ოლიმპიადა და ფული - რამდენია ოქროს მედლის თვითღირებულება და ქვეყნები, რომლებმაც გამარჯვებისთვის ყველაზე დიდი ჯილდოები დააწესეს
2024 წლის პარიზის ოლიმპიური ოქროს მედლის ღირებულება 950 დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Forbes მედლის დასამზადებლად გამოყენებული მასალის რაოდენობასა და მათ სპორტულ ფასებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ოლიმპიადის გახსნამდე ორი დღით ადრე, 24 ივლისისთვის არსებული ოქროს, ვერცხლის და რკინის ფასის მიხედვით, ოლიმპიური ოქროს მედლის ღირებულებამ, დაახლოებით, 950 დოლარი შეადგინა.
Forbes-ის შეფასებით, ეს თამაშების თანამედროვე ისტორიაში ოლიმპიური ოქროს მედლის ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რაც, პირველ რიგში, ოქროზე მაღალმა გლობალურმა ფასმა განაპირობა. ოლიმპიურმა ოქროს მედალმა ღირებულებით რეკორდს პირველად 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დროს გადააჭარბა, როცა ის 708 დოლარად შეფასდა. თუმცა, ოქროს ამჟამინდელი რეკორდული ფასიდან გამომდინარე, რამაც ივლისში უნციაზე 2 484 დოლარს მიაღწია, ყველა წინა ოლიმპიადის ოქროს მედლის ფასი საგრძნობლად გაიზარდა.
ოლიმპიური მედლის დიამეტრი - 85 მილიმეტრი, სისქე - 9,2 მილიმეტრია, ხოლო ოქროს მედალი 529 გრამს იწონის. თუმცა, მისი 95,4% (505 გრამი) რეალურად ვერცხლისგან არის დამზადებული. სუფთა ოქრო მხოლოდ მედლის მოსაპირკეთებლად გამოიყენება, რაც 6 გრამს შეადგენს, ხოლო 18 გრამი მედალში რკინისგან შედგება. ოქროს მედალი სუფთა ოქროსგან რომ ყოფილიყო დამზადებული, მისი ფასი დაახლოებით, 41 162დოლარი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ბოლოს სუფთა ოქროს მედლები 1912 წლის ოლიმპიადის დაჯილდოების შემდეგ არ გამოუყენებიათ.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი ფრანგულმა საიუველირო სახლმა, Chaumet-მა დაამზადა, რომელშიც 18 გრამი ლითონი ეიფელის კოშკის მასალაა.
რაც შეეხება საპრიზო ფონდს, რომელსაც გამარჯვებული სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე გამოიმუშავებენ, თამაშების ისტორიაში პირველად მძლეოსნობის საერთაშორისო მმართველმა ორგანიზაცია World Athletics-მა ოქროსმედალოსანი სპორტსმენებისთვის 2.4-მლნ დოლარის საპრიზო ფონდი დააწესა. თუმცა, როგორც წესი, გამარჯვებულებისთვის საპრიზო ჯილდოს მათი ქვეყნის მთავრობები და სპორტული ორგანიზაციები აწესებენ.
ამის მიუხდავად, World Athletics-მა განაცხადა, რომ მძლეოსნობის სახეობაში ოქროსმედალოსან თითოეულ სპორტსმენს, დამატებით, 50 ათას დოლარს გადასცემს. ჯილდო ოლიმპიადაზე ჯამში 48 სპორტულ ტურნირს შეეხება. აღნიშნულ საპრიზო ფონდს World Athletics ოთხ წელიწადში ერთხელ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიღებული შემოსავლიდან გამოყოფს, რის განკარგვაზეც კომიტეტისგან სრული ულებამოსილება უკვე მიიღო.
გამარჯვებული ოლიმპიელებისთვის დაწესებული ყველაზე დიდი პრიზებით შემდეგი ქვეყნები გამოირჩევა:
ჰონგ-კონგი (ჩინეთი ) - ოქროს მედლისთვის 750 000 დოლარზე მეტი;
სინგაპური - ინდივიდუალური გამარჯვებისვის 700 000 დოლარზე მეტი; თანაგუნდელთან ერთად გამარჯვებისთვის 1,1 მლნ დოლარი და გუნდურ თამაშებში 1,5 მლნ დოლარი;