კლიჩკო ზელენსკის წინააღმდეგ: კიევის მერი პრეზიდენტის სავარძელს უმიზნებს?! - რა მოხდება უკრაინაში, თუ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკებები დაიწყო - კვირის პალიტრა

კლიჩკო ზელენსკის წინააღმდეგ: კიევის მერი პრეზიდენტის სავარძელს უმიზნებს?! - რა მოხდება უკრაინაში, თუ კიევმა მოსკოვთან მოლაპარაკებები დაიწყო

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ («Deutshce Welle» – „გერმანული ტალღა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „უკრაინა: ვინ და რა დგას რუსეთთან დაზავებაზე ლაპარაკის უკან?“ (ავტორი - ლილია რჟეუცკაია), რომელშიც განხილულია საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე, მაგრამ - ტერიტორიული დათმობებით. ვის აწყობს ეს და არიან თუ არა მზად უკრაინელები და ევროპელები ომის ასეთი სახით დამთავრებისათვის?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო კვირებში გაფართოვდა დებატები რუსეთ-უკრაინის ომის სავარაუდო შეწყვეტასთან დაკავშირებით - დღის წესრიგშია მთავარი კითხვა: შეიძლება თუ არა საომარი მოქმედებები დასრულდეს და მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ? ბევრ პოლიტიკოსს აქვს მოსაზრება და წინადადება - უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, ექსპრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც არა ერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა ომის დასრულებისთვის და განუცხადებია, რომ მას აქვს შესაბამისი გეგმა.

კიევის მერის სკანდალური ინტერვიუ

მაგრამ ბევრი დამკვირვებლისათვის მოულოდნელი იყო უკრაინის დედაქალაქის მერის - ვიტალი კლიჩკოს განცხადება, რომლის თანახმად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ალბათ, მოუწევს განიხილოს ტერიტორიული კომპრომისის შესაძლებლობა რუსეთთან.

„მომდევნო რამდენიმე თვეს ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ძალიან რთული იქნება“, - თქვა კიევის მერმა იტალიური გაზეთის - „კორიერე დელა სერასათვის" (Corriere della Sera ) მიცემულ ინტერვიუში, - „უნდა გააგრძელოს თუ არა მან ომი, ახალი მსხვერპლითა და ნგრევით თუ განიხილოს ტერიტორიული დათმობების საკითხი ვლადიმერ პუტინთან? და ამ შემთხვევაში, როგორი იქნება ზეწოლა აშშ-ის მხრიდან, თუ იქ საპრეზიდენტო არჩევნებში სამი თვის შემდეგ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს? ასევე, როგორ ავუხსნით უკრაინის მოსახლეობას, რომ ტერიტორიის დაკარგვაზე უნდა დავთანხმდეთ - იმ ტერიტორიის, რომლის გამოც ბრძოლას ათასობით გმირმა თავისი სიცოცხლე შესწირა? როგორი ნაბიჯიც უნდა გადადგას ჩვენმა პრეზიდენტმა, მას პოლიტიკური თვითმკვლელობის დიდი რისკი ემუქრება“.

ვიტალი კლიჩკომ დაამატა, რომ ამ შემთხვევაში, ვოლოდიმირ ზელენსკი, ალბათ, რეფერენდუმს ჩაატარებს: „მე არ ვფიქრობ, რომ მას ესოდენ მნიშვნელოვანი და მტკივნეული შეთანხმების მიღწევა თავისი ნებით, სახალხო ლეგიტიმურობის გარეშე შეუძლია“.

ვიტალი კლიჩკო ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ?

რას ნიშნავს ვიტალი კლიჩკოს ასეთი განცხადება? ნუთუ უკრაინის ხელისუფლება თანდათან აცნობიერებს სამშვიდობო შეთანხმების დადების აუცილებლობას, ტერიტორიული დათმობებით და მზადაა, დიპლომატიურად მოაგვაროს ომის შეწყვეტა? მისაღები იქნება თუ არა ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელებისა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისათვის?

