯგუფი გადაჯდა, რომელსაც აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს ამ გემზე მყოფმა აქტივისტებმა, რის შედეგად 15-მდე ისრაელელი სპეცრაზმელი დაშავდა-დაიჭრა, სამაგიეროდ, აქტივისტების რიგებში 9 დაღუპული და 30 დაჭრილი იყო...

იმის გამო, რომ ყველა დაღუპული თურქეთის მოქალაქე გახლდათ და მათი გარდაცვალება ახლო მანძილიდან ნასროლმა ტყვიებმა გამოიწვია, ეს ფაქტი თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის მხრიდან დიდ დანაშაულად შეაფასა და მას შემდეგ თურქეთ-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობა სწრაფად უკან-უკან წავიდა...

თუმცა 2022 წელს გაჩნდა იმის ნიშნები, რომ თურქეთი და ისრაელი დაიბრუნებდნენ ძველებურ თანამშრომლობას, მას შემდეგ, რაც ჯერ ისრაელის პრეზიდენტი ჰერცოგი ანკარაში ესტუმრა ერდოღანს, ხოლო 2023 წლის 20 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეაზე პირისპირ გაისაუბრეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ და თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა - მათ ერთმანეთი სტუმრადაც კი დაპატიჟეს, რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა თურქეთ-ისრაელს შორის ძველი მეგობრული ურთიერთობების აღდგენის პროცესის დაწყება, მაგრამ...

17 დღეში, 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან მომიჯნავე ებრაულ კიბუცებზე სასტიკი თავდასხმები განახორციელა, რასაც მალევე მოჰყვა ისრაელის არანაკლებ დაუნდობელი შურისძიება, სახმელეთო ოპერაციის სახით, მთელი ღაზის სექტორის მასშტაბში...

ამ ყველაფერმა კი ისევ დაამუხრუჭა თურქეთ-ისრაელის თანამშრომლობის აღდგენა, პირიქით, ღაზას სექტორის ქალაქებზე ისრაელის ავიაციის ყოველი მორიგი დაუნდობელი დაბომბვის შემდეგ, უფრო და უფრო მკაცრი ხდებოდა ოფიციალური ანკარის პროტესტი და...

როგორც ხედავთ, ბოლოს იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ მათ ერთმანეთი ჰიტლერსა და სადამ ჰუსეინს შეადარეს კიდეც...

რა იქნება ამის შემდეგ, ძნელი სათქმელია, იმედია, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივა...

ისე კი, თურქეთ-ისრაელის ასეთი დაპირისპირებით ყველაზე მეტად ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ზარალდება, რომლის „დიდი ძმა“ თურქეთი უპირისპირდება იმ ისრაელს, რომლის მიერ მიწოდებული შეიარაღებაც აზერბაიჯანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ძალის გამოყენებით აღდგენაში სერიოზულად დაეხმარა...