ეს არის ჩვენი პოლიტიკური ღირებულებების გამოცდა! - ერთი წელი რაჭის ტრაგედიიდან და გლობალური დათბობის პროცესი მსოფლიოში - კვირის პალიტრა

ეს არის ჩვენი პოლიტიკური ღირებულებების გამოცდა! - ერთი წელი რაჭის ტრაგედიიდან და გლობალური დათბობის პროცესი მსოფლიოში

1897 წელს მარკ ტვენმა მახვილგონივრულად აღნიშნა: „ყველა საუბრობს ამინდზე, მაგრამ რეალურად არავინ არაფერს აკეთებს ამინდისთვის“.

როდესაც ვინმე მეტყვის, რომ ზამთარი არ უყვარს ან ზაფხული უფრო სასურველია, მიკვირს. კარგა ხანია, არც ზამთარი ჰგავს ზამთარს და არც ზაფხულშია კარგი ამინდი. უჟანგბადობა დღითი დღე შესამჩნევი ხდება. ყოველი მსხვერპლის შემდეგ კი, მხოლოდ სპეციალისტების უხვი რეკომენდაციებით ვართ განებივრებულები...

ერთ-ერთი ასეთი შეფასების დროს ბრუკინგსის ინსტიტუტის მმართველმა დირექტორმა, ამერიკის სამთავრობო კვლევების უფროსმა მრჩეველმა აღნიშნა: “ადამიანები საკუთარ თავს ფარისევლურად, ანთროპოლოგიური სახელწოდებით მოვიხსენიებთ - ჰომო საპიენს, რაც ხშირად ითარგმნება, როგორც - „ადამიანი, რომელმაც იცის“. სამწუხაროდ, ამ ტერმინის მნიშვნელობას ჩვენ ნამდვილად ვამართლებთ: თანამედროვე ადამიანები ის პირველი თაობა ვართ, რომელმაც იცის, რომ ცხოვრობს „გლობალური დათბობის ეპოქაში“. ამასთანავე, შეიძლება ბოლო თაობაც ვიყოთ, რომელსაც აქვს რაღაცის გაკეთების შანსი, გლობალური დათბობის წინააღმდეგ. ჩვენი წინამორბედები თავს უცოდინარობით იმართლებდნენ; ჩვენი მემკვიდრეები თავს უმწეობით გაიმართლებენ; ჩვენ კი თავის გასასამართლებელი არ გაგვაჩნია“.

ამ სიტყვების ავტორს, გარემოს დამცველ უილიამ ანთოლისს შევახსენებდი, რომ ლათინური სიტყვა „ჰომო საპიენსი“ ბევრ სხვა რამესაც ნიშნავს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ პრობლემა ერთობ მტკივნეულია და თან, ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ.

უფრო მეტიც - „კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო ჯგუფმა“ (IPCC), რომელიც 1988 წელს დაარსდა და მსოფლიოს ასობით წამყვან მეტეოროლოგს, ოკეანოგრაფსა და ფიზიკოსს აერთიანებს, განაცხადა, რომ ამინდის ასე მოულოდნელი და სწრაფი ცვლილება - ბუნებრივი არ არის; პირიქით, იგი არის ანთროპოგენური ანუ გამოწვეული ადამიანის საქმიანობით! გესმით?! და, ჩვენ თავს ცნობიერ და განსწავლულ არსებებად მივიჩნევთ?!

სპეციალისტებს ხშირად უთქვამთ - კლიმატის ცვლილება ჩვენი ეთიკის გამოცდაცაა. კერძოდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ღირებულებების გამოცდა. პლანეტას კატასტროფა ემუქრება და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია დავფიქრდეთ ჩვენს უფლებებსა და ვალდებულებებზე.

ჯერ კიდევ ერთი-ორი საუკუნის წინ, ცხელი და ცივი დღეების რაოდენობა, დაახლოებით, თანაბარი იყო, მაშინ, როცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცხელი დღეების რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა ცივი დღეებისას.

სპეციალისტების მოსაზრებით, თურმე, ამჟამად კაცობრიობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 გიგატონა ნახშირბადის დიოქსინს გამოყოფს. ერთი გიგატონა უდრის ერთ მილიარდ ტონას. 30 გიგატონა, დაახლოებით, არის - ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი 8000 ცათამბჯენი ერთად. წარმოიდგინეთ, 8000 ცათამბჯენი ერთმანეთს რომ დავადგათ.

ადამიანური საქმიანობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებით მოყენებული ზარალი მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადში 260,8 მილიარდს უტოლდება, რაც კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მთლიანი ზარალის 53%-ს შეადგენს;

ჯერ კიდევ არ არის შეფასებული ექსტრემალური ამინდებით გამოწვეული ზარალის ისეთი ასპექტები, როგორებიცაა: ფსიქოლოგიური ტრავმა, განათლების მიღების შეწყვეტა, სამსახურების დაკარგვა, სტრესისგან გამოწვეული პრობლემები და სხვა.

აქ ერთ საინტერესო ფაქტორს უნდა გავუსვათ ხაზი -ცივილიზაცია უწყვეტი ინტელექტუალური შრომის ნაყოფია. ადამიანის შესაძლებლობათა გამოვლენა წარმოსახვაც არის და ინოვაციაც. ამ პროცესს ორი განზომილება აქვს. პირველი - ტექნოლოგიურია, მეორე - ეთიკური ან რელიგიური. აქ, ბევრი რამის ჩამოთვლაა შესაძლებელი მაგალითისთვის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეთიკური პროგრესი ძალიან, ძალიან ნელა მიმდინარეობს, რაც დიდი მოაზროვნეების სასოწარკვეთას იწვევდა და იწვევს ყოველთვის.

რადგან კლიმატის ცვლილება აშკარად ადამიანის საქმიანობას უკავშირდება ანუ ანთროპოგენურია, გამოსავალი ერთადერთია - ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ გაუთავებელი ექსპერიმენტები... მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ეთიკა ამის საშუალებას არ გვაძლევს.

მე, რომ მკითხოთ, სპეციალისტების მხრიდან, გლობალური დათბობის პარალელურად, ეთიკაზე აქცენტის გაკეთება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აქ, გარკვეულწილად პასუხისმგებლობებიც იგულისხმება, რომელიც ამ საკითხს (ეთიკას) განსაკუთრებით გამოკვეთს.

ეთიკის საკითხი მგონია შეუსწავლელ ან მოსახლეობისთვის საშიშ ზონებში განაშენიანება; არაეთიკურია, როდესაც ფული სძალავს სიმართლეს და ეს საბოლოოდ ადამიანების სიცოცხლის ფასად ჯდება. დღეს არა ერთი მონაცემი მინდოდა მომეყვანა აქ, მაგრამ მთავარი, რის გამოც დღევანდელ ბლოგს ვწერ, ეს არის შარშანდელი ტრაგედია! გლობალური დათბობის პროცესები და ადამიანების არაეთიკური ქმედებები.

ერთი წელი სრულდება რაჭის ტრაგედიიდან. რა გვასწავლა ამ ტრაგედიამ?! სად არის თქვენი პოლიტიკური ღირებულებები? ხომ არ დაგავიწყდათ, რომ შარშან, ზუსტად ამ დროს, 35 ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ, მათ შორის - მცირეწლოვნების. მათ შორის - ორი მაშველის, რომელთაც ნერვიულობის ნიადაგზე ინფარქტი განუვითარდათ...

ჰო, ალბათ, ბევრი რამ ეთიკის საგანია. მაგალითად ის, რომ რამდენიც უნდა ვიკამათოთ, ფაქტია - დედამიწა ცუდ დღეშია. ფაქტია, რომ მანქანის კომფორტი ყველას გვინდა, მაგრამ გამონაბოლქვი არ გვადარდებს. ბომბებს უბრახუნებენ, არ ადარდებთ! ბირთვული გამოცდები - არ ადარდებთ. ტყეების გაჩეხა, პლასტიკური ნარჩენები, ბუნების წიაღში უხეში ჩარევა, არასწორი განაშენიანების გამო ურბანული სითბოს კუნძულების წარმოქმნა და ასე შემდეგ, არ გვადარდებს. თითქოს მხოლოდ სხვისი პასუხისმგებლობაა და - არა ჩვენი, ყველასი! „ისინი“ მარტო საუბრობენ საფრთხეებზე, ფულიც გამოიყოფა, მაგრამ რეალურად მავნე გავლენა, რომელსაც პერიოდულად მსხვერპლი მოაქვს, სამწუხაროდ, არ მცირდება!