"მთავრობა ახალ გეგმაზეც მოუწერს ხელს ოკუპანტებს... ბოლო 7 წელია, ოკუპაციის ხაზთან ვარ, დავდივართ ღამის პატრულირებაზეც... ოჯახის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, გამეძლო ამდენი ბრძოლისთვის" - კვირის პალიტრა

"მთავრობა ახალ გეგმაზეც მოუწერს ხელს ოკუპანტებს... ბოლო 7 წელია, ოკუპაციის ხაზთან ვარ, დავდივართ ღამის პატრულირებაზეც... ოჯახის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, გამეძლო ამდენი ბრძოლისთვის"

სამოქალაქო აქტივისტ დავით ქაცარავას საზოგადოება კარგად იცნობს. სწორედ მას ეკუთვნის შიდა ქართლის ოკუპირებულ ნაწილთან სამოქალაქო პატრულირების დაწყების იდეა, რომელიც 2017 წლის 25 ივლისიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ის სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელია. ასევე ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტია.

მანამდე იყო სამსახიობო კარიერა, გადაღებულია არაერთ ფილმსა თუ სერიალში. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მსახიობი არ არის, ქართულის გარდა, უცხოური ფილმებშიც მონაწილეობს. შეგახსენებთ, "დავიწყებული მეფე" რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაიღო და ამით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, როცა 105-წუთიანი უწყვეტი კადრით ფილმი შექმნა. ამ ფილმში მთავარი როლი დავით ქაცარავამ შეასრულა. შემდეგ ეს ნამუშევარი შემოქმედებითმა ჯგუფმა კანის კინოფესტივალზეც წარადგინა.

როგორც თავად ამბობს, მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და ეს ოცნება აიხდინა კიდეც. თვლის, რომ საკმაოდ წარმატებულიც იყო ამ სფეროში, თუმცა ძალიან სწყდება გული იმის გამო, რომ ბოლო წლებია გადასაღებ მოედანზე აღარ იწვევენ.

ის ბოლო წლებში სამოქალაქო აქტივისტია, მუდმივად აპროტესტებს ოკუპაციას და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს. "კარგად გაითავისეთ, 40 კილომეტრში რუსები გვიდგანან და აქ თქვენ რუსების დამცველებად იქეცით, რა კანონს მოაწერეს ამათ ხელი, გადასარევად იცით", - ამ სიტყვებით მიმართა მან რუსთაველზე სამართალდამცავებს, როცა ქუჩაში გამოსული საზოგადოება ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებდა. სწორედ იმ აქციაზე ის სპეცრაზმელებმა დააკავეს.

დავით ქაცარავას დაკავების კადრებში ჩანს, რომ ის აქციის მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მისკენ გამოიქცა. ყველა მათგანს სახე შავი ნიღბით ჰქონდა დაფარული. ნაცემი დავით ქაცარავას უმძიმესი კადრებიც მთელმა საქართველომ ნახა. "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დაზიანებებით კლინიკაში აღმოჩნდა. მას სახის ძვლების ტრავმა აღენიშნებოდა. მოტეხილი ჰქონდა ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები; დაზიანებული ჰქონდა თვალი და იმის საშიშროებაც იყო, რომ მხედველობა დაეკარგა. დავით ქაცარავას ჩაუტარდა საკმაოდ რთული ოპერაცია და როგორც თავად ამბობს, საბედნიეროდ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

მართალია, მასზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე დამნაშავეები არავის დაუკავებია. მეტიც, ძალოვანებმა პირიქით აღძრეს საქმე მის წინააღმდეგ და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

- ბატონო დავით, როგორია ამჟამად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- შეიძლება ითქვას, მეტწილად გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ბოლომდე არა. ამჟამად საზღვარგარეთ ვიმყოფები და საქართველოში რამდენიმე დღეში დავბრუნდები. სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თუმცა კონსულტაციას გავივლი.

- თქვენზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებული გამოძიება დღეს რა ეტაპზეა?

- გამოძიება ვერაფერს დაადგენს, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ყველაფერი კეთდება, რომ ეს გამოძიება არ დასრულდეს. ის ძალა, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" მყავს მხედველობაში, რომელმაც ჩემზე ასეთი სასტიკი ანგარიშსწორება შეუკვეთა, ბუნებრივია, იმ ჯალათებს არ დასჯის. არც ველოდები, რამეს რომ გამოიძიებენ და ვინმეს დასჯიან.

- მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად გაგისწორდნენ, პარალელურად თქვენს წინააღმდეგ აღიძრა საქმე და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გედავებიან. რამდენად მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?

- მოულოდნელი არაფერი იყო. დარწმუნებული ვიყავი, კონტრსაქმეს აუცილებლად აღძრავდნენ. როგორც აღმოჩნდა, 2 ივლისს შედგა ოქმი, ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილების გამოტანას აჭიანურებდნენ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ეძიათ თქვენზე შური, ასე რატომ გაგისწორდნენ?

- რაც მოხდა, ეს ცალსახად, დაკვეთა იყო. ყველამ მოისმინა როგორ მივმართავდი პოლიციელებს, იქ იყო ფაქტების კონსტატაცია. ვეუბნებოდი, როცა თბილისიდან 40 მეტრში დგანან რუსული ჯარები, ხელისუფლება იღებს რუსულ კანონს და პოლიცია ემსახურება ამ რუსულ თემას-მეთქი. ალბათ საღად მოაზროვნე ყველა ადამიანი იტყვის, რომ ამაში შეურაცხმყოფელი არაფერი იყო, რამაც შეიძლება ასეთი სასტიკი ცემა განაპირობოს. თან, ცემის ერთი ეპიზოდი კი არ ყოფილა, 5-ჯერ მცემეს სასტიკად, მომზადებულად, დიდი შემადგენლობით, ხელებშეკრულს მირტყეს უმოწყალოდ. ექიმების შეფასებით, წესით, უნდა დავრჩენილიყავი ბრმა, ინვალიდი, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემმა ორგანიზმმა მოახერხა და გადარჩა. იურისტებმა ამ ფაქტს წამების კვალიფიკაცია მისცეს. ბუნებრივია, ამ საქმეს აუცილებლად ჩავიტანთ სტრასბურგამდე. დრო დასჭირდება და საკმაოდ დიდი პროცედურები, მაგრამ აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ეს იყო წამება, ანგარიშსწორება ხელისუფლების მხრიდან. როდესაც მცემდნენ, ამის მიზეზად ასახელებდნენ უკრაინის ომში ჩემს მონაწილეობას, ოკუპაციის ხაზთან ჩემს პატრულირებას და საპროცესტო აქციებში ჩემი მონაწილეობაც სახელდებოდა. ასე რომ, ყველაფერი ნათელია.

- ამ ფაქტამდე თქვენ მიმართ მუქარა ხომ არ ყოფილა?

- არა, მოლოდინი, რომ ასე გამისწორდებოდნენ, ნამდვილად არ მქონდა. მაგრამ ვფიქრობდი, რომ აქციებში მონაწილეობის გამო რაღაც პრესინგი იქნებოდა. ამ ფაქტამდე ჩემთანაც ზარი შემოვიდა. ალბათ გახსოვთ, იმ დღეებში ხალხს ურეკავდნენ და აგინებდნენ. ჩემთანაც შემოვიდა ზარი უცხო ნომრიდან, მაგრამ ვერ ვუპასუხე, რადგან მეძინა. მერე ვნახე, რომ იმავე ნომრიდან იყო შემოსული, რაც საზოგადოებაში ვრცელდებოდა. სხვა მუქარა არ მიმიღია.

- თქვენს წინააღმდეგ აღძრულ საქმეში პოლიციელები გიპირისპირდებიან?

- ეს საქმე სტანდარტულად შეიკერა, როგორც სხვა აქტივისტების მიმართ, მაგრამ ეტყობა პოლიციელებს ეუხერხულათ ეთქვათ, რომ მათ ვაგინებდი, მით უმეტეს, არ არსებობს ამის მტკიცებულება და ფაქტი. კადრებში ჩანს ჩემი საუბრის ტექსტი, როგორ მივმართავდი მათ. თქვეს, თითქოს უმისამართოდ ვიგინებოდი. აგინებდა რუსულ კანონს და უმისამართოდ იგინებოდაო. დიდი აცდენები იყო პოლიციელების ჩვენებაში. როდესაც ადვოკატებმა ჰკითხეს, რამდენ ხანში გადაიბარეთო, ამბობდნენ, - ის დრო დაგვჭირდა, რა დროც საჭიროა ჩიტაძის ქუჩის დასაწყისიდან მანქანამდე მისასვლელად, 5-10 წუთიო. ეს უდიდესი ტყუილია. ჩემი ცემის 5 ფაქტი მინიმუმ 45 წუთამდე გრძელდებოდა. მათ მოუწიათ იმის თქმამ, რომ როდესაც ჩამსვეს მანქანაში, უკვე დაზიანებული ვიყავი. სამწუხაროა, როცა პოლიციელებს ასეთი დაკვეთების შესრულება და ცრუ ჩვენებების მიცემა უწევთ. ოდესმე მათ ამისთვის პასუხისგებაც მოუწევთ.

- მოდი, ცოტა სხვა თემებსაც შევეხოთ... თქვენი სამსახიობო კარიერა წლების წინ დაიწყო, მაგრამ პროფესიით მსახიობი არ ხართ, არა?

- პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ ამ სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება არ მქონია. საბანკო სფეროში 9 წელი ვმუშაობდი და პარალელურად, ვმსახიობობდი. ეს ჩემთვის ერთგვარი ჰობი იყო. ამავე დროს ვარ სპორტული მენეჯერი, დიდი გამოცდილება მაქვს ამ კუთხით, დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარების და პლუს, ჩემი საქმიანობის სფერო ბოლო წლებში მაინც ტურიზმია, ექსტრემალური სპორტი. 2012-დან 2020 წლის ჩათვლით კანოეს ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი. ასევე, 2007 წლიდან დღემდე ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ.

- თქვენი შესრულებული როლებიდან რომელიმეს ხომ არ გამოყოფთ?

- 2009 წლიდან დავიწყე სამსახიობო კარიერა და 2017 წლამდე ძალზე აქტიური პერიოდი იყო, სანამ ოკუპაციის ხაზთან დავიწყებდი პატრულირებას. ამის შემდეგ, სამწუხაროდ, კინოსფეროდან შემოთავაზებები შეწყდა... 2009-2017 წლებში დაახლოებით 25 ფილმსა და სერიალში ვითამაშე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მენატრება ის დრო. დიდია ნოსტალგია და მაქვს სურვილი, ოდესმე დავუბრუნდე ამ საქმეს... რაც შეეხება შესრულებულ როლებს, მიუხედავად იმისა, რომ "ექშენი" მიყვარდა, ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი და ერთ-ერთი პირველი როლია სომეხი რეჟისორის გადაღებული მელოდრამა - "100 000" წამი. ასევე განსაკუთრებულად მიყვარს დოკუმენტური სერიალი "დროის მანქანა", რომელიც "ჯიდიესზე" გადიოდა და სადაც ვახტანგ გორგასალი განვასახიერე. ეს მნიშვნელოვანი და საყვარელი როლებია ჩემთვის.

- ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" რამდენიმე წლის წინ დააარსეთ. გვიამბეთ, რატომ მიიღეთ ამ ორგანიზაციის შექმნის გადაწყვეტილება?

- ეს გადაწყვეტილება ჩემს ბავშვობას უკავშირდება - ვგულისხმობ 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც რუსულმა სადამსჯელო ძალებმა რუსთაველზე მშვიდობიანი დემონსტრანტები დახოცეს. წინა საღამოს მშობლებთან ერთად მეც რუსთაველზე ვიყავი და მეორე დილით მთელმა მსოფლიომ გაიგო, რუსი ჯალათები როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს... აფხაზეთის ომის დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი და ომში ვერ წავიდოდი. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ჩავეწერე მოხალისედ, მაგრამ მოგეხსენებათ, აგვისტოს ომმა სულ 5 დღეს გასტანა და არ წავსულვარ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სულ მქონდა მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, დაიწყებოდა პროგრესი და მოხდებოდა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ეს არ ხდებოდა, პირიქით, რუსები საოკუპაციო ხაზიდან უფრო და უფრო წინ მოიწევდნენ. საბოლოოდ, ერთ-ერთმა რიგითმა ნიუსმა გადაწყვიტა ყველაფერი. 2017 წელს, სოფელ ბერშუეთთან რუსებმა კიდევ რამდენიმე ტერიტორია წაიღეს, რასაც ახალგაზრდები, სტუდენტები აპროტესტებდნენ. გაშალეს კარვები და დაიწყეს მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება. ეს იყო 2017 წლის 6 ივლისი და მაშინ მეც გადავწყვიტე, ანტისაოკუპაციო მოძრაობა შემექმნა. მას შემდეგ უკვე 7 წელია, აქტიურ რეჟიმში ვპატრულირებთ. ამ დრომდე მცოცავი ოკუპაცია ისევ მწვავე პრობლემაა ქვეყანაში.

- ტურიზმი ახსენეთ. სათავგადასავლო ტურიზმი საკმაოდ პოპულარულია ყველგან, თქვენ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყეთ ამ სერვისის შეთავაზება ექსტრემალებისთვის და დღემდე ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. ამ კუთხით როგორ ვითარდება თქვენი ბიზნესი?

- მას შემდეგ, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა დავიწყე, ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა. იგივე ჩემს ტურისტულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც გაჩნდა პრობლემები. როცა ამაზე პარტნიორებთან მქონდა საუბარი, მპასუხობდნენ, რომ სამწუხაროდ, ჩემთან კომუნიკაცია შეიძლება პარტნიორი კომპანიებისთვის, დამკვეთებისთვის ნეგატიურად დასრულებულიყო. წუხდნენ, ბოდიშებს იხდიდნენ, მაგრამ ურთიერთობას აღარ აგრძელებდნენ იმის შიშით, რომ შემდგომში მათ პრობლემები შეექმნებოდათ ხელისუფლებასთან. ეს ბიზნესი ახლაც მაქვს, მაგრამ მძიმე მდგომარეობაშია. ჯერჯერობით პროგრესს ვერ ვხედავ. ჩვენი ძირითადი მიმართულებები ჯომარდობა, თავგადასავლები. 2015-2016 წლებში ჩვენი კომპანია საუკეთესო სათავგადასავლო კომპანიად დასახელდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ჩვენი სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწა, სამწუხაროდ, 2017 წლიდან შეკვეთებმა იკლო. ამიტომ ვამბობ, ეს ყველაფერი ჩემს აქტიურობას უკავშირდება ოკუპაციის ხაზთან. ხელისუფლებისთვის მიუღებელი პიროვნება გავხდი და ჩემი პარტნიორები იღებდნენ რეკომენდაციებს, ჩემთან აღარ ეთანამშრომლათ.

- როგორც ჩანს, ბუნებით ექსტრემალი ხართ. უფრო მეტი გვიამბეთ თქვენზე...

- მუდამ ვეძებ თავგადასავლებს და ვპოულობ კიდეც. დღის რეჟიმი გაწერილი არ მაქვს, ხანდახან ვახერხებ გამოვიძინო, მაგრამ ძილი და დასვენება ნამდვილად მაკლია. ბოლო 7 წელია, ფაქტობრივად ოკუპაციის ხაზთან ვარ, დავდივართ ღამის პატრულირებაზეც, შეიძლება რამდენიმე დღის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე საათი მეძინოს. მოკლედ, აწყობილი დღის რეჟიმით ვერ დავიკვეხნი. საბედნიეროდ, ჩემ გვერდითაა ჩემი ოჯახი სრული შემადგენლობით და ეს ძალიან მეხმარება.

- თქვენი მეუღლე, სოფო ხაჭაპურიძე რამდენად გიწყობთ ხელს ამ ყველაფერში?

- ნამდვილად რთულია ეს ყველაფერი. ამას გაძლებაც სჭირდება, სურვილიც და განწყობაც. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახი ამას ახერხებს. ყველა აცნობიერებს, რას რატომ და რის გამო ვაკეთებ. ოჯახის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენლად რთული იქნებოდა ამდენ ხანს გამეძლო ასეთი რეჟიმისთვის, ამდენი ბრძოლისთვის. სამი შვილი მამა ვარ: მყავს ორი ვაჟი და ერთი გოგონა.

- უკრაინის ომსაც შევეხოთ: ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც მოხალისედ ჩავიდა იქ, თუმცა მოიწამლეთ...

- ჩემს მეგობრებში კითხვა არც არსებობდა, უნდა წავიდეთ თუ არა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეთ, რადგან ეს ომი ჩვენიცაა. თან, უკრაინელები ყველა გასაჭირში ქართველებს მხარში ედგნენ. ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე უკვე იქ ვიყავით და საბრძოლო მოქმედებებში ჩავერთეთ. თუმცა ბოლოს მოვიწამლეთ ქიმიური იარაღით. როგორც ანამნეზში ჩაგვიწერეს, სავარაუდოდ ზარინით. ამის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობამ აღარ მოგვცა საშუალება, ბრძოლა გაგვეგრძელებინა და წამოვედით. სამწუხაროდ, რეაბილიტაციასაც დიდი დრო დასჭირდა... იქიდან დაბრუნებისთანავე მივედი საოკუპაციო ხაზთან და მას მერე არ გავჩერებულვარ, პატრულირებაში სულ ჩართული ვარ, ვაგრძელებთ აქტივობებს.

- დღეს რა ხდება ოკუპაციის ხაზთან, როგორ ცხოვრობს იქ მყოფი მოსახლეობა?

- ოკუპაციის ხაზთან ხალხი თავს დაცულად ნამდვილად არ გრძნობს. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ მუდმივ შიშში უწევთ ყოფნა, რადგან ნებისმიერ წუთს შეიძლება გაიტაცონ. ჩვენ ვაკვირდებით რუსების გადაადგილებსაც და საკმაოდ აქტიურები არიან დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ მათი პირადი შემადგენლობის 40 პროცენტი მაინც გაგზავნეს უკრაინაში საომრად. ისინი 2023 წლის მარტიდან აქტიურად მუშაობენ სამხედრო საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენა-გაუმჯობესებაზე. ამას ჩვენ ვაკვირდებით და გავაჟღერეთ კიდეც. პერიოდულად ვავრცელებთ ვიდეო და ფოტომტკიცებულებებს, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს საქართველოს, რათა სანქციებს გვერდი აუაროს და პარალელურად, მეორე ხელით თხრის სანგრებს, ხდება არსებულის გადაკეთება, შიდა გადაადგილებებიც აქტიურია, წვრთნებიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასე რომ, მშვიდად ყოფნის დრო ნამდვილად არ არის. ახალი ოკუპაციის გეგმა აქვთ შემუშავებული, რაც გულისხმობს დამატებით 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას. სადარაჯოზე ვდგავართ, მყისიერად რომ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან ნულოვანი რეაგირებაა. დარწმუნებულები ვართ, მთავრობა ახალ გეგმაზეც მოუწერს ხელს ოკუპანტებს... ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ რუსულ დიქტატურას და ამის მაგალითია რუსული კანონი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"