ვლადიმერ ფესენკო, კიევში არსებული პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი, ვიტალი კლიჩკოს განცხადებას „ფალსტარტს“ უწოდებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლება ჯერ კიდევ მზად არ არის რეალური სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად, არსებობს მხოლოდ „ნედლი“ ინიციატივები და გეგმები, რომლებიც მოსალაპარაკებლად აუცილებელ და სავალდებულო საფუძვლად ვერ ჩაითვლება. ვლადიმერ ფესენკო განმარტავს, რომ ვიტალი კლიჩკოს შურისძიების გრძნობა ალაპარაკებს - ყველასათვის ცნობილია, რომ მას ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა აქვს.

„ვიტალი კლიჩკო ხელს უწყობს საზოგადოებაში არსებული შიშის გაძლიერებას, რომ „ზემოთ“ რაღაც საიდუმლო გადაწყვეტილება მზადდება, მაგრამ სინამდვილეში არავითარ იდუმალ შეთანხმებაზე არავინ არ ფიქრობს, არავითარი სამშვიდობო მოლაპარაკება არ ხდება“, - ამბობს ექსპერტი და ხაზს უსვამს, რომ რაიმე საიდუმლო გარიგების დადება შეუძლებელია, რადგან საბოლოო ჯამში, მისი პირობების შესრულება მაინც უკრაინის საზოგადოებას მოუწევს. „თუ რეფერენდუმი ჩატარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონ კი არ მიდის დათმობაზე, არამედ მას სურს ხალხის ნება გაიგოს“, - განმარტავს ვლადიმერ ფესენკო.

უკრაინა ურთულესი პოლიტიკური არჩევნის წინაშე

როჯერ ჰილტონი, ბრატისლავაში (სლოვაკეთი) მოქმედი საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის „გლობალური უსაფრთხოების“ (GLOBSEC) ანალიტიკოსი, აცხადებს, რომ ზოგიერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა ტერიტორიულ დათმობებზე ლაპარაკი ომის ორი მძიმე წლის შემდეგ დაიწყო. „ის ფაქტი, რომ ეს კონცეფცია საზოგადოების წინაშე კიევის მერის პირით ჟღერდება, იმის აღიარებაა, რომ ქვეყანა ძალიან მძიმე პოლიტიკური არჩევნის წინაშე დგება“, - ამბობს იგი, - „კიევის მერის კომენტარები, სავარაუდოდ, ხელისუფლების შიგნით არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას ასახავს - „ზემოთ“ აინტერესებთ, თუ როგორ შეხვდება „ქვემოთ“ ამ ყველაფერს მოსახლეობა“.

თუმცა როჯერ ჰილტონის ვარაუდით, ისიც აშკარაა, რომ ვიტალი კლიჩკო, რომელიც არასოდეს მალავდა თავის ამბიციებს უკრაინის პრეზიდენტობაზე, სარგებლობს სიტუაციით და საკუთარი თავისთვის „პოლიტიკურ დივიდენდებს“ აგროვებს. იტალიურ გაზეთში გამოთქმული კიევის მერის კომენტარები ისეთ ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ, რომელიც გათვლილია სამომავლო არჩევნებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ომის გამო უკრაინაში მიმდინარე წელს საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა.

ტერიტორიული დათმობა: მტკივნეული არა მარტო უკრაინისათვის

როჯერ ჰილტონის თქმით, სავარაუდო ტერიტორიული დათმობები ძალიან მტკივნეული იქნება არა მარტო უკრაინისათვის, არამედ - მთლიანად ევროპისათვის. „ვფიქრობ, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეების დიდ უმრავლესობას, ალბათ, არ სურს, რომ ქვეყანამ უარი თქვას თავისი ტერიტორიის ნაწილზე, რაც ევროპაში პრეცედენტს შექმნის. ეს იქნება მისაბაძი შემთხვევა სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვისაც, რომლებსაც მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის დაპყრობა-მიტაცება სურთ“.

საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, 2023 წლის გაზაფხულიდან შესამჩნევად მატულობს იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც მზად არიან, დათანხმდნენ ტერიტორიულ დათმობებს, მშვიდობის დამყარებისა და ნგრევის შეწყვეტის სანაცვლოდ. შედარებისთვის: თუ 2023 წლის მაისში მხოლოდ 10% იყო თანახმა ტერიტორიულ დათმობებზე, 2024 წლის მაისში მათი რაოდენობა 32%-მდე გაიზარდა - კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო