ისრაელის შურისძიება: ზეიმიდან დასაფლავებამდე - როგორ მოკლეს "ჰამასის" ლიდერი და თან ზემოდან "ჰესბოლას" მეთაურიც მიაყოლეს - კვირის პალიტრა

ისრაელის შურისძიება: ზეიმიდან დასაფლავებამდე - როგორ მოკლეს "ჰამასის" ლიდერი და თან ზემოდან "ჰესბოლას" მეთაურიც მიაყოლეს

ისრაელმა „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერს თეირანში „მიაგნო“, სალიკვიდაციოდ, „ჰესბოლას“ სამხედრო მეთაურს კი - ბეირუთში...

თეირანში საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დაიღუპა - ამ სენსაციური ინფორმაციით დაიწყეს მაუწყებლობა 31 ივლისის დილას მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა...

სენსაციური იმიტომ, რომ 61 წლის ისმაილ აბდელ სალამ აჰმედ ჰანიე 2017 წლიდან გახლდათ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი და, შესაბამისად, ისრაელის სპეცსამსახურების სალიკვიდაციო სიაშიც ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა.

ისრაელი დიდი ხანია, ნადირობდა „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერზე, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ჰანიე არ ცხოვრობდა ღაზას სექტორში, ის თავს ყატარსა და თურქეთს აფარებდა და იქიდან აძლევდა მითითებს „ჰამასის“ დაჯგუფებას, თუმცა „ჰამასის“ სამხედრო მეთაურები არცთუ იშვიათად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და საქმის კურსში გვიან ან საერთოდ არ აყენებდნენ პოლიტიკურ ბიუროს და მის ხელმძღვანელ ისმაილ ჰანიესაც.

ჰანიე, ძირითადად, დაკავებული იყო „ჰამასის“ დაფინანსებისთვის საჭირო დიდი ფულადი სახსრების მოძიებით და ამასთან, ითვლებოდა ერთ-ერთ მილიარდერად.

მიუხედავად იმისა, რომ ჰანიე ისრაელის სახელმწიფოს მტერთა პირველ სამეულში შედიოდა, მისი სამი და ისრაელში ცხოვრობს, ხოლო მათი შვილები კი... ისრაელის თავდაცვის არმიის - „ცახალის“ რიგებში მსახურობდნენ...

2024 წლის 10 აპრილს ღაზას სექტორის შატის დევნილთა ბანაკზე ისრაელის არმიის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი... სულ ჰანიეს 13 შვილი ჰყავდა...

2-hanie-1722408885.png
ისრაელმა „დუბლი“ შეასრულა და ლიბანში, პარალელურად, „ჰესბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის, ფუადა შუქრას ლიკვიდაციაც განახორციელა...

ისმაილ ჰანიეზე თავდასხმებს აქამდეც აწყობდნენ, როგორც ისრაელი, ისე... თავად პალესტინელებიც კი...

2003 წლის სექტემბერში ჰანიე მოჰყვა ისრაელის ავიაციის დაბომბვაში, დაიჭრა, მაგრამ გადარჩა.

2006 წლის 20 ოქტომბერს ისმაილ ჰანიეს საავტომობილო კორტეჟს ღაზას სექტორში ცეცხლი გაუხსნეს, „პალესტინის ეროვნული განთავისუფლების მოძრაობის“ - Fatah-ის წევრებმა, მაგრამ - უშედეგოდ.

რა მოხდა 2024 წლის 31 ივლისს ირანის დედაქალაქ თეირანში?

თეირანში ჩასული იყო მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის - საქართველოდან, რომლებიც დაესწრნენ ირანის ისლამური სახელმწიფოს ახალარჩეული პრეზიდენტის -მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციას.

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიეც იქ იყოს, რისი წინასწარ განსაზღვრა ისრაელის სპეცსამსახურებს არ გაუჭირდებოდათ და ეტყობა, წინასწარ ემზადებოდნენ ამისთვის...

საგულისხმოა, რომ თეირანში, „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერზე ორგანიზებული თავდასხმის პარალელურად, ისრაელის ავიაციამ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე სარაკეტო დარტყმისას, ასევე, გაანადგურა „ჰესბოლას“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაური ფუადა შუქრაც, რაც სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის წინააღმდეგ მოქმედი ამ პროირანული სამხედრო ორგანიზაციისთვის დიდ დანაკარგად იქცევა...

თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის - ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია მის რეზიდენციაზე ღამის 2 სთ-ზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმის შედეგად მოხდა, რასაც სახლში მყოფი მისი ირანელი პირადი მცველიც შეეწირა, უფრო მეტი კონკრეტული ინფორმაცია ამ საჰაერო დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

რა რეაქცია ექნება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ფიზიკურ ლიკვიდაციას?

ამას აუცილებლად მოჰყვება ირანის პროტესტი, თუმცა ბევრად მეტი უარყოფითი რეაქცია აუცილებლად ექნება თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც ოთხი წლის წინ სპეციალურად შეხვდა ჰანიეს და, როგორც ჩანს, მას მხარს უჭერდა - ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს თურქეთ-ისრაელის დაპირისპირებას, რისი საშიში ნიშნები სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ისედაც გამოჩნდა, როდესაც ერდოღანმა ისრაელში სამხედრო ინტერვენციაც კი არ გამორიცხა...

რუსეთის ხელისუფლებაც მკაცრად დაგმობს „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციას, რადგან 2022 წელს ის ოფიციალურად სტუმრობდა მოსკოვს და შეხვედრები ჰქონდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აშშ-ის რეაქცია კი უფრო თავშეკავებული იქნება, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტმა ისმაილ ჰანიე ჯერ კიდევ 2018 წელს საერთაშორისო ტერორისტად გამოაცხადა